ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ხშირად ვაკითხებ ჩანახატებს, მკითხა, სულ სევდიან და უიღბლო მოთამაშეებზე რატომ წერო. ამ ყველაფერმა ერთი ქართული ლექსი გამახსენა:
„დამარცხებაში არის სიმაღლე
რაღაც მეფური და საოცრება,
დამარცხებაში არის სინათლე,
რაღაც ღვთიური და სასოება!
რაღაც ღვთიური და სასოება!
და ვერიდები გამარჯვებულებს
გამარჯვებაში, აბა, რა ყრია?!
გამარჯვებაში, აბა, რა ყრია?!
მე ვეფერები დამარცხებულებს
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!"
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!"
ეს ლექსი ნათლად მიესადაგება იმ ადამიანს, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ - ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო ფეხბურთელს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა დიდი ტიტულების მოსაგებად, მაგრამ ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო.
1976 წლის 26 სექტემბერს, იმ დროს ჯერ კიდევ გაყოფილი გერმანიის უკიდურეს აღმოსავლეთ მხარეს, საქსონიის პატარა ქალაქ გიორლიცში, დაიბადა მიხაელ ბალაკი. ბალაკების ოჯახმა მალევე დატოვა ქალაქი და იმ დროს კარლ-მარქს-შტადტში (დღევანდელი კემნიცი) გადაბარგდა. პატარა მიხაელის კარიერაც სწორედ ამ ქალაქის კლუბიდან დაიწყო. მაღალი, ფიზიკურად ძლიერი და მოძრავი ბიჭი კარგად ჯდებოდა გდრ-ის სპორტულ პარამეტრებში. ბალაკს ბავშვობიდან მოჰყვებოდა შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათი. სწორედ ამიტომაც, ადრეულ ასაკში მას „მებრძოლი სული" შეარქვეს. უტეხი გერმანული ხასიათის მქონე ბიჭმა უმალ მიიპყრო ყველას ყურადღება. მალევე კედელიც დაინგრა და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ფეხბურთელების მასობრივი გადინება დაიწყო, ყველასთვის ნათელი იყო, რომ მიხაელს კემნიცში არავინ დატოვებდა. ასეც მოხდა. 1997 წელს „ბალა" კაიზერსლაუტერნს შეუერთდა. ეს ის კაიზერია, რომელმაც ოტო რეჰაგელის ხელში მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსვლისთანავე, პირველივე წელს მოახერხა გერმანიის ჩემპიონობა. ახალი თაობის გასაგონად რომ ვთქვათ, ეს ამბავი მაშინ ლესტერის ჩემპიონობის დარი სენსაცია იყო.

მართალია, იმ წელს ბალაკი ძირითადის ფეხბურთელი არ ყოფილა და მხოლოდ რამდენიმე თამაშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ, ფაქტია, უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა ამ გუნდში. მომდევნო წლიდან ის ნელ-ნელა კაიზერსლაუტერნის ლიდერად ყალიბდება და მსოფლიოს აცნობს თავს. ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალურ ეტაპამდე გასვლის შემდეგ ახალგაზრდა გერმანელმა რაინლანდ-პფალციდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე ლევერკუზენს მიაშურა და ადგილობრივ ბაიერს შეურთდა. მიხაელს ნაკრებშიც იძახებენ, ევრო 2000-ზეც გაემგზავრა, მაგრამ იმ წელს ალემანები ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და ბალაკსაც ბევრი არ უთამაშია. რამდენიმე მწვრთნელის ცვლილების შემდეგ „ფარმაცევტებმა" ჩვენთვის კარგად ნაცნობ კლაუს ტოპმიულერის ხელში მიაღწიეს წარმატებას. ჰერ კლაუსის გუნდი, მაშინ საკმაოდ სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობდა; გუნდში ირიცხებოდნენ პერსპექტიული ფეხბურთელები: ჰანს-იორგ ბუტი, ლუსიო, ზე რობერტო, დიმიტარ ბერბატოვი, ბერნდ შნაიდერი. მიხაელი ლევერკუზენის ლიდერი გახდა და მისი მეტსახელი „მებრძოლი სული“ „კაიზერად" - მეფედ გადაკეთდა. გერმანია ახალი ფრანც ბეკენბაუერის გამოჩენას ზეიმობდა.
2001/02 წლების სეზონი ლევერკუზენის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, „ფარმაცევტები" ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობდნენ, მათ პირველ და მეორე ჯგუფურ ეტაპზე, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში (როგორც მოგეხსენებათ, მაშინ ლიგა სხვა ფორმატით ტარდებოდა) ისეთი გუნდები დაამარცხეს, როგორებიც არიან: იუვენტუსი, ლივერპული, ბარსელონა, ლიონი, მანჩესტერ იუნაიტედი და იმ დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი დეპორტივო. ბალაკი 6-იანის, 8-იანისა და 10-იანის პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით თამაშობდა. აკონტროლებდა ცენტრს, აკეთებდა პასებს, გაჰქონდა გოლები, ეხმარებოდა დაცვას. 189 სანტიმეტრის ფეხბურთელისთვის მეტად ელეგანტური გახლდათ. ამწუხრებდა ოლდ ტრაფორდს და ბაიარენას აბედნიერებდა. ლევერკუზენს ფინალში ვარსკვლავური მადრიდის რეალი შეხვდა. ლუსიომ რაულის გოლს ხუთ წუთში უპასუხა, მაგრამ გერმანელებმა ზიდანის სასწაულ დარტყმას ვერაფერი მოუხერხეს. ეს იყო უიღბლო კაცის პირველი დიდი მარცხი, ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ლევერკუზენმა ბუნდესლიგაშიც ბოლოს დათმო მარათონი და მეორე ადგილზე გავიდა.

ეს მტკივნეული მარცხი მას მალევე უნდა დაევიწყებინა, რადგან სამხრეთ კორეა-იაპონიაში გერმანიის ნაკრებისთვის მას უნდა ელიდერა. გერმანული მანქანა მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, მეტიც, ძირი გამომპალი ჰქონდა, ეს ევრო 2000-მაც დაადასტურა, ამ ყველაფერს დაემატა ტრავმები. თავად განსაჯეთ, გუნდის ლიდერი მეკარე ოლივერ კანთან და ბალაკთან ერთად, ოლივერ ნოივილი იყო. მიროსლავ კლოზე და ბერნდ შნაიდერი კი ჯერ ახალგაზრდები იყვნენ.
ჯგუფური ეტაპი მანშაფტმა ნორმალურად ჩაატარა, მაგრამ ფავორიტებად მაინც არავის მიაჩნდა. 1/8 ფინალში ჯერ ოლივერ ნოიველის კინკილა გოლმა მოუტანა გამარჯვება გერმანელებს, ხოლო 1/4 ფინალსა და 1/2 ფინალში ბალაკმა ამერიკასთან და სამხრეთ კორეასთან გამარჯვების მომტანი გოლები შეაგდო. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე საძულველმა მსაჯმა, შვეიცარეილმა მაიერმა 1/2 ფინალში სამხრეთ კორეასთან 70-ე წუთზე ბალაკს ყვითელი აჩვენა სწრაფი შეტევის ჩაშლისთვის. ეს „კაიზერის" მეორე ყვითელი იყო. „მიხაელი ხვდებოდა, რომ ის ფინალს გამოტოვებდა. მაგრამ ბოლომდე დაუდგა გუნდს გვერდში და სამშობლოსთვის თავი გაწირა" - ეს რუდი ფიოლერის სიტყვებია, ორ წუთში კი ბალაკმა მასპინძლებს გამარჯვების გოლიც გაუტანა. ამ მომენტში მის თვალებში სიამაყესა და სევდას ერთიანად შენიშნავდით. ვარსკვლავურ და ბევრად ძლიერ ბრაზილიასთან არავინ იცის რას შეცვლიდა ბალაკის ყოფნა, მაგრამ ფაქტია, მანშაფტს ნაკრების უპირობო ლიდერი და ძრავი დააკლდა. ალემანები 2-0 დამარცხდნენ.
ორი თვის განმავლობაში ბალაკს სამი ვერცხლის აღება მოუწია. ეს მეტად მტკივნეული იყო. მის ბრწყინვალე თამაშს, ბუნებრივია, უყურადღებოდ არ დატოვებდა მიუხენის ბაიერნი და „რეკორდმაისტერმა" ბალაკი ბავარიაში წაიყვანა. მიხაელი მალევე ჩამოყალიბდა „სამხრეთის ვარსკვლავის" ლიდერად, ბუნდესლიგა და გერმანიის თასებიც დააჭაშნიკა, მაგრამ ული ჰიონესთან მთლად კარგი ურთიერთობა როდი ჰქონდა, ბალაკს გუნდის გაძლიერება და მეტის ხარჯვა სურდა, რაც წუწკი ულის პრიორიტეტებში არ შედიოდა, გარდა ამისა, „რეკორდმაისტერის" ფანები მას ეფენბერგობას სთხოვდნენ, მიხაელს კი ბალაკობა სურდა. ცალკე „კაიზერ ფრანცის", ცალკე ეფენბერგის ტვირთით მეტად დაამძიმეს, ამ ყველაფერის ფონზე, იურგენ კლისმანმა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 2004 წელს ბალაკს ნაკრების კაპიტნის სამკლაური გადასცა. ჰო, და ბალაკმაც დაიწყო მანშაფტის ლიდერობა.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი გახლდათ, რა მისი ბრალია თუ თაობაში არ გაუმართლა. 2006 წელს გერმანია მასპინძლობდა მსოფლიოს, ალემანები ჩემპიონობას აპირებდნენ ბალაკის ლიდერობით, მიხაელიც აქტიურად ლიდერობდა გუნდს, არგენტინასთან თამაშის მოტრიალებაშიც დიდი როლი ითამაშა, მაგრამ 1/2 ფინალში გერმანელებმა უხერხულ მეტოქეს „სკუადრა აძურას" ვერაფერი მოუხერხეს, ჯიჯი ბუფონმა, ფაბიო გროსომ და ალექსანდრო დელ პიერომ ბოლო წუთებზე მოპარეს გერმანიასა და ბალაკს მორიგი ჯილდო.
ულისთან უთანხმოების შედეგად ბალამ ჩელსის მიაშურა, გერმანელმა 4 სეზონი ჩაატარა „ლურჯებში" და ამ სეზონების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამაზე სტატისტიკასთან ერთად 2011 წელს ბალაკის ჩელსიდან წასვლის შემდეგ ლეგენდარული ინგლისელის, უეინ რუნის, ნათქვამი სიტყვები მოწმობს: „ჩელსის ამ სეზონში შესუსტება ბალაკის წასვლამ განაპირობა, გერმანელი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ის გუნდის უპირობო ლიდერი იყო. უმაღლესი კლასის მოთამაშე არა მხოლოდ ლონდონელებს, არამედ მთლიანად პრემიერლიგას დააკლდა."
პირველ სეზონში ტრავმამ არ მისცა ბოლომდე გახსნის შესაძლებლობა, ხოლო 2007-08 წლის სეზონში ბალაკი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახლდათ, „არისტოკრატები" აქტიურად იბრძოდნენ ყველა ფრონტზე. ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის ტრიუმფალური ფინიშისკენ მიმავალი გზის ბოლოს მათ მანჩესტერი იუნაიტედი გადაეღობა, ამ ყველაფერს დაემატა ლამპარდის დედის გარდაცვალება, რა პერიოდშიც მიხაელმა იკისრა გუნდის ლიდერობა. 36-ე ტურში - საჩემპიონო თამაშში, სტემფორდ ბრიჯზე, იუნაიტედს დუბლი შეუსრულა და პირადად მოუგო ის თამაში, ანგარიშით 2-1, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და 38 ტურის თავზე ოქროს მედლები „წითელ ეშმაკებს“ დარჩათ.

მოსკოვში გამართულ ფინალში „ბალა" კვლავ ცივსისხლიანი იყო და პენალტიც ზუსტად შეასრულა, მაგრამ ჯერ იყო და ჯონ ტერის აუსრიალდა ფეხი, შემდგომ ნიკოლა ანელკამ დაარტყა ცუდად. ბალაკი ჩაიკეცა და ატირდა... მორიგი უიღბლობა. ორ თვეში მეცამეტე ნომერს ევროპის ჩემპიონატზე უნდა ელიდერა გუნდისთვის, ჯგუფში წარმატებული სტარტის შემდეგ გუნდი მოულოდნელად ხორვატიასთან დამარცხდა და ბოლო ტურის წინ ნაკრების გასვლა-არგასვლა ბეწვზე ეკიდა. აქ ბალაკმა ლიდერობა იკისრა და ისეთი ჯარიმა დაუბზრიალა მოედნის ცენტრიდან ავსტრიელებს, დღემდე რომ ჩემპიონატების ერთ-ერთ საუკეთესო გოლად ითვლება. 1/4 ფინალში პირველი ადგილით გასულ ფავორიტს - რონალდუს პორტუგალიასაც შეუგდო და 1/2 ფინალში თურქებთანაც ულიდერა გუნდს, ფინალამდე კი დაზიანება მიიღო. ბალაკი ვერ აიტანდა კიდევ ერთი დიდი ფორუმის ფინალის გამოტოვებას, ამიტომაც გამაყუჩებლებით თამაში მოითხოვა, ბუნებრივია, ტრავმამ დაღი დაასვა მის თამაშს და გერმანიამ ეს ფინალიც წააგო. 6 წლის შემდეგ ბალაკმა ორ თვეში კვლავ სამი ვერცხლი მოინადირა.
2009 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ბარსასთან 1:1-ზე ლამპარდის ჩაწოდებულ ბურთს ბალაკი დაჰკრავს და თითქოს გოლი გარდაუალია, მაგრამ დანი ალვეშის ხელი უკუაგდებს ბურთს, ამ თამაშში, მსაჯმა არაერთხელ შესცოდა, ეს კი უკანასკნელი წვეთი იყო. ალბათ, არ არსებობს ფეხბურთის მოყვარული არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ ახსოვს როგორ მისდევენ ტომ ჰენინგ ოვრებოს ბალაკი და დროგბა, მაგრამ ნორვეგიელმა ამოსტვინა, ანგარიში 1-1 და ბარსა ფინალშია, მორიგი მძიმე დარტყმა მიხაელს.

2010 წელს, როგორც იქნა, გერმანელმა პრემიერლიგა დააგემოვნა. პარალელურად მშვენიერ ფორმაში იყო და ნაკრებს ლიდერობდა, ბუქმეიკერების აზრით, 2010 მსოფლიო ჩემპიონატი ბალაკის ლიდერობით გერმანიას უნდა მოეგო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა იღბალი და კევინ-პრინც ბოატენგი, რომელმაც სათასო შეხვედრაში (ჩელსი-პორსმუტი - 1:0 ) მიხაელს უმძიმესი ტრავმა მიაყენა. ბევრს საუბრობდნენ მის დაბრუნებაზე, ბუნებრივია, ასაკში მყოფმა ფეხბურთელმა ძველი ფორმა ვერ აღიდგინა. იოახიმ ლიოვმა შესთავაზა 2 თამაში ეთამაშა და ბუნდესნაკრების ცენტურიონი გამხდარიყო, მაგრამ „ბალა" მოიქცა ისე, როგორც მებრძოლი და სამართლიანი ადამიანები იქცევიან.
„ეს არასწორია, მე მართალი არ ვიქნები სხვებთან." - თქვა და არ მიიღო შეთავაზება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცენტრალურ ნახევარმცველს 98 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი და ნაკრების ბომბარდირთა ათეულშია. დამერწმუნებით, ცენტრალური ნახევარმცველისთვის დიდებული ციფრია, მეტიც, ზოგიერთი ტოპ ნაკრების ბომბარდიერთა სათავეში თავისუფლად მოექცეოდა მიხაელი ამ შედეგით. ბალაკმა ჩელსი 2010 წელს დატოვა და ლევერკუზენს დაუბრუნდა, იმ გუნდს რომელშიც, ალბათ, ყველაზე შინაურულად გრძნობდა თავს, ორი სეზონი გააგორა და „ფარმაცევტებს" ჯერ ევროპა ლიგაზე, შემდეგ წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარა, კიოლნსაც აგინა და ლევერკუზენის ფანებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი.
2013 წელს ლაიფციგში მიხაელის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. ბალაკის მეგობრები და მსოფლიო ნაკრები რუდი ფიოლერმა და ჟოზე მოურინიომ გაიყვანეს მოედანზე, „ბალამ" აქაც უბრალოება გამოავლინა. ხშირად გამოსამშვიდობელ საღამოებზე მოთამაშეები ტოპ პერსონებს პატიჟებენ, რომლებთანაც არც თუ ისეთი კარგი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონოდათ კარიერის განმავლობაში, გერმანელმა კი სამეგობრო და, ჩვენებურად რომ ვთქვათ, „ჯიგარი საძმაკაცო“ შეკრიბა, ფეხბურთელებთან ერთად ლეგენდა მიხაელ შუმახერიც აგორებდა ბურთს, ბალაკი დიდსულოვნად მოიქცა, თვით ფილიპ ლამსაც წყენა არ გაუხსენა და თამაშზე დაპატიჟა. ტრაგიკული და უიღბლო ფეხბურთელი ბოლო თამაშზე ბევრს იღიმოდა, ტრადიციისამებრ, გოლებიც ყარა და მაყურებელთან მიმართვის შემდეგ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.

გერმანელი ნახევარმცველის ტრაგედიები მოედანს მიღმაც გაგრძელდა, 2021 წლის ზაფხულში მიხაელ ბალაკის 18 წლის ვაჟი - ემილიო ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
ბალაკი დღესაც აქტიურადაა ჩართული ფეხბურთში: გადის სამწვრთნელო და მენეჯმენტის კურსებს, არის კეთილი ნების ელჩი და იმედია, ერთ დღესაც „ვერცხლის კაცი“ მწვრთნელის ან სპორტული დირექტორის ამპლუაში დაუბრუნდება ფეხბურთს და ოქროსაც დაიბევებს. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, ჯილდო ყოველთვის როდი ასახავს ფეხბურთელის სიდიადეს, მიხაელი იყო ის მოთამაშე, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს აკლია - მებრძოლი, ლიდერი, მოთამაშე, რომელიც ერთნაირად კარგად თამაშობდა რამდენიმე პოზიციაზე. მას ჰქონდა ძლიერი დარტყმა, გრძელი პასი, მეორე სართულზე ბრწყინვალედ თამაშის უნარი, ცივსისხლიანობა. „ბალამ" ყველაფერი გააკეთა და ყველა გუნდში, სადაც კი ითამაშა, ლიდერი იყო. უბრალოდ ასეც ხდება - ზოგჯერ მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული გამარჯვება. იღბალმა მას ზურგი აქცია, მაგრამ დაგვიტოვა მოგონებები „ვერცხლის კაცზე,“ რომელმაც მე და ბევრ ტყავის ბურთის მოყვარულს შეაყვარა ეს საოცარი თამაში.
არსებობენ საუკეთესოები, მეფეები, ღმერთები, და ა.შ. მე ვერ ვიტყვი, რომელში გადის მიხაელი (ალბათ, სუბიექტური ვიქნები), მაგრამ ერთი კი ვიცი, ბალაკი არის ფეხბურთში ჩემი პირველი სიყვარული. პირველ სიყვარულს ხომ ვერაფერი შეედრება... ჰო, და რომ არა „ვერცხლის კაცი", მე შესაძლოა, დღეს ფეხბურთი საერთოდ არ შემყვარებოდა.
მადლობა, „ვერცხლის კაცო!"
ავტორი: ბაკურ ხუბულავა















