ქართველი თავდამსხმელი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მოქმედებდა, ცენტრში კი ვხედავდით ალექსანდერ ლაკაზეტს - ასეთი იყო ოლიმპიკის დამრიგებლის, პიერ საჟეს გადაწყვეტილება. "თავადებთან" მატჩის წინ, რონელთა თავკაცმა სწორედ ფრანგი და ქართველი ფორვარდების პოზიციის განაწილების შესახებ ისაუბრა:
"ლაკაზეტი და მიქაუტაძე? ორი ვარიანტი მაქვს - გადავანაწილო მათ შორის სათამაშო დრო ან ორივე მათგანი ერთდროულად ვათამაშო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლავირების საშუალება მაქვს", - აცხადებდა ფრანგი თავკაცი.
როგორც ვხედავთ, ცდამ არ გაამართლა, "ლომებმა" "მონეგასკებთან" უშანსოდ წააგეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი ქართველმა თავდამსხმელმა გააკეთა -
"საჟემ მითხრა, რომ ამ პოზიციაზე ვჭირდებოდი. ვეცდები ლიონისთვის მაქსიმუმი გავაკეთო, მაშინაც კი, როდესაც ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ. თავს ყველაზე კომფორტულად ცენტრში ვგრძნობ, მაგრამ სადაც პიერი მეტყვის, იქ ვითამაშებ", - განაცხადა ჟორჟმა.
თავად ფრანგმა მწვრთნელმა კი ოლიმპიკის თავდამსხმელის შესახებ განაცხადა:
"მიქაუტაძე ფლანგზე? - წარსულში მას აღნიშნულ პოზიციაზე უკვე უთამაშია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჟორჟის იდეალური პოზიცია, მაგრამ იმ მომენტში ასე იყო საჭირო".
ამ დროისთვის რონელთა თავკაცის გუნდს 2 ტურის შემდეგ 0 ქულა და 0 გატანილი ბურთი აქვს.
ქართველი თავდამსხმელის კარიერაში პოზიციასთან დაკავშირებული გაურკვევლობები აქამდეც ყოფილა. როგორც გვახსოვს, ამსტერდამის აიაქსში მას ასევე არ ათამაშებდნენ ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე, რის გამოც "ლომების" შემტევს 6 თვეში კლუბის დატოვება მოუწია. იგივე პრობლემამ, ამჯერად მშობლიურ ლუმიერზეც იჩინა თავი?!

ისიც გვახსოვს, რომ საჟეს გუნდში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა 23 წლის შემტევისთვის სწორედ ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშის შესაძლებლობა იყო. ბოლოს კი რამდენიმე სტატისტიკური მაგალითი, თუ როგორი პროდუქტიულია ლიონის 69-ე ნომერი ფორვარდად თამაშის დროს, სხვა პოზიციებთან შედარებით:
მიქაუტაძემ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ჩაატარა 104 შეხვედრა, რომელშიც გაიტანა 62 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ქართველ ფორვარდს საკლუბო კარიერაში საერთო ჯამში 74 ბურთი აქვს გატანილი (მეცის ბ გუნდში გატანილ გოლებს თუ არ ჩავთვლით).
















