იქამდე ექვსი წელია, ასე რომ, ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის FIFA-ს დიდი დრო ექნება. მოლოდინი კი დიდია, ასი წლის იუბილემ დასამახსოვრებლად უნდა ჩაიაროს.
რაც შეეხება 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ხმათა უმრავლესობით მასპინძლობის უფლება საუდის არაბეთმა მოიპოვა. 211 ხმოსანი წევრიდან მხოლოდ ნორვეგიამ გამოთქვა პროტესტი, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი ვერ იქნებოდა. თანაც, აქამდე თუ დამატებითი კითხვები არსებობდა არაბეთში მუნდიალის ჩატარებაზე, კატარის ჩემპიონატმა ეს კითხვები მოხსნა, ორგანიზებას მშვენივრად გაართვეს თავი და ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონატიც ვიხილეთ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, 2034-ში ისევ ზამთრის მუნდიალი ვნახოთ.

საუდის არაბეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 48-გუნდიან ტურნირს მარტო უმასპინძლებს. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი იქნება 48-გუნდიანი ფორმატით, მაგრამ სამ ქვეყანაში ჩატარდება - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. 2030 წლის მუნდიალზე კი უკვე ითქვა. ასე რომ, საუდის არაბეთს დიდი გამოწვევა ელის წინ.
ისევ ზამთარში?
ივნისისა და ივლისის თვეში ტემპერატურა 32-დან 38 გრადუსამდე მერყეობს. ამ დროს საუდის არაბეთში ფეხბურთის თამაში არ ღირს, მათ ოფიციალურ განაცხადში აღნიშნული აქვთ, რომ ტურნირის ჩატარების პერიოდზე მოლაპარაკებები გახსნილია. უკვე არსებობს ზამთრის მუნდიალის პრეცენდენტი, მაგრამ კატარში ჩატარებული ჩემპიონატის მსგავსად (ნოემბრიდან-დეკემბრამდე) ტურნირი საუდის არაბეთში ვერ ჩატარდება, ან დიდი დავა-კამათი მოჰყვება, რადგან 2034-ში ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე რამადანის მარხვაა, ამავე დროს გასათვალისწინებელია ჰაჯი - ესე იგი, მუსლიმთა პილიგრიმობა მექაში. ამ რელიგიური რიტუალის დროს მექას ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. ასე რომ, საუდის არაბეთში, ამ პერიოდში მსოფლიო ჩემპიონატი დიდად პრიორიტეტული ვერ იქნება.
სავარაუდო თვედ იანვარი რჩება, თუმცა, აქ სპონსორები ერთვებიან საქმეში და მოითხოვენ რომ ჩემპიონატი იქამდე დასრულდეს, სანამ ზამთრის ოლიმპიადა დაიწყება, რათა ერთმა ღონისძიებამ მეორე არ დაჩრდილოს და მაყურებელი არ წაართვას. და თუ ასე მოხდა, მაშინ, შიდა ჩემპიონატები, განსაკუთრებით ტოპ ჩემპიონატები გამოთქვამენ პროტესტს, რადგან ასეთ პირობებში ძალიან გაჭირდება ჩემპიონატის დროულად ჩამთავრება. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ჩაივლის რომ პროფესიონალურ ფეხბურთში დღითიდღე იზრდება პროტესტი გადატვირთული სათამაშო გრაფიკის თაობაზე.
მასპინძელი ქალაქები
მასპინძელ ქალაქებად, გარდა რიადისა და ჯიდასი, დაასახელეს ალ ხობარი, აბჰა და ნეომი, თუმცა, თხუთმეტი სტადიონიდან თორმეტი მხოლოდ ორ ქალაქში - რიადსა და ჯიდაში იქნება განთავსებული. ელ რიადში, სადაც კატართან შედარებით ორჯერ მეტი რაოდენობის ხალხი ცხოვრობს, რვა სტადიონი უმასპინძლებს შეხვედრებს, მათ შორის, King Salman International Stadium-ი, რომელიც 92 000 ადამიანს იტევს.

15-დან 11 სტადიონი ასაშენებელია, დანარჩენ ოთხს კი რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს. წინ ათი წელია, თუმცა, სამუშაოები დიდი და მასშტაბურია. ალბათ, იგივე გველის, რაც კატარში, მუშებს არაადამიანურ პირობებში მოუწევთ მუშაობა, ისინი ამას კარგი შემოსავლის გამო თანხმდებიან, ასეთ პირობებში რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, ამას მოჰყვა Human Right Watch-ის გამოხმაურებაც, მაგრამ არაბებს დიდად არ აინტერესებთ რაზე ჩივიან დასავლეთის ინსტიტუტები. მათ შორის, ისევ გახდება აქტუალური ქალაქში ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა, უმცირესობების დასწრება თამაშებზე და ა.შ.
მემკვიდრე პრინცი
მუჰამედ ბინ სალმანი დიდი სახელია მსოფლიო პოლიტიკაში და უკვე მსოფლიო ფეხბურთშიც. კარგი სტრატეგია და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადამიანად ითვლება არაბეთში. მის სახელს უკავშირდება იემენში გაჩაღებული ომი, უამრავი ადამიანის სიკვდილით დასჯა და The Washington Post-ის ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგჯის სასტიკი მკვლელობა. მაგრამ აქამდე ვერავინ ვერაფერი დააკლო და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვამ პირდაპირ დადო დასკვნა და პრინცი მკვლელობის დამკვეთად მოიხსენია თავად ამერიკასაც კი არ შეუწყვიტავს მასთან სტრატეგიული პარტნიორობა.
არც დიდ ბრიტანეთს დაუხევია უკან, პრინცი ხომ ნიუკასლ იუნაიტედის აქციების მფლობელია, ხაშოგჯის ცოლმა წერილიც კი მისწერა პრემიერ ლიგის ბოსებს, ეს კაცი მკვლელია და არ გაქვთ უფლება მასთან ბიზნესი აკეთოთო, მაგრამ ფული ჯოჯოხეთთან ერთად ბრიტანეთსაც ანათებს, ასე რომ გზა გაუხსნეს და ნიუკასლ იუნაიტედმა ახალი ცხოვრება დაიწყო.
მოდი, მივყვეთ დაწვრილებით, აქამდე სად და როგორ ფიგურირებდა ბინ სალმანი და საუდის არაბეთი. პრინცი, რომელიც ათი წლის თავზე, შესაძლოა, უკვე მეფე იყოს.
კატარისა და საუდის არაბეთის კონფლიქტი
გარდა ხაშოგჯის გახმაურებული საქმისა, ბინ სალმანის ინგლისურ ბაზარზე შესვლას სხვადასხვა საკითხები აბრკოლებდა, 2020 წელს შეთანხმება თითქოს შედგა, მაგრამ შემდგომ პრემიერ ლიგამ პროცესი გააჩერა. მათ ღიად განაცხადეს, რომ კლუბის მმართველობაში საუდის არაბეთის ჩარევას ვერ დაუშვებდნენ. სპარსეთის ყურის სამეფოს რამდენიმე ტესტის ჩაბარება მოუწევდა. პირველი და ყველაზე მწვავე ტესტი იყო სატელევიზიო უფლებების დარღვევა, არ აქვს მნიშვნელობა, ითვლება თუ არა დანაშაულად გარკვეული ქმედება მათ იურისდიქციაში, მთავარია, როგორ ფასდება ეს ქმედება დიდ ბრიტანეთში. საუდის არაბეთის სატელევიზიო კომპანია BeoutQ აკეთებდა იმას, რასაც ქართული არხები აკეთებდნენ 90-იანებში, ისინი იპარავდნენ ტრანსლაციას, რომელშიც BeIN Sports-ს მილიარდები ჰქონდა გადახდილი. ეს კომპანია კი, მოგეხსენებათ, ნასერ ალ-ხელაიფის მფლობელობის ქვეშ არის, პსჟ-ის მმართველის. საუდის არაბეთის პირატული არხი იპარავდა პრემიერ ლიგის მატჩებსაც, ეს კი, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. BeIN Sports-ის ხელმძღვანელები მოითხოვდნენ, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო და 2020 წელს თავისას მიაღწიეს.

Daily Mail-ის ცნობით, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, პირველი წერილი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს, 2020 წლის ივნისში გაუგზავნა. წერილში ნათქვამი იყო, რომ დიდი ბრიტანეთისა და საუდის არაბეთის ურთიერთობები დაზიანდებოდა, თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა - „იმედი გვაქვს, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გადახედავს თავის განაჩენს“.
2020 წლის დეკემბერში BeIN Sports-მა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს პრემიერ ლიგასთან, გადაიხადა დაახლოებით 500 მილიონი იმისათვის, რომ მთელ ახლო აღმოსავლეთში უზრუნველყოს პრემიერ ლიგისა და პრემიერ ლიგის კლუბების თამაშების ტრანსლირება, ყველა ტურნირზე. ნიუკასლი იყო ერთადერთი კლუბი, რომელმაც ამ ხელშეკრულებაზე უარი თქვა.
დიდი შერიგება
საუდის არაბეთი ჯერ კიდევ 2017 წლიდან მოყოლებული კრძალავდა ქვეყანაში BeIN Sports-ის მაუწყებლობას. 2020 წლის ნოემბერში პრინცი მუჰამედი იწყებს ბაიდენის ადმინისტრაციისათვის სასურველი ნაბიჯების გადადგმას. როგორც კი დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხდა, ბინ სალმანმა ახალი მოკავშირის ძებნა დაიწყო, რადგან ბაიდენის მხრიდან მუქარაც ისმოდა, მოგვიანებით ურთიერთობები დაალაგა, ახლა კი, დონალდ ტრამპის მეორედ არჩევის პირობებში გაცილებით მეტი თავისუფლება ექნება დასავლეთში გავლენის გასაზრდელად.
ტრამპი მხარდაჭერას უცხადებდა ახალგაზრდა პრინცს მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის აგენტებმა 2018 წელს სასტიკად მოკლეს ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგჯი. მხარდასაჭერი სიტყვების პოვნა კი ძალიან რთული იყო, რადგან მოხსენება უკვე გამოქვეყნებული ჰქონდათ ამერიკის სადაზვერვო სამსახურსა და გაეროს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მსგავსი დანაშაული პრინცის ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ხოლო ბაიდენი საჯაროდ საუბრობდა ამ ამბავზე და ამბობდა, რომ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები გადაიხედებოდა. ბაიდენის ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე, საუდის არაბეთში მოეწყო სამიტი, სადაც მოკავშირეებმა, საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ გადაწყვიტეს, რომ აღადგენდნენ ურთიერთობას კატართან.
როცა ლიდერები შეიკრიბნენ ისტორიულ ადგილზე, ალულაზე, საუდის არაბეთის პრინცი გულთბილად მიესალმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის, კატარის ემირს. ამერიკაში ცვლილებებს ახლო აღმოსავლეთშიც ცვლილებები მოჰყვა. საუდელებმა შეატყობინეს კატარს, რომ BeIN Sports-ის მაუწყებლობა აღდგებოდა, შესაბამისად, საჩივარი, რომლითაც პრემიერ ლიგას ალ-ხელაიფიმ მიმართა, საქმიდან გაიტანეს. შემდეგი ნაბიჯი იყო მოლაპარაკებები გარი ჰოფმანთან, პრემიერ ლიგის თავმჯდომარესთან, რომელიც მოითხოვდა გარანტიებს, რომ საუდის არაბეთი არ ჩაერეოდა კლუბის მართვაში, როგორც ოფიციალურ განცხადებაში ითქვა, ჰოფმანმა იურიდიული გარანტიები მიიღო, რომ ასე არ მოხდებოდა, მაგრამ, ეს გარანტიები აქამდე არავის უნახავს.

ამანდა სტეივლიმ (ნიუკასლის მმართველი დირექტორი, კლუბი დატოვა 2024 წლის ზაფხულში) განაცხადა, - „PIF მიიღებს მმართველობაში მონაწილეობას, ისევე, როგორც The Reuben Brothers-ის მმართველები, მაგრამ PIF და საუდის არაბეთი ერთმანეთთან კავშირში არ არიან.“
„აბსოლუტური სისულელეა, - ამბობს მოლაპარაკებებში მონაწილე პირი, - პრემიერ ლიგა ამას აკეთებს იმისათვის, რომ თავის გასამართლებელი საშუალება ჰქონდეთ ხაშოგჯის საქმესთან დაკავშირებით, მათ უნდათ, თქვან - ჩვენს გვაქვს საქმე PIF-თან, და არა საუდის არაბეთთან, მაგრამ როგორ ახსნით იმას, რომ მუჰამედ ბინ სალმანმა წერილი მისწერა ბორის ჯონსონს ამ გარიგების თაობაზე?“
რატომ არის PIF-ი და საუდის არაბეთი ერთი და იგივე
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ადამიანის უფლებებს, მაგრამ ჩვენი პარტნიორი არის PIF-ი და არა საუდის არაბეთი“, - განაცხადა თავის დროზე ამანდა სტეივლიმ.
სტეივლი და მეჰრდად გოდუსი კლუბის 10%-იან წილს ფლობდნენ, PCP Partners-ის სახით, თუმცა, ამანდამ წასვლის წინ თავისი წილი გაყიდა. The Reuben Brothers-ი ასევე 10%-ს ფლობს, კომპანიას დევიდ და საიმონ რუბენები მართავენ, ხოლო საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (Public Investment Fund - PIF) 80%-ს ფლობს.
პრობლემა ნათელია და არავისთვის არის დასამალი. PIF-მა ორი წლის წინ PR-კომპანია დაიქირავა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაიგივება არ მომხდარიყო საუდის არაბეთთან და რაც შეიძლება დისტანცირებული გამხდარიყო. მაგრამ, ფონდი და სახელმწიფო ერთმანეთისაგან განუყოფელნი არიან, როგორც პრემიერ ლიგამ ორი წლის წინ ოფიციალურ განცხადებაში თქვა: „კომპანიის დირექტორები ინიშნებიან სამეფო ბრძანებულებით და საბჭოს წევრები ამავდროულად არიან საუდის არაბეთის მინისტრები, შესაბამისად, კომპანიის პირდაპირი მიზანია ემსახუროს საუდის არაბეთის ეროვნულ ინტერესებს."
ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, მართალია ტელეტრანსლაციების პრობლემა მოგვარდა, მაგრამ კომპანიის საბჭოში კვლავ საუდის არაბეთის მინისტრები არიან. პრემიერ ლიგის მორიგ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიიღეს გარანტიები - საუდის არაბეთი არ ჩაერევა კლუბის მართვაში, მაგრამ რა იურიდიულ გარანტიებზეა საუბარი, არავის დაუკონკრეტებია.

„საუდის არაბეთში განცალკევებულია ინსტიტუციური კულტურები, მაგრამ მთელი ძალაუფლება მეფისგან მოდის.“ - ამბობს ბრედლი ჰოუპი, ჟურნალისტი და თანაავტორი წიგნისა „სისხლი და ნავთობი“. „კომპანიის მმართველი მუჰამედ ბინ სალმანია, საუდის არაბეთის პრინცი და მეფის მემკვიდრე, ეჭვიც არ მეპარება, რომ PIF-სა და ნიუკასლს მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ საუდის არაბეთის პოლიტიკურ ინტერესებში“ - ამბობს ბრედლი.
1970-იან წლებში საუდის არაბეთს იმდენი ფული ჰქონდა, რომ სად დაეხარჯა, არ იცოდა. ამიტომ, შექმნეს სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც ერთგვარი შემნახველი ანგარიშის როლს ასრულებს. ანალოგიური ფონდი აქვს კატარს, რის მეშვეობითაც შეიხმა 2011 წელს პსჟ შეიძინა. გარდა ნიუკასლისა, ფონდმა დიდი ინვესტიცია გაიღო ისეთი კომპანიებისათვის, როგორებიცაა Uber-ი, Disney და Starbucks-ი, მაგრამ ნიუკასლთან შედარებით ეს გაცილებით მცირე ინვესტიცია იყო და ვერც ამონაგები იქნება მაღალი.
სუვერენული ფონდები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში არ აქვთ, იგივე პრაქტიკა გვხვდება ნორვეგიაშიც, სადაც ყველაზე დიდი სუვერენული ფონდი საპენსიო ფონდის ფუნქციას ასრულებს. განსხვავებით აღმოსავლური ფონდებისაგან, ნორვეგიის სუვერენულ ფონდს არ აქვს პრეტენზია და არც არავისთვის სჭირდება თავის მოჩვენება, რომ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოქმედებს, პირიქით, ყველასათვის ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროსგან იმართება.
„სუვერენული ფონდის შექმნის აზრი არის ის, რომ სახელმწიფო ინტერესები გატარდეს.“ - ამბობს კრისტიან ურლიხსენი, ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორი. – „არ ვიცი, პრემიერ ლიგას რა იურიდიული გარანტიები შეიძლებოდა, რომ მიეღო, ახლა ამის განსაზღვრა არ შემიძლია, თუმცა, საკითხი სხვაგვარად უნდა დაისვას - იმსახურებს თუ არა ეს გარანტიები ნდობას?“
„სუვერენული ფონდის შექმნის აზრი არის ის, რომ სახელმწიფო ინტერესები გატარდეს.“ - ამბობს კრისტიან ურლიხსენი, ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორი. – „არ ვიცი, პრემიერ ლიგას რა იურიდიული გარანტიები შეიძლებოდა, რომ მიეღო, ახლა ამის განსაზღვრა არ შემიძლია, თუმცა, საკითხი სხვაგვარად უნდა დაისვას - იმსახურებს თუ არა ეს გარანტიები ნდობას?“
ე.წ. რუსული კანონი
1938 წელს, აშშ-მა მიიღო კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, რომელიც უცხოელი აგენტებისგან მოითხოვს, რომ თუ აგენტი ატარებს რომელიმე სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს, ამ საქმიანობის შესახებ იქნეს გამჟღავნებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ საჯარო დოკუმენტი, ამერიკის იუსტიციის სამინისტროში, რომელიც შეტანილ იქნა 2019 წლის თებერვალში, KARV Communications-ის მხრიდან (საუდური კომპანია). სტრატეგიული საკომუნიკაციო ფირმა მდებარეობს ნიუ იორკში, ის კი პირდაპირ კავშირშია PIF-თან, დოკუმენტს ხელს აწერენ ალ-რუმაიანი და ენდრიუ ფრანკი, კომპანიის პრეზიდენტი და ბილ კლინტონის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი.
დოკუმენტი მოითხოვს, რომ კომპანიამ ღიად დაადასტუროს ქვეყანაში საქმიანობის მიზანი, დაადასტუროს მკაფიო განსხვავება კომპანიასა და საუდის არაბეთს შორის და წარადგინოს მოხსენება ბიზნესმიზნების შესახებ. საბოლოოდ კი ვიღებთ ასეთ სურათს, ფონდს აქვს კომერციული მიზნები, მაგრამ საბოლოო შემოსავალი და მოგება, საუდის არაბეთის ინტერესებში შედის. დიდ ბრიტანეთში კი მსგავსი კანონი არ მოქმედებს. არავინ არის ვალდებული, საკუთარი პოლიტიკური ან ბიზნესინტერესების შესახებ ისაუბროს. მხოლოდ ეჭვის გამოთქმაა შესაძლებელი, რომელიც პრემიერ ლიგამ გამოთქვა და გადაწყვეტილებაც მიიღო, მაგრამ, შემდგომ პერიოდში თავადვე შეცვალა ვერდიქტი.
დოკუმენტი მოითხოვს, რომ კომპანიამ ღიად დაადასტუროს ქვეყანაში საქმიანობის მიზანი, დაადასტუროს მკაფიო განსხვავება კომპანიასა და საუდის არაბეთს შორის და წარადგინოს მოხსენება ბიზნესმიზნების შესახებ. საბოლოოდ კი ვიღებთ ასეთ სურათს, ფონდს აქვს კომერციული მიზნები, მაგრამ საბოლოო შემოსავალი და მოგება, საუდის არაბეთის ინტერესებში შედის. დიდ ბრიტანეთში კი მსგავსი კანონი არ მოქმედებს. არავინ არის ვალდებული, საკუთარი პოლიტიკური ან ბიზნესინტერესების შესახებ ისაუბროს. მხოლოდ ეჭვის გამოთქმაა შესაძლებელი, რომელიც პრემიერ ლიგამ გამოთქვა და გადაწყვეტილებაც მიიღო, მაგრამ, შემდგომ პერიოდში თავადვე შეცვალა ვერდიქტი.
„ეს რბილი ძალის თამაშია, ისევე, როგორც აბუ დაბის ინვესტიცია მანჩესტერ სიტიში. საუდის არაბეთი ფრთხილად დაიწყებს მოქმედებას და, საერთო ჯამში, ეფექტიანად გამოიყენებს პოზიტიურ იმიჯს იმის გადასაფარად, რაც მათ ქვეყანაში ხდება.“ - ამბობს London School of Economics-ის პროფესორი შტეფან ჰერცოგი.
საზარელი დანაშაული
ჯამალ აჰმად ხაშოგჯის პრობლემები 2017 წლიდან იწყება, ეს არის წელი, როცა საუდის არაბეთის მეფის ერთ-ერთი შვილი, მუჰამედ ბინ სალმანი მემკვიდრედ გამოცხადდა. ნელ-ნელა იწყება ხაშოგჯის დისკრიმინირება და დევნა. მას უკრძალავენ წერას Twitter-სა და სხვა სოციალური ქსელის საშუალებებზე, მისი სიტყვა აბსოლუტურად შეზღუდულია. როგორც Deutsche Welle-ს დოკუმენტურ ფილმში საუბრობენ, ხაშოგჯის ეშინია საკუთარი უსაფრთხოების გამო და ქვეყანას ტოვებს, ქვეყნის დატოვების გამო უწევს განქორწინება მეორე ცოლთან. მცირე ხანში კი ხდება ის, რასაც მუჰამედ ბინ სალმანი ყველაზე მეტად უფრთხოდა, ხაშოგჯი ისევ იწყებს წერას, არა მხოლოდ Twitter-ზე, არა მხოლოდ რომელიმე მორიგ გამოცემაში, არამედ The Washington Post-ში, რომელიც დასავლური მედიის მთავარ ხმად მიიჩნევა.

„საუდელთათვის ეს იყო ყველაზე სახიფათო რამ, რაც კი შეიძლებოდა მათ თავს მომხდარიყო, მათი ქვეყნიდან გაქცეული კაცი წერს გამოცემაში, რომელსაც მთელი მსოფლიო კითხულობს, მათ შორის, აშშ-ის მმართველები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთთან პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ.“ - ამბობს ხალედ საფორი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ჯამალ ხაშოგჯის მეგობარი.
ის უდიდესი ინვესტიცია, რომელიც პრინცმა საკუთარი და ქვეყნის იმიჯის შექმნისათვის გაიღო, დასავლურ ბაზარზე პოზიციონირებისათვის, ჯამალ ხაშოგჯიმ ერთი ხელის მოსმით ჩამოშალა. სიმართლეს ვერაფერს დაუპირისპირებ, უბრალოდ, ძალიან ცოტას ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ ყველაფერზე ისაუბროს, ჯამალს ეს გამბედაობა აღმოაჩნდა.
The Washington Post-ზე მუჰამედ ბინ სალმანის ფოტო გამოჩნდა, კრიტიკული სტატიის კვალდაკვალ, პარიზში, ლონდონში, ნიუ-იორკში, პრინცი ასობით მილიონს ხარჯავს პოზიტიური იმიჯისათვის, ხაშოგჯის ერთმა სვეტმა კი მისი იმიჯი გაანადგურა.“ - ამბობს სულტან ალ-აბდალი, საუდელი ადვოკატი და აქტივისტი.
გაუკეთეს რამდენიმე შეთავაზება, რომ დაბრუნებულიყო. საუდური ფონდის დასპონსორებული მთავარი მედიაჰოლდინგის მთავარ მენეჯერობასაც სთავაზობდნენ, მაგრამ ჟურნალისტი ყველაფერზე უარს ამბობდა. ყველაფერი დაიწყო იმ დღეს, როცა ჯამალ ხაშოგჯის სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში მისვლა დასჭირდა, ქორწინებისათვის საჭირო დოკუმენტების ასაღებად. ხაშოგჯი შენობაში შევიდა და იქიდან აღარ გამოსულა. ის უბრალოდ გაქრა. პირველად ხუთი დღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშოგჯი, შესაძლოა, აღარ ყოფილიყო ცოცხალი. მანამდე, სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის, ამბობდნენ, რომ ხაშოგჯი საუდის არაბეთში გაიტაცეს, მაგრამ ეს ვერსია მალევე უარყვეს, თავად პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა კი განაცხადა, - ხაშოგჯი რომ ჩემს ქვეყანაში იყოს, ამის შესახებ მეცოდინებოდაო.

6 ოქტომბერს საუდის არაბეთის კონსულმა მუჰამედ ალ-ოტაიბიმ საკონსულოში მიიწვია Reuters-ის ჟურნალისტები იმისათვის, რათა მათ ენახათ, რომ ხაშოგჯი შენობაში არ იმყოფებოდა. ეს უკვე ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება იყო, რადგან, მანამდე დადასტურებულად იცოდნენ, რომ ხაშოგჯი შენობაში შევიდა, მაგრამ ვერავინ ადასტურებდა, რომ მან შენობა დატოვა. საკონსულოს, რა თქმა უნდა, აქვს ვიდეოკამერები, მაგრამ კონსული ჩანაწერებს არ აქვეყნებდა.
„რაში გჭირდება CCTV სისტემა, თუ არაფერს არ იწერს, ან არ მუშაობს, აქ რაღაც რიგზე ვერ იყო.“ - ამბობს ჩარლზ შობრიჯი, სკოტლანდ იარდის ყოფილი დეტექტივი. საბოლოოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯამალ ხაშოგჯი შენობაში შესვლისთანავე მოკლა საუდის არაბეთიდან ჩამოსულმა მკვლელების ჯგუფმა, არის ვერსია, რომ გაგუდეს, არის ვერსია, რომ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით მოკლეს, არის ვერსიები, რომ მკვლელობის წინ აწამეს, ამის დადგენა ძალიან გართულდა, რადგან ჟურნალისტი მკვლელობის მერე დაანაწევრეს და ნაწილებად გაიტანეს შენობიდან. სწორედ ამიტომ გაჭირდა მისი მოძებნა.
აქ კი შეგიძლიათ იხილოთ Deutsche Welle-ს დოკუმენტური ფილმი ამ მკვლელობის შესახებ:
საუდის არაბეთის აბსოლუტური მონარქია ზღუდავს თითქმის ყველა პოლიტიკურ უფლებასა და სამოქალაქო თავისუფლებას, - ნათქვამია Freedom House-ის მოხსენებაში, - „რეჟიმი იყენებს თვალთვალს, დისკრიმინირებული არიან ქალები და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები.“ გაერომ დაადგინა, რომ ხაშოგჯის მკვლელობას გეგმავდნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ხოლო პრინცმა მათი ოპერაცია დაამტკიცა. საქმეშია თვითმფრინავები, რომელიც PIF-ს ეკუთვნის, სწორედ ეს თვითმფრინავები გამოიყენა 15-კაციანმა ჯგუფმა, რომელმაც ჟურნალისტი ხაშოგჯი სასტიკად მოკლა.
პრემიერ ლიგა და ზოგადად დიდი ბრიტანეთი ძალიან დიდი დილემის წინაშე დადგა, ისინი ან კარს გაუღებდნენ მუჰამედ ბინ სალმანს, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობასა და იემენის სამოქალაქო ომის შედეგად სისხლისღვრაში მთავარი ეჭვმიტანილია, ან უარს იტყოდნენ ძალიან ძლიერ ფინანსურ პარტნიორსა და ინვესტიციაზე. მორალი მკვდარია. „ღმერთი მოკვდა, ყველაფერი ნებადართულია.“ - თავის დროზე თეზისად გამოიტანეს ფედია დოსტოევსკის რომანიდან.
ამანდა სტეივლიმ ჯერ კიდევ 2011 წელს The Times-ს მისცა ინტერვიუ იემენის პრობლემებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დასავლეთი მეტად უნდა ჩაერთოს საქმეში. ეს კი მეტად ცინიკური ამბავია და აი, რატომ - სანამ იემენში სისხლისღვრა გრძელდებოდა, მანამდე დიდი ბრიტანეთი აგრძელებდა და ახლაც აგრძელებს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვას და მას მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს. წინა წლების ექსპორტმა 6,7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. იემენის ომში Human Rights Watch-მა დააფიქსირა მინიმუმ 90 საჰაერო თავდასხმა საუდის არაბეთის მხრიდან, მათ შორის, საავადმყოფოებსა და სკოლებზე.

სანამ მუჰამედ ბინ სალმანი მთავარ დამნაშავედ მიიჩნეოდა, 2019 წელს ამანდა სტეივლი მასთან იახტაზე მოლაპარაკებებს მართავდა, რათა ნიუკასლი გამოესყიდა. როგორც მინიმუმ, არაეთიკურია. საინტერესოა, რას ფიქრობს სტეივლი ჰატიჯე ჯენგიზზე, ჯამალ ხაშოგჯის საცოლეზე, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იბრძოდა იმისათვის, რომ ეს გარიგება არ შემდგარიყო და ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს მუდმივად უგზავნიდა წერილებს იმის შესახებ, რომ მისი საქმრო პრინცის დავალებით მოკლეს, თუმცა, როცა ერთი ადამიანის ინტერესი პოლიტიკურ ინტერესებს უპირისპირდება, იქ სამართლის პოვნა რთულია.
„საუდის არაბეთის სტრატეგია ნათელია, მათ სურთ, რომ სპორტული ღონისძიებები და სპორტსმენები გამოიყენონ პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად და ყურადღების გადასატანად.“ - ამბობს მიკი ვორდენი, Human Rights Watch-ის გლობალური ინიციატივების დირექტორი. ამ ყველაფრის კულმინაცია კი ათი წლის შემდეგ იქნება, როცა საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, რომლის ხელებიც დიდი ხანია სისხლშია გასვრილი, დიდი ალბათობით უკვე მეფე იქნება.















