„იყავი უფორმო, უფიგურო, როგორც წყალი. თუ წყალს ჩაასხამ თასში, ის თასი გახდება. თუ შენ მას ბოთლში ჩაასხამ, ის ბოთლი გახდება, ხოლო თუ მას მოათავსებ ჩაიდანში, ის ჩაიდანი ხდება. წყალს შეუძლია იდინოს, ანდაც შეეჯახოს. იყავი წყალი, მეგობარო!“ - ბრუს ლი
კარლოს ფეხბურთელთა მართვის უნარები. ულაპარაკოდ, უნიკალურია და დღევანდელ ფეხბურთში, სადაც აშკარად დომინირებს Juego De Position ანუ - პოზიციური თამაში და ფეხბურთელთა როლები, როგორც წესი საკმაოდ სქემატურად, წინასწარ განსაზღვრულია, ანჩელოტია ზუსტად ის მწვრთნელი, რომელმაც ბოლომდე უერთგულა ფეხბურთში რელაციონიზმის პრინციპებს, რასაც მისი საკმაოდ კარგი ტაქტიკური ადაპტირებულობაც ემატება და იგი ახერხებს და დღესაც მოქმედი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. საერთოდ, ანჩელოტის მსგავსი ქამელეონისებრი მწვრთნელის საუკეთსო 11-ეულის შერჩევა ურთულესი საქმეა, მით უფრო, თუ ამ თერტმეტეულის ტაქტიკურ ასპექტებზე გავაკეთებთ აქცენტს, რადგან „პაპა კარლო" სხვადასხვა გუნდსა და სისტემაში ბალანსს სხვადასხვა გზებით პოულობდა. შესაბამისად, 11-ეულის შედგენისას, რამდენიმე კრიტერიუმია, რისი გათვალისწინებაც მიწევს:
1. ფეხბურთელების ტაქტიკური შესაბამისობა
2. სერიული გამარჯვებულობის ხარისხი - რაც კარლოს გაწვრთნილ ფეხბურთელებში საკმაოდ მაღალია
3. ჩატარებული სეზონების რაოდენობა - უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად დიდი ხანი იყვნენ ანჩელოტის ხელში კონკრეტული ფეხბურთელები
ტაქტიკური თვალსაზრისით, გადავწყვიტე ანჩელოტის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სქემა - რომბული 4-4-2 გამომეყენებინა. საკმაოდ გამიჭირდა ამერჩია ამ სქემასა და ე.წ „საშობაო ხის“ ფორმის 4-3-3-ს შორის, მაგრამ იდეალურ სქემად, მაინც პირველი ვერსია მივიჩნიე. მაშ ასე, დავიწყოთ!
მეკარე - GK
მეკარის შემთხვევაში, რამდენიმე საინტერესო ოფცია გვაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, ანჩელოტისთან მეკარეები არ ატარებენ იმხელა მნიშვნელობას, რამხელაც შეიძლება ჰქონდეს გუარდიოლასთან ან თუნდაც ახალი იტალიური სკოლის წარმომადგენელ სიმონე ინძაგისთან. შესაბამისად, ანჩელოტისთან შევხვდებით მეკარეებს, რომლებიც განსაკუთრებული ეფექტურობით კარის ხაზზე გამოირჩევიან.
დიდა
დავიწყოთ პირველი სერიული გამარჯვებულით. ჩემპიონთა ლიგის 2-გზის პრიზიორსა და ბუფონის შემდგომ ვილიამ ვეკის მორიგი შეგირდით. სწორედ მასთან ინტენსიურმა ვარჯიშმა განაპირობა დიდას დონის თვალსაჩინო გაუმჯობესება. ბრაზილიელი ძალიან კარგი იყო კარის ხაზზე და გამოირჩეოდა აკრობატული მოგერიებებითაც. მისი, ალბათ, ყველაზე დიდი ატრიბუტი მეორე სართულზე თამაშია. დიდას სხვათაგან მისი პენალტების მოგერიების უნარიც გამოარჩევდა, რაც დაამტკიცა 2002/2003 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის იუვენტუსთან. ერთი სიტყვით, დიდა ფორმის პიკში ძალიან სოლიდური, მაგრამ მაინც შეცდომებისკენ მიდრეკილი მეკარე იყო. თუმცაღა, ანჩელოტის ხელში, ალბათ პირველი სტაბილური მეკარე სწორედ იგი იყო. მის კარიერაში, ალბათ, ვერ მოვძებნით ერთ ისეთ გამორჩეულ სეზონს, როგორიც მისმა თანამემამულე ჟულიო სეზარმა ჩაატარა 2009-10 წლებში, როდესაც თვით ლიონელ მესის აუღო ზღაპრული ბურთი და ზედიზედ მეორედ მოახერხა სერია A-ს საუკეთესო მეკარის ჯილდოს მოპოვება, მაგრამ მილანის კარს დიდა მეტწილად საიმედოდ იცავდა. არის კი საკმარისი ასეთი თამაში სიმბოლურში მის დასაყენებლად?! - მოდი, განვიხილოთ სხვა ოფციებიც.

პეტრ ჩეხი
მილანური წარმატების შემდგომ ანჩელოტიმ ინგლისს მიაშურა, სადაც კარში დიდაზე კიდევ უფრო მაღალი კლასის მეკარე დახვდა - ჩეხის სახით. სუფთა ნიჭითა და მონაცემებით, ტრავმამდელ პეტრ ჩეხს ნამდვილად ჰქონდა პოტენციალი, რომ დღეს იგი ყველა დროის საუკეთესოების კატეგორიაში გაგვეყვანა. ალბათ, ის საუკეთესო მეკარეა, რომელიც პრემიერ ლიგას უნახავს, დიდი დანიელის - პიტერ შმაიხელის შემდგომ. თავის დაზიანებამ ჩეხის სათამაშო დონე ძალიან უკან დახია და მარტივად რომ ვთქვათ, იგი აღარ იყო ისეთივე მძლავრი, მაგრამ მაღალ ხარისხს ჩაფხუტითაც ინარჩუნებდა. ჩვენ რომ ჟოზე მოურინიოს თერთმეტეულს ვადგენდეთ, ჩეხი აუცილებლად იქნებოდა მოხსენიებული. 2009-10 სეზონში ჩელსიმ ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა მანჩესტერ იუნაიტედის შემდგომ, თუმცა საუკეთესო მეკარის ჯილდო მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯო ჰარტმა დაიმსახურა. ჩეხი ნამდვილად გამორჩეული იყო ანჩელოტისთან, მაგრამ არც მისი რეზიუმე მგონია სიმბოლურში მოსახვედრად საკმარისად კარგი. სხვათაშორის, ჩეხს თავად ანჩელოტიც გაკრიტიკებული ჰყავს, რადგან მისი სავარჯიშო სესიები უბრალოდ არ მოსწონდა.

იკერ კასილასი
მადრიდული კარიერის მიწურულს, კასილასმა მოასწრო და მოიგო ლა დესიმა, რითაც მადრიდის რეალის 12-წლიანი მშრალი სერია ტიტულების მხრივ ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა. მიუხედავად ამისა, იკერის ქეისი, მაინც სუსტია, რადგან იგი თავისთვის საუკეთესო კონდიციებისგან ძალიან შორს იყო და მეტიც, რიგ მომენტებში დიეგო ლოპესთანაც უწევდა როტაციაში თამაში. ეს ტრენდი მოურინიოსთან ერთად დაიწყო ანჩელოტისთანაც არ შეჩერებულა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მისი შეცდომა დიეგო გოდინის გატანილ გოლზე, კინაღამ ფატალურად დაუჯდა სამეფო კლუბს. მოკლედ რომ ვთქვათ, იკერს არ მოსწევია საუკეთესო დროება ანჩელოტისთან ერთად. 2014-15 წლებში კი „სან იკერმა" გუნდი უკვე ოფიციალურად დატოვა.

მანუელ ნოიერი
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კიდევ ერთი მეკარე, რომელიც კარლო ანჩელოტის განკარგულებაში იმყოფებოდა. სუფთა უნარ-ჩვევების კუთხით, ნოიერი ალბათ ყველაზე სრულყოფილი მეკარეა, რომელიც ანჩელოტის გაუწრთვნია. ნოიერი არა მარტო კარგი მეკარე, არამედ პოზიციის განმსაზღვრელი ფეხბურთელია. კარლოსთან ერთად შეძლო კიდევ ერთი ბუნდელიგის მოგება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალთან 1/4 ფინალში დამარცხდა. ამ შეხვედრაზე გავლენა ცხადია, მსაჯებმაც იქონიეს, მაგრამ 2016-17 სეზონი ზიდანის ფორმაციის რეალისთვის, ულაპარაკოდ, საუკეთესო იყო. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ნოიერიც არ უნდა განიხილებოდეს მეკარის პოზიციაზე. ეს რომ იყოს იუპ ჰაინკესის თერთმეტეული, მაშინ ულაპარაკოდ მისია ეს პოზიცია.

ტიბო კურტუა
ალბათ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის ტიტულში ამხელა დოზით ჰქონდეს დამსახურება მეკარეს, როგორიც კურტუას მიუძღვის 2021-22 წლების სეზონში. კარლოს მეორედ მიბრუნებამდე კურტუას თუ გავიხსენებთ, მისი თამაში საკმაოდ შორს იყო დამაჯერებულობისგან. საკმაოდ უჩვეულო გოლებს უშვებდა. ანჩელოტიმ მისი კარიერა უბრალოდ გააცოცხლა და კვლავ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აქცია. ლივერპულის წინააღმდეგ ფინალში ჩატარებული თამაში, ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსია მეკარის შესრულებით, რაც ოდესმე მინახავს. პრაქტიკულად, ის იყო კედელი ლივერპული შემტევებისთვის, რომელთაც უამრავი შანსი ჰქონდათ იმ ფინალის მოსაგებად. საბოლოო ჯამში, მადრიდის რეალის მე-14 თასი ტიბოს ყველაზე დიდი დამსახურებაა და იგი ნამდვილად უნდა განვიხილოთ 11-ეულისთვის. ტიბომ მეორე ფინალიც ბრწყინვალედ ჩაატარა - დორტმუნდის წინააღმდეგ, მაგრამ დანარჩენი სეზონი მთლიანად გამოტოვა, აქედან გამომდინარე, დიდად აქტივში ამას ვერ ჩავუწერთ.

ვერდიქტი: გამომდინარე ამ რეზიუმეებიდან, არჩევანი გვაქვს დიდასა და კურტუას შორის. სუფთა ერთი სეზონის მიხედვით რომ გავყვეთ, კურტუა ულაპარაკოდ უკეთესია დიდაზე. დიდას მხარეს სტაბილურობა მეტად არის მეტი სეზონის განმავლობაში, მაგრამ, რომ ჩავუღრმავდეთ ტაქტიკურ ასპექტებს, კურტუას როლი გუნდში გაცილებით დიდია, გამომდინარე მისი იმ უნარიდან, რომელსაც საკმარისად არ აღიარებენ ხოლმე, ეს მისი ფეხით თამაშია. გამომდინარე ცალკეული უნარებიდან და იქიდან, თუ ვისი მატჩები არის უფრო ლეგენდარული, აქ უპირატესობას კურტუას მივანიჭებ, შესაბამისად, კარში - კურტუა.
დაცვის ხაზი
ანჩელოტი 4 მცველით თამაშობს, აქედან გამომდინარე, ამ რგოლის დაკომპლექტება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.
მარჯვენა მცველი - RB
მოდი, დავიწყოთ მარჯვენა მცველით, აქ 3 ოფციას შემოგთავაზებთ, რომლებიც აუცილებელია განიხილებოდნენ კანდიდატებად „პაპა კარლოს" თერთმეტეულში.
ბრანისლავ ივანოვიჩი
თანამედროვე ფეხბურთში, იშვიათად ნახავთ ისეთ მარჯვენა მცველს, როგორიც ფორმის პიკში ბრანისლავ ივანოვიჩი იყო. მაღალი, ძალიან გაბარიტული და ფიზიკურად ძლიერი, რომელიც არ გამოირჩეოდა საოცარი სისწრაფით, მაგრამ ჰქონდა თითქმის ულევი ენერგია და მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ამას ერთ-ერთ ინტერვიუში რაჰიმ სტერლინგიც ადასტუდებს. ივანოვიჩი არანორმალური ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, სერბი ძალიან კარგი იყო ბურთით, საკმაოდ დაუფასებელი ჩაწოდების პატრონი გახლდათ და ასევე, შესაძლოა პრემიერ ლიგის ისტორიაში თავით თამაშის ასპექტში საუკეთესო მარჯვენა მცველიც იყოს. იგი საკმაოდ მარტივად ჩაგრავდა ათლეტურ ფორვარდებს. ანჩელოტის ხელში, ივანოვიჩმა მოიგო ე.წ დუბლი (ჩემპიონატი + თასი), სადაც იგი ნამდვილად ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის სტარტზე ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად ჟოზე ბოსინგვას ვხედავდით. იგი ნამდვილად ერთ-ერთი ღირსეული და ამავდროულად ტაქტიკური პროფილით უნიკალური კანდიდატია, კარლოს საუკეთესო 11-ეულში მოსახვედრად.

დანი კარვახალი
3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერთასი, 3 უეფას სუპერთასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ეს იმ ტიტულების ჩამონათვალია, რომელიც დანი კარვახალმა კარლო ანჩელოტისთან ერთად მოიპოვა. მგონი, აღარ იქნება პრობლემა, რომ დავუძახოთ მას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი. კარვახალი ნამდვილი ეპიტომიაა სტაბილური ფლანგის მცველისა და ის ლიდერული უნარები, რომელიც მას შემოაქვს თამაშში მადრიდის რეალისთვის, უბრალოდ საოცარია. BBC ტრიოს პირველ სეზონში, კარავახალი იმ საჭირო დინამიზმს იძლეოდა ფლანგიდან, რაც მეტად ცენტრისკენ შეწეულ ბეილსა და რონალდოს აკლდათ. მოკლედ და კონკრეტულად, კარვახალი ნესბისმიერი გუნდისთვის სანატრელი ფიგურაა, მადრიდის რეალს ძალიან გაუმართლა, მით უფრო - აქ დიდ როლს ის ფაქტორიც თამაშობს, რომ კარვახალი მადრიდის რეალის აღზრდილია (ალბათ ბოლო წლებში საუკეთესოც), რომელიც მხოლოდ ერთი სეზონით იყო წასული - იჯარით ლევერკუზენში. იქიდან კი მადრიდში სულ სხვა მონსტრი დაბრუნდა. ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც შესაძლებელია კარვახალი ვერ მოხვდეს ამ თერთმეტეულში, მისი ტრავმიანობისკენ მიდრეკილებაა, რის გამოც საკმაოდ უჭირდა ხოლმე სეზონის მთლიანი ნაწილის გამართულად ჩატარება.

კაფუ
მივადექით კიდევ ერთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველს. განსხვავებით კარვახალისგან, თამაშში მეტად შემოდის სიმსუბუქე და ტექნიკური უპირატესობები. გარდა იმისა, რომ კაფუ იდეალურად აკონტროლებდა მთლიანად ფლანგს და როგორც ტაქტიკური ოფცია შევიწროვებულ რომბულ 4-4-2-ში იგი ყველაზე კარგი არჩევანია, ბრაზილიელი გამოირჩეოდა საოცარი ჩარბენებით აუტის ხაზზე, რითიც დაცვით არხებს ძალიან ეფექტურად ჭრიდა. კაფუს ერთადერთი მინუსი ჩემთვის ის არის, რომ საკმაოდ გვიან მოვიდა ევროპულ ფეხბურთში. ყველაზე უფრო ელიტურ დონეზე არც ისე დიდხანს ვნახეთ. მიუხედავად რომაში ფენომენალური ასპარეზობისა, მაინც მგონია, რომ იმდენი არ გვინახავს მისგან, რაც შესაძლებელი იყო გვენახა.

ვერდიქტი: ბრანისლავ ივანოვიჩისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, არჩევანი კაფუსა და კარვახალს შორის უნდა გაკეთდეს. ერთის მხრივ გვაქვს ნაკლებად სანახაობრივი, მაგრამ უფრო აგრესიული, დაცვაში მეტად სოლიდური ოფცია და მეორე მეტად ესთეტიკური. კაფუ თავისი კარიერის ზენიტში, ნამდვილი ტაქტიკური იარაღი იყო ანჩელოტის ხელში, რომელიც პრაქტიკულად ანულირებას ახდენდა გარემარბის მხრიდან შექმნილ სიცარიელეს. კარვახალი მეტად 4-3-3-ის მარჯვენა მცველია. აქედან გამომდინარე, აქ უპირატესობას კაფუს მივანიჭებდი, მაგრამ ერთადერთი სეზონი, სადაც კაფუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა იქ „მისტერ ჩაწოდება" მეტად როტაციის ფეხბურთელად გვევლინებოდა - მასიმო ოდოსთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე დაუფასებელი ფიგურა იყო მილანისთვის 2006-07 წლების სეზონში, აქედან გამომდინარე, მეტად სერიულ გამარჯვებულს ავირჩევ და კარვახალს დავასახელებ.
ცენტრალური მცველების დუეტი - CB
ამ სათამაშო რგოლის დაკომპლექტება საკმაოდ გამიჭირდა, გამომდინარე იქიდან, რომ ანჩელოტის განკარგულებაში ბევრი უმაღლესი კლასის მცველი ყოფილა. როგორც წესი, ანჩელოტი იყენებდა ბურთით მოთამაშე მცველისა (Sweeper) და „სტოპერის“ კომბინაციას დაცვის ცენტრში, რაც იდეალურ ბალანსს ქმნიდა. ამის ნათელი მაგალითია იაპ სტამისა და ალესანდრო ნესტას დუეტი მილანში. ანდაც, ჯონ ტერისა და რიკარდო კარვალიოს/ალექსის ტანდემი. პეპესა და რამოსის დიოც ასევე შესანიშნავი იყო, იქვე რაფა ვარანიც სახსენებელია, რომელიც ფორმის პიკში, მსოფლიო კლასის „სტოპერი“ მცველი იყო. საბოლოო ჯამში, 4 ფეხბურთელი გამოიკვეთა, რომელთაც პრეტენზია ექნებოდათ ამ 11-ეულში შესვლაზე.
ალესანდრო ნესტა
პირდაპირ ვიტყვი, არ წარმომიდგენია, კარლო ანჩელოტის XI ნესტას გარეშე. როდესაც ფრანკო ბარეზი გუნდიდან წავიდა, მისი შეცვლა აბსოლუტურად წარმოუდგენელი გახდა, რის გამოც, მილანს ძალიან უსიამოვნო პერიოდის გავლაც მოუწია, სანამ გუნდში ლაციოს კაპიტანი, ალესანდრო ნესტა არ დაიმატეს. ნესტა სტოპერისა და ბურთით მოთამაშე მცველის დიდებული ჰიბრიდი იყო. ბურთით ამოსვლისას ნამდვილად იგრძნობოდა მასში რაღაც ბარეზისეული აურა. ცხადია, ბარეზის შემტევი უნარები და ლიდერობა საერთოდ სხვა განზომილებაა, ლიდერული უნარებითა და იმ აურით, რომელიც ბარეზის ახასიათებდა პასარელასთან, რონალდ კუმანთან და თვით ბეკენბაუერთან ერთად ერთ უმაღლეს ლიგაში უნდა განვიხილოთ. მიუხედავად ამხელა ფიგურის დაკარგვისა, ნესტამ მოახერხა და ის ტაქტიკური ელემენტი, რომელიც ბარეზის წასვლით მილანმა დაკარგა, ერთიანად აანაზღაურა. აქედან გამომდინარე, ნესტას მე ამ 11-ეულში აპრიორი შევიყვან.

ჯონ ტერი
იდეალურ სამყაროში, ჩვენ რომ მარტო ტაქტიკური ასპექტებით ვალაგებდეთ სიმბოლურ გუნდს, ნესტა და ჯონ ტერი საოცრად შეავსებდნენ ერთმანეთს. ზურგის ტრავმამდელი ჯონ ტერი იყო აბსოლუტური ფიზიკური მონსტრი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მეორე სართულზე და შეიძლება ითქვას, საუკეთესო მცველი, რაც პრემიერ ლიგას ოდესმე უნახავს. ჩვენ რომ ვადგენდეთ ჟოზე მოურინიოს გუნდს, ტერი და კარვალიო ურყევი ტანდემი იქნებოდა, რადგანაც თავად კარვალიოც ძალიან დაუფასებელი ცენტრალური მცველია. ფორმის პიკში, სწორედ ის იყო პორტუგალიის პასუხი ალესანდრო ნესტაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჯონ ტერის ტიტულატურა და გავლენა ანჩელოტის გუნდზე არ იყო იმხელა, რამხელაც ჰქონდა სერხიო რამოსს, აქედან გამომდინარე ვერ ჩავსვამ სიმბოლურ გუნდში.

სერხიო რამოსი

სერხიო რამოსი
აქ სათქმელი ბევრი არაფერია, რადგანაც La Decima თავადვე ამბობს სათქმელს. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ყოფილა კლასიკური „სტოპერი“, სამაგიეროდ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მცველია უნარებით, რომელიც საერთოდ ცალკეულ კატეგორიას იმსახურებს. ბაიერნთან დუბლი, ფინალში გადამწყვეტი და გამათანაბრებელი გოლი და ე.წ მისი “Goat Case”-ის წერის საწყისები. ამ დამსახურებისთვის, რამოსს ვერანაირად დავტოვებდი 11-ეულს მიღმა. მით უფრო იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა „სტოპერისთვის" დამახასიათებელი აგრესიაც და ბურთით მოთამაშე მცველისთვის საჭირო სიმშვიდე ერთობლივად, რაც თეორიაში ნესტასთან თეორიაში საკმაოდ სოლიდურ ტანდემს განაპირობებს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, ალაბა-მილიტაოს ცენტრითაც დაამტკიცა ანჩელოტიმ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ცხადია, ის დაცვის ხაზი შემდგომ, რუდიგერის მსგავსი გამანადგურებლის მოსვლამ სხვა საფეხურზე აიყვანა, მაგრამ მაინც. მხოლოდ მე-10 თასის გამო იმსახურებს რამოსი აქ ყოფნას.

ვერდიქტი: მიუხედავად იმისა, რომ არ მიმაჩნია ეს წყვილი ყველაზე უფრო კარგ ტაქტიკურ შესაბამისობად, მაინც ვვარაუდობ, რომ ნესტა-რამოსი ამ ზონაში ხელშეუხებელი უნდა იყოს.
მარცხენა მცველი - LB
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აქ ძალიან ცალსახა არჩევანია, მაინც განვიხილოთ სამი ყველაზე რეალური ვარიანტი.
ეშლი კოული
ულაპარაკოდ, საუკეთესო ინგლისელი მარცხენა მცველი, რომელიც საკვანძო იყო ჩელსისთვის, დუბლის შესრულების გზაზე - 2009-10 წლების სეზონში. როგორც კრიშტიანუ რონალდუ იხსენებს, კოული ერთ-ერთი საუკეთესო პერსონალური მეურვეა, რომელიც ოდესმე მას ჰყოლია. ნამდვილად, პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველი, რომელიც 1-1-ზე თამაშში მუდამ უმაღლეს დონეზე ირჯებოდა. 2010 წელს ინტერთან ორმატჩიან დაპირისპირებაში, იგი გუნდს ძალიან დააკლდა - კოჭის მოტეხილობის გამო. ამიტომ, ანჩელოტის ჯერ მოუწია მალუდას მარცხენა მცველად დაყენება, შემდეგ კი ჟირკოვის გამოყენება ამ პოზიციაზე. ცხადია, ეტო’ო-პანდევის როტაციებსა და მაიკონს მარცხენა ფლანგმა ვერ გაუძლო. მეორე მხარეს ლუსიომ მოახერხა და თამაშიდან ფორმის პიკში მყოფი დიდიე დროგბა გათიშა. მიუხედევად იმისა, რომ მისი სეზონი კოჭის მოტეხილობამდე კარგად მიდიოდა, სრულყოფილს ამას ვერ დავარქმევთ.

მარსელო
თუ გვსურს განვიხილოთ ულტრა-შემტევი ვარიანტი დაცვის ფლანგზე, ფორმის პიკში მყოფი რონალდუსთან ტანდემში მარსელო იყო ტერორი მოედნის მარცხენა კიდეში. თუმცაღა, მარსელო მეტად პარადოქსული შემთხვევაა. La Decima-ს სეზონში, თუ რთულად გასამკლავებელ მარჯვენა გარემარბებთან უწევდა დაპირისპირება ანჩელოტი ხშირად როტაციაში კოენტრაოს რთავდა. ამ დავალებას კოენტრაო თავს მშვენივრად ართმევდა ხოლმე. პორტუგალიელი 2013/14 წლების სეზონის ფაზლის საკმაოდ დაუფასებელი ფაზლის ნაწილია. შესაბამისად, პიკური მარსელო ნამდვილად არ არის ის, რაც ანჩელოტის ხელში ვნახეთ. მიუხედავად ფინალში გატანილი გოლისა.

პაოლო მალდინი
თუ ვინმეს გარეშეა წარმოუდგენელი ანჩელოტის თერტმეტეული, ეს პაოლო მალდინია. ნამდვილი კაპიტანი, ლიდერი და მარცხენა მცველის ეტალონი. მხოლოდ და მხოლოდ რობერტო კარლოსს შეუძლია ამ პოზიციაზე პრეტენზიები ჰქონდეს, გარდა მალდინისა. აბსოლუტური ამბიდექსტერი და ის საოცნებო მარცხენა მცველი, რომელიც ანჩელოტის სჭირდება. არ არსებობს ფეხბურთი, რაშიც პაოლოს ადაპტირება არ შეუძლია. ხშირად როგორც განაპირა მცველს, მაინც უფრო დაცვითად მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ მისი შემტევი უნარები და ორივე ფეხით ჩაწოდება ის ძალიან დაუფასებელი ასპექტებია, რაც მალდინის აქცევს იმად, რაც არის. ანჩელოტის არც ერთ გუნდში ჰყოლია ფეხბურთელი, რომელსაც ასე საოცრად შეეძლო თითქოს დაკარგული პოზიციებიდან ბურთის დაბრუნება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საკმაოდ დაბალი ცენტრალური ხაზი გვყავს, მალდინის სიმაღლე ნამდვილად ითამაშებს დიდ როლს. მოკლედ რომ ვთქვა, ის არის ეშლი კოული, ბრანისლავ ივანოვიჩი და კაფუ ერთ ორგანიზმში. 2007 წლის ფინალში ცენტრალური მცველის პოზიციიდან ლეგენდარული პერფორმანსი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მალდინი მართლაც არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. არავის შეეძლო სწრაფი გარემარბების აბსოლუტური ანულირება თამაშიდან ისე, როგორც მას.

ვერდიქტი:
მარცხენა მცველად, მალდინი აბსოლუტურად უკონკურენტოა, მთლიან 11-ეულზე შეიძლება ვიკამათოთ, ამ ერთი პოზიციის გარდა.
ნახევარდაცვა
საყრდენი: რეჯისტა
ვინაიდან და რადგანაც ვიყენებთ რომბულ 4-4-2 ფორმაციას, აქედანვე გამოვრიცხე კაზემიროს დაყენება, რადგანაც კარლო ასეთ ფორმაციაში, აუცილებლად რეჯისტას ტიპის ნახევარმცველს გამოიყენებდა, რომელიც სიღრმიდან სწრაფად შეძლებდა თამაშის გადატანას. რეჯისტაზე სამი გამოკვეთილი ოფციაა. გასათვალისწინებელია, რომ რეჯისტები საკმაოდ ნელი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი მთავარი პლუსი მოედანზე გამუდმებული გადაადგილებაა, რითაც ახერხებენ და ბურთს სწორად ანაწილებენ.
ჩაბი ალონსო
La Decima-ს სეზონში, ჩაბი ალონსო მთლიანად იყო მადრიდის რეალის თამაშის წარმმართავი. ტიპური ნელი რეჯისტა, რომელსაც საოცარი გრძელი პასი გამოარჩევდა. ანჩელოტის გუნდს ამ სეზონში, მთლიანად ჰქონდათ ორიენტაცია აღებული იმაზე, რომ როგორმე სწრაფად გადაეტანათ ბურთი რონალდუსკენ, ამისთვის ალონსო იდეალური ვარიანტი იყო, რომელიც ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გრძელი პასის მქონდე ფეხბურთელია. საკმაოდ გულდასაწყვეტია, რომ მან გამოტოვა 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რადგან იმ შეხვედრაში რეალი ჰგავდა იმ არმიას, რომელიც ყველანაირი დირექტივისა და მიზნის გარეშე მარშირებს. 90 წუთის განმავლობაში, იმ ლეგენდარულ კუთხურამდე, სამეფო კლუბი ვერაფერს ქმნიდა. ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალონსო აუცილებლად განსახილველია ამ სიაში.

ტონი კროოსი
რეჯისტებს შორის, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გამუდმებული მოძრაობის (Perpetual Movement) მქონე ფეხბურთელი. გერმანელი მადრიდის რეალში სწორედ ჩაბი ალონსოს შემცვლელად მოვიდა. ანჩელოტის განკარგულებაში ტონი 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მომგები მადრიდის რეალის ნამდვილი გულისცემა იყო. კარიერის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის ნახევარდაცვაში პრობლემები მაშინვე შეიქმნა. მისი წასვლით გამოწვეული სიცარიელე და მორღვეული ბალანსი ჯერჯერობით ვერ გამოსწორდა, აქედან გამომდინარე, ამ პოზიციაზე კროოსის განხილვა აუცილებელია.

ანდრეა პირლო
თუ რაიმე გამოხატავს კლასიკურ იტალიურ რეჯისტას, ეს ანდრეა პირლოა. ყოფილი 10 ნომერი, რომელიც რეჯისტად ბრეშაში, კარლო მაცონეს ხელში იქცა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნამდვილად არ იყო დამადლებული სწრაფი ტემპით, მაღალი ინტენსივობითა და სისწრაფით. მისი ტაქტიკური განსწავლულობა, არანორმალური პრესგამძლეობა და გრძელი პასის უნიკალური უნარი საშუალებას აძლევდა, რომ თამაში ძალიან კარგად წაეყვანა. პირლო ჭეშმარიტად არის იმ დიადი გზის გამგრძელებელი, რომელი იოზეფ ბოშიკმა გაკაფა ფეხბურთში და შექმნა რეჯისტა, როგორც როლი. იგი ნამდვილი მამოძრავებელი ღერძი იყო 1954 წლის უნგრეთის დიდი გუნდის. გარდა იმისა, რომ ანჩელოტის ხელში პირლომ 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2005-06-07 წლები თავისი მსოფლიოს ჩემპიონობით, უბრალოდ პიკური პერიოდი იყო. აქედან გამომდინარე, ამ გუნდში მოხვედრის სერიოზული ამბიცია პირლოსაც აქვს.

ვერდიქტი: ვინაიდან და რადგანაც, გვაქვს რომბული 4-4-2, ამ სქემაში იტალიურ კლასიკას ვერ ავცდებით, შესაბამისად, პირლო საუკეთესო არჩევანია. რაც ამ პოზიციაზე პირლოს კროოსსა და ჩაბი ალონსოზე მაღლა აყენებს, ეს მისი პრესრეზისტენტულობაა. ალონსოსთან მიმართებაში, მეტად უფრო ლამაზი იყო მისი გრძელი პასის შესრულება, მით უფრო მცველებს უკან გადაკიდებული. კროოსთან მიმართებაში, აქ საქმე მეტ ელეგანტურობასთან გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უბურთოდ მოძრაობის ასპექტში, კროოსი ამ სამს შორის საუკეთესოა, ბურთით მოძრაობაში პირლო ნამდვილი ხელოვანი იყო. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია პირლოსია.
ცენტრალური ნახევარმცველები LCM/RCM
ვინაიდან და რადგანაც, ძირითად შემადგენლობაში პირლოს ვიხილავთ, საჭიროა მის გვერდით ორი დინამიური ნახევარმცველი, ანუ ე.წ ფეხები. ჩემთვის პირადად, ამ პოზიციაზე ოთხი ფეხბურთელია გამოკვეთილი. აქედან. აქედან ძირითად შემადგენლობაში ორი მათგანი მოხვდება.
ანხელ დი მარია
ანხელ დი მარია
ერთი ვარიანტი „ელ ფიდეოა“, რომელიც ზოგადად ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო „რობინი“, რაც ფეხბურთის ისტორიაში გვინახავს. 2013-14 წლების სეზონში, ანჩელოტიმ მას განსაკუთრებული როლი მოუძებნა და როგორც შემტევი ნახევარმცველი 4-3-3 სისტემაში გამოიყენა. ჯამში 11 გოლი, 26 საგოლე გადაცემა, მათ შორის გოლი კოპა დელ რეის ფინალში, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 11 თამაშში 9 საგოლე მოქმედება. კრიშტიანუ რონალდუს ნამდვილად ბეტმენურ სეზონში დი მარია იყო ღირსეული რობინი. გარდა ამ კრეატიული ასპექტისა, დი მარიას საოცარი დინამიზმი ახასიათებდა, ამასთანავე ძალიან მშრომელი იყო როგორც დაცვით, ასევე შემტევ ფაზაში. მესუთ ოზილის წასვლის შედეგად შემქმნელის გათავისუფლებული როლი დი მარიამ უმარტივესად გადაიბარა. თუმცა, ერთი ფაქტორია, რის გამოც მას ამ სიმბოლურში ვერ შევიყვან - ეს არის მხოლოდ ანჩელოტისთან გატარებული მხოლოდ 1-სეზონი. მიუხედავად ამისა, რომ ვადგენდეთ 4-3-3 ფორმაციას, იქ დი მარიას ადგილი აუცილებლად გამოიძებნებოდა.

კლარენს ზეედორფი
ბატონი პროფესორი, 4 ჩემპიონთა ლიგა 3 სხვადასხვა კლუბში. აიაქსის აკადემიის მორიგი ბრწყინვალე წარმომადგენელი. ზეედორფის საკლუბო კარიერა ნამდვიალდ ბრწყინვალეა. ყველა მოგებულ თასში კი მისი წვლილი წარმოუდგენლად დიდი იყო. ტაქტიკურად ზეედორფი ჯერ კიდევ მადრიდის რეალში დაუდგა გვერდში რეჯისტასებრ ფერნანდო რედონდოს, რომელთან ერთადაც საკმაოდ დაუფასებელი ტანდემიც შეკრა. ამ ტანდემმა კრისტიან კარამბოსთან ერთად, მე-7 ჩემპიონთა თასს უწია- 32-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად. ნიდერლანდელმა ე.წ მეორეული გამთამაშებლის როლი მილანში უნაკლოდ მოირგო, როგორც პირლოსთან, ასევე კაკასთან მიმართებაში. მისი ფასილიტატორული უნარები, ულაპარაკოდ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ წლებში, როდესაც მილანი ევროსარბიელზე დომინირებდა, აქედან გამომდინარე, ზეედორფის რეზიუმე კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მოდრიჩის ან დი მარიასი.

ლუკა მოდრიჩი
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ანჩელოტის რომბულ ფორმაციაში ვადგენთ 11-ეულს, ამ ტაქტიკურ ნარატივს ზეედორფი უფრო მოუხდება, მით უფრო იმის გათვალისწინებითაც, რომ ფორმის პიკში ანჩელოტისთან თამაში მოდრიჩზე მეტად ზეედორფს მოუწია. თუმცა ამით მოდრიჩს არ ვაკნინებ. საერთო ჯამში, ხორვატი უფრო დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, ვიდრე ზეედორფი. გასაკვირი არც არის, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველზე ვსაუბრობთ. მოდრიჩი ალბათ ის ფეხბურთელია, რომლის 11-ეულს მიღმა დატოვება ყველაზე მეტად დამენანა. მოდრიჩის დიდების წლები ანჩელოტის მიერ გაკაფულ გზაზე, ზინედინ ზიდანის ხელში შედგა.

გატუზო/ვალვერდეს დილემა
გამომდინარე იქიდან, რომ პირლოს გარეშე ანჩელოტის 11-ეული არ წარმომიდგენია და 2009-10 წლების სეზონის დიდი ნაწილი მაიკლ ესიენმა მენისკის დაზიანების გამო გამოტოვა, პირლოსთვის აუცილებელი ინდუსტრიული Box-To-Box ნახევარმცველებიდან დარჩა ჯენარო გატუზოსა და ფედერიკო ვალვერდეს ვარიანტი. მარტივად რომ შევადარო, გატუზო უკეთესი დუელისტი და წმინდა ტიპის გამანადგურებელია, რომელიც პირლოს ფორმის პიკში აძლევდა საშუალებას თამაში აბსოლუტურად მშვიდად ეკონტროლებინა. მეორეს მხრივ, ვალვერდეს მხარეს მეტი დინამიზმი და შემტევი უნარ-ჩვევებია, ამას განსაკუთრებით ბოლო სეზონში ნახავდით, როდესაც რეკორდული რაოდენობის - 8 საგოლე გადაცემა დააფიქსირა. დაცვასა და შეტევაში თამაშის თანაბარი ეფექტურობით წაკითხვა უფრო მეტად ფედე ვალვეერდეს შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ სუფთა დაცვითი IQ გატუზოს მეტი ჰქონდა. ვალვერდეს მხარეს ასევე ისიც არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოირჩა საგოლე გადაცემით და ფლანგის ნახევარმცველადაც დადგა, როდესაც ანჩელოტი მეტოქე გუნდების დათრგუნვას მოედნის ცენტრში ცდილობდა. ჩემი ღრმა რწმენით, ვალვერდე საკმარის აღიარებას არასდროს იღებს, არადა ამ მადრიდის რეალისთვის შეუცვლელი ძალაა.

ვერდიქტი: სავსებით შესაძლებელია, ამ გადაწყვეტილებით მილანისა და მადრიდის რეალის ფანების რისხვა თანაბრად დავიმსახურო, მაგრამ მეტად მისაღებ ტაქტიკურ ოფციებად აქ ზეედორფისა და ფედე ვალვერდეს კომბინაცია მიმაჩნია. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის პირლოსთვის იდეალური პლატფორმა, თამაში ტოტალურად გააკონტროლოს.
შემტევი ნახევარმცველი/ცრუ 9 – CAM/False 9
მივადექით არანაკლებ რთულ რგოლს, ამ შემთხვევაში, სამი ფეხბურთელი გამოვყავი, რომელთაგანაც ორმა ოქროს ბურთი მოიგო, ხოლო ერთს ამ მხრივ არ გაუმართლა, რადგან დამარცხდა იმ პერიოდში საუკეთესო შემტევ ნახევარმცველთან - უესლი სნეიდერთან, თანაც ამაში დიდი როლი ტრავმებმა ითამაშეს.
ფრენკ ლამპარდი
სნეიდერთან დამარცხებული სწორედ ის არის. 36 თამაშში, 22 გოლი და 16 საგოლე გადაცემა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მან ამ სეზონში ვერ დაიმსახურა პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რომელიც ობიექტურად ეკუთვნოდა. ამ სეზონში ლამპარდი ანჩელოტიმ ყველაზე უფრო შემტევ როლში გამოიყენა. ლამპარდის, ალბათ, ყველაზე ლამაზი გოლებიც სწორედ ამ სეზონზე მოდის. დუბლი ჩელსისთან ერთად და განუმეორებელი სეზონი, რის გამოც, ამ პოზიციაზე აუცილებლად განვიხილავ, მაგრამ რამდენადაც ეპოქალური იყო მისი პერფორმანსი ამ სეზონში, არ ყოფილა ისეთივე ეპოქალური, როგორიც ქვემოთ განხილულ მოთამაშეს 2021/22 წლებში ჰქონდა.

KB9 - კარიმ ბენზემა
ლა ლიგის 32 შეხვედრაში 27 გოლი და 12 საგოლე გადაცემა, ჩემპიონთა ლიგაზე 12 თამაშში 15 გოლი და 2 საგოლე გადაცემა და სრულებით დამსახურებულად მოგებული ოქროს ბურთი. კარიმ ბენზემა შესაძლოა არ ყოფილა 2021-22 წლების სეზონში 10-იანი, მაგრამ იყო ყველაფერი. როდესაც 2018 წლის ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა ახალი გამოწვევები მიეღო და „ბებერ ქალბატონს“ მიაშურა, ბენზემა იყო ის ადამიანი, რომელზეც, როგორც ლიდერზე, ყველაზე მეტი კითხვა არსებობდა. შეეძლო ბეტმენი რონალდუს მორიგ რობინს გუნდისთვის ისე ელიდერა, რომ ხალხს კრიშტიანუ რონალდუ დავიწყებოდა? - ბენზემამ ეს შეძლო. შეასრულა რა ჰეტ-ტრიკები პსჟ-სა და ჩელსისთან, დუბლი შეუსრულა მანჩესტერ სიტის გასვლაზე, ეს პერფორმანსი ძალიან მაგონებს „ფენომენოს" პერფორმანსს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ 2003 წელს, როდესაც ჰეტ-ტრიკი ოლდ ტრაფორდზე შეასრულა. ბენზემას როლ-მოდელი სწორედ R9 იყო. საინტერესოა, რომ „ბიგ ბენზი" შეგვიძლია როგორც უშუალოდ ფორვარდების, ასევე 10-იანების კატეგორიაშიც გავიყვანოთ, მაგრამ მისი სათამაშო პროფილი, მეტად მაძლევს საშუალებას სწორედ ამ კატეგორიაში დავტოვო. კარიმ ბენზემა არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცრუ 9-იანი, რომელსაც ფეხბურთი ოდესმე უთამაშია.

რიკარდო კაკა
და, აი ისიც, მივადექით ოქროს ბურთის კიდევ ერთ გამარჯვებულს. 2007 წლიდან 2018 წლამდე, მთელი 11 წლის განმავლობაში, კაკა იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მესი-რონალდუს დომინირებამდე მოიგო ოქროს ბურთი. 2006-07-ის კაკა იყო აბსოლუტურად სხვა ფენომენი. სამხრეთამერიკელისთვის ძალიან არადამახასიათებელი დინამიურობით გამოირჩეოდა კაკა, შეიძლება ითქვას, უნიკალური 10-იანი იყო, რომელიც ოპერირებდა, როგორც შეწეული ფორვარდი 4-3-2-1 „საშობაო ხის“ სქემაში რუი კოშტასთან ერთად ტანდემში, ხოლო საუკეთესო სეზონი კი ე.წ მეორე თავდამსხმელად (SS) ჰქონდა. კაკას საოცარი უნარი ჰქონდა ბურთიანად შეეცვალა სისწრაფეები და ბურთიც უნიკალურად დაეფარა მისი ბრგე ფიზიკურობით. პრაიმ კაკა ანჩელოტის ხელში, მატჩების მოგების მანქანა გახლდათ. 2004-05 წლების სეზონში, 1/4 ფინალიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგაზე 4 თამაშში 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, მათ შორის ერთიც ფინალში ერნან კრესპოზე, რომელიც ჩემი მოსაზრებით, არის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საგოლე გადაცემა. ფინალებში კი ულაპარაკოდ ყველაზე მაგარი. უბრალოდ პოეზია, რომელიც სამწუხაროდ მილანური პერიოდის შემდგომ აღარ გაგრძელებულა. საერთოდ სხვა განზომილება გახლდათ 2006-07 წლების სეზონი, სადაც კაკამ გარდა იმისა, რომ გაბრიელ ჰაინცესა პატრის ევრას შორის დიდი უთანხმოება გამოიწვია, 1/2 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს 3 გოლი გაუტანა, ჯამში კი 13 თამაშში, 13 საგოლე კონტრიბუცია შემოგვთავაზა.

ვერდიქტი: ამ შემთხვევაში, დიდი ბოდიში ლამპარდთან, მაგრამ ცალსახად დგას არჩევანი კარიმ ბენზემასა და კაკას შორის. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვებით ბენზემა წინ არის და შესაძლოა ასე ცალკეულად აღებული, ცრუ 9-იანის პოზიციიდან ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო პერფორმანსთან გვქონდეს საქმე ჩემპიონთა ლიგაზე, კაკას თამაში აბსოლუტურად სხვა, არამიწიერი სანახაობა გახლდათ. მით უფრო იმის გათვალიწინებით, რომ რომბული 4-4-2 სწორედაც რომ კაკას ტიპის ფეხბურთელს მოუხდებოდა ყველაზე მეტად. შესაბამისად, 10-იანის პოზიციაზე მე კაკას ვირჩევ.
თავდამსხმელების დოუ - LS, RS
მივადექით ბოლო რგოლს, სადაც ასევე დიდი კონკურენციაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბენზემა ჩვენ წინა კატეგორიაში უკვე გავიყვანეთ, ამ ბრძოლაში მას აღარ ჩავრთავთ. გამოკვეთილია სამი ფეხბურთელი, თუმცაღა აქედან ერთი სამწუხაროდ ძალიან დიდი სხვაობით დამარცხდება დანარჩენ ორთან. ამ კაცის ადგილი ულაპარაკოდ არის ჟოზე მოურინიოს XI-ში, მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტისთან სტატისტიკურად საოცარი სეზონი ჰქონდა.
დიდიე დროგბა
2009-10 წლებში, პრემიერ ლიგის ბომბარდირი. პრემიერ ლიგაში, ამ წელს მან 29 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფენომენალური ფიზიკური მონაცემების პატრონი და როგორც უამრავი დიდებული მცველი იტყოდა, ყველაზე რთული მეტოქე, ვისაც კი ოდესმე შეხვედრილან. მიუხედავად დიდებული პრემიერლიგური სეზონისა და ასოციაციის თასის ფინალში გატანილი გოლისა, დროგბა ამ წელს ლუსიოსა და სილვას მსხვერპლი გახდა, ჩელსი-ინტერის ორმატჩიან დაპირისპირებაში. ლუსიოს ეს პერფორმანსი კი, ალბათ, დროგბას წინააღმდეგ მცველის მიერ ჩატარებული საუკეთესო პერფორმანსია.

ვერდიქტი: ამ შემთხვევაში, პირდაპირ ვერდიქტზე უნდა გადავიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ სამი ვარიანტიდან ორი ულაპარაკოდ ხვდება სიმბოლურში. პირველი ეს რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუა. აქ სიტყვები ზედმეტია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2013-14 წლების სეზონში ოქროს ბურთის მომგები ფეხბურთელი და მთავარი ბეტმენი La Decima-სკენ მიმავალ გზაზე. ცხადია, ეს არ არის ფლანგზე ყოვლად გამანადგურებელი მანჩესტერის იუნაიტედის რონალდუ, ანდაც 2011-12 წლების პიკური კრიშტიანუ, რომელიც, ალბათ, მისი ყველაზე სრულყოფილი ვერსიაა. თუმცაღა, სტატისტიკურად უბრალოდ არარეალურია მისი ციფრები: ლა ლიგაში 30 თამაშში 31 გოლი და 11 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაზე 11 თამაშში 17 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. ამ მაჩვენებლით მან რეკორდი მოხსნა ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში გატანილი გოლების რაოდენობით. შეიძლება ითქვას, ეს იყო პიკური ჩემპიონთალიგური რონალდუ - საჯარიმოს ფორვარდად გადაქცევის პროცესში მყოფი. სწორედაც რომ ამ სეზონიდან დაიწყო კარიმ ბენზემამ საკუთარი თავის ქცევა ცრუ 9-იანად. მეორე არჩევანი, ეს იქნება ალბათ მეორე ფორვარდის განსახიერება და ეტალონი, ანდრეი შევჩენკო. 2000-2006 წლამდე, შევჩენკო უბრალოდ შეუჩერებელი ფეხბურთელი გახლდათ. გოლების სტაბილური მანქანა, საოცარი მობილობისა და უბურთოდ უბადლო გადაადგილების ოსტატი. 2004 წელს უკრაინელმა ოქროს ბურთიც მოიგო. ანდრეი კარლოს დიადი მილანის უცვლელი წევრი გახლდათ. დღევანდელ ფეხბურთში შევჩენკოს მსგავს შემტევს ვეღარც შეხვდებით, ის იყო ერთგვარად ბოლო დინოზავრი - კლასიკური SS ტიპის თავდამსხმელი. გამომდინარე იქიდან, რომ მეორე სართულზე მოთამაშე მაღალ ერნან კრესპოსთან შევა ძალიან კარგად იდგა დუეტში, კრიშტიანუ მისთვის ნამდვილი ღმერთის მიერ ბოძებული საჩუქარი უნდა იყოს. შესაბამისად, ამ სიმბოლურ გუნდში თავდამსხმელებად ანდრეი შევჩენკო და კრიშტიანუ რონალდუ იქნებიან წარმოდგენილები.

საბოლოო შემადგენლობა: მაშ ასე, ჩემთვის ანჩელოტის იდეალური 11-ეული ასე გამოიყურება:

საბოლოოდ, ანჩელოტის XI ასეთი სახით შედგა. ცხადია, მე პრეტენზია ვერ მექნება, რომ იგი სრულყოფილების ნიმუშია, მაგრამ, იმედია, ეს მცდელობა თავად კარლოსაც მოეწონებოდა და ჩემს ნაწვალებ ფიქრებს წარბის აწევით დამიდასტურებდა.
ავტორი: ანდრია პროსტოსერდოვი















