დღეს მარტინ ოდეგორი მსოფლიო დონის ფეხბურთელია და მისი არყოფნა ბოლო კვირების განმავლობაში, არსენალზე ნამდვილად ცუდად აისახა. დღეს, რომ ნორვეგიელი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს იმის დამსახურებაა, რომ ფეხბურთელმა რეალი დროულად დატოვა და კარიერის გადარჩენაზე იფიქრა. ოდეგორმა ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ რვაჯერ ითამაშა მადრიდის რეალში... ისიც დიდი კონკურენციის "მსხვერპლი" იყო, თუმცა მისთვის საბედნიეროდ, მალევე მიხვდა, რომ კარიერის გადასარჩენად, კლუბის გამოცვლა იყო საჭირო.

მისი გადასვლა არსენალში ფანტასტიკური აღმოჩნდა, რადგან მან მიიღო საჭირო სათამაშო დრო და სივრცე, თავისი უზარმაზარი ნიჭის განვითარებისთვის და წარმოჩენისთვის. ოდეგორი დღეს არსენალის კაპიტანია და მიკელ არტეტას გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია. მას შემდეგ, რაც ნორვეგიელი ინგლისში გადაბარგდა, 157 მატჩის ჩატარება მოასწრო, 35 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემითაც გამოჩინა თავი.
არდა გიულერი ახალი ოდეგორია? ამ თემაზე უკვე ბევრს საუბრობენ, რაც ლოგიკურია. ჩვენ შეიძლება ვიხილოთ იგივე სცენარი, რაც მადრიდელთა ფანებს უკვე უნახავთ. კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა თურქს სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს, რის გამოც ფანების პროტესტი სულ უფრო და უფრო იზრდება. თან ეს ყველაფერი რეალის ცუდ ფორმას ემთხვევა. იმის მიუხედავად, რომ ლიდერებს კარგი პერიოდი არ აქვთ, გიულერი სათამაშო წუთებს მაინც ვერ იღებს.

მას შემდეგ, რაც გიულერი სამეფო კლუბში გადაბარგდა, ფეხბურთელმა მხოლოდ 23 მატჩის ჩატარება მოასწრო, ისიც ძირითადად შეცვლებიდან ერთვებოდა თამაშებში. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს საკმაოდ პატარა სათამაშო დრო აქვს, გიულერმა 6 გოლის გატანა მაინც მოახერხა.
არდას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენცია იმდენად დიდია, კარლო ანჩელოტი ფეხბურთელს მაინც ვერ იყენებს. 19 წლის თურქის მთავარი პოზიცია ათიანია, სადაც გუნდს ჯუდ ბელინგემი ჰყავს, მის მთავარ შემცვლელად კი ბრაჰიმ დიასი მოიაზრება. გიულერს ფლანგებზე თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც 3 ტოპ ფეხბურთელს ვხვდებით: კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო... ასეთ პირობებში, მართლაც ძნელია ანჩელოტის შეედავო, მაგრამ როდესაც ეს ტოპ ფეხბურთელები შედეგს ვერ დებენ, შეიძლება სხვა მოთამაშეებსაც მისცე შანსი.
გიულერი, ზემოთ ხსენებული პრობლემების მიუხედავად, რეალში თავს მაინც ბედნიერეად გრძნობს, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, არავინ იცის. წინ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაა, სადაც თურქის პოტენციურ იჯარით გაშვებაზე საუბრები, აუცილებლად იქნება. ამ მომენტისთვის კონკრეტული არაფერი ხდება, არავინ იცის რეალის პოზიცია და არც ის, ვინმე იჩენს თუ არა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, თუმცა თუ სიტუაცია უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, დიდი შანსია იანვარში თუ არა, ზაფხულში მაინც, გიულერის გაყიდვა დღის წესრიგში დადგეს.















