ევროპის ჩემპიონატიდან ერთი თვის თავზე მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მას შემდეგ მანშაფტმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ალემანელთა კარი სამმა მეკარემ დაიცვა. სექტემბერში უნგრეთთან და ნიდერლანდებთან ტერ შტეგენი იდგა, ხოლო ბარსელონას კიპერის ტრავმის შემდეგ შანსი ალექსანდერ ნუბელმა და ოლივერ ბაუმანმა მიიღეს. ჰოფენჰაიმის ვეტერანი მეკარისთვის ეს საერთოდ პირველი კეპი იყო ეროვნულ ნაკრებში. იულიან ნაგელსმანმა ნოემბრის ერთა ლიგის მატჩებისთვის შტეფან ორტეგას უხმო და როგორც გერმანელი ანალიტიკოსები ამბობენ, მანჩესტერ სიტის მეკარეს საქმეშიც ვიხილავთ. ნოიერის წასვლის შემდეგ ბუნდესნაკრები პირველი ნომრის ძიებაშია და ეს ნამდვილად არ იქნება იოლი გზა, როგორც ნაკრების სტაფის, ასევე იმ მეკარებისთვის, რომლებსაც მანუს მემკვიდრეობის გადაბარება სურთ.
პარალელურად მანუელ ნოიერი საკლუბო დონეზე არ ჩერდება, ლისაბონის ბენფიკასთან მშრალად შენახული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის 59-ე იყო, რაც ამ ტურნირის აბსოლუტური რეკორდია.
გავიხსენოთ როგორი იყო ნოიერის გზა - მაღაროელთა პატარა ქალაქში დაწყებული ისტორია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა...
გავიხსენოთ როგორი იყო ნოიერის გზა - მაღაროელთა პატარა ქალაქში დაწყებული ისტორია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა...

ტომასი ოთახში ნერვიულად დადის, ბოლთას სცემს და პეტერთან ერთად ცდილობს დაარწმუნოს ახალგაზრდა ბიჭი. აგენტი უკვე მერამდენე თვეა ცდილობს მანუელ ნოიერი დიდ გუნდში - მიუნხენის ბაიერნში გადასვლაზე დაითანხმოს, თუმცა რთულია მაღაროელთა ქალაქის მთავარი გუნდის კაპიტნის, 25 წლის გოლკიპერის „ხუმარებს" - რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და გერმანიის თასის ფინალს უწიეს - პატარა უწოდო. პეტერ ნოიერი პოლიციის ოფიცერია, კონსერვატორი გერმანელი, რომელსაც დიდად არ ხიბლავს საფეხბურთო აგენტები, მაგრამ ახლა ისიც ხვდება რომ მისი შვილის ცხოვრებაში რაღაც ახალი უნდა დაიწყოს.
ახალგაზრდა ბიჭი უარზეა: - „ეს ხომ ჩემი ქალაქის გუნდია ტომას? - მე მისი კაპიტანი ვარ, ფანებს ძალიან ვუყვარვარ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავედით, კვირაში ხუთი დღე მაღაროში მომუშავე ქომაგებისთვის დედაქალაქიდან გერმანიის თასს ჩამოვიტანთ, მე მათ ბედნიერებას ვანიჭებ. როგორ მიუნხენში წავიდე? - ისინი ხომ დამისტვენენ, შემიძულებენ. ჩემს ქალაქში ჩამოსვლას ვერ შევძლებ. რატომ მაინც და მაინც მიუნხენის ბაიერნი? - ხომ არის შემოთავაზებები ინგლისური გუნდებიდან, თქვენ გინდათ რომ წავიდე იმ კლუბში, რომელიც გერმანიის ყველა ქალაქში ეზიზღებათ?"

- „პეტერ, მე დიდ პატივს გცემთ და თქვენს შვილს იქნებ თქვენ მაინც გააგებინოთ, რომ მის კარიერასა და დიდ მიზნებს სწორედ ისეთი გუნდი სჭირდება, როგორიც მიუნხენის ბაიერნია, ამ კლუბში არსებული გამარჯვებულის მენტალიტეტი. ის უკვე 25 წლისაა და სულ რაღაც 1 წლის წინ გახდა ნაკრების ძირითადი მეკარე, რომ არა რობერტ ენკეს ტრაგედია და რენე ადლერის ტრავმები, შესაძლოა მას კიდევ დიდხანს დაცდა დასჭირვებოდა. ეს გერმანია, აქ მეკარეებზე ზედმეტი კონსერვატიზმი მოქმედებს, არ გახსოვთ რა ასაკში მიიღო ოლივერმა მისი პირველი შანსი?"
პეტერ ნოიერმა აგენტს სთხოვა გვერდით ოთახში დალოდებოდა, თავის და ერის სიამაყესთან პირისპირ დარჩენილმა მანუელს მიმართა: - მისმინე... ყურადღებით მისმინე... ბავშვობიდან შენს ყველა გადაწყვეტილებას მე და დედაშენი პატივს ვცემთ, გვერდში გიდგავართ. დისციპლინა, შრომისმოყვარეობა და გამძლეობა გასწავლეთ. მანუელ, ის პატარა ბიჭი აღარ ხარ, მორჩი წუწუნს. გელზენკიხენი მეც ძალიან მიყვარს, ამ ქალაქში წესრიგის დაცვას შევალიე მთელი ცხოვრება, მაგრამ როცა შანსი გეძლევა შენს თავს უნდა გადაახტე. ვინ გინდა გახდე ფეხბურთში? ყველაზე მაგარი მეკარე, თუ ყველაზე მაგარი გელზენკირხენელი ბიჭი? თუ ეს უკანასკნელი, მაშინ შეგიძლია დღეის იქითაც აღარ გააგრძელო შრომა, მაგრამ თუ კი შენ მსოფლიო საუკეთესობაზე გაქვს პრეტენზია, უნდა ადგე და ისეთ ქარიშხალში შეხვიდე, როგორიც მიუნხენის ბაიერნია. შალკეთი მანშაფტში შენს ავტორიტეტს ვერ გაიმაგრებ. იცი, მე თუ მკითხავ, შენი უნარ-ჩვევებით ოლივერ კანზე, ადრეას კიოპკესა და ზეპ მაიერზე მაღლა დგახარ, მაგრამ თუ კი გადაუწყვეტელი, მტირალა ბიჭის იმიჯს არ შეიცვლი, შენ ვერასდროს აჯობებ ისეთ ტიტანს, როგორიც ოლივერ კანია. შენ ვერასდროს გახდები მანშაფტის კარის სტაბილური დარაჯი და ლიდერი. მანუელ, გერმანელ მეკარეებს და ზოგადად გერმანელ სპორტსმენებს მხოლოდ ტალანტის გამო როდი გვაფასებდნენ. ნიჭით ფონს გასვლა სამხრეთელების საქმეა, ჩვენში კი ხასიათი, შრომისმოყვარეობა და უტეხობა ფასობს. ახლა გავალ, შენს თავთან მარტო დაგტოვებ, 10 წუთში გამოხვალ და საბოლოო პასუხს იტყვი! - მეორედ ჩემს ოჯახში აგენტი აღარ ვნახო, რომელიც ჭკუის სწავლებისა და გადაწყვეტილების მიღებისკენ ისე გიბიძგებს, თითქოს გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭი იყო, რომელსაც სკოლის შეცვლა იმიტომ არ უნდა, რომ სხვაგან ცუდი ბიჭები დახვდებიან და იქაური გამოწვევისთვის მზად არაა.
პოლიციის ოფიცერმა დატოვა ოთახი, იმ მომენტში მამის გამოხედვაში მანუელმა ოტო ფონ ბისმარკი, ანდაც შესაძლოა ზიგფრიდიც კი დაინახა. პეტერისა და ტომასისთვის ის 10-15 წუთი საუკუნედ გაიწელა. იმ 10 წუთში ბუნდესტაგის ტრიბუნიდან სარა ვაგენკნეხტი ათასი სისულელის თქმას მოასწრებდა, იმ 10 წუთში პეტერის განყოფილებაში არაერთი ზარი შევიდოდა მიგრანტების უბანში მომხდარ დანაშაულზე, იმ 10 წუთში მწვანეები ბირთვული ქობინებისა და ატომური ენერგიის გაუქმებაზე ბუნდესტაგთან მორიგ აქციას ჩაატარებდნენ. იმ 10 წუთში პაულ კალკლბრენერი 2-3-ჯერ გამიქსავდა ბერგჰაინში მყოფთათვის, იმ 10 წუთში ნეო რაუხი ტილოს ბოლო კონტურს დაუსვამდა. იმ 10 წუთში ლოთარ მათეუსი მიუნხენის ბაიერნის პოლიტიკის გასაკრიტიკებლად ათას მიზეზს მოძებნიდა, იმ 10 წუთში გერმანული ფეხბურთის ბედიც წყდებოდა. ნოიერების არც თუ მდიდარი, მაგრამ გერმანული პერფექციონიზმით შექმნილი პრაგმატული ოთახიდან, პატარა მერყევი ბიჭუნას ნაცვლად, კუშტმზერიანი კედელი გამოვიდა. არც პეტერს და არც აგენტს მანუსთვის არაფერი უთქვამთ, ყველა ყველაფერს თავისთავად მიხვდა.

მას შემდეგ მანუელ ნოიერი მტკიცე და ურყევი სპორტსმენია, რომელმაც არაერთი მძიმე ტრავმა და კანის კიბო დაამარცხა. გელზენკირხენელი პატარა ბიჭი მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდა გახდა, „რეკორდმაისტერთან" ერთად 2-ჯერ ტრიპლეტი, 11 ბუნდესლიგა, 5 გერმანიის თასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მანშაფტთან ერთად 24-წლიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული. ბიჭი 5-5 ჯერ გახდა ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და რაც ყველაზე მთავარია - მაღაროელთა ქალაქში დაბადებულმა პატარა ბიჭმა მეკარის სათამაშო სტილში რევოლუცია მოახდინა. ის საკუთარი პოზიციის ფრანც ბეკენბაუერი, ლიონელ მესი, ზინედინ ზიდანია, და უფრო მეტიც - ინოვაციური მიდგომითა და ხედვით მანუელი მეკარეების ლეონარდო და ვინჩია.
პეტერი კი ტრიბუნებიდან ისევ ნერვიულობს... როცა მანუ კარიდან გამოდის, შეცდომას უშვებს, ან ტრავმას იღებს. პეტერი მაშინაც ნერვიულობს, როცა გამარჯვებით აღტყინებული მანუ „რეკორდმაისტერისა" და მანშაფტის ბედნიერ ქომაგებს უერთდება. მანუმ მისი ოჯახი და მსოფლიო გამარჯვებებს შეაჩვია, მაგრამ პეტერი და მარიტა 2011 წლის იმ 10 წუთს იხსენებენ, რომელმაც ნოიერისა და გერმანიის ბედი უკეთესობისკენ შეცვალა. იმ 10 წუთში მანუელ ნოიერში არსებული პატარა, მერყევი, მხიარული ბიჭი - ძლიერ, თავდაჯერებულ ფრანკენშტაინად გარდაიქმნა!















