21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებით გახსნა. საუბარია მოწინააღმდეგეზე, რომელიც ახალგაზრდა "ჯვაროსნებისთვის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხულია. თავად განსაჯეთ: "არწივებმა" 7 შეხვედრიდან 4 მოიგეს.
"თეთრ-წითლებზე" ხშირად ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრები დაუმარცხებია მხოლოდ სამ ეროვნულ გუნდს - შვეიცარიას (7), ესპანეთსა (6) და უკრაინას (5). დიახ, პოლონეთი საქართველოსთვის ნამდვილად უხერხული მეტოქეა, მაგრამ დასამახსოვრებელი მოგება, თანაც უკვე 2, ჩვენს მხარესაც არის.
5:1 1997 წლის ოქტომბრის საღამოს
საქართველოსა და პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ 1998 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე: "ჯვაროსნებმა" მიხეილ აშვეთიას დუბლით სტუმრად ითამაშეს ფრე, 2:2, შინ კი "არწივები" ანგარიშით 5:1 გაანადგურეს.
ჩვენი ნაკრების მხრიდან კვლავ ორი გოლი გაიტანა აშვეთიამ, მის გარდა კი "თეთრ-წითლების" კარი აიღეს ალექსანდრე იაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა და დავით მუჯირმა. მიხეილი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც საქართველოსა და პოლონეთის U21-ების დუელში 4 ბურთი შეაგდო.
"ჯვაროსნების" შემადგენლობა იმ მატჩში იყო ასეთი - დავით გვარამაძე, ლევან სილაგაძე, ლევან ცქიტიშვილი, გივი დიდავა, შალვა ხუჯაძე, ლევან ქებაძე, გიორგი კიკნაძე, რატი ალექსიძე (ალექსანდრე გოგობერიშვილი 62), დავით მუჯირი, მიხეილ აშვეთია (დავით ჩალაძე 54), ალექსანდრე იაშვილი.
ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ დროს ვლადიმერ გუცაევი იყო. საინტერესოა ისიც, რომ მეორე დღეს, მთავარი ნაკრებების შეხვედრაში გამანადგურებლის როლში კვლავ აღმოჩნდა საქართველო, 3:0, არჩილ არველაძის, კახაბერ ცხადაძისა და თემურ ქეცბაიას გატანილი ბურთებით.
რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის საბოლოო შედეგს, "ჯვაროსნებმა" 12 ქულით დაიკავეს მეორე ადგილი, თუმცა უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ეს არ გამოდგა საკმარისი, რადგან ტურნირზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა. ასეთი ეროვნული გუნდი კი ინგლისი გახდა.
შავი სერია
1997 წლის 5:1-ის შემდეგ, 2007 - 2018 წლების შუალედში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა ოთხჯერ - ყველა შეხვედრაში დაფიქსირდა წაგება, თანაც გამანადგურებელი. "ჯვაროსნები" 4 თამაშის ჯამში "არწივებთან" 1:14 დამარცხდნენ (1:3, 0:5, 0:3, 0:3). ბევრი გოლის გატანის მიუხედავად, "თეთრ-წითლების" მხრიდან აშვეთიაზე შედეგიანი არავინ ყოფილა.
საინტერესოა, რომ ორი გოლი ჩვენს ნაკრებს გაუტანა ცენტრალურმა მცველმა, კამილ გლიკმა - მადრიდის რეალში ვერდამკვიდრებულმა და მოგვიანებით, მონაკოში სრულფასოვნად გახსნილმა. ყველას გვახსოვს ფრანგული კლუბის ჩემპიონობა 2017 წელს და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალამდე გასვლა, ამ ყველაფრის მონაწილე პოლონელი უკანახაზელიც იყო.
თაობა, რომელმაც შეძლო
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ნავსის გატეხვა მოახერხა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში. "ჯვაროსნებმა" მოიგეს 2:1, ნოდარ ლომინაძისა და ვასილიოს გორდეზიანის მიერ შეგდებული ბურთებით. ჯგუფის ლიდერი 3 ქულით ამ დროისთვის სწორედ ჩვენი ეროვნული გუნდია.
რამაზ სვანაძის შეგირდებს წინ ელით დაპირისპირებები საფრანგეთსა და პორტუგალიასთან. პირველ მატჩში გამარჯვების მოპოვების გათვალისწინებით, ჯგუფიდან გასვლა სავსებით რეალურია. წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს U21-ს, ამ თაობას ახალი ისტორიის დაწერა ნამდვილად შეუძლია.















