ჯაბუა გამოირჩევა მისი სტაბილური თამაშითა და ფეხბურთისადმი სწორი, ჯანსაღი დამოკიდებულებით, რაც პირდაპირ აისახება მის ბოლოდროინდელ პროგრესზე როგორც დინამო თბილისის აკადემიის შემადგენლობაში, ისე სანაკრებო დონეზე ჩატარებულ მატჩებში.

მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება არის პროფესიონალიზმი მოედანზე. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი, პრაქტიკულად, ყოველთვის ძალიან მაღალია, რადგან 90 წუთის განმავლობაში მუდმივად ჩართულია როგორც დაცვით, ისე შეტევით მოქმედებებში. ლუკას ბურთის კონტროლი და სისხარტე ადვილად შესამჩნევია, სწორედ ამის ხარჯზე ახერხებს ჯაბუა უპირატესობის შექმნას მის ფლანგზე და თანაგუნდელებისთვის თავისუფალი სივრცეების შექმნასაც.
ჯაბუა ძალიან სწრაფია, მათ შორის ბურთითაც - სწორედ ამიტომ თამაშის მიმდინარეობისას მეტოქე გუნდისთვის ის მუდმივ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბუა სიმაღლით არ გამოირჩევა, ის სწორი პოზიციური თამაშის წყალობით დუელების უმრავლესობას მაინც მისთვის სასიკეთოდ ასრულებს, ხოლო დრიბლინგისას მისთვის ბურთის წარმთმევა ჯარიმის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

ლუკა ძალიან აქტიურად მოქმედებს პრესინგის დროს და თამაშს არასდროს ეთიშება, რის გამოც ტექნიკური წუნი მისი მხრიდან ძალიან იშვიათია. ჯაბუა ძალიან ძლიერია დასკვნით ფაზაში, სადაც მისი კარგი და დაყენებული დარტყმის მეშვეობით ხშირ შემთხვევაში ერთი შეხებითაც კი ახერხებს ბურთის კარის მიმართულებით გადაგზავნას.
ჩემი აზრით, ალბათ ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი საფეხბურთო ინტელექტი, რომლის გამოყენებითაც ლუკა ძალიან ხშირად იღებს ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებებს და დამატებით თავსატეხს უჩენს მეტოქე გუნდის მცველებს.
თანამედროვე ფეხბურთში, სადაც მოთამაშეები ფასდებიან იმით თუ რამდენად სისტემურები არიან ისინი, ჯაბუა სულ მალე შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საინტერესო მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მწვრთნელის მიერ მიცემული დავალება წარმატებით შეასრულოს და ამასთანავე არ დაკარგოს ის გამორჩეული ინდივიდუალიზმი, რომლის გამოც არის ფეხბურთი რამდენიმე მილიონი ადამიანის საყვარელი სპორტის სახეობა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია თვალი მივადევნოთ ლუკა ჯაბუას საფეხბურთო პროგრესს.
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები















