
სულიკომ ეროვნულ ლიგაში ბოლოს 2008 წელს ითამაშა. 10 წლის თავზე კი დინამო თბილისის შემადგენლობაში მისი შვილის დებიუტი შედგა. ზურიკომ დინამოდან ლოკომოტივს მიაშურა, შემდეგ კი ყაზანის რუბინს შეუერთდა. ახალგაზრდა, გულიან ბიჭს საკლუბო კარიერაში სტაბილურობა აკლდა, მაგრამ სანაკრებო თამაშებზე სულ სხვა ზურიკო წარმოგვიდგებოდა. „პატარა აბრეზა“, როგორც მას პატარაობაში ეძახდნენ, ახალგაზრდულ ნაკრებებში 2016 წლიდან გამოდის და უასპარეზია როგორც 17, ასევე 19 და 21-წლამდელთა შემადგენლობაში. ზურიკო განსაკუთრებით შედეგიანი იყო 17-წლამდელთა შემადგენლობაში, სადაც 7 გოლი გაიტანა და გუნდის აშკარა ლიდერის სტატუსსაც ატარებდა.

შემტევის კარგი თამაში ევროპულ მედიასაც არ გამორჩენია და The Guardian-მა 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა. რუბინში ზურიკოს თავის გამოჩენის შესაძლებლობა დიდად არ მიეცა. ყაზანური კლუბიდან ის ჯერ როტორში, შემდეგ კი არსენალ ტულაში გაანათხოვრეს. რუსეთის ჩემპიონატში დავითაშვილს სტაბილური სათამაშო დრო არ ეძლეოდა და დიდად არც ენდობოდნენ. უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს ჩემპიონატის დატოვების შესაძლებლობა მიეცათ. ბათუმში ჩამოსვლამ ზურიკოს მეორე სუნთქვა გაუხსნა. ზღვისპირელთა მაისურით დავითაშვილმა საქართველოს პირველობაზე 14 შეხვედრა გამართა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე მონაწილეობა 4 საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო. 2022 წლის 2 სექტემბერს დავითაშვილი ბათუმის დინამოდან ერთწლიანი იჯარით ბორდოში გადავიდა. ზურიკომ სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ახალ კლუბს 17 სექტემბერს დიჟონთან გამარჯვების მოპოვებაში. ზევითაც ვახსენე, კლუბში დავითაშვილი როგორ ფორმაშიც არ უნდა ყოფილიყო, ნაკრებში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი და მოტივაცია სრულიად განსხვავდებოდა.

არსებობს ასეთი ფრაზა - „ფეხბურთში გულიანი ბიჭები უფრო ფასობენ, ვიდრე ვარსკვლავები“. ხალხს ყოველთვის მოსწონს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებისთვის თავს სწირავენ. წინა საუკუნეში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კლუბში დასრულებული თამაშის შემდეგ ფეხბურთელი უმალ, იმ დღესვე ნაკრებში წამოსულა, მაგრამ დღევანდელი გადატვირთული გრაფიკის დროს ეს თითქმის წარმოუდგენელია. 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზურიკო დავითაშვილი 24 საათის განმავლობაში ორჯერ ჩადგა ქვეყნის სამსახურში. 20 ივნისს, წვიმიან ჰემპდენ პარკზე შოტლანდიის წინააღმდეგ გამართულ სკანდალურ მატჩში ზურიკომ მეორე ტაიმში საბა ლობჟანიძე შეცვალა და ბოლომდე იბრძოლა. შოტლანდიაში გამართული „წყალბურთის“ შემდეგ „პატარა აბრეზა“ ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრთან ერთად საქართველოში გამოფრინდა, რათა ახალგაზრდულ ნაკრებს გახსნით მატჩში დახმარებოდა. 21 ივნისს პორტუგალიასთან გამარჯვებაში ზურიკომაც მიიღო მონაწილეობა და 67-ე წუთზე, უკვე მოგებულ თამაშში, მას მოედანზე შესვლა და ბოლომდე დახარჯვაც არ უთაკილია. მესამე ტურში ნიდერლანდების წინააღმდეგ გატანილი იშვიათი სილამაზის გოლი ჯგუფური ეტაპის მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ დავითაშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა. დინამო არენაზე შეკრებილი 50 000-მდე ქომაგი მის სახელს სკანდირებდა.

დავითაშვილი ეროვნულ ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს და იქაც იშვიათი სილამაზის გოლები გააქვს. პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 2021 წლის 8 სექტემბერს გაიტანა. ერთი წლის თავზე კი იგივე ბულგარეთს ანგარიშის გამხსენლი ისეთი გოლი შეუგდო, ყველას რობინ ვან პერსის მუნდიალური გაფრენა გაგვახსენა.
2024 წლის ივლისში ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენს შეუერთდა. მდიდარი ისტორიის მქონე ფრანგული კლუბი ელიტაში დაბრუნდა. მისი მიზანი ადგილის შენარჩუნებაა იქ, სადაც მუდამ ელიან „მწვანეთა“ ქომაგები. 13 სექტემბერს ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ლილი დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-6 წუთზე მატიუ კაფარომ ზურიკო დავითაშვილის გადაცემიდან გაიტანა. „პატარა აბრეზა“ კრიტიკოსების ჯინაზე აგრძელებდა განვითარებას და ყოველ ახალ სათამაშო დღეს მოედანზე მეტად მოტივირებული გამოდიოდა. 5 ოქტომბრის კვირა საღამოს ლიგა 1-ის მე-7 ტურში სენტ ეტიენმა საკუთარ მოედანზე ოსერი ანგარიშით 3:1 დაამარცხა, ზურიკოს ერთმანეთზე უკეთესი გოლებით. დავითაშვილი გახდა მეორე ქართველი, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. 21 წლის წინ, გერმანიის ბუნდესლიგაში ვოლსფბურგთან სამი გოლით თავი საქართველოს ნაკრების ვეტერანმა შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა გამოიჩინა.

„პატარა აბრეზა“ ფორმაში შედის და თუ მან ეს ტემპი დაიჭირა, მისი გაჩერება ძალიან გაუჭირდებათ. ოსერთან შეხვედრის შემდეგ კრისტოფ დუგარი და ქართველი შემტევის სხვა კრიტიკოსები, ალბათ, ცივ წყალს მიეძალნენ.
სულიკო დავითაშვილმა, შესაძლოა ვარსკვლავური ფეხბურთი ვერ ითამაშა, მაგრამ ქართველი კაცის ერთ წინადადებაში ჩადებული იდეის შესრულებაში სული და გული ჩააქსოვა. და მართლაც, ის ურჩევნია მამულსა... გაგრძელება ყველა ქართველს გვეცოდინება.
ავტორი: ბაკურ ხუბულავა















