
ბარსელონა - ბაიერნი
ბარსელონას ყველაზე უსიამოვნო მოწინააღმდეგე ევროსარბიელზე. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია მოიცავს 15 თამაშს და 11 შემთხვევაში მოგებული ბაიერნი გამოვიდა. კატალონიელთა ისტორიაში შავ ლაქად რჩება 2:8, რის შემდეგაც კიდევ 4 მატჩის ჯამში გერმანელებმა 11:0 მოიგეს. როგორც ვიცით, "ბლაუგრანას" განკარგულებაში არიან ჰანსი ფლიკი და რობერტ ლევანდოვსკი: 4 წლის წინანდელი განადგურების მონაწილეები.

ბაიერნი - პარის სენ-ჟერმენი
"ლურჯ-ბროწეულისფრების" განადგურების შემდეგ, ბაიერნი მივიდა ფინალამდე, სადაც პარის სენ-ჟერმენი დაამარცხა. ფრანგულ გუნდს ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია დღემდე და ვინ იცის, იქნებ ყველაფერი ახალი ფორმატის თანხლებით შეიცვალოს. პლეი-ოფამდე გასავლელი გზა კი პსჟ-ს ნამდვილად ურთულესი აქვს.

ინტერი - არსენალი
აღნიშნული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ 20 წლის წინ, სტუმრად ჯერ იმარჯვა ინტერმა (3:0), შემდეგ კი არსენალმა (5:1). ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ლონდონელები გავიდნენ 1/8 ფინალში, მილანელებმა კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ეს გუნდები ამჯერად.

იუვენტუსი - მანჩესტერ სიტი
სიტის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე ევროსარბიელზე სწორედ იუვენტუსია. ინგლისურმა გუნდმა ექვს გამართულ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო, ისიც 1976 წელს. იმის შემდეგ, 3 მატჩში იმარჯვეს ტურინელებმა, 2-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი პეპ გუარდიოლას მოსვლამდე იყო.

ლივერპული - ლევერკუზენი
აღნიშნული წყვილი გამორჩეული არის არა ურთიერთშეხვედრებით, არამედ ჩაბი ალონსოს ფაქტორით. იურგენ კლოპის ლივერპულიდან წასვლის შემდეგ, მის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებოდა ესპანელი სპეციალისტიც, მაგრამ მან ლევერკუზენში დარჩენა გადაწყვიტა. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ბაიერის წარმატებული სხვა ჩემპიონთა ლიგაზეც.

მანჩესტერ სიტი - ინტერი
ორი წლის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ. გამარჯვებული გამოვიდა სიტი, რომელმაც თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა 1-ად მოიგო. წლევანდელ გათამაშებაში მანჩესტერელები კვლავ იქნებიან ფავორიტები და ვნახოთ, რას დაუპირისპირებენ მათ მეტოქეები.

ლივერპული - რეალი
ევროპული ფეხბურთის კლასიკა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. რეალმა უკანასკნელ წლებში ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში დაამარცხა. გვახსოვს გარეთ ბეილის დაუვიწყარი პერფომანსი, ლორის კარიუსის შეცდომები და ტიბო კურტუას სუპერ სეივებიც. წინ, ახალი სერია გველის.

მილანი - ლივერპული
კიდევ ერთი ლეგენდარული წყვილი. ამ გუნდებმა გამოიარეს სტამბოლის ფინალი - 0:3-დან 3:3 და ლივერპულის ჩემპიონობა, ორი წლის შემდეგ კი მილანის რევანში. "როსონერი" და მერსისაიდელები სხვა დროსაც გადაკვეთილან, მაგრამ პირველი ასოციაცია ამ კლუბებთან მიმართებაში სწორედ 2005 წლის ფინალია.

პარის სენ-ჟერმენი - მანჩესტერ სიტი
აღნიშნულ დაპირისპირებას ხუმრობით შეგვიძლია "ფულის დერბი" ვუწოდოთ. არაბული და კატარული ინვესტიციების შემდეგ, სიტი და პარის სენ-ჟერმენი სატრანსფერო ბაზრის დომინანტებად ჩამოყალიბდნენ. მანჩესტერულმა კლუბმა ევროპაში ტრიუმფი უკვე მოასწრო, ფრანგული მხარე კი ჯერ კიდევ უტიტულოდ არის.

რეალი - მილანი
ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები. იყო დრო, როდესაც მათ შორის სხვაობა იყო სულ რაღაც ორი ტიტული, რეალს ჰქონდა ცხრა თასი, მილანს კი შვიდი. ასე იყო 2014 წლამდე, მაგრამ შემდეგ, მადრიდელები ავიდნენ მიუღწეველ ნიშნულამდე და კიდევ 6 ევროპული ტიტული მოიგეს.

















