
ნიდერლანდებში ცნობილია რინუს მიხელსისა და იოჰან კრუიფის სკოლა, ასევე, ლუი ვან გაალის სკოლა, რომელიც თან საზრდოობს კრუიფით და თან უპირისპირდება მას. ყველა დანარჩენი ამ სკოლის წარმომადგენელია, წარმატებული თუ წარუმატებელი მწვრთნელები. აი, გუს ჰიდინკი ამ სკოლებს მიღმაა, ის არის ყველაფერ იმის საპირისპირო, რაზეც ნიდერლანდური ფეხბურთი დგას. ჟოზე მოურინიოს გამოჩენამდე ის იყო ევროპული ფეხბურთის მთავარი ანტაგონისტი. ბევრი რამით ჰგავს ჟოზეს, მაგრამ, მასავით აქტუალური არასდროს ყოფილა, რადგან ბევრი ლაპარაკი არ ჰყვარებია, თუმცა, შედეგები, სკანდალები და ლეგენდები ბევრი იყო. ყველაფერი კი პსვ-დან იწყება.
ტრიუმფი მოგების გარეშე
ის პსვ, რომელიც დიდ ტრიუმფამდე მივიდა, იან რეკერისა და ჰანს კრაის ჩამოყალიბებულია. ჰანსი სპორტული დირექტორი გახდა და გუნდში რუდ გულიტი და ერიკ გერეტსი მიიყვანა, იან რეკერმა კი გრაასხაპიდან ასისტენტად გადმოიყვანა გუს ჰიდინკი. ასე დასრულდა აიაქსის ჰეგემონია, პსვ 1985/86 წლების სეზონში გაჩემპიონდა. მომდევნო სეზონის მიწურულს ჰიდინკმა მთავარი მწვრთნელის პოსტი გადაიბარა და კარგადაც დაიწყო - უკვე მეორე შეხვედრაში დაამარცხა აიაქსი, თავისი მარკო ვან ბასტენით, დენის ბერხკამპითა და ჯონ ვან ტ'სხიპით, აიაქსის რიგებს ასევე იცავდნენ ფრანკ რაიკაარდი და დენი ბლინდი. ეინდჰოვენის რიგებს, გარდა გულიტისა და გერეტსისა, რონალდ კუმანი და ვილი ვან დერ კერხოპი ავსებდნენ. (რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი ვილი სანიოლს).
1986/87 წლების სეზონი ჰიდინკმა ჩემპიონობით დაასრულა, მაგრამ იმას, რაც მომდევნო სეზონში მოხდა, უკვე არავინ ელოდა. სეზონის წინ ეინდჰოვენმა რუდ გულიტი მილანში გაყიდა, სამაგიეროდ ტორინოდან უიმ კიფტი დაიმატეს, რომელმაც ბოლომდე გაამართლა, 29 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მეორე ადგილზე რონალდ კუმანი იყო - 21 გოლით.

ჰიდინკის პსვ-ს ერიკ გერეტსი კაპიტნობდა. ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში საკუთარ კედლებში გალათასარაი დაამარცხეს, ანგარიშით 3:0. თუმცა, თურქეთში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია და მაშინაც ასე იყო, ჩავიდნენ სტამბულში და მძიმე ბრძოლაში 0:2 დამარცხდნენ. თურქები პირველ ტაიმში უკვე ორი ბურთით იგებდნენ და სულ სხვა სურათი იკითხებოდა, მაგრამ ჰიდინკის ცნობილი კედელიც პირველად აქ იხილა მაყურებელმა, ეინჰოვენმა მთელი მეორე ტაიმი გაძლო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
1/8 ფინალში ვენის რაპიდი შეხვდათ და ეს იყო პირველი და უკანასკნელი გუნდი, რომელიც ჰიდინკმა ორივე შეხვედრაში დაამარცხა - 2:1, 2:0. ამის მერე კი ის ამბავი იწყება, რამაც ამ მწვრთნელის დიდ და უკვე ლეგენდარულ კარიერას საფუძველი ჩაუყარა. რაპიდის შემდეგ ჰიდინკს თამაში არ მოუგია, მაგრამ მაინც გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი. საერთოდ თუ გსმენიათ მსგავსი რამ?! - 1/4 ფინალში პსვ-ს ბორდო შეხვდა, ეს მარტის დასაწყისში მოხდა, ამ დროისთვის ეინდჰოვენს მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა, გალათასარაისთან გასვლაზე, ეგ იყო და ეგ. ბორდოსთან საფრანგეთში 1:1 დაასრულეს და ბევრი ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ვიმ კიფტის გამთანაბრებელი გოლი ყველაფერს გადაწყვეტდა. საპასუხო შეხვედრის წინ ჰიდინკის გუნდმა პირველად ჩემპიონატში წააგო, ფეიენოორდთან დამარცხდნენ - 0:1 და კარგ ხასიათზე ვერ იყვნენ, მაგრამ კარი მშრალად იყო შესანახი და ჰიდინკს ამაზე კარგად არაფერი შეუძლია - 0:0. პსვ ნახევარფინალშია.
აქამდე თუ გამართლებაზე იტყოდნენ ორ სიტყვას, კარგი ბადე შეხვდათო, 1/2 ფინალში ეს მითქმა-მოთქმაც დასრულდა, რადგან მეტოქე სამეფო გუნდი, ლეო ბენჰაკერის მადრიდის რეალი იყო. ჰიდინკს ტაქტიკა არ შეუცვლია, ჩავიდა ბერნაბეუზე და ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ბორდოსთან, შეხვედრაც ზუსტად ამავე ანგარიშით დასრულდა - 1:1. ანგარიში უგო სანჩესმა გახსნა, ედვარდს ლინსკენსმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა. მერე კი ის სცენარი დაიწყო, რასაც ახალ საუკუნეში ჟოზე მოურინიოსა და ოტო რეჰაგელის ხელში ვხედავდით.

მეორე მატჩიც ჰიდინკის სცენარით წარიმართა, ისევ კედელი, ისევ დაცვაში, ურთულესია მადრიდის რეალის შეტევებს გაუძლო, როცა სანჩესი, ბუტრაგენიო და მიჩელი გიტევენ, მაგრამ ჰიდინკის გუნდმა გაუძლო, მატჩი უგოლოდ დასრულდა და ფინალშიც გავიდა. ეს უკვე ძალიან დიდი წარმატება იყო ეინდჰოვენისთვის და რადგან ასეთ შედეგზე გავიდნენ, არავის უფიქრია როგორი ფეხბურთით მოხდა ეს ყველაფერი. მით უმეტეს, რომ ამ გუნდს ერედივიზიონში ბევრი გაჰქონდა, როგორც წესი, ანადგურებდნენ მეტოქეს, აი, ჩემპიონთა თასზე სხვა ისტორია ვნახეთ.
მთავარი შედეგია - გაისმა ნიდერლანდებში პირველად. ესე იგი, იმის აბსოლუტური საპირისპირო სიტყვა, რასაც იოჰან კრუიფი ქადაგებდა. პსვ ერედივიზიონში მეორედ გრონინგენთან დამარცხდა, თუმცა, ისე დამაჯერებლად ლიდერობდა ჩემპიონატს, რომ ეს დიდი ტრაგედია არ ყოფილა. აიაქსს ცხრა ქულით აჯობეს. ჩემპიონთა თასის ფინალის წინ კი მეორე ტურნირი მოიგეს, ნიდერლანდების თასის ფინალში როდა დაამარცხეს - 3:2. ასე რომ, ჰეთ-თრიქის შანსი გაჩნდა, ამისათვის კი ლისაბონის ბენფიკა უნდა დაემარცხებინათ.
ჰიდინკი და გუტმანი ბენფიკას წინააღმდეგ
ამ დროს ბენფიკა უკვე დაწყევლილია და რაც მთავარია, ქომაგსაც სჯერა ბელა გუტმანის წყევლისა. სჯერა და ეშინია. მას შემდეგ კიდევ ბევრი ფინალი წააგეს, მაგრამ ამ დროს, ალბათ, ყველაზე ახლოს იყვნენ მოგებასთან, თან, ეს ჩემპიონთა თასის ფინალი იყო და არა შემდგომში წაგებული უეფას თასი, ან ევროპის ლიგა. ძალიან რთულია მატჩის მოგება, მაშინ, როცა მთელი ქალაქი გაჯერებს, რომ დაწყევლილი ხარ. ესე იგი, მხოლოდ მეტოქე კი არ გყავს დასამარცხებელი, არამედ, ირაციონალურ და ზებუნებრივ ძალებსაც უნდა შეერკინო და მხოლოდ ღმერთი თუ დაგეხმარება გამარჯვებაში. ეს კლუბი, თავისი ცრურწმენებით, თავად ითხრის ძირს და ასეც გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს ცრურწმენა მათში არ მოკვდება.
ჰიდინკმა კი, როგორც მოგახსენეთ, ვერც ფინალი მოიგო ძირითად დროში, დამატებითიც უგოლოდ დასრულდა, პენალტებში საწყისი ხუთი დარტყმა გუნდებმა ზუსტად შეასრულეს, მეექვსე კი ველოზომ გააცუდა, ვან ბრუკელენმა მოიგერია და პსვ ჩემპიონი გახდა!

ეს იყო გუს ჰიდინკის პირველი სრულფასოვანი სეზონი სამწვრთნელო კარიერაში, გუნდი სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გადაიბარა, იქამდე მხოლოდ ასისტენტად იცნობდნენ, მერე კი ადგა და ყველაფერი მოიგო. დაუჯერებელი ამბავია. რა თქმა უნდა, იოჰან კრუიფს არაფრად მიაჩნდა ასეთი გამარჯვება, მაგრამ ჰიდინკს საერთოდ არ აინტერესებდა ვინ რას ფიქრობდა - მთავარია შედეგი, მთავარია გამარჯვება.
ჰიდინკის მემკვიდრეობა
მომდევნო სეზონში ჰიდინკმა უეფას სუპერ თასი მეხელენთან წააგო, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნასიონალთან, ხოლო, ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალში მადრიდის რეალი შეხვდა და ამჯერად რეალმა იმარჯვა. ახალშენაძენი რომარიოს გოლებმა პსვ-ს ვერ უშველა. ერედივიზიონი და თასი ისევ პსვ-ს დარჩა. მომდევნო სეზონში ჩემპიონატში აიაქსმა აჯობა და წასვლის დროც მოვიდა.
მას მერე ჰიდინკის კარიერაში ასეთი ზღაპარი აღარ ყოფილა. შეიძლებოდა რაღაც მსგავსი 2000-იანების დასაწყისშიც მომხდარიყო, ისევ პსვ-ის მწვრთნელის რანგში, ლიგის 1/2 ფინალამდე მივიდა და კარლო ანჩელოტის მილანთან დამარცხდა. ყოველთვის აკლდებოდა ერთი ნაბიჯი. ძალიან მაგარი თაობის ნიდერლანდებიც ჩააბარეს, მაგრამ იქაც ხელი მოეცარა, ორივეჯერ პენალტების სერიაში - ევრო 96-ზე საფრანგეთთან 1/4 ფინალში დამარცხდა, '98 წლის მუნდიალზე კი ბრაზილიასთან ნახევარფინალში. ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ჰიდინკი ალბათ მაინც არ იყო ის მწვრთნელი, რომელსაც ის თაობა უნდა ჩაებარებინა.

არც ესპანეთი ყოფილა მისი ქვეყანა, აქ ლამაზი ფეხბურთი და შეტევა უყვართ, 90-იანების დასაწყისში ვალენსიას წვრთნიდა, 90-იანების ბოლოს რეალი ჩაიბარა და ნახევარი სეზონის მერე სახლში გაუშვეს. ბეტისშიც სცადა ბედი და მხოლოდ 13 შეხვედრაში გაუძღვა გუნდს. აი, მერე გადაწყვიტა ისევ სანაკრებო ფეხბურთში დაბრუნება და ყველაზე სკანდალურ ამბებთანაც ასოცირდება.
ჰიდინკის კორეა
მოგვწონს თუ არა, დიდი მწვრთნელია და ასეთი მწვრთნელები ასეთ ამბებში არ უნდა ეხვეოდნენ. რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ მისი გუნდი ფეხბურთთან ერთად, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საბრძოლო ხელოვნებასაც აჩვენებდა. ჯერ პორტუგალიელები მილეწეს ჯგუფში ისე, რომ წითელი ბარათის შიში არავის ჰქონია, არადა, რასაც ეს ხალხი შვრებოდა, იმას რთულია ფეხბურთი უწოდო. მერე იყო სკანდალური მატჩი იტალიასთან, სადაც ვნახეთ გაუქმებული გოლი კორეის კარში, ვნახეთ კუნგ-ფუ კორეელების შესრულებით, არდანიშნული პენალტები მათ კარში, გაძევებული ტოტი, აბსოლუტურად უსამართლოდ, ანის გამარჯვების გოლი იტალიის კარში, ჯოვანი ტრაპატონის ნასროლი ბოთლი დელეგატების მისამართით და ცინიკური მზერა იქიდან.

მართლა რთული იყო ამის ყურება. თუმცა, ეს თრეილერი ყოფილა, კინო წინ გველოდა. 1/4 ფინალში ჰიდინკის კორეას ესპანეთი შეხვდა, რომელთაც სამი გოლი არ ჩაუთვალეს - მოიგონეს თამაშგარე, მოიგონეს ჯარიმა და მოიგონეს პირითხაზს გადაკვეთილი ბურთი. ეს უკვე ტრაგიკომედია იყო და მხოლოდ ერთი კითხვა ისმოდა - სადამდე გასტანს ეს მარაზმი?!
1/2 ფინალში მთელი საფეხბურთო მსოფლიო გერმანიისკენ იყო, გინახავთ ასეთი რამ?! - აქამდე პირიქით იყო, მთელი მსოფლიო გერმანიის წინააღმდეგ განეწყობოდა, კორეამ და ჰიდინკმა კი მსოფლიო წესრიგი შეცვალეს. აი, გერმანელებს ვეღარ გაუბედეს. ვერ წამოიკიდეს, ვერ აიყოლიეს, აღარ გაჭრა პროვოკაციებმა, ცივსისხლიანად დაუხვდნენ ოლივერ კანი და მიხაელ ბალაკი.
გავა წლები და გუს ჰიდინკი ლონდონის ჩელსის ჩაიბარებს, მივა 1/2 ფინალამდე სადაც ზღაპრული ბარსელონა შეხვდება, პეპ გუარდიოლას სადებიუტო სეზონში. გუსმა თავის სადებიუტო (სრულფასოვან) სეზონში ყველაფერი მოიგო, ოღონდ ანტიფეხბურთით, პეპმაც ყველაფერი მოიგო, ოღონდ ულამაზესი თამაშით, ესეც ნიდერლანდური ამბავია - გუსი ისევ კრუიფის სკოლას დაეტაკა.

და, ის, რაც ლონდონში მოხდა, ასეთი რამ მხოლოდ იმ კაცს შეიძლებოდა დამართოდა, რომელმაც 2002 წელს ყველაფერზე თვალი დახუჭა, ნამუსი დაივიწყა და ჩემი ფეხბურთელებით (კარატისტებით) ვამაყობო გამოაცხადა. 2009 წელს, ლონდონში აღმოაჩინა, რომ თურმე ძალიან მწარეა, როცა მსაჯი რაღაცას ვერ ხედავს, არ იმჩნევს და შუშის თვალებით იყურება.
კარმა ჰქვია ამას, გუს.
ჰიდინკი VS. ნიდერლანდები
ეს სულ აქტუალური თემა იყო, მისი გამოჩენისთანავე. გუსი ხომ ვერცერთ სკოლას ვერ მოერგო. თავისი გზა ჰქონდა და ეს გზა ნიდერლანდელებს არასდროს
მოსწონდათ. ევრო 2008-ზე კი თავისივე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩის მერე ნიდერლანდელი ფეხბურთელები ამბობდნენ, ჰიდინკი უფრო კარგად გვიცნობდა, ვიდრე ჩვენ ვიცნობდით საკუთარ თავსო.
ერთ მხარეს ვან ბასტენის ნიდერლანდები იყო, ულამაზესი და შედეგიანი ფეხბურთი ითამაშეს ჯგუფში, გადაუარეს ორი წლის წინანდელი მუნდიალის ფინალისტებს, იტალიასა და საფრანგეთს. აღფრთოვანებული იყო დიდი იოჰანი თავისი მოსწავლის სამწვრთნელო ხედვით. 1/4 ფინალში კი ეს საძულველი კაცი დახვდათ - რუსეთის ნაკრებით. ამ მატჩში გუსმა მთელი თავისი ცხოვრების ბოღმა და წყენა ამოიღო „ლამაზი ნიდერლანდელების“ მიმართ - „ისეთი ვარ, როგორიც ვარ, ჩემი გზა მაქვს, ჩემი სტილი. მთავარი მოგებაა.“ ანდრეი არშავინის მატჩი გამოდგა. რუსეთი 1/2 ფინალში გავიდა.

ეგეთი კაცია, ძალიან დაფასებული კორეასა და რუსეთში. ეგ კი არა, ჩრდილოეთ კორეაში ფეხბურთის განვითარების გეგმაც კი შეუდგენია. აი, მზეზე რომ ხომალდი დასვეს, ოღონდ, ღამით, იმ ხალხზე იმუშავა. ფეხბურთიც ასეთი მრავალფეროვნებით არის მშვენიერი. „ჩვენ კაცთა მოგვცა ფეხბურთი, გვაქვს უთვალავი ფერითა.“ - როგორც დევიდ ბექემი იტყოდა.















