ალისონ ბეკერის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი თავური
ლივერპული ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე იდგა, როდესაც გუნდს გადამრჩენელად ალისონი მოევლინა. ვესტ ბრომვიჩთან მატჩში 1:1 ფიქსირდებოდა, საჭირო იყო გოლი, რომელიც მერსისაიდელებმა ბეკერის დახმარებით გაიტანეს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ჩაწოდება და ბრაზილიელი კარის დარაჯის თავური შესრულება.
ასმირ ბეგოვიჩი ქარის დახმარებით არტურ ბორუცის კარს იღებს
გოლი, რომელიც 2018 წლამდე პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი ბურთების 10-ეულში იყო. სტოკი - საუთჰემპტონი; ბეგოვიჩი - ბორუცი, შეხვედრის მე-13 წამზე მასპინძელთა მეკარე აწვდის საჯარიმოში, მაგრამ ქარის დახმარებით, ბურთი სტუმართა კარში შედის.
ალბერტო ბრინოლი მილანთან გოლით ბენევენტოს 13-მატჩიან წაგებათა სერიას ასრულებს
სერია ა-ში აღზევების შემდეგ, ბენევენტო პირველ 13 შეხვედრაში დამარცხდა, რითაც ანტირეკორდი დაამყარა. ეს გუნდი ახლოს იყო ზედიზედ მე-14 მატჩის წაგებასთანაც, როდესაც მილანის სასარგებლოდ 2:1 ფიქსირდებოდა, მაგრამ 95-ე წუთზე, ბრინოლიმ "ალქაჯებს" ისტორიული ქულა მოუტანა.
რეკორდსმენი როჟერიო სენის ულამაზესი ჯარიმა
როჟერიო არის მეკარე, რომელმაც თავის კოლეგებს შორის ყველაზე მეტი, 129 გოლი გაიტანა. ის იტანდა როგორც ჯარიმებს, ისე პენალტებსაც. გამოსარჩევია ულამაზესი სტანდარტი კორინთიანსის კარში, რომელიც სენისთვის საიუბილეო, მე-100 გატანილი ბურთი იყო.
ლივერპულის ყოფილი მეკარის ქუსლით გატანილი გოლი ერედივიზიაში
მარტინ ჰანსენს არ ჰქონია ლივერპულში დამკვიდრების შესაძლებლობა, კარიერის საუკეთესო წლები კი მან დენ ჰაგში გაატარა. სწორედ ერედივიზიონში თამაშის დროს დანიელმა კარის დარაჯმა ქუსლით ულამაზესი ბურთი გაიტანა.
მორიელის დარტყმის ავტორი რივერ პლეიტს უტანს გოლს
რენე იგუიტა ისტორიაში შევიდა, როგორც მორიელის დარტყმის ავტორი, თუმცა ის არც გოლების გატანაზე ამბობდა უარს. მის ანგარიშზე საერთო ჯამში 40-ზე მეტი ბურთია. კოლუმბიელი კარის დარაჯის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი არის ჯარიმა რივერ პლეიტის წინააღმდეგ.
იენს ლემანის გოლი რურულ დერბიში
ლემანი არის ის იშვიათი ფეხბურთელი, რომელმაც თავის დროზე ითამაშა როგორც დორტმუნდის ბორუსიაში, ისე გელზენკირხენის შალკეშიც. მის ანგარიშზე არის გოლიც რურულ დერბიში, როდესაც ის "მაღაროელებში" თამაშობდა.
სამხრეთ აფრიკელი მეკარის მაკრატელა
უკვე მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე მეკარე ჩადის საჯარიმოში და თავით იტანს გოლს, თუმცა მაკრატელა? თქვენს წინაშეა ოსკარინ მასულეკეს შედევრი. ის ამ გოლით პუშკაშის ჯილდოს ნომინანტებს შორისაც მოხვდა.
ივან პროვედელის გოლი ატლეტიკოს კარში ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის განვლილი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. ლაციო საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა ატლეტიკოსთან, როდესაც მატჩის 94-ე წუთზე, მასპინძლების გადარჩენა პროვედელმა შეძლო.
38 წლის პეტერ შმეიხელის გოლი ასტონ ვილას მაისურით
შმეიხელმა კარიერის საუკეთესო წლები მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა, თუმცა დასამახსოვრებელი მომენტები მას სხვა გუნდებშიც ჰქონდა. პირველ რიგში, გამოსარჩევია პეტერის გოლი ასტონ ვილას მაისურით, რომლის გატანის მომენტისთვის ის უკვე 38 წლის იყო.
ასევე გამოსარჩევია: ალი აჰამადა, ჰანს-იორგ ბუტი, ხოსე ლუის ჩილავერტი, ჯიმი გლასი, ანდრეს პალოპი, მარტ პოომი, პოლ რობინსონი, ბენ უილსონი.

















