2014 წლის 11 ნოემბერს, ვეტ ჰემ იუნაიტედის 21 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებს ჰყავდათ ისეთი მოწინააღმდეგე, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდათ. "ჩაქუჩებმა" ამხანაგური მატჩი გამართეს არგენტინის ეროვნულ გუნდთან, რომელიც 1 დღის შემდეგ, ასევე ამხანაგურად ხორვატიის ნაკრებს ეთამაშებოდა.
შეხვედრის ადგილი იყო ლონდონური გუნდის საშინაო სტადიონი და სწორედ ამიტომ, "ალბისელესტემ" სპარინგ პარტნიორად აირჩია უახლოესი და ყველაზე ხელმისაწვდომი მეტოქე: "ლურჯ-წითლების" ახალგაზრდული გუნდი. იუნიორები იყვნენ გაოგნებულები იმ ფაქტით, რომ მათ წინააღმდეგ განვლილი მუნდიალის ვიცე-ჩემპიონები თამაშობდნენ.

"თეთრ-ლურჯების" განკარგულებაში იყვნენ ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო, კარლოს ტევესი, სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია და სხვები. ბოლეინ გრაუნდის ბინადართა იმდროინდელი მოთამაშე, ჯოშ პასკი იხსენებს, თუ რა შეგრძნება ჰქონდა მას, როდესაც მეტოქედ მსოფლიოს საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი ჰყავდა.
"მახსოვს, როდესაც მესიმ მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, დრიბლინგით გამცდა მე და შემდეგ კიდევ ოთხ ფეხბურთელს. მან შემდეგ მეკარეც მიაყოლა. მოგვიანებით მე მკითხეს, თუ ვინ იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, ცხადია, ლეოს ვასახელებდი. არავის სჯეროდა, რის შემდეგაც მიწევდა ახსნა, თუ სად და როგორ შევხვდი არგენტინელ ფლეიმეიქერს".

ვესტ ჰემ იუნაიტედის შემადგენლობაში იყო ისეთი ფეხბურთელიც, რომელიც წლების შემდეგ, ინტერ მაიამის კაპიტანს მლს-შიც შეხვდა. საუბარია სებასტიან ლეტჯეტზე, რომელმაც ვერ შეძლო "ჩაქუჩებში" დამკვიდრება, რის შემდეგაც მან მშობლიურ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა. ის ლეგენდარულ 10-იანს დალასში თამაშის დროს შეხვდა.
2023 წლის 7 აგვისტოს გამართული შეხვედრა ტეხასელებსა და ფლორიდელებს შორის ანგარიშით 4:4 დასრულდა. "ლა პულგამ" შეასრულა დუბლი და მოგვიანებით მატჩისშემდგომი 11-მეტრიანიც ზუსტად დაარტყა. ამერიკელმა შუახაზელმა კი მოედანზე 69 წუთი გაატარა. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ "ვაის სითიმ" პენალტების სერიაში მოიგო.

დავუბრუნდეთ 10 წლის წინანდელ მოვლენებს - ლონდონელთა 21-წლამდელთა გუნდთან თამაშის შემდეგ, "ლა სელესიონი" ერთი დღის შემდეგ შეხვდა ბალკანელებს, რომლებსაც 2:1 მოუგო. მატჩი იქცა მესის ბენეფისად: გამარჯვების მომტანი ბურთი და ასისტი. როგორც ვხედავთ, "ლურჯ-წითლებთან" სპარინგი ტატა მარტინოს გუნდს წაადგა.
ვესტ ჰემ იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები არგენტინის ნაკრებთან შეხვედრას იხსენებენ დღემდე და ის ყველაფერი მათთვის წარმოუდგენელია ახლაც, 10 წლის გასვლის შემდეგ. ბევრი მათგანისთვის ლეოსთან სავარჯიშო მინდორზე შეხვედრა კარიერის ყველაზე განსაკუთრებულ მომენტად იქცა.


















