ვინ არის ოჩოტორენა და რა კავშირი აქვს მას ლივერპულთან?
წარსულში მადრიდის რეალისა და "ლოს ჩეს" ყოფილი მეკარე, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდა ხელი. 1998-2004 წლებში ოჩოტორენა მუშაობდა ესპანეთის ეროვნულ გუნდში, შემდეგ კი ის, რაფა ბენიტესთან ერთად, ლივერპულში წავიდა. ინგლისურ კლუბში ხოსემ 3 წელი იმუშავა.
ესპანელი მწვრთნელის მოღვაწეობის პერიოდში მერსისაიდში თამაშობდნენ ირჟი დუდეკი და პეპე რეინა, თავად გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამი წლის შუალედში ორჯერ გავიდა. "წითლების" მეტოქე ორივეჯერ მილანი იყო და ალბათ, კარგად გვახსოვს, თუ როგორი დრამატული სცენარით წარიმართა ორივე მატჩი, განსაკუთრებით - პირველი.

სტამბოლის ფინალი - "როსონერი" პირველ ტაიმში "სქაუზერებს" ანადგურებს 3:0-ს, თუმცა შეხვედრის ბოლოსთვის ტაბლოზე 3:3-ს ვხედავთ. ინიშნება პენალტების სერია, რომელშიც მთავარ გმირად ენფილდელთა პოლონელი კარის დარაჯი გვევლინება. ის თავისი დამაბნეველი ხრიკებით ბრიუს გრობელარის სტილში "შავ-წითლების" მოთამაშეებზე ზემოქმედებას ახდენს, რის შედეგადაც თასი ბენიტესის გუნდს რჩება.
ორი წლის შემდეგ, ლივერპულის კარში უკვე ესპანელი გოლკიპერი იდგა და ამ ბრძოლაში გამარჯვებულები "ეშმაკები" გამოვიდნენ. სეზონის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა კარის დარაჯთა დამრიგებელი დაბრუნდა "მურსელაგოსში", სადაც ის დღემდე მუშაობს. მის ხელში ესპანური კლუბის უამრავმა გოლკიპერმა გამოიარა.

ოჩოტორენა და მამარდაშვილი
2021 წლის ზაფხულში მესტალიელებმა მამარდაშვილი იყიდეს, რომელსაც ესპანეთში ოჩოტორენა დახვდა. სწორედ მის ხელში გაიარა ახალგაზრდა კარის დარაჯის კარიერამ ვალენსიაში. ხოსეს დახმარებით, გიორგი არაერთ კომპონენტში დაიხვეწა, მაგალითად გამოსვლაზე თამაშში, ბურთის მყარად დაფიქსირებასა და ფეხით თამაშში.
ასევე, გამოსარჩევია პენალტების მოგერიება, რაც ესპანელი მწვრთნელის დახმარებით, ქართველი მეკარის ძლიერ მხარედ იქცა. 2025 წლის ზაფხულში "ღამურების" კარის დარაჯი დაემშვიდობება თავის დამრიგებელს და გადავა "წითლებში", სადაც ამ დროისთვის მოღვაწეობს შეგირდისა და მოსწავლის სხვა გამორჩეული დუეტი: ალისონ ბეკერი - კლაუდიო ტაფარელი.

ალისონი - ტაფარელი: ინტერნასიონალი, ბრაზილიის ნაკრები, ლივერპული
როგორც ვიცით, ალისონი ლივერპულში კიდევ, მინიმუმ, ერთი სეზონით დარჩა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილს არც ტაფარელი შეიცვლის. კლაუდიოს მჭიდრო კავშირი აქვს თავის მშობლიურ კლუბთან, ინტერნასიონალთან, რომლის აღზრდილია ასევე ბეკერიც. წლების შემდეგ, ყოფილი ბრაზილიელი კარის დარაჯი ეროვნულ ნაკრებში გოლკიპერთა დამრიგებლად დაინიშნა.
რთული მისახვედრი არ არის, თუ ვინ მოგვევლინა "სელესაოს" მეკარეების მწვრთნელის საუკეთესო შეგირდად. 2021 წლიდან, მათი თანამშრომლობა მერსისაიდშიც გაგრძელდა. დიახ, ბრაზილიელი კარის დარაჯის დაჟინებული მოთხოვნითა და ინიციატივით, ინგლისური კლუბის სამწვრთნელო შტაბს 58 წლის დამრიგებელიც შეუერთდა.

ეს ყველაფერი ხდებოდა იურგენ კლოპის მოღვაწეობის პერიოდში და ტაფარელი მისი წასვლის შემდეგაც დარჩა. ერთი სიტყვით, სანამ "წითლებში" ითამაშებს გუნდის ამჟამინდელი კარის დარაჯი, კლუბში კლაუდიოც იქნება. მათი თავგადასავალი მომავალში, უდიდესი ალბათობით, საუდის არაბეთში გაგრძელდება.
ყოფილი ლივერპულელის ხელით შექმნილი მომავლის მეკარე
დავუბრუნდეთ ოჩოტორენას, რომელიც ლივერპულიდან 17 წლის წინ წავიდა. დიდხნიანი განშორების მიუხედავად, ვეტერანმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბს მაინც მოუმზადა მომავლის კარის დარაჯი: მამარდაშვილი. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ახალგაზრდა გოლკიპერი ხოსეს რჩევა-დარიგებებს მერსისაიდში.


















