ლივერპულის დატოვება, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი

ჩაბი ალონსო
ლივერპულში გატარებულ რამდენიმე სეზონში ალონსო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. მისი ინგლისური კარიერის დასკვნით პერიოდში მერსისაიდელებს დაეწყოთ კრიზისი, რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ ჩაბის ჩაძირვისკენ მიმავალ გემზე დიდხანს არავინ გააჩერებდა.
2009 წლის ზაფხულში რეალში დაბრუნდა ფლორენტინო პერესი, რომელმაც საჩუქრად წამოიყოლა კრიშტიანუ რონალდუ, რიკარდო კაკა, ქარიმ ბენზემა და ესპანელი შუახაზელიც. ის მალევე ჩამოყალიბდა მადრიდელთა წამყვან მოთამაშედ, რაზეც მეტყველებს 240-მდე მატჩი და 5 ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის თასიც. "სამეფო კლუბმა" 12-წლიანი მშრალი სერია ევროპაში სწორედ "წითლების" ექს-ნახევარმცველთან ერთად შეწყვიტა.

კევინ კიგანი
70-იანების ლივერპულის სიმბოლო და კენი დალგლიშის იდეური წინამორბედი. 100 გოლის გატანისა და ჩემპიონთა თასის დაუფლების შემდეგ, კიგანი ახალი თავგადასავლების საძიებლად იმდროისთვის უძლიერეს ჰამბურგში გაეშურა. მართალია, ახალ კლუბში კევინმა ვერ შეძლო მთავარი ევროთასის მოგება, მაგრამ პირადი ჯილდოების კოლექცია 2 ოქროს ბურთით შეავსო.

სტივ მაკმანამანი
90-იანების ლივერპული მაკმანამანის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. მშობლიურ გუნდში 360-ზე მეტი შეხვედრის ჩატარების შემდეგ, რეალში გადასვლით სტივმა ახალი გამოწვევა მიიღო. რა მოხდა მადრიდში? გალაქტიკოს ელიტური კლუბის წევრობა, ჩემპიონთა ლიგის 2 ტიტული და ევროპის მთავარი ევროთასის ფინალში ულამაზესი ბურთი ვალენსიას კარში.

რაჰიმ სტერლინგი
სტერლინგზე ლივერპულში ამყარებდნენ უდიდეს იმედებს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ 100-თამაშიან ნიშნულს მან 20 წლის ასაკში მიაღწია. მოგვიანებით ჰორიზონტზე გამოჩნდა მანჩესტერ სიტი, რომელსაც ჰქონდა მერსისაიდელებზე მეტი ფული და უფრო პერსპექტიული პროექტი. რაჰიმმა მიაშურა "ქალაქელებს", რომლებთან ერთადაც მან 11 ტიტული მოიგო.
ცნობისთვის, ინგლისელ გარემარბზე მეტი გოლი "ლურჯების" თანამედროვე ისტორიაში მხოლოდ სერხიო აგუეროს აქვს გატანილი. დიახ, ერლინგ ჰოლანდი "წითლების" ექს-ვინგერზე უკან ჯერ კიდევ არის. ნორვეგიელ ფორვარდს მის ჩამოსატოვებლად პეპ გუარდიოლას გუნდში კიდევ 13 ბურთის შეგდება სჭირდება.

ლუის სუარესი
სუარესის ლივერპულური კარიერა დაუვიწყარი თამაშებითა და სკანდალური მომენტებით არის სავსე. მის გზაზე იყო ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც, მაგრამ ამის მიუხედავად, ლუისმა 3.5 წელში მერსისაიდში 80-ზე მეტი ბურთის შეგდება მოახერხა. მის კარიერაში მოგვიანებით გამოჩნდა ბარსა, რომელშიც ურუგვაელმა ფორვარდმა ლეო მესისა და ნეიმარ ჟუნიორთან ერთად, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო შეკრა.
ლივერპულიდან წასვლა, როგორც უდიდესი შეცდომა

ფილიპე კოუტინიო
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ამავდროულად წარუმატებელი ტრანსფერი - კოუტინიო, ლივერპულიდან ბარსელონაში. მილანის ინტერში ვერდამკვიდრების შემდეგ, ფილიპე სრულფასოვნად გაიხსნა სწორედ მერსისაიდში, მაგრამ ნისლიანი ალბიონის დატოვებით, მისი ვარსკვლავი სამუდამოდ ჩაქრა.
ბრაზილიელმა გამთამაშებელმა ვერაფერი მოახერხა იმდროინდელ "ბლაუგრანაში" და სიტუაცია ვერც სხვა გუნდებში გადასვლით გამოსწორდა. კარიერის რეანიმირების მცდელობა "წითლების" ექს-ფლეიმეიქერს ჰქონდა ბაიერნსა და ასტონ ვილაში, მაგრამ უშედეგოდ. დღეს, ის მშობლიურ ვასკო და გამაში თამაშობს.

სადიო მანე
ეპოქალური შემტევი სამეული - სალაჰი, მანე, ფირმინო, რომელიც ჩვენი სტატიის გმირის ბაიერნში გადასვლით დაინგრა. არსებობს მოსაზრება, რომ ლივერპულიდან წასვლა მოს ჩრდილიდან გამოსვლის სურვილით იყო განპირობებული. სადიომ ეს ვერ შეძლო და მიუნხენში გატარებული 1 უღიმღამო სეზონის შემდეგ, ის გადავიდა ალ-ნასრში, კრიშტიანუ რონალდუსთან.

მაიკლ ოუენი
ოქროს ბურთის მფლობელი და 2000-იანი წლების ლივერპულის უდიდესი ვარსკვლავი, რომლის ამბიციებს მშობლიური გუნდი იმ დროს ვეღარ აკმაყოფილებდა. ოუენი შეუერთდა რეალს, მაგრამ იმ დროს გუნდში არსებული გალაქტიკოსების ფონზე ის უბრალოდ დაიკარგა. კარიერის რეანიმირება მაიკლმა მოგვიანებით ვერც ნიუკასლსა და მანჩესტერ იუნაიტედში შეძლო.

იან რაში
ლივერპულის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც კარიერის პიკში გუნდის გამოცვლა მოინდომა. რაში გადავიდა ტურინის იუვენტუსში, სადაც მან ვერაფერი მოუხერხა იტალიურ დაცვით ფეხბურთს. ერთი წლის შემდეგ, იანი დაბრუნდა და მან ბურთების გატანაც გააგრძელა, მაგრამ მისი მერსისაიდული კარიერა იდეალურისგან უკვე შორს იყო.

ფერნანდო ტორესი
თავდამსხმელი, რომელიც ლივერპულში ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ჩამოყალიბდა. 2011 წლის ზამთარში ლონდონის ჩელსიმ თავისი უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობებით შეძლო ტორესის გადმობირება, მაგრამ აღნიშნული გარიგებით იზარალა ყველამ: მერსისაიდელებმა, "არისტოკრატებმა" და თავად ფერნანდომაც.
ესპანელმა თავდამსხმელმა "ლურჯების" შემადგენლობაში სამნახევარი სეზონის მანძილზე გაიტანა მხოლოდ 45 გოლი, მაშინ, როდესაც "წითლებში" დროის იგივე შუალედში თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი. დიახ, "სქაუზერთა" ყოფილმა მე-9 ნომერმა სტემფორდზე მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, მაგრამ იმ დროს ის საკუთარ აჩრდილს ჰგავდა.

















