მთავარი პრობლემა - პივოტის უნიკალურობა გუარდიოლას პოზიციონიზმში
მიზეზი იმისა, თუ რატომ გავამახვილე ყურადღება პეპ გუარდიოლას ფილოსოფიის უნიკალურ ბუნებასა და მის პოტენციურად თვითდესტრუქციულ ბუნებაზე, ყველაზე კარგად ამ პოზიციის მაგალითზე ვლინდება, როდესაც მანჩესტერ სიტიში მივიდა, ამ პოზიციაზე მას ორი გამოკვეთილი პერსონაჟი დახვდა, ფერნანდინიოსა და იაია ტურეს სახით, რომელიც მომავალში ერთ დიდ გრანდიოზულ ანტაგონისტ როდრიში გადაიზარდა, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც თავი პრობლემებმა იჩინეს. საქმე იმაშია, რომ 2020-24 წლებში, როდრის რეზერვისტი მხოლოდ ფორმალურად ჰყავდა, კალვინ ფილიპსის სახით, რომელსაც საკუთარი უნარების გამოსავლენად არც დრო და არც საშუალება არ ეძლეოდა. ამიტომ გამოვიდა ისე, რომ როდრისთან შედარებით, მასსა და მისი კონკურენტის დონეში სხვაობა დროსთან ერთად უფრო და უფრო იზრდებოდა. 2023-24 წლების სეზონში როდრიმ ჯამში გამოტოვა მხოლოდ 8 მატჩი. ესპანელის გარეშე სიტის წარმოდგენა შეუძლებელი გახდა. არანორმალურმა დატვირთვამ უარყოფითი შედეგი გამოიღო — მიმდინარე სეზონის დასაწყისში როდრიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგების გაიწყვიტა, მისი დაბრუნება წელს გამორიცხულია. რა იცვლება სიტისთვის ამ დანაკარგის გათვალისწინებით - ვნახოთ როგორ ოპერირებს მანჩესტერ სიტი როდრისთან ერთად და მის გარეშე:

დაცვით და შემტევ ასპექტებში როდრის მთელი უნიკალურობა ე.წ „სამი ზონის“ პრინციპის იდეალურად შესრულებაა. შუა მეორე ზონას როდრი პრაქტიკულად მარტო აკონტროლებს, როგორც დაცვით, ისევე შემტევ ასპექტში. როდესაც მეტოქე მეორე ზონას ვერ კვეთს, კონტრ-შეტევა ავტომატურად ჩერდება და „ქალაქელები“ ისევ აგრძელებენ მეტოქის ნახევარზე თამამად დომინირებას. ასევე, რაც სერხიო ბუსკეტსისგან განსხვავებით როდრის ახასიათებს, რომელიც იდეალური იყო მეორე ზონაში თამაშსა და ფარული გადაცემების შესრულებაში, არის შეტევაში ჩართულობა და თამაშის მეტად რეჯისტასებრი კონტროლი, გრძელი გადაცემით როდრი შემტევებს ძალიან სწრაფად ამარაგებს, მისი ჭკვიანური გადაწყვეტილებების წყალობით იერიში შინაარსს უმარტივესად იძენს, მით უფრო იმის ფონზე, რომ გუარდიოლამ ბოლო დროს გამოკვეთილად 1-1-ზე მოთამაშე გარემარბების გამოყენებას მოუხშირა - დოკუსა და სავინიოს სახით.
ახლა ვნახოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც მოედანზე როდრი არ არის და საყრდენ ზონაში სიტი კოვაჩიჩი-გუნდოგანის დუეტით თამაშობს:

ამ დუოს ბორნმუთის კონტრ-შეტევების გაჩერება ძალიან უჭირს. მათ არც ფიზიკურობა ჰყოფნით და არც დაცვითი IQ. თუმცა, მატეო კოვაჩიჩის მისამართით, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგად ასრულებს საკუთარ დავალებას, ძალიან მკაცრები ვერ ვიქნებით, ის ძალიან მობილური, მეტრონომული ფლეიმეიქერია, თუმცა მის პასს და განსაკუთრებით ამ პასის სიგრძესა და სიზუსტეს თავისი ლიმიტაციები აქვს, რაც ერთმნიშვნელოვნად ართულებს სიტის ფუნქციონირებას.

ამ ფოტოზე უკვე კარგად ჩანს - სიტის დაცვითი ფაზისთვის რამდენად საჭიროა განსაკუთრებული პროფილის მქონე 6-იანის ყოლა, რომელიც ასეთ სიტუაციებს მარტივად გაანეიტრალებს. ფაქტია, ბორნმუთს მსაგავსი პასების სიტის ნახევარზე მარტივად გატარება არ უჭირს, რაც გუარდიოლასთვის უდიდესი პრობლემაა.
ზოგადად, ყველა იმ ჩემპიონატიდან, რომელშიც გვარდიოლამ იმუშავა, გარკვეული ტიპის გამოცდილება წამოიღო. პეპო ფეხბურთელობისასაც მწვრთნელობისთვის ემზადებოდა. ესპანეთში მან მეცნიერულ დონეზე აიყვანა ბურთის კონტროლი, ინგლისში პირველად დააფასა ფეხბურთელთა ფიზიკურობა და ვხედავთ, რომ დღევანდელი მანჩესტერ სიტი პრაქტიკულად გოლიათების გუნდია - ჰოლანდით დაწყებული და როდრით გაგრძელებული, მაგრამ დღეს მან ის გაკვეთილი უნდა გაიხსენოს, რაც ბუნდესლიგაში მიიღო, სადაც კონტრ-შეტევებზე ყველა გუნდი კარგად თამაშობდა. ალბათ, ყველას გვახსოვს თუ როგორ გადააქცია მან ფილიპ ლამი საყრდენ ნახევარმცველად მოედნის ცენტრში რიცხობრივი უპირატესობის მისაღებად. ამ ტრენდს ესპანელი სიტიშიც აქტიურად აჰყვა, თუმცა, ახლა გუარდიოლას წინაშე განსხვავებული მოცემულობა აქვს - ცნობილი კვადრატი (სთოუნსი - როდრი - დე ბრუინი - გუნდოგანი) დარღვეულია, მას ინტეგრალური ელემენტი აკლია. რომბი, რომლის ფუძეც კოვაჩიჩია, ისეთივე ეფექტური არ არის. პეპმა გონებიდან ბუნდელისიგური გაკვეთილები უნდა გამოიხმოს და კონტრ-შეტევისგან თავდაცვის ხერხი იპოვნოს.
დაცვის ხაზის პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ როდრის დანაკლისი უდიდესია, რუბენ დიაშის არყოფნაც დიდი თავისტკივილია. პორტუგალიელი „ქალაქელთა“ დაცვის მთავარი ორგანიზატორი გახლავთ. საყრდენი ზონის შემდგომ, სწორედ ცენტრალური დაცვა გახლავთ ის ბარიერი, რომელიც კონტრ-შეტევისას მეტოქე გუნდის შემტევებმა უნდა გაძლიონ. წლევანდელი სიტის დაცვის ხაზი ძალიან მაღლაა ამოწეული, ამის მიზეზი, ისევ და ისევ, როდრის არ ყოფნა და კოვაჩიჩის დაცვითი უნარების ლიმიტირებულობაა. რუბენ დიაშის გარეშე სიტის დაცვით სტრუქტურაში სერიოზული პრობლემებია:

დაცვითი სტრუქტურის რღვევა განსაკუთრებით დამღუპველი რუბენ ამორიმის სპორტინგის წინააღმდეგ იყო. სპორტინგი ძალიან ლეტალური ინსაიდ ფორვარდებით გამოირჩევა, შეტევებს კი დამანგრეველი ვიქტორ იოკერეში აგვირგვინებს. გარდა იმისა, რომ იოკერეშის წინააღმდეგ გამოუცდელი სიმპსონ-ფუსეის დაყენებით ამ თამაშში პეპმა ძალიან გარისკა, სიტის თამაშში სტრუქტურული ხარვეზებიც შეიმჩნეოდა. 4 ბურთის გაშვების უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს იყო. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შესაბამისი დაზღვევის გარეშე ზედმეტად მაღლა ამოწეულ დაცვას იოკერეშის მსგავსი ფორვარდები უმარტივესად უმკლავდებიან:

ეს პრობლემა გუარდიოლას შემთხვევაში საკმაოდ უცნაურია, გამომდინარე იქიდან, რომ პეპისთვის მაღლა ამოწეული დაცვის ხაზი თითქოს ჩვეულებრივი, კონტროლირებადი სიტუაციაა, მაგრამ, როგორც ჩანს, გუარდიოლა მეთოდურად საკუთარი იდეების მსხვერპლი ხდება.
ფლანგების პრობლემა და შეტევითი ფანტაზიის ნაკლებობა
ისევ სპორტინგის თამაშს რომ მივუბრუნდეთ და ამ ფორმაციას დავაკვირდეთ, საინტერესო რამე აღმოვაჩენთ:

ეს არის დაცვითი ფორმაცია, რომელიც ამორიმმა სპეციალურად სიტისთვის მოამზადა. აშკარაა, რომ სიტის მთავარი პრობლემა ამ დაცვის გაწელვასთან დაკავშირებით აქვს. გვარდიოლი ნამდვილად დიდებული პოტენციალის მცველია, მაგრამ არის კი ის მარცხენა მცველი? - ტყუილად ხომ არ უგულვებელყო გვარდიოლამ განაპირა მცველი, როგორც ფლანგის შემტევთა დამხმარე ოფცია. ამ მატჩში სპორტინგის დაბალი ბლოკი სიტისთვის პრაქტიკულად გაუვალი გახდა, რის გამოც სიტის ბურთის ფლობამ პენეტრაციის უნარი დაკარგა. მანჩესტერელთა ფეხბურთმა უშინაარსო გახდა. ზედიზედ ოთხი მარცხისა და სანაკრებო პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში საშინაო არენაზე ტოტენჰემთან განადგურებამ დღის წესრიგში ის ნიუანსები დააყენა, რომელთა გამოც გუარდიოლა ხშირად ეხვევა ხოლმე კრიტიკის ქარ-ცეცხლში.
დასკვნა
მანჩესტერ სიტი ახლა გზაგასაყარზეა, ან ძალიან მწვავე სათამაშო კრიზისში თავით გადაეშვება, ან გამოსავალს იპოვნის. თუ ვინმეს ასეთი კრიზისიდან თავის დაღწევა შეუძლია, ეს სწორედაც რომ პეპია. ტრებლის გამოსავალს სეზონში, ბარსელონასა და მანჩესტერ სიტიში, ბევრი ტაქტიკური სიახლეს სწორედ სეზონის შუა ნაწილში მიაგნო. შედეგად სეზონი არათუ მოუტრიალებია, არამედ არნახული ტრიუმფითაც დაუსრულებია. თუმცა, სიტუაცია მძიმეა. ეს სეზონი გუარდიოლასა და მანჩესტერ სიტისთვის, ალბათ, ყველაზე რთული გამოწვევაა.















