
მთავარი მაინც მატჩის დასრულების შემდგომ მოხდა. აღნიშნული შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, მესამე დამატებულ წუთზე კი მანჩესტერელთა ნიდერლანდელმა ფორვარდმა, რუუდ ვან ნისტელროიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მარტინ კიონი მას მაშინვე მივარდა და გაცუდებული პენალტი მის წინ გამომწვევად აღნიშნა, მატჩის საფინალო სასტვენის შემდგომ კი იგივე გაიმეორა. მას სოლ კემბელიც შეუერთდა, რომელმაც მეტოქეს ხელი ჰკრა, ხოლო რეი პარლორმა და ეშლი კოულმა რუუდს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისე, ეს თამაში სექტემბერში ტარდებოდა და ნისტელროის რომ სცოდნოდა, ამ გატანილი პენალტით არსენალის დაუმარცხებლად მოგებულ პრემიერ ლიგას საფუძველს გამოაცლიდა, იქნებ კონცენტრაცია მეტად მოეკრიბა და მატჩის ბედი სათავისოდ გადაეწყვიტა. ასე იყო თუ ისე, ეს მატჩი უკვე წარსულს ეკუთვნოდა, მეტოქეები კი ახალ შესაძლებლობას ელოდნენ.
2004/2005 წლების პრემიერ ლიგის მე-10 ტურის მატჩის დაწყებამდე სერ ალექსს აღნიშნული ინციდენტი პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაახსენეს, რაზეც მან უპასუხა, რომ „მეთოფეთა“ ფეხბურთელების ქცევა, ყველაზე მიუღებელი რამ იყო, რაც კი სპორტში ოდესმე უნახავს. ცხადი იყო, რომ მანჩესტერელებს გულში 1-წლიანი შურისძიების გეგმა ედოთ. სიტუაცია გაამძაფრა იმანაც, რომ მსაჯად მაიკ რაილი დაინიშნა. ადამიანი, რომელიც პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მსაჯად ითვლებოდა. ამაზე მხოლოდ ის ფაქტიც მეტყველებდა, რომ ამ თამაშამდე ბოლო ექვს ნამსაჯ შეხვედრაში მოედნიდან მას ხუთი ფეხბურთელი ჰყავდა გაძევებული. თანაც, აღნიშნულ მატჩში მისმა მსაჯობამ გულშემატკივარში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. პირველი საკამათო გადაწყვეტილება მან მე-18 წუთზე მიიღო, როცა მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ ფრედი ლიუნბერგზე რიო ფერდინანდი აშკარად ჯარიმდებოდა, თუმცა მსაჯმა ეს მომენტი გაატარა, შესაბამისად ინგლისელი მცველი წითელ ბარათსაც გადაურჩა. იყო მეორე ეპიზოდიც, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა წითელი ბარათის ჩვენება. მატჩის 32-ე წუთზე რუუდ ვან ნისტელროიმ ეშლი კოულს მუხლში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. ორივე გუნდის მხრიდან ფეხბურთელები მატჩის ყველა მომენტში ჯარიმისა და სიუხეშის ზღვარზე თამაშობდნენ, რამაც რაილი იძულებული გახადა ძმები ნევილები და ეშლი კოული პირველივე ტაიმში გაეფრთხილებინა. მატჩის ყველაზე საკამათო გადაწყვეტილება კი არბიტრმა მატჩის დასრულებამდე ოციოდე წუთით ადრე მიიღო, როცა რუნი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, იქ კი სოლ კემბელი დახვდა. რუნი წაიქცა და რაილიმაც ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. ფეხბურთის ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ შემთხვევაში უიენმა უბრალოდ სიმულაციას მიმართა. ბურთთან რუუდ ვან ნისტელროი მივიდა, რომელსაც გონებიდან, დარწმუნებული ვარ, 13 თვის წინანდელი პენალტი არ ამოსდიოდა, თუმცა ამჯერად „წითელ ეშმაკთა“ 10-იანმა კონცენტრაცია მოიკრიბა, ბურთი კი იენს ლემანისგან დაბალ მარცხენა კუთხეში გაუშვა და „ოცნებების თეატრის“ ბინადრებთან ერთად მანაც შვებით ამოისუნთქა.

ისტორია აღარ მეორდებოდა. აღშფოთებულმა ლონდონელებმა უხეშობას უმატეს. მსაჯმა ჯერ პატრიკ ვიეირა გააფრთხილა, შემდეგ კი ედუ. მატჩის საბოლოო წერტილი კი იუბილარმა, უეინ რუნიმ დასვა, რომელმაც მე-19 დაბადების დღე არამარტო მოპოვებული პენალტით, არამედ გატანილი გოლითაც აღნიშნა, თანაც ზუსტად იმ წუთზე, რომელზეც ვან ნისტელროიმ წინა სეზონში პენალტი ვერ გამოიყენა - 90+3'-ზე. მანჩესტერ იუნაიტედმა შეძლო ის, რასაც თითქმის 1.5 წლის განმავლობაში ვერავინ აკეთებდა - არსენალი პრემიერლიგურ პაექრობაში დაამარცხა. ცხადი იყო, დემორალიზებული არსენალი თამაშს ვეღარ შემოაბრუნებდა, მათ ამისთვის აღარც დრო რჩებოდათ და აღარც ნებისყოფა.
სამი წუთის შემდეგ რაილის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა და ამის შემდეგ დაიწყო ის, რამაც სერ ალექსი და არსენ ვენგერი მწვანე მინდორზე დაუძინებელ მტრებად საბოლოოდ აქცია. თამაშის დასრულების შემდეგ უეინ რუნი სოლ კემბელთან მივიდა, რათა მისთვის ხელი ჩამოერთმია, ინგლისელმა მცველმა კი ეს იუარა. არსენალის ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა გასახდელში შესვლა არ იჩქარეს. ისინი მოედანზე გამოსასვლელ გვირაბში დადგნენ, მეტოქეთა გამოჩენის შემდეგ კი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ვენგერმა ვან ნისტელროის კოულის წინააღმდეგ გამოჩენილი უხეშობა გაახსენა, მასთან კი სერ ალექს ფერგიუსონი მივიდა და უთხრა, რომ მისი ფეხბურთელებისთვის უბრალოდ თავი დაენებებინა, გაბრაზებული ვენგერი კი მას წინ გადაუდგა და ჰკითხა, თუ რის გაკეთებას აპირებდა სერ ალექსი იმ შემთხვევაში, თუ ამას არ იზამდა. არეულობამ პიკს მიაღწია, ამ დროს კი ლეგენდარულ შოტლანდიელს მეტოქის ბანაკიდან ნასროლი პიცა სახეში ხვდება, დამნაშავის ვინაობა იმ პერიოდში ვერ გამოირკვა, თუმცა ამ ამბებიდან 13 წლის შემდეგ სესკ ფაბრეგასმა აღიარა, რომ ამ ფაქტის შემოქმედი თავად იყო. სწორედ ამ ფაქტმა დაუდო სათავე ამ მატჩისთვის შერქმეულ სახელსაც - შეხვედრას ბუფეტის ბრძოლის სახელით იხსენებენ ხოლმე. იგივე მიზეზის გამო ამ მატჩს pizzagate-საც ეძახიან.

არსენ ვენგერმა პრესკონფერენციაზე მარცხი რაილის გადააბრალა. მისი თქმით რუნიმ მის მოთამაშეებს უთხრა, რომ კონტაქტი არ უგრძნია, თუმცა მსაჯმა პენალტი მაინც დანიშნა. ფრანგმა მწვრთნელმა სტატისტიკაც მოიშველია და თქვა, რომ ბოლო რვა ოლდტრაფორდულ შეხვედრაში რაილიმ მასპინძელთა სასარგებლოდ 6 პენალტი დანიშნა, რაც მისი ობიექტურობის შესახებ გარკვეულ კითხვებს აჩენდა. სერ ალექსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი შთაბეჭდილებით ამ მარცხმა ვენგერის ტვინს გარკვეული ზიანი მიაყენა, ხოლო ზოგადად მისი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი კარიერიული დაღმასვლა. სერ ალექსისა და ვენგერის ურთიერთობა აღარასდროს აღმდგარა, მიუხედავად იმისა, რომ 2010-იანი წლებიდან გუნდებს შორის დაპირისპირების ხარისხმა მინდორზე მკვეთრად დაიკლო.

ამ ამბებიდან 20 წლის შემდეგ ორივე კლუბი დაკარგული დიდების მოსაპოვებლად იბრძვის. არტეტა თითქოს სწორ გზას ადგას, თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ტიტულები კლუბისთვის კვლავ არაა ხელმისაწვდომი. მანჩესტერ იუნაიტედს კი ბევრად ღრმა და სერიოზული კრიზისი აქვს, თუმცა გუნდში ახალი და საკმაოდ ამბიციური მწვრთნელი - რუბენ ამორიმი მოვიდა. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს ესპანურ-პორტუგალიურ დუელში. აქამდე ამორიმი და არტეტა ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ, ევროპა ლიგის 2022/23 წლების სეზონის 1/8 ფინალში შეხვედრიან. გამარჯვება პორტუგალიელს დარჩა. დღეს 2024 წლის 4 დეკემბერს ის არტეტას ლონდონის ჩრდილოეთში „წითელი ეშმაკების“ მწვრთნელის სტატუსით ეწვევა. გნებავთ ისტორიიდან და გნებავთ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი გველოდება. თანაც, რა ვიცით, იქნებ სწორედ, რუბენ ამორიმი და მიკელ არტეტა არიან ის ადამიანები, რომლებმაც კლუბებს ორი დეკადის წინანდელი დიდება უნდა დაუბრუნონ და ამით კლუბებს შორის დერბისაც სათავე ახლიდან დაუდონ.















