ექსპონატი წარსულიდან თუ ქართველი ბუფონი შექმნის პროცესში?
მეკარის პოზიცია ფეხბურთის ეტაპობრივ რეფორმაციასთან ერთად, ცხადია შეიცვალა. დღევანდელი თამაში მეტწილად წარმოადგენს ე.წ Juego de Posición-ს, ანუ პოზიციურ თამაშს, სადაც მოედანი ზონალურად იყოფა და საწყის „ბილდ აფს" დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ კუთხით, დღევანდელი მეკარეები ნამდვილად განსხვავდებიან 90-იან წლებში მოთამაშე მეკარეებისგან, რომელთა მოვალეობა ზონალურ დაბალ ან საშუალო ბლოკში კარის ხაზზე იდეალური თამაში იყო. ამის ნათელი და კარგი მაგალითები არიან იტალიური სკოლის დიადი წარმომადგენლები - ჯანლუიჯი ბუფონი და ჯანლუკა პალიუკა. პოზიციურ ფეხბურთთან ერთად ყველაფერს ძალიან ცვლის მანუელ ნოიერის სცენაზე გამოჩენაც, რომლის ყველა დროის საუკეთესო მეკარის ქეისს/მოსაზრებას სწორედაც რომ მისი ფეხით თამაშის უნარი და ამ უნარით უზრუნველყოფილი აბსოლუტური სრულყოფილება ადგენს. არნე სლოტის ფორმაციის ლივერპულიც არსებითად ჯდება Juego de Posición-ის ნარატივში, მიუხედავად მისი მეტად ვერტიკალურობისა და სისწრაფისა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა გავცეთ ერთ კითხვაზე პასუხი, მამარდაშვილი არის ქართველი ბუფონი შექმნის პროცესში თუ უბრალოდ ძველი სტილის მეკარე, რომლის ადგილიც პოზიციური ფეხბურთის მოთამაშე გუნდში არ არის. ამ სტატიაში, ვიქნებით ძალიან ობიექტურები და შევეცდებით დავადგინოთ, როგორი მეკარეა გიორგი მამარდაშვილი? - რა არის მისი მინიმუმი, საშუალო დონე და ის ჭერი, რასაც შეუძლია რომ მიაღწიოს, ამისთვის კი, მისი ცალკეული სათამაშო ასპექტების განხილვა დაგვჭირდება, რაც სრულ სურათს დაგვანახებს.
კარის ხაზზე თამაში/მოგერიებები
რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ფეხით თამაშის გაზრდილ როლზე, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ მეკარისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარი მაინც კარის ხაზზე თამაში და მისი მისამართით დარტყმული ბურთების მოგერიებაა. სტატისტიკურად, მამარდაშვილი საშუალოდ თამაშში 1.24 გოლს უშვებს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ დღევანდელი ვალენსია საკმაოდ სუსტი გუნდია, დისფუნქციური დაცვით, რომელიც ეფექტურ თავდაცვას დაბალ ბლოკშიც ვერ ახერხებს.

ამ გრაფის მეორე ნაწილში ვხედავთ, რომ მამარდაშვილს ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს გოლების არგაშვებისა და „ხელის შეშლის“ კუთხით. მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელ მეკარეებში კარის ხაზზე იგი ერთ-ერთი საუკეთესოა, ამაში მას სიმაღლე და დიდი გაბარიტები ძალიან ეხმარება. ასეთი აღნაგობით მამარდაშვილი კარს კარგად ფარავს, თუმცა ეს არანაირად არ უშლის ხელს მობილობაში. ამ მხრივ, ქართველი მეკარე ნამდვილად წააგავს ბუფონს, დონარუმასა და პალიუკას. ეს სამივე მეტად გაბარიტული მეკარე იყო და გამოარჩევდათ კარის ხაზზე თითქმის უშეცდომოდ თამაში, რაც იტალიური სამეკარეო სკოლის ტიპური მახასიათებელია. ამ მხრივ, შეიძლება მამარდაშვილი მივიჩნიოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული მეკარე დღეს მსოფლიოში. საკუთარი გაბარიტები არანაირად არ უშლის ხელს მას სხვადასხვა კუთხეში დარტყმული ბურთებისადმი რეაგირებაში, რაშიც, გარდა ზოგადი მოქნილობისა, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავად მამარდას ამბიდექსტერული ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა ხელი მეტად დომინანტურია, სუსტი ხელითაც თითქმის იმავე დონეზე შეუძლია ბურთების მოგერიება, რაც კარის ხაზზე მოთამაშე კარგი მეკარეებისთვის აუცილებელი ატრიბუტია. გაბარიტების საკითხი ნამდვილად რთულად დასაძლევია მეტოქე გუნდის თავდამსხმელებისთვის, რადგანაც, მარტივად რომ ვთქვათ, იგი კარს ძალიან კარგად და მარტივად ფარავს. ასევე ეს ბუნებრივი ფაქტორი აუცილებლად გამოდგება შორეული დარტყმების წინასწარი პრევენციისთვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რაც უფრო შორიდან ურტყამს ფეხბურთელი, მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი, ანუ xG, უფრო და უფრო მცირდება.
Sweeping - თამაში საჯარიმოს გარეთ

სტატისტიკურად, ვხედავთ, რომ თამაშის ეს ასპექტი მამარდაშვილის ყველაზე ძლიერ მხარედ ვერ ჩაითვლება. იმავე ალისონს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ საჯარიმოს გარეთ დაცვით მოქმედებშიც ჩამორჩება და უშუალოდ თამაშში საშუალო მანძილიც კარიდან საკმაოდ დაბალია და ალისონის რიცხვს 5.4 ერთეულით ჩამორჩება. ეს შეიძლება დავაბრალოთ ვალენსიას სათამაშო სტილს, რომელიც დაბალ ბლოკში ზონალურ თავდაცვას გულისხმობს, რის გამოც მამარდაშვილს ხშირად უწევს საჯარიმოს მიდამოების დაცვა, მაგრამ ამ შემთხვევაში „თვალის ტესტიც“ ვერ იქნება გიორგის სასარგებლოდ. თუ იგი კარის ხაზზე გაბარიტების მიუხედავად, საკმაოდ მოქნილია, ამას ვერ ვიტყვით კარიდან გამოსვლებისას, რადგან ასეთ მომენტებში გიორგი ვერ თვლის დროს კარგად და ნაადრევად ტოვებს კარს. მენტალურად, ნამდვილად მამაცურ შთაბეჭდილებას ტოვებს მისი კარის დატოვებები და ეს ასპექტი ეხმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ბურთის შენარჩუნების საკითხია 50/50-ზე, როდესაც ეს ასპექტი მეტად შემტევის სასარგებლოდ, აქ უკვე აკლია მას სიმშვიდე და სიზუსტე. გიორგის საკუთარ თამაშში ეს ელემენტი აუცილებლად გასაუმჯობესებელი აქვს, თუ უნდა რომ ჩაეწეროს პოზიციური, ბურთის ფლობაზე ფეხბურთის მოთამაშე გუნდში.
1V1 დუელები
ეს ასევე მამარდაშვილის სათამაშო პროფილის საკმაოდ დახვეწილი მხარეა, რასაც ხელს მისი კარგი ფიზიკური მონაცემები უწყობს. 1-1-ზე დარჩენილ მოწინააღმდეგესთან, მისი ფიზიკური მონაცემები საკმაოდ კარგად უფარავს დასარტყმელ კუთხეებს მოწინააღმდეგეებს და არ აძლევს საშუალებას თავისუფლად იმოქმედოს. თუმცა, მას ძირითადი კრიტიციზმი, სხადასხვა ანალიტიკოსის აზრით, მიემართება მეტად სტატიკურობაზე და იმაზე, თუ რამდენად არ მანიპულირებს მსგავსი სიტუაციებით, რითიც სავსებით შესაძლებელია, თავდამსხმელებს უფრო გაუჭირდეთ მის კარში ბურთის მოთავსება.

ფოტოზე კარგად ჩანს ზუსტად ასეთი სიტუაცია, იგი ფიზიკურ მონაცემებს კარგად იყენებს, მაგრამ აქ შემტევს რჩება მიმართულების შეცვლის ოფცია. ალისონი ზუსტად ამ ასპექტში ერთ-ერთი გამორჩეულია, რომელიც მეტად ინტელექტუალურად ცდილობს შემტევის შეზღუდვას. ეს ის სათამაშო ასპექტია, რომელსაც გამოცდილების მიღებასთან ერთად დახვეწს მამარდაშვილი, როდესაც ერთგვარად დატოვებს საკუთარ კომფორტის ზონას, ვალენსიას, სადაც მისი უნარ-ჩვევები შედარებით ლიმიტირებულია.
„ბილდ აფი" და მოკლე პასები
თუ რაიმე არსებობს სისუსტე მამარდაშვილის ასპექტში, ეს სწორედ შეტევის წამოწყება და ბურთის ფლობისას ჩართულობაა. სტატისტიკურად, იგი ძალიან ჩამორჩება ამ ასპექტში, პრემიერ ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს ამ კომპონენტში, ედერსონს, ალისონსა და დავიდ რაიას.

ასეთ პროცენტული ჩამორჩენა შეიძლება აიხსნას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორითაც. ვალენსია ალბათ ყველაზე შორს მდგომი გუნდია, ბურთის ფლობაზე ორიენტირებული პოზიციური ფეხბურთისგან. შესაბამისად, თუნდაც თამაშში შეყვანისას, მამარდაშვილი ხშირად გზავნის წინ ძლიერად ბურთს, მეორე სართულზე ბრძოლისთვის. თუმცაღა, ალბათ გარდა სათამაშო ფილოსოფიისა, აქ საგანგაშოა ის ამბავიც, რომ ვერც მთლად გიორგია დამაჯერებელი მარტივი პასებისასაც და უშვებს შეცდომებს, თუმცა ისევ „თვალის ტესტი“ რომ მოვიშველიო, ეს ყოველივე მეტად თავდაჯერებულობის ნაკლებობით აიხსნება. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ამ ასპექტში მომატების შანსი აქვს, მით უფრო რომ ბაზისი ამისი ნამდვილად აქვს, რადგან 2 წლის წინანდელთან შედარებით, ეს ასპექტი სერიოზულად გაუმჯობესებულია.
გრძელი პასი
გრძელი პასი
ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც საკმაოდ გამაკვირვებელია მამარდაშვილის არც თუ ისე საუკეთესო ფეხით თამაშის უნარებიდან გამომდინარე, ეს არის გრძელი პასი. სტატისტიკურად, მამარდაშვილის პროცენტულობაც ძალიან სოლიდურია და ის საშუალო მანძილიც, რომელზეც ხორციელდება თავად პასები.

ამ შემთხვევაში, ცხადია ვალენსიას სტილი განაპირობებს უშუალოდ 90 წუთში საშუალოდ გაკეთებული გადაცემების რაოდენობას. სტატისტიკურად ეს სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ მეორეს მხრივ ცოტა სხვა რაღაცას ამბობს „თვალის ტესტი“. მამარდაშვილს ნამდვილად შეუძლია სწორ ადგილას შეასრულოს გადაცემები, მაგრამ ის ნამდვილად არ არის ყველაზე ადვილად მისაღები ბურთები, რაც ნიშნავს იმას, რომ სიზუსტის კომპონენტი გასაუმჯობესებელია. სიზუსტის მაგალითები ასევე შეგვიძლია დავუკავშიროთ თავდაჯერებასაც და ვალენსიას საკმაო ცუდ სათამაშო გეგმასაც. ცხადია, გუნდის უშუალო მიზნები მოედანზე, პირდაპირ აისახება მეკარეზეც. განვიხილოთ შემდგომი სიტუაცია:
გვაქვს, 2-2-ზე სიტუაცია, არც თუ ისე ინტენსიური პრესინგი. აქ წითელ და ლურჯ ფერებში აღინიშნება მამარდაშვილის ორი გამოკვეთილი ოფცია, რითიც შესაძლებელია შეტევის წამოწყება, მაგრამ ირჩევს მწვანე გადაწყვეტას, რითიც მეტოქის ნახევრის ცენტრალური ზონისკენ ურტყამს ბურთს ძლიერად. თანამედროვე მეკარე ასეთ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი არ იღებს ხოლმე, თუმცა, ვალენსიას და კონკრეტულად ბარახას სათამაშო გეგმა ნამდვილად შორსაა თანამედროვე საფეხბურთო ნარატივისგან.

წითლის შემთხვევა ცხადია, რომ სარისკოა, რადგან ორი თავდამსხმელი, თუ მათ საკმარისი ინტელექტი და მობილობა გააჩნიათ, თავისუფლად შეძლებენ ამ ბურთზე თამაშს და ჩაჭრას, მაგრამ შეტევის წამოსაწყებად ლურჯი ვარიანტი ყველაზე ოპტიმალურია. „თვალის ტესტით" ის ჩანს, რომ მამარდას პასები არ არის ყველაზე უფრო მაღალი სიზუსტის, მაგრამ არის სწორ ადგილას გაკეთებული. აქედან გამომდინარე, ამ ასპექტშიც გაუმჯობესების სივრცე ნამდვილად არის - სტატისტიკა ამას გვეუბნება.
კონტრშეტევის წამოწყება და ხელით გადაცემები
კონტრშეტევის წამოწყება და ხელით გადაცემები
მივადექით, ალბათ მესამე საუკეთესო ასპექტს მამარდაშვილის თამაშისა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხით თამაში ნამდვილად ყველაზე კრიტიკული ასპექტია გიორგის თამაშში, მას აქვს ის გამორჩეული ატრიბუტი, რაც აუცილებელია, ვალენსიას მსგავსი ღრმა დაცვის მქონე გუნდებისთვის. ხელით თამაშში შეყვანისას, მამარადაშვილი არ უშინდება რისკიანად თამაშს და შეტევის ძალიან სწრაფად დაწყებას, რის შედეგადაც, ხშირად მეტოქე გუნდის მცველები გადაწყობას ვერ ასწრებენ და ხშირად ხიფათიც კი იქმნება მათ კართან. ამ მხრივ - სტატისტიკურად მამარდაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა:

ერთადერთი, ამ ასპექტში ვინც მას შეიძლება სჯობდეს, ეს დავიდ რაიაა, მაგრამ იგი ნამდვილად არ სჯობს დიდ მანძილებზე პროცენტულ რაოდენობაში. ამ მხრივ, მამარდა კოლოსალურ მაჩვენებელზეა გასული:

არნე სლოტის სწრაფ და მეტად ვერტიკალურ სისტემას, ეს უნარი ნამდვილად გამოადგება. ლივერპულს ჯერ კიდევ კლოპის დროს სჩვეოდა საკუთარი საჯარიმოდან სწრაფ გარემარბებზე ბურთების გადაკიდება და მეტოქის მესამედში ხიფათის შექმნა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას - მამარდაშვილი ლივერპულის კონტრშეტევებს მეტად სახიფათოს გახდის.
გამოსვლებზე თამაში

არნე სლოტის სწრაფ და მეტად ვერტიკალურ სისტემას, ეს უნარი ნამდვილად გამოადგება. ლივერპულს ჯერ კიდევ კლოპის დროს სჩვეოდა საკუთარი საჯარიმოდან სწრაფ გარემარბებზე ბურთების გადაკიდება და მეტოქის მესამედში ხიფათის შექმნა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას - მამარდაშვილი ლივერპულის კონტრშეტევებს მეტად სახიფათოს გახდის.
გამოსვლებზე თამაში
მივადექით ალბათ მამარდაშვილის თამაშის კიდევ ერთ ძალიან დამაჯერებელ და სტაბილურ ასპექტს, ეს არის გამოსვლებსა და ჩაწოდებებზე თამაში. ციფრები გვანიშნებს იმას, რომ ამ ასპექტში, შესაძლოა დღეს საუკეთესო მეკარეც კი არის:

აქ ალისონს 100%-იანი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ მამარდაშვილს გამოსვლები უფრო ხშირად უწევს და საშუალოდ თამაშში მეტ დუელში ებმება. მაღალ ბურთებზე ძალიან სოლიდურია მუშტით მოგერიებისას. ერთადერთი ასპექტი, რაც შეიძლება ოდნავ დაიხვეწოს, ეს არის მეტად ორ ხელში დაჭერაზე ვარჯიში, რათა კიდევ უფრო უკეთესი იყოს ამ კომპონენტში. ასევე, მამარდა შედარებით ნაკლებად სტაბილური, უფრო დაბალი ჩაწოდებებისას არის, სადაც ხელს ხშირად სიმაღლეც კი უშლით ხოლმე მეკარეებს, თუმცაღა ამ უნარის კიდევ უფრო გაუმჯობესება მამარდაშვილისთვის რთული და დიდად შრომატევადი არ უნდა იყოს, ფეხით თამაშისგან განსხვავებით.
რას თამაშობს სლოტი და როგორ ჩაჯდება მამარდაშვილი მის სისტემაში
მამარდაშვილისთვის სლოტის სისტემა არის ერთგვარ ახალ რეალობაში გაღვიძება და იმ კომფორტის ზონიდან რადიკალური გასვლა, რასაც დღეს მამარდასთვის ვალენსიაში თამაში წარმოადგენს. ყველაზე ელემენტარულია უშუალოდ „ბილდ აფისას" რაც ხდება:

ვალენსიას თამაშში, ასეთ სტრუქტურას უბრალოდ ვერ წააწყდები. სლოტი საკუთარ ლატერალებს შიგნით წევს და სისტემა საბოლოო ჯამში ემსგავსება 1-2-2-2-2-ს, ფეინოორდში ხშირად იყენებდა მსგავს 1-2-3-2-3 სისტემას:

ორივე ფორმაციაში ჩანს, რომ მეკარე პრაქტიკულად საწყისი დისპეჩერის როლს ასრულებს, რის გამოც, აუცილებლად მოეთხოვება სიმშვიდე ბურთის ამოტანისას და ძალიან გამოზომილი გადაცემები. მამარდაშვილის ამ სისტემაში ინტეგრირების ხარისხი მომავალ სეზონში, განისაზღვრება ალისონ ბეკერის ბედით, რომელიც თუ დარჩა, აპრიორი პირველ არჩევნად იქნება განხილული, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მამარდაშვილის კიდევ ერთი სეზონით განათხოვრება (კელეჰერი ისედაც არის მეორე მეკარე), მაგრამ ამჯერად ისეთ გუნდში, რომელიც ფეხით ეფექტურად თამაშს ასწავლის (იქნება ეს ლაიფციგი, თუ დე ძერბის მარსელი ან ნებისმიერი გუნდი). ერთი შეხედვით, ეს ქართველი გულშემატკივრისთვის ცუდი სცენარია, მაგრამ შესაძლოა გიორგის სწორედ ეს სვლა ძალიან წაადგეს. ჩემი, როგორც ავტორის აზრით, ის დიდი ხანი გაჩერდა ვალენსიაში, რითაც კვლავ კომფორტის ზონაშია და მომავალ სეზონსაც სწორედ აქ გაატარებს. მას ბევრად ადრე რომ შეეცვალა სათამაშო სქემა, დღეს ლივერპულში მისი ტრანსფერი ნაკლებ რისკთან იქნებოდა ასოცირებული. ლივერპულმა ფაქტია გარისკა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს არ არის ჭკვიანური რისკი, თუ იმ ასპექტებში გაუმჯობესდება გიორგი, რომელიც სლოტისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
დასკვნა - მაინც, როგორი მეკარეა მამარდა?
მამარდაშვილი ნამდვილად ჰგავს ძველი სკოლის მეკარეებს, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობდნენ კარის ხაზზე, მაგრამ გაცილებით ლიმიტირებულნი იყვნენ, როგორც მინდვრის მოთამაშენი. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამარდა ცუდი მეკარეა, პირიქით, ის არაჩვეულებრივი მეკარეა, რომელიც 90-იან წლებში ულაპარაკოდ საუკეთესოს სტატუსსაც მიიღებდა, რადგან მთელ რიგ კომპონენტებში ის საუკეთესოა. მეკარის საბაზისო უნარები აბსოლუტურად მწყობრში აქვს, გასაუმჯობესებელი თანამედროვე ასპექტებია. სათამაშო დონითა და პოტენციალით რომ განვსაზღვროთ, მამარდაშვილი მინიმუმ ისეთი მეკარეა, რომელიც რეგულარულად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე, საშუალო დონით ის ნამდვილად არ უნდა იყოს მსოფლიო კლასის მეკარეზე მეტი და თუ მოახერხა გაუმჯობესება ფეხბურთის თანამედროვე ასპექტებში (ფეხით თამაში და საჯარიმოს გარეთ თამაში) ან აღმოჩნდა ატლეტიკოს მსგავს გუნდში დროის გარკვეულ პერიოდში, იგი ულარაპაკოდ იქნება თავის თაობაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება ადაპტირებას ლივერპულის სისტემასთან - მამარდაშვილის მენტალური შემართება საკმაოდ ძლიერია და ის ნამდვილი პროფესიონალია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, განვითარებისთვის ძალებს არ დაიშურებს და კიდევ ერთხელ დაწერს ქართული ფეხბურთის ისტორიას, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გრანდში, სადაც მარტო არასდროს დადიხარ! YNWA















