ტუხელი მთავარ ნაკრებში, კარსლი ახალგაზრდულში
გერმანელი მწვრთნელის მოყვანამდე, ბრიტანეთში სხვა კანდიდატებს განიხილავდნენ. საუბარი იყო პეპ გუარდიოლაზე, თუმცა ის მინიმუმ მომავალ ზაფხულამდე მანჩესტერ სიტის დატოვებას არ აპირებს. გარეთ საუთგეიტის წასვლის შემდეგ, ალბიონელებს ხელძღვანელობდა ლი კარსლი, რომლისთვისაც იუნიორებთან მუშაობა უფრო კომფორტულია.
ირლანდიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ინგლისმა გამარჯვება მოიპოვა სამ შეხვედრაში, თუმცა შემდეგ, იყო მარცხი საბერძნეთთან. ტომასის მოსვლამდე, ანუ წლის ბოლომდე, "3 ლომის" ამჟამინდელ დამრიგებელს კიდევ 2 მატჩის გამართვა მოუწევს. მეტოქეები იქნებიან მისთვის მშობლიური ირლანდია და კიდევ ერთხელ, ელადელები.

ტუხელის უპირატესობები
არსებობს მოსაზრება, რომ გერმანელი მწვრთნელი ბრიტანელებისთვის იდეალური კანდიდატია. განვიხილოთ მისი ძლიერი მხარეები. ახალი იდეების მოფიქრებისა და არსებულ გარემოებებთან ადაპტირების უნარი, საკმარისია გავიხსენოთ ვულვზთან გამართული მატჩი, ლონდონის ჩელსიში მუშაობის დროს, როდესაც ტომასმა ახალი სქემა პირდაპირ თვითმფრინავში მოიფიქრა.
სამი მცველი შეტევის დროს, ხუთი მცველი დაცვისას და პრესინგი - ეს არის ფორმულა, რომლითაც "არისტოკრატებმა" მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ალბიონელთა მომავალი დამრიგებელი ქადაგებს პოზიციურ ფეხბურთს და ეს არის ის, რაც ასე აკლია ამ გუნდს. აღნიშნული სტილით თამაშის მცდელობა ჰქონდა საუთგეიტსაც, მაგრამ უშედეგოდ.

51 წლის მწვრთნელის ძლიერ მხარედ ასევე ითვლება კონკრეტულ მოწინააღმდეგეებთან მომზადების პროცესი. გავიხსენოთ მისი მოღვაწეობის პერიოდი პარის სენ-ჟერმენში, როდესაც ტუხელმა ფრანგული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა. იმ დროს მძვინვარებდა კორონავირუსის პანდემია და პლეი-ოფები ერთ მატჩიანი იყო.
გერმანელი მწვრთნელის უპირატესობად ასევე ინგლისში მუშაობის გამოცდილება ითვლება. ამის გარდა, მისი ხელმძღვანელობით თავისი საუკეთესო თამაში "3 ლომის" რამდენიმე წევრმა აჩვენა. ბაიერნის სათადარიგოთა სკამისთვის განწირული ერიკ დაიერი ტომასის ხელში იქცა ძირითადის უცვლელ წევრად, მეისონ მაუნტმა სეზონი დაასრულა 21 შედეგიანი მოქმედებით, რის ჯეიმსი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველი იყო.

ბოლო სამუშაო ადგილი
ბრიტანელების ახალი მთავარი მწვრთნელის უკანასკნელი სამუშაო ადგილი იყო მიუნხენი, სადაც ის დაინიშნა 2023 წლის მარტში, იულიან ნაგელსმანის გაშვებუს შემდეგ. სტარტი გამოდგა წარუმატებელი: ჩემპიონთა ლიგაზე წაგება სიტისთან, გერმანიის თასიდან გამოვარდნა და ბუნდესლიგის ჩემპიონობა, რომელიც მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ დორტმუნდის ბორუსიამ მაინცთან მოგება ვერ შეძლო.
გასულ სეზონში კი "რეკორდმაისტერი" საერთოდ ტიტულების გარეშე დარჩა. განსაკუთრებით სენსაციური იყო მარცხი გერმანიის თასზე, მესამე დივიზიონის ბინადარ საარბრიუკენთან. ბავარიელებმა დააფიქსირეს რამდენიმე ახალი ანტი-რეკორდი, მაგალითად: ყველაზე მეტი წაგება ერთ სეზონში 2010 წლის შემდეგ.

ადგილობრივი პრესა წერდა, რომ ლევერკუზენის ბაიერთან მარცხის შემდეგ, 51 წლის მწვრთნელმა გასახდელზე კონტროლი დაკარგა. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ბუნდესლიგის ჩემპიონები პირველად თავის ისტორიაში გახდნენ "ფარმაცევტები", ალიანც არენას ბინადრები კი მხოლოდ მათ შემდეგ იყვნენ.
რაც შეეხება ევროტურნირებს, ტუხელის გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც მადრიდის რეალთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა. იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ბაიერნის უფროსობა განიხილავდა გერმანელი დამრიგებლის დატოვებას, მაგრამ მან თავისი ნებით წასვლა გადაწყვიტა. უქმად ყოფნის პერიოდში კი ტომასმა უარით გაუსტუმრა მანჩესტერ იუნაიტედი, საუთგეიტის საქმის გაგრძელების მოტივით.


















