გლობალიზაციის პირობებში უცხოელ მფლობელთა აღმოცენება საკვირველი არაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ევერტონი The Friedkin Group-მა შეისყიდა, პრემიერ ლიგაში ამერიკელ მფლობელთა რაოდენობა ზუსტად ათს გაუტოლდა, მაგრამ ეს თემა ფართო განხილვისათვის მომდევნო შეხვედრამდე გადავდოთ, ჩვენ კი ლივერპულის მფლობელებს: ჯონ ჰენრისა და მის პარტნიორებს მივუბრუნდეთ.

ჯონ ჰენრი და მისი გუნდი სპორტულ ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდნენ, როდესაც ბეისბოლის კლუბი - ბოსტონ რედ სოქსი შეიძინეს. 1918 წლის შემდეგ ბოსტონელები MLB-ის ჩემპიონობას ვერა და ვერ ზეიმობდნენ, FSG-ის მისვლის შემდეგ კი ეს უკვე ოთხჯერ მოხდა. მართვის მოდელი იდენტურია - კლუბი თავად უნდა იკვებებოდეს, არც არაფერს ავიღებთ, მაგრამ საკუთარი ჯიბიდან ცენტსაც არ გავიღებთ. ერთი შეხედვით, სახარბიელო არ უნდა იყოს, მაგრამ ბოლო ორ დეკადაში რედ სოქსი ოთხგზის ჩემპიონია, ლივერპულმა კი 30-წლიანი გვალვა დაასრულა და პრემიერ ლიგა მოიგო.
ყველაფერი 2010 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც Fenway Sports Group-მა ჯონ ჰენრის, მაიკლ გორდონისა და ტომ ვერნერის თაოსნობით ლივერპული 300 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. ჰენრის წინამორბედებიც ამერიკელები იყვნენ - ჯორჯ ჯილეტი და ტომ ჰიკსი, ოღონდ მათი გვარების ხსენება მერსისაიდში ისევე იკრძალება, როგორც პოტერიადაში ლორდი ვოლდემორისა. 350-მილიონიანი ვალი და წლიური 52-მილიონიანი უარყოფითი ბალანსი - აი, ასეთი მემკვიდრეობა ჩაიბარა ჯონ ჰენრის გუნდმა. ჰენრის წილი 40%-ს შეადგენს, მაიკლ გორდონისა კი 12%-ს, ხოლო ტომ ვერნერი, ორგანიზაციის მმართველად დანიშნული კაცია, რომელსაც მომავალში იურგენ კლოპი თავის კადრს უწოდებდა.
მინდა დანტე ალიგიერის „ღვთაბრივი კომედია" დღევანდელი სტატიის გზამკვლევად გამოვიყენო. გასაკვირი არ იქნება ჯოჯოხეთად ის პერიოდი მივიჩნიოთ, როცა ჯილეტი და ჰიკსი მართავდნენ კლუბს. როი ჰოჯსონის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ყველაზე პატარა დანაშაულია, რის გამოც ამ ხალხის წასვლას მერსისაიდელთა ქომაგი ითხოვდა. შოტლანდიური ბანკისგან აღებული 450-მილიონიანი სესხი კი, რომელიც კლუბის აქტივებიდან უნდა დაფარულიყო, ლივერპულისთვის დამანგრეველი ნაბიჯი გამოდგა, მაგრამ ჰენრის გუნდი სწორ დროს მოვიდა - მივყვეთ განსაწმენდელიდან სამოთხემდე.
განსაწმენდელი
როგორც უკვე ითქვა, ჰენრის მიზანია კლუბის კაპიტალი ისე გაზარდოს, რომ საკუთარ ჯიბეს არაფერი დაეტყოს, რაც ლივერპულისა და ბოსტონ რედ სოქსისთვის დღეს არცთუ ყველაზე რთული მისიაა, მაგრამ პროექტის საწყის პერიოდში ამას ვერ ვიტყოდით. შეკვეცილი ფინანსები, დაგროვილი ვალი და სავალალო მდგომარეობაში მყოფი ენფილდი - სწორედ ამას უნდა შებრძოლებოდა FSG.
ყველაფერი ერთიანად ხომ ვერ გამოვიდოდა. უნდა შეერჩიათ კაცი, რომელიც პროექტის ხელმძღვანელობას ითავებდა და ანგარიშვალდებულიც იქნებოდა. ასეთი კი დემიენ კომოლი აღმოჩნდა, რომლის უპირველესი ნაბიჯიც ტოტენჰემიდან მაიკლ ედვარდსის წამოყვანა და მისი ტექნიკურ დირექტორად დანიშვნა აღმოჩნდა. ედვარდსზე უკვე გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ კლოპთან ერთად თანამედროვე ლივერპული სწორედ ამ კაცმა შექმნა.

შემდეგი ნაბიჯი მწვრთნელის ჩანაცვლება და სეზონის გადარჩენა იყო, რადგან პროცესში მერსისაიდელები გასავარდნ ზონაშიც კი აღმოჩნდნენ. ასეთ დროს, როცა საქმე მძიმედაა, ლეგენდების საჭიროება დგება, კომოლიმ სერ კენი დალგლიშს სწორედ ამიტომ, წმინდა ემოციური კავშირის გამო უხმოო - წერს ჯოშუა რობინსონი წიგნ The Club-ში, რომელიც პრემიერ ლიგის ფინანსურ ისტორიას გვიამბობს. სეზონი გადარჩა და დალგლიში კი კიდევ ერთი წელი იყო მწვრთნელი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ნელ-ნელა ვალებმაც იკლო, გუნდი სატრანსფერო ბაზარზეც ამუშავდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილი ლივერპული მძიმე ფინანსური რეალობის ჯებირებს ვერ არღვევდა. ბრენდან როჯერსის მოსვლას იმედის ნაპერწკალი და ლამის ჩემპიონობა მოჰყვა - 2013/14 წლების სეზონში. რომ არა სტივენ ჯერარდის ფეხის ფატალური დაცდენა, ლივერპული 1990 წლის შემდეგ პირველად იზეიმებდა ქვეყნის ჩემპიონობას, მაგრამ... მოხდა ის, რაც მოხდა.
მიუხედავად ბრწყინვალე შემტევი სეზონისა, იგრძნობოდა რომ ეს ყველაფერი დიდწილად ლუის სუარესის დამსახურება იყო, რომელმაც გუნდი ზაფხულში დატოვა, ბარსელონური ოცნება აისრულა და ლივერპულური ჯიბე 80 მილიონით შეავსო - ჰენრის ეპოქაში ეს პირველი მსუყე გარიგებაა. როჯერსმა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, მაგრამ ურუგვაელის გარეშე დარჩენილმა ლივერპულმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და 2015 წლის ოქტომბერში ბრენდან როჯერსის მერსისაიდული ისტორიაც სრულდება.
სამოთხე
სამოთხე
რამდენიმედღიანი პროცესის შემდეგ, ამერიკელები ახერხებენ და იურგენ კლოპს იყოლიებენ. „როცა ლივერპულმა დამირეკა, ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ ბარგის ჩალაგების დრო იყო, რადგან ლივერპულში მოხვედრის შანსი ერთხელ გვეძლეოდა.“ - ეს ჰერ იურგენ კლოპის სიტყვებია, რომელმაც 2015 წლის 9 ოქტომბერს პირობა დადო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მისი გუნდი ჩემპიონი გახდებოდა.
დავაკვირდეთ FSG-ს სატრანსფერო მიდგომას, რადგან მერსისაიდელთა აქამდე მოსვლის ერთ-ერთი საკვანძო დეტალია. არანაირი ფორსირება, მკაცრად გაწერილი გეგმა და კონკრეტული სამიზნე, ასეთია ამერიკული სტრატეგია და თუ მიზანში ამოღებული ფეხბურთელი ვერ გადაიბირეს, წყობილებიდან არავინ გამოდის. აი, თუნდაც სუბიმენდის მაგალითი - არ გამოვიდა და სხვა ვარიანტი არც განხილულა, გუნდმა ცხოვრება გააგრძელა და გრავენბერხის სახით ისეთი აყვავილება მიიღო, ვიღას ახსოვს სუბიმენდი.
კლოპის პირველი სეზონიც ამგვარი გახლდათ, ზამთარში გუნდს არავინ დაუმატებია და სეზონი არსებული რესურსით ჩაამთავრეს, რადგან ამერიკელთა აზრით, ფორსირება არ ივარგებდა, თანაც ფინანსებიც მოსაძიებელი იყო. გუნდმა იმ სეზონში ორი ფინალი ითამაშა და ორივეში დამარცხდა, მაგრამ ეს უკვე სისტემურ ფეხბურთს ჰგავდა. პროცესში ედვარდსმა კომოლიც ჩაანაცვლა და სრული სვლით, რენესანსისკენ!

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც არაფრით არ უნდა გამოგვრჩეს: 2015/16 წლების სეზონის ბოლოს ჯონ ჰენრიმ და მისმა გუნდმა ენფილდის რეკონსტრუქციის ნებართვა მიიღო და სტადიონის ტევადობა 45 000-დან 54 000-მდე გაიზარდა, მაშასადამე, ეს დამატებით 9 000 მაყურებელს უდრის. ამერიკელთა ერთ-ერთი მთავარი ღირსება, სწორედ ისაა, რომ გუნდის ინფრასტრუქტურას ფულის მანქანად აქცევენ ხოლმე, რაც ჯამურ შემოსავალზე დიდებულ გავლენას ახდენს.
ვალები გაქრა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდეგ კლუბი დადებით მაჩვენებლებზე გასვლასაც კი იწყებს. ტიტულებისა და ტრანსფერების ქრონოლოგიას აღარ მივყვეთ, ყველასათვის ისედაც კარგად ნაცნობია, მაგრამ ახლა უფრო მეტად ციფრებზე ვკონცენრირდებით.
2021/22 წლები ლივერპულისთვის რენესანსული აღმოჩნდა და კლუბმა სარეკორდო - 594 მილიონიანი შემოსავალი აჩვენა, რაც ჰენრის ბრწყინვალე საქმიანობამ და სწორმა სტრატეგიამ განაპირობა, თორემ ბევრის ხარჯვა რომ პანაცეა იყოს, მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი მუდამ პირველ-მეორე საფეხურზე იქნებოდნენ. მანიბოლური სცენარი ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია და ფილიპე კოუტინიოსა და ლუისის სუარესის დარი მოთამაშეების გასხვისება - გარდაუვალი, რათა კლუბმა წინსვლა განაგრძოს.
ღვთაებრივი კომედიის გაგრძელება - სამოთხე (ნაწილი მეორე):
ახლა 2025 წლის მარტია და ენფილდ 61 000 მაყურებელს იტევს, თითოეული საშინაო მატჩი კი 3-4 მილიონიან შემოსავალს უტოლდება. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თითქმის 100 მილიონი გამოიმუშავა და არაერთი მსუყე სპონსორიც ჰყავს. „ისინი თავიანთსავე რეკორდს (594 მილიონი) გააუმჯობესებენ და დიდი ალბათობით, 700-მილიონიან ნიშნულს უწევენ.“ - გვეუბნება სტეფან ბორსონი, უმაღლესი დონის ფინანსური ექსპერტი, რომელიც კარიერის საწყის წლებში მანჩესტერ სიტის კონსულტანტიც კი იყო, თუმცა, ეს საქმე მოსწყინდა და საკუთარი კომპანია დააარსა. ბორსონის Watchstone Group PLC-ის კაპიტალი რამდენიმე ათეულ მილიონს უტოლდება.
სამოთხის მეორე ნაწილში ერთ დროს სპორტული დირექტორი მაიკლ ედვარდსი ახლა FSG-ის საფეხბურთო ოპერაციების ხელმძღვანელია. სულ მალე ლივერპულს დედმამიშვილი ეყოლება, რადგან ამერიკელებს პორტფოლიოში კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბის დამატება სურთ, რაც მანჩესტერ სიტის მაგალითზეც კარგად ჩანს, თუ რამდენად ნაყოფიერია, რადგან ჟირონაში აღმოცენებული სავინიოს წამოსაყვანად ფულის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანის გარდა სხვა არაფერია საჭირო.

ზუსტად 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰენრიმ ლივერპული შეიძინა. 350-მილიონიანი ვალი კი არა, ლივერპული ახლა ის გუნდია, რომელიც თუ მოისურვებს ერთ ფანჯარაზე მილიარდს დახარჯავს, საფეხბურთო ტრიბუნალს შეკითხვაც კი ვერ გაუჩნდება, რადგან იურგენ კლოპის მწვრთნელობიდან მოყოლებული „წითლებს" ევერტონზე ნაკლები სუფთა დანახარჯი აქვთ. ლივერპულის წითელი მხარე ყოველ წელს უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის, ლურჯი კი ლიგაში ადგილის შესამაგრებლად, რადგან ერთ მხარეს საქმეში იუველირის სიზუსტით მომუშავე ამერიკელია, მეორე მხარეს კი ქაოსი სახელად ფარჰად მოშირი, მაგრამ ახლა ევერტონშიც ამერიკელთა დროება დადგა.
კადენციისთვის კი არნე სლოტის სიტყვა გამოვიყენოთ: „ზაფხულის ტრანსფერებზე ჩვენ ფარდის მიღმა ვმუშაობთ, რათა მომდევნო არაერთი წლის განმავლობაში ყველა ტურნირზე ფავორიტები ვიყოთ.“
ჯონ ჰენრი გულუხვი კაცი ნამდვილად არ არის, მაგრამ საქმეს მშვენივრად აკეთებს და მასზე აუგის მთქმელთ არცთუ ძალიან ძველი, სულ რაღაც თხუთმეტი წლის წინანდელი სტატიებისათვის თვალის გადავლება არ აწყენდათ.















