რაულის საუკეთესო სეზონი
ესპანელი თავდამსხმელი იმ პერიოდში სრულიად დამსახურებულად ატარებდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს. ფლორენტინო პერესს უკვე დაწყებული ჰქონდა გალაქტიკოს პროექტი, მაგრამ მადრიდის რეალის ლიდერად ჯერ კიდევ გონსალესი რჩებოდა. მას აქებდა აბსოლიტურად ყველა, მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონიც.
შოტლანდიელმა მწვრთნელმა Planet Football-თან საუბარში საყვარელ ფეხბურთელად დაასახელა სწორედ "სამეფო კლუბის" თავდამსხმელი და ის ერიკ კანტონასაც შეადარა. "ბლანკოსის" მე-7 ნომერმა ითამაშა უდიდესი როლი თავისი გუნდის ჩემპიონობაში და 24 ბურთით ის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო გოლეადორიც გახდა.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "მეფეს" იმ სეზონში ერთი პენალტიც არ დაურტყამს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ზედიზედ მეორე ტიტულის მოსაგებად რაულს სულ ცოტა დააკლდა. ბერნაბეუს ბინადრები 1/2 ფინალში შეაჩერა მომავალმა ჩემპიონმა, მიუნხენის ბაიერნმა, რომელმაც იმდროინდელ მოქმედ ტრიუმფატორს ორივე მატჩი მოუგო.
ესპანელმა თავდამსხმელმა ვერ მოახერხა "რეკორდმაისტერის" კარის აღება, თუმცა სამაგიეროდ, ტურნირის მიმდინარეობისას მან ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი არაერთხელ იხსნა. საკმარისია გავიხსენოთ რეალის ქამბექი სტამბოლის გალათასარაისთან, რომელიც გონსალესის დუბლის გარეშე უბრალოდ ფურცელზე დაწერილ გეგმად დარჩებოდა.

მადრიდელების ლიდერმა თავის გუნდს რომის ლაციოსა და ლიდს იუნაიტედთან შეხვედრებშიც მოუტანა გამარჯვება. ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობას "სამეფო კლუბის" მე-7 ნომერმა მიუმატა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორის ტიტულიც და საერთო ჯამში მისო მონაგარი 50 მატჩში 32 გატანილ ბურთს უდრიდა.
"მეფის" ანგარიშზე იყო კიდევ ერთი ინდივიდუალური მიღწევა - უეფამ ის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა. ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ წლის ბოლოს, ოქროს ბურთს მოიგებდა სწორედ რაული, მაგრამ მას ჰყავდა ერთი კონკურენტი: ლივერპულის ფორვარდი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

ბოლო ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო
იმ დროს, როდესაც ესპანელი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იბრძოდა ბავარიელების წინააღმდეგ, "წითლების" ათიანი ევროთასების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფინალის მონაწილე გახდა. საუბარია ალავესის წინააღმდეგ მატჩზე, რომელიც მერსისაიდელებმა ანგარიშით 5:4 მოიგეს.
თავად "ოქროს ბიჭუნას" უეფას თასის ფინალში გოლი არ გაუტანია და ზოგადად, ის არ ყოფილა გონსალესივით შედეგიანი, თუმცა იმას, რასაც "სქაუზერებმა" მიაღწიეს იმ სეზონში, ახალგაზრდა ფორვარდის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ოუენმა უეფას თასზე გაიტანა 4 ბურთი, მათ შორის გვხვდება დუბლი რომას კარში.
ინგლისელი თავდამსხმელი არ გამხდარა საუკეთესო ბომბარდირი, არც პრემიერ ლიგაში და არც ევროსარბიელზე, მისი მონაგარი სეზონის ბოლოს 46 მატჩში 24 ბურთს უდრიდა. ობიექტურად, ეს არ არის იმ ფორვარდის სტატისტიკა, რომელიც წლის ბოლოს უნდა დასახელდეს საუკეთესო ფეხბურთელად, მაგრამ მაიკლის ჯადოქრობა ციფრებით არ განისაზღვრებოდა.

ენფილდელების თავდამსხმელში ხედავდნენ იმ პიროვნებას, რომლის ფეხქვეშ წლების შემდეგ მთელი საფეხბურთო სამყარო უნდა მოქცეულიყო. ჯერ კიდევ 1998 წლის მუნდიალის შემდეგ, ჟერარ ულიეს გუნდის მე-10 ნომერმა ერთპიროვნულად მიისაკუთრა მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი მოთამაშის სტატუსი.
"ოქროს ბიჭუნას" არსენალში იყო გოლის ალღო და საოცარი სისწრაფე, რომლითაც მას მსაჯებიც კი შეყავდა შეცდომაში თამაშგარის დაფიქსირების დროს. თავად განსაჯეთ: ოუენი 100 მეტრს გარბოდა სულ რაღაც 11 წამში, მის წინააღმდეგ პრემიერ ლიგის უკანახაზელები უბრალოდ უძლურნი იყვნენ. გაიხსენეთ ინგლისელი ფორვარდის გოლი არგენტინის ეროვნული გუნდის კარში და თავადაც მიხვდებით ყველაფერს.
მაიკლი ოქროს ბურთს მიაახლოვა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულმა შეხვედრამ, რომელიც დასრულდა ინგლისის გამარჯვებით, ანგარიშით 5:1. "ბუნდესნაკრების" კარს იცავდა მსოფლიოს იმდროინდელი საუკეთესო გოლკიპერი, ოლივერ კანი, რომელმაც ლივერპულის ფორვარდისგან იმ მატჩში 3 ბურთი მიიღო.

ერთი სიტყვით, რეალის ლიდერი თუ იყო ფორმის პიკში მყოფი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, "წითლების" ათიანი ითვლებოდა მოვლენად, რომლისთვისაც 2000/01 წლების სეზონი მხოლოდ გახურება იყო. "ოქროს ბიჭუნას" ხშირად ადარებდნენ რონალდო ნაზარიოს, მოგვიანებით კი თინეიჯერი ლეო მესი და კილიან მბაპე უკვე თავად მას შეადარეს.
ოუენს იმ სეზონში არ მოუგია პრემიერ ლიგა და როგორც აღვნიშნეთ, ის არც საუკეთესო ბომბარდირი გამხდარა. მადრიდელების შვიდიანმა საერთო ჯამში გაიტანა მასზე რვა ბურთით (32:24) მეტი, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს მაინც ინგლისელი ფორვარდი აჯადოვებდა. ცნობისთვის, "მეფემ" მას აჯობა ერთ კალენდარულ წელში გატანილი ბურთების რაოდენობითაც (46:37), თუმცა ეს ფაქტიც ასევე მეორეხარისხოვნად დარჩა.
ოქროს ბურთის გამოკითხვის საბოლოო შედეგები იყო ასეთი - პირველ ადგილზე 176 ხმით გავიდა მაიკლი, მეორე ადგილზე 140 ხმით კი რაული. სამეული დახურა გერმანელმა გოლკიპერმა, რომელსაც მერსისაიდელთა ფორვარდმა შეუსრულა ჰეთ-თრიკი, ესპანელმა ვიცე-გამარჯვებულმა კი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მასთან ვერაფერი გააწყო.

ერთმანეთის პირისპირ
"წითლების" ათიანსა და გონსალესს არასდროს უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ, თუმცა 2004 წლის ზაფხულში ისინი თანაგუნდელები გახდნენ. "სქაუზერების" შემადგენლობაში 297 მატჩში გატანილი 158 ბურთის შემდეგ, "ოქროს ბიჭუნა" გადავიდა "სამეფო კლუბში", სადაც ერთ-ერთ კონკურენტად მას სწორედ ესპანეთის ეროვნული გუნდის იმდროინდელი კაპიტანი დახვდა.
დიახ, ოუენის ახალი თავგადასავალი დასრულდა კრახით, თუმცა იმდროინდელ "ბლანკოსში" ცუდი იყო აბსოლიტურად ყველაფერი, პირველ რიგში კი პრეზიდენტის მიდგომა. ესპანელმა ბიზნესმენმა ბერნაბეუ აქცია კომერციულ პროექტად, რომელიც წარმატებული იყო მარკეტინგულად, მაგრამ არა მოედანზე დაფიქსირებული შედეგებით.

მაიკლის ტრანსფერი პერესის კლუბში ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებლად, თუმცა საინტერესო არის ის, რომ თავის ერთადერთ სეზონში მან მაინც მოახერხა ესპანეთის ეროვნული გუნდის მე-7 ნომერზე მეტი ბურთის გატანა. თავად განსაჯეთ: ენფილდელთა ყოფილი ფორვარდი - 45 მატჩი, 16 ბურთი; რაული - 43 მატჩი, 13 ბურთი.
ცხადია, აღნიშნული სეზონი უკვე არავითარ გავლენას აღარ ახდენდა 2001 წლის ოქროს ბურთის შედეგებზე. ოუენისა და ესპანელი თავდამსხმელის დაპირისპირების საკითხში საფეხბურთო სამყარო დღემდე ორად იყოფა. ერთი მხარეს გვყავს ინგლისელი ფორვარდი: მსოფლიოს იმდროინდელი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი, მეორე მხარეს კი გონსალესი, რომლის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ჩვეულებრივ მოვლენად იქნა ჩათვლილი.


















