ამის გარდა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში "ლურჯ-წითლები" არიან პირველები, რომლებმაც კარში 12 დარტყმით გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. "ლოკომოტივას" სტატისტიკა შთამბეჭდავია, მაგრამ ამის მიუხედავად, "ჯვაროსნები" გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ, თითქმის 15 წუთის მანძილზე იგებდნენ კიდეც.
ბოლოს, საბა ლობჟანიძეს ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. ჩვენი ნაკრების დაუმარცხებლობაში უდიდესი როლი ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან გააკეთა 11 სეივი, ბოლოს მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ევრო 2012-ზე, როდესაც ირლანდიის ნაკრების მეკარემ, შეი გივენმა ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ "კელტური ღვთაების" რეჟიმი ჩართო.

უშუალოდ რეკორდი ეკუთვნის ლატვიის ნაკრების მეკარეს, ალექსანდრ კოლინკოს, რომელმაც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 12 სეივი გააკეთა. როგორც ვხედავთ, ქართველი კარის დარაჯი ისტორიული შედეგის გამეორებასთან პრაქტიკულად ერთ ნაბიჯში იყო.
განსაკუთრებით ბევრი სამუშაო ვალენსიას მეკარეს პირველ ტაიმში ჰქონდა, რვა სეივის განხორციელებით. მან გაიმეორა ჯანლუიჯი დონარუმასა და ტომას სტრაკოშას მიღწევა მიმდინარე ევროზე. იტალიელი კარის დარაჯი გმირობებს ჩადიოდა "ფურია როხასთან", მეორე კი ხორვატიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.
23 წლის მეკარის სუპერთამაში მაინც ცალკე გამოსარჩევია, რადგან ის ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ნაკრების კარს იცავდა. 11-დან 6 სეივი "თეთრ-წითლების" 25-ე ნომერმა განახორციელა უშუალოდ საჯარიმოდან დარტყმის შედეგად, რაც ასევე შთამბეჭდავი შედეგია.
ახლა კი ორიოდე სიტყვა მიქაუტაძის შესახებ, რომელმაც ევრო 2024-ზე უკვე 2 ბურთი გაიტანა.

ქართველი თავდამსხმელი ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია, ჯამალ მუსიალასა და ივან შრანცთან ერთად. ასევე, ის არის რიგით მეექვსე მოთამაშე ევროების ისტორიაში, რომელმაც ტურნირზე თავისი ეროვნული გუნდის პირველი 2 ბურთი გაიტანა. ბოლოს მსგავსი რამ გააკეთა ანდრეი შევჩენკომ, დებიუტანტი უკრაინის ეროვნული გუნდის სახელით, ევრო 2012-ზე.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობას, "ჯვაროსნებისთვის" ბურთის წართმევა ურთულესია, ეს გამოცადა თურქეთის ნაკრებმა, შემდეგ კი ივან ჰაშეკის გუნდმაც. ბევრი ვარაუდობდა, რომ ჩვენი ნაკრები ევრო 2024-ზე ფრთხილად ითამაშებდა, როგორც ეს შეეფერება დებიუტანტ აუტსაიდერს, მაგრამ ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ მას არავისი ეშინია.

არავითარი პრაგმატიზმი და ტემპის დაგდება, "თეთრ-წითლები" გოლის გატანაზე არიან ორიენტირებულები. ბუკმეიკერებმა დებიუტანტი შერაცხეს ევრო 2024-ის ყველაზე სუსტ, 24-ე გუნდად და სანიოლის შეგირდებისთვის თითქოს 1 ქულაც მიღწევაა, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა ბოლო წუთამდე იქნება.
შემდეგი მოწინააღმდეგე არის პორტუგალიის ნაკრები, თუმცა საქართველოს 2016 წლის ევროპის ჩემპიონის არ ეშინია. მართალია, ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმალურია, მაგრამ "ჯვაროსნების" თავდაჯერებულობისა და თავზეხელაღებულობის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ მე-3 ტურში სიურპრიზი ვიხილოთ.


















