მცირე ხნის წინ ფოტო შემომხვდა, ცოტა უცნაური კორპუსების, ლამაზი იყო, მაგრამ უცნაური, თითქოს თბილისური ეზოს ფორმა ჰქონდა, მაგრამ გაცილებით დიდ სივრცეზე გადაშლილი ოთხივე მხარეს და შუაგულში დიდი ბაღიც იყო მოწყობილი. შეხედავ და მიხვდები, რომ ადრე აქ სტადიონი იყო, ლეგენდები იქმნებოდა, იქ სადაც ახლა ბაღია ისტორია იწერებოდა, იქ სადაც საცხოვრებელი სახლია ხმაური იყო, გახარებული თუ დამწუხრებული ქომაგის. ვინ იცის, შესაძლოა, იმ ხალხმაც დაიდო ამ ადგილებში ბინა, ვისაც ჰაიბერის აბონემენტი ჰქონდა, ვერ მოწყდა თავის საყვარელ ადგილს და ცხოვრებას აგრძელებს იმ წერტილში, სადაც ერთ დროს ყველაზე ბედნიერი იყო.
მეთოფეთა სახლი - The North Remembers
დეველოპერებმა კარგად იმუშავეს, უამრავი დეტალია შენარჩუნებული. ისე კი ერთ დროს მართლაც იარაღი ინახებოდა ჰაიბერიზე, მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა ეს ამბავი, არც მაშინ გაჩერებულა ინგლისში ფეხბურთი, უბრალოდ, შეყოვნებით თამაშობდნენ, არსენალის ფეხბურთელები კი უაით ჰართ ლეინზე წავიდნენ სათამაშოდ. ლონდონელი ებრაელების სტადიონზე. ჰაიბერი სამხედროებს ჩაბარდათ, შესაბამისად, მიზანშიც ამოიღეს და ბლიცკრიგის დროს ბომბიც მოხვდა ჩრდილოეთის ტრიბუნას.
მეტოქის სიხარულიც შეინახა ჰაიბერიმ, როგორც აღმოჩნდა, ძალიან სევდიანი სიხარული. ჩრდილოეთს ახსოვს ბასბის ბიჭები, სანამ მიუნხენისკენ გაფრინდებოდნენ. ბოლო შეხვედრა ინგლისში სწორედ ჰაიბერიზე მოიგეს - 5:4 - 1958 წლის 1 თებერვალს. სულ რაღაც ხუთ დღეში ტრაგედია დატრიალდა. წავიდნენ მიუნხენისკენ და ბევრი ვეღარც დაბრუნდა უკან. ჰაიბერიმ ამ ბიჭების უკანასკნელი სიხარული შეინახა.

ემირეიტსს არაფერს ვერჩი, რას უნდა ვერჩოდე?! - ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია ინგლისში, კომერციულად აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი გადაიდგა, დასწრება არასდროს აკლია, ბილეთებით მიღებული შემოსავალი გაცილებით გაიზარდა და ბევრად მეტი ლონდონელია თამაშის ყურებით გახარებული. სტადიონის სახელიც გაყიდეს და გვარიანი თანხა აიღეს. ვერ არის ლამაზი ამბავი, მაგრამ მომგებიანია და თანამედროვე ფეხბურთი კი არა, ყველაფერი თანამედროვე მოგებაზეა გათვლილი. ან იქნებ თანამედროვეობა არაფერ შუაშია, იქნებ ყოველთვის ასე იყო. ეგრე, ჰაიბერიმაც ჩაანაცვლა თავის დროზე წინამორბედი, შორეულ 1913 წელს. მაშინ, ალბათ იგივე გათვლა იყო. მომგებიანიაო.
მაინც ძალიან მენატრება ეს ოხერი, განსაკუთრებით შაბათ დილის ჰაიბერი. ერთგვარი პროლოგი იყო - საფეხბურთო უიქენდის დასაწყისი. ფრანგული არსენალი გამორჩეულად ლამაზი იყო და ჰაიბერის უხერხულად დაბლა განლაგებული კამერაც სულ სხვა ელფერს იძლეოდა. მაგალითად, უემბლის რაკურსი არასდროს მომწონდა, იქ თუ ზიხარ სადმე - გადასარევია, მაგრამ ეკრანზე დიდად კარგი სანახავი ვერ არის. ჰაიბერის კიდევ უხდებოდა, ისედაც დიდები იყვნენ ვენგერის ბიჭები და ასე კიდევ უფრო დიდები და სწრაფები ჩანდნენ. თითქოს შენც იჯექი იქვე, ტრიბუნაზე. თითქოს შენც შეგეძლო ანრისთვის გეყვირა - გაიქეცი ტიტი!
როი კინის თქმისა არ იყოს... მოედანზე გასასვლელი გვირაბიც ვიწრო ჰქონიათ და ეს დიდი ხალხი იმ ვიწრო გვირაბში კიდევ უფრო დიდი ჩანდაო და ის ცნობილი გაწევ-გამოწევაც ჰაიბერის ლეგენდა იყო. ახლა იმ ცნობილი გვირაბით - სადაც როი პატრიკს ემუქრებოდა - პირდაპირ ბაღში გადიხარ. კარგი იქნებოდა კედლებზე ფოტოები მაინც დაეკიდათ. ახლა ბავშვები თამაშობენ იმ ბალახზე სადაც ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი ჩრდილოლონდონელებისთვის ჯადოქრობდნენ. ლონდონს უყვარს მაგია! ყოველთვის უყვარდა. ყოველთვის დიდი წარმოდგენების ქალაქი იყო.
როი კინის თქმისა არ იყოს... მოედანზე გასასვლელი გვირაბიც ვიწრო ჰქონიათ და ეს დიდი ხალხი იმ ვიწრო გვირაბში კიდევ უფრო დიდი ჩანდაო და ის ცნობილი გაწევ-გამოწევაც ჰაიბერის ლეგენდა იყო. ახლა იმ ცნობილი გვირაბით - სადაც როი პატრიკს ემუქრებოდა - პირდაპირ ბაღში გადიხარ. კარგი იქნებოდა კედლებზე ფოტოები მაინც დაეკიდათ. ახლა ბავშვები თამაშობენ იმ ბალახზე სადაც ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი ჩრდილოლონდონელებისთვის ჯადოქრობდნენ. ლონდონს უყვარს მაგია! ყოველთვის უყვარდა. ყოველთვის დიდი წარმოდგენების ქალაქი იყო.

და მაინც, ვინ არის ყველაზე დიდი, ვინც ჰაიბერიზე გასულა? - პირველი ანრი ამოდის გონებაში, უამრავი ვერსიით პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ჰაიბერისა და მთლიანად ლონდონის მეფე, ნამდვილი მეთოფე, რომელიც თბილად გამოემშვიდობა „მეთოფეთა" სახლს. ერთი წელი კიდევ დარჩა არსენალში, აინტერესებდა როგორი იქნებოდა ახალი სახლი, ნახა და დიდად არ მოეწონა. რომ მოსწონებოდა იქნებ დარჩენილიყო კიდეც. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი, ვისაც ჰაიბერის კედლებს შორის წარმოდგენა დაუდგამს მუჰამედ ალი იყო.
„უდიადესი მოკრივე? რატომ მხოლოდ მოკრივე, იქნებ უდიადესი ადამიანიც?“ - ასე იხსენებს მას დიდი ჯორჯ ფორმანი. მთა მივიდა მუჰამედთან და უთხრა - „მე ქრისტე ვიპოვე“ - მუჰამედმა კი მიუგო: „ჯანდაბა, ჯორჯ, არ ვიცოდი რომ დაკარგული იყო.“ - მათი ბრძოლა სულ სხვა ამბავია, სულ სხვა კონტინენტზე, ალიმ კიდევ ჰაიბერიზე ჰენრი კუპერთან იბრძოლა. ეს მათი მეორე დაპირისპირება იყო, პირველი უემბლიზე შედგა. ალიმ ერთიც მოიგო და მეორეც. ბრიტანელთან საჩხუბრად ლონდონში ჩავიდა და ინგლისელებს დიდი წარმოდგენა აჩუქა. ეს ხალხი კიდევ გიჟდება შოუზე.
ჩრდილოეთს ახსოვს ვენგერის „ხელშეუხებელნი“, გადააბეს და გადააბეს წაუგებლად, ასეთი სტარტი ადრეც ჰქონიათ, ასე მაგრად ადრეც დაუწყიათ, იანვრამდე ყველა მათი მარცხის მოლოდინში იყო, მერე კიდევ არა და არ წააგეს და ყველა ქომაგის განწყობა შეიცვალა, მთელი საფეხბურთო სამყარო, გარდა არსენალის პირადი კონკურენტებისა, მათ ხელშეუხებლობას ქომაგობდა, ეგრეც მოხდა, ბოლომდე არავინ გაიკარეს და დღემდე საამაყოდ აქვთ ეს ამბავი.


თუ მაინც გადაწყვეტ რომ სტადიონი გააქრო, ალბათ, ისე უნდა გააკეთო, როგორც ლონდონელებმა. სული დაუტოვეს. ეშმაკის მსგავსად, ეგეც დეტალებშია. აღმოსავლეთის ცნობილი კარი და ცნობილი ლოგო, ჩეპმენის ძეგლი შესასვლელში. იქ, სადაც არსენ ვენგერი იდგა და წარუმატებლად ცდილობდა ხელის ჯიბეში ჩაყოფას, უკვე ნარგავებია, ნარგავებს ქვემოთ კი არსენალის ქომაგების ფერფლი. ეს ტრადიცია წარსულში ენფილდს ჰქონდა, მეკარის საჯარიმოში აფრქვევდნენ ხოლმე გარდაცვლილი ქომაგების ფერფლს. ლამაზი იყო ჰაიბერის არსენალი.
მეინ როუდის აჩრდილები
მეინ როუდის აჩრდილები
ფეხბურთი რომ ნაკლებად ემოციური გახდა ეს ფაქტია, იზრდება მაყურებელთა რაოდენობა, იმის ხარჯზე რომ აქამდე მიუწვდენელ ქვეყნებშიც შეაღწია ტრანსლაციამ. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ფეხბურთზე გიჟდებოდნენ მაყურებელთა რაოდენობა იკლებს. ხედავენ ამას ფლორენტინო პერესი და ჟოან ლაპორტა, ცდილობენ სუპერ ლიგით რაღაც ახალი შემოიტანონ ფეხბურთში, წინ იხედებიან და შიშობენ რომ ეს ყველაფერი მათ შემოსავლებს დააკარგვინებს, და საბოლოოდ დამარცხებიან არაბების ინვესტირებულ კლუბებთან, რადგან ფეხბურთი ბიზნესია, ბიზნესში კი ფული იგებს, დიდი ფული. ემოცია პირველ რიგში დაიკარგა იმიტომ, რომ ადრე დავეძებდით სად შეიძლებოდა ფეხბურთისთვის თვალი მოგვეკრა, პლატფორმა ცოტა იყო, მოთხოვნა ბევრი. ახლა თავად დაგვეძებენ ბროდქასთერები და ერთმანეთზე უკეთეს შემოთავაზებებს აკეთებენ. მოთხოვნა მცირდება, მიწოდება იზრდება. ემოცია კვდება. ადრე ბაბუები ყვებოდნენ წარსულში ნანახ, ყურმოკრულ, ან ამოკითხულ თამაშებზე, მერე ჩავხედეთ არქივებს და აღმოვაჩინეთ, რომ ტყუილია ეგ ყველაფერი, სულ სხვაგვარად ახსოვთ, თუ საერთოდ უნახავთ ოდესმე. იმიტომ, რომ ემოციამ ასე დაამახსოვრა, როგორც უკვე ვწერდით ერთხელ, ამიგდალა ჰქვია მაგას, ბურდახის ემოციის მეხსიერება. როგორც განიცდი, ისე გამახსოვრდება.

ახლა მკვდარია წარმოსახვა. ერთ დღეს თამაშს ნახავ და მომდევნო დღეებში იმდენჯერ შემოგხვდება, რომ ყელში ამოგივა. წარმოსახვისთვის სივრცე აღარ რჩება.
იდენტობაც დაიკარგა როგორც ბრაიან კლაფი შიშობდა, ჯერ კიდევ 80-იანებში. წარმომადგენლობითობაც დაიკარგა. მეინ როუდი ივსებოდა და იყო ერთი ამბავი, იმიტომ, რომ მოედანზე გასული ფეხბურთელები ქომაგისთვისა და კლუბისთვის იკლავდნენ თავს, მათთვის დგამდნენ წარმოდგენებს, ჯერ ალან ბოლი, ხანდახან ფრენსის ლი, სულ მცირე ხანს დენის ლოუ, და რა თქმა უნდა, გიორგი ქინქლაძე. ახლაც წაიწუწუნებენ ხოლმე - მაშინ ვიყავით რაც ვიყავით, თორემ ახლა ერთი არაბი კაცის ჯიბის გუნდი ვართო.
წაკბენენ კიდეც, ეტიჰედს ხომ ხშირად ემფთიჰედს ეძახიან. გუარდიოლას თავივით არის მოშიშვლებული. რამდენჯერმე თავად პეპმაც დაიჩივლა და მას მერე შეავსეს სკამები, მაგრამ ხალხს მაინც სულ სხვა რამ ამოძრავებს, თითქოს ატრაქციონზე მიდიან, მხოლოდ სანახაობის ხილვა სურთ, საკუთარ თავს კი ვერ აიგივებენ ვერაფერთან, ან რასთან უნდა გააიგივო, როცა ხალხი მთელი მსოფლიოდან (აგერ მცირე ხნის წინ უზბეკეთიდანაც) ჩამოჰყავთ, რომელთა უმრავლესობას ქინქლაძე კი არა დენის ლოუც არ გაუგია და არაბების ინვესტიციით ცხენებივით არბენინებენ წინ და უკან.

არის ასეთი ხალხიც - ქინქლაძის ერთი გასმა რომ ერჩივნა ყველაფერს. გიოს ამსტერდამში ჩააკითხეს სიტის ფანებმა, ცუდი პერიოდი აქვს და გავამხნევებთო. ასეთი რამ მე პირადად არასდროს მინახავს. ჩვენ რომ გვჭირდებოდა ჯოჯოხეთში გამოგვყვა (მეორე დივიზიონში) ახლა მას ვჭირდებით და აქა ვართო. ეგ სულ მეინ როუდის ხალხი იყო.
ახლა სადღა არიან ეგეთები?! ეტიჰედის ბინადრები იაია ტურეს ამსტერდამში კი არა, სუპერმარკეტში არ გაყვებიან. ის ძველი ხალხი აჩრდილებად იქცა, ქინქლაძე კიდევ მეინ როუდის მეფედ შემორჩა ისტორიას. ეგეც დამთავრდა. ერთადერთი ჰოლანდია ის ფიგურა, რომელსაც რაღაც ძველი ეშხი მოაქვს, შურისმაძიებელია, იმ ძველი და სასტიკი შურისძიების გამგრძელებელი. როი კინმა დაამთავრა მამამისის კარიერა. ეს კიდევ 9-წლიან კონტრაქტს აფორმებს და მცველებს ემუქრება, ყველას ემუქრება და ამ ყველას შორის განსაკუთრებით მაინც იუნაიტედის მცველებს. ეს უკვე ამბავია. ეს უკვე ლეგენდის დასაწყისია და ნამდვილად ღირს ამის ყურება.















