საქმე ისაა, რომ ბრიტანელებს ჰყოლიათ და ახლაც ჰყავთ ირლანდიური წარმოშობის ტოპ ფეხბურთელები, რომლებსაც "სამყურებში" თამაშით შეეძლოთ. პირველ რიგში გამოსარჩევები არიან ჯეკ გრილიში და დეკლან რაისი, რომლებსაც ირლანდიასთან აკავშირებთ არა მხოლოდ წარმოშობა, არამედ ის ფაქტი მათ "კელტთა" გუნდში უთამაშიათ.
მანჩესტერ სიტის გარემარბი ირლანდიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ირიცხებოდა 2011-2014 წლებში, ლონდონის არსენალის საყრდენ ნახევარმცველს კი 3 მატჩი მთავარ გუნდშიც კი აქვს ჩატარებული. 7 სექტემბერს, ალბიონელთა ვარსკვლავები დაუპირისპირდნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოს ნაკრებს, თანაც მას გოლები გაუტანეს. განვიხილოთ, თუ რა ხდებოდა ავივაზე.

გველების დაბრუნება
"მწვანეების" გულშემატკივრები ინგლისელ ფეხბურთელებს დახვდნენ ძალიან უარყოფითად - ბანერი წარწერით "გველები დაბრუნდნენ" და უამრავი შეურაცხყოფა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გრილიშიც და რაისიც აღმოჩნდნენ ძირითადში, მეტიც, ლი კარსლის გუნდმა სწორედ მათი გატანილი ბურთებით მოიგო.
"სამყურების" კარი პირველმა აიღო დეკლანმა, თუმცა მან გატანილი გოლი არ აღნიშნა. მოგვიანებით კი თავისი ბურთი გაიტანა ჯეკმაც, თუმცა ის არსენალის შუახაზელივით თავშეკავებული არ აღმოჩნდა. ცალკე გამოსარჩევია ინგლისის ეროვნული გუნდის ირლანდიელი დამრიგებლის, კარსლის სიტუაცია, რომელიც ასევე დაუპირისპირდა თავის სამშობლოს.

ინგლისის ნაკრების ირლანდიელი მწვრთნელი
ლი "კელტებში" თამაშობდა 1997-2008 წლებში და მის ანგარიშზე 40 შეხვედრა ფიქსირდება. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მისი დაბადების ადგილი ბირმინგემია და ინგლისის ეროვნულ გუნდშიც შეეძლო თამაში. ყოფილმა ირლანდიელმა ჩამშლელმა აირჩია თავისი ისტორიული სამშობლო, მაგრამ ათწლეულების შემდეგ, არჩევნის წინაშე ის კვლავ დადგა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ევერტონის ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა დაიწყო "სამი ლომის" ახალგაზრდულ ნაკრებებში მუშაობა და 2023 წელს, მან 21-წლამდელებს საქართველოსა და რუმინეთში გამართული ევროპის ჩემპიონატიც მოაგებინა. დღეს, 50 წლის დამრიგებელი უკვე ბრიტანელთა მთავარი გუნდის დამრიგებელია.
გასული წლის ნოემბერში ირლანდიამ გაათავისუფლა თავისი იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი, სტივენ კენი და შემცვლელთა სიაში კარსლის გვარიც ფიგურირებდა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ირლანდიელი დამრიგებელი დარჩა ალბიონზე, "მწვანეებმა" კი ჰეიმირ ჰადლგრიმსონი დააბრუნეს.

გრილიშის და რაისის გარდა, ვის შეეძლო კიდევ ირლანდიის ნაკრებში თამაში?
გრილიში და რაისი არ არიან ინგლისის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებსაც ირლანდიაში თამაში შეეძლოთ. ამის შესაძლებლობა ჰქონდათ ჰარი კეინს, ჯუდ ბელინგემს, ჯეიმს მედისონს, კონორ გალაგერს, კალვინ ფილიპსსა და ჰარი მაგუაიერსაც კი. ძველი თაობიდან პოლ გასკოინს, პოლ სქოულზს, რიო ფერდინანდს, უიენ რუნისა და სხვებს.
სხვებზე ახლოს "მწვანეებთან" მაინც ჯეკი და დეკლანი იყვნენ. ერთი სიტყვით, ირლანდიური გენების გარეშე "სამი ლომი" პრაქტიკულად წარმოუდგენელია. საპირისპირო მიმართულებით კი, ანუ ბრიტანელთა ეროვნული გუნდის ნაცვლად "სამყურებში" ითამაშეს ჯონ ოლდრიჯმა, შეი ბრენანმა, ტონი კასკარინომ კევინ კილბეინმა, მიკ მაკარტიმ და ენდი თაუნსენდმა.

ინგლისისა და ირლანდიის ურთიერთდაპირისპირება
აღნიშნული ნაკრებების დაპირისპირება ყოველთვის ინგლისის დომინირებით მიმდინარეობს. თავად განსაჯეთ - 53 შეხვედრიდან ირლანდიამ მხოლოდ 5 მოიგო. 12-ჯერ დაფიქსირდა ფრე, 36 გამარჯვება კი "3-მა ლომმა" მოიპოვა. დიახ, "მწვანეები" არიან აუტსაუდერები, მაგრამ 1 ხმაურიანი მოგება მათ სახელზე მაინც არის.
1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღნიშნული ნაკრებები მოხვდნენ ერთ ჯგუფში, "სამყურები" კი საერთოდ ტურნირის დებიუტანტები იყვნენ. ამ გუნდების მატჩი დასრულდა სწორედ "კელტთა" მოგებით, მოგვიანებით კი ბრიტანელებმა ნიდერლანდებსა და საბჭოთა კავშირთანაც წააგეს. ამ გამარჯვებას ირლანდიაში დღემდე იხსენებენ.


















