16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უკრაინის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს. მას შემდეგ, რაც აჭარაბეთ არენა გაიხსნა ჩვეულებრივი ამბავი გახდა ბათუმში თამაში, საქართველოს ნაკრები დასავლეთსაც ისე ეკუთვნის, როგორც აღმოსავლეთს. იშვიათად იმართება მატჩები დედაქალაქის მიღმა, აქამდე ნაკრებს უთამაშია ქუთაისში, გორში, კახეთში და ახალი სტადიონის გახსნამდე ორჯერ ითამაშეს ბათუმშიც - 1994 წელს ამხანაგურ შეხვედრაში პალმეირასთან და 1997 წელს ოფიციალურ შეხვედრაში მოლდოვის ნაკრებთან.
რობერტო კარლოსი ბათუმში
სან პაულოს შტატის ჩემპიონი პალმეირასი აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს მართავდა, რომელიც მოგვიანებით აზიაში გააგრძელა, კერძოდ იაპონიაში. როგორც ქართულ პრესაში იწერებოდა, პალმეირასის ჩამოყვანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველმა პირმა, ასლან აბაშიძემ უზრუნველყო, და ამიტომაც საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სწორედ ბათუმში გაეჯიბრა ბრაზილიის საუკეთესო კლუბს.
1994 წლის ზაფხულია, ამ დროს შეერთებულ შტატებში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში არიან პალმეირასის ფეხბურთელებიც - ზინიო, მაზინიო (ტიაგო და რაფინია ალკანტარების მამა) და ფრედი რინკონი. საქართველოში კი საშინელი ეკონომიკური ვითარებაა, ეს სწორედ ის წელია, როცა ეკონომიკურმა ვარდნამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უარეს მაჩვენებლად ითვლება მსოფლიოში.
მატჩის წინა დღეს ბრაზილიელები თამაშის ჩაშლით იმუქრებოდნენ, როგორც სპორტის ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე იხსენებს თავის წერილში, თურმე, სასტუმროს ელექტროენერგია არ ჰქონია, ბრაზილიელები კი თავიანთი ნაკრების მატჩის ყურებას ვერ ახერხებდნენ. ამ დროს ბრაზილია რუსეთს ხვდებოდა სტენფორდში. სანამ ქვეყანა არ შეძრეს (ესე იგი, ასლანის ყურამდე არ მივიდა ამბავი) მანამდე გვარიანი გნიასი ატეხეს და როგორც იქნა გენერატორსაც გამოკრეს ხელი. ბრაზილიამ 2:0 მოიგო, რომარიოსა და რაის გოლებით. გაიხარეს პალმეირასის ფეხბურთელებმა და მომდევნო დღეს საქართველოსთანაც კარგ ხასიათზე გავიდნენ მოედანზე.

მატჩის კადრები შემორჩენილი არ არის. მაგალითად, პალმეირასის მოსკოვური ვოიაჟიდან კადრების ხილვა შეგვიძლია, სპარტაკთან და მოსკოვის დინამოსთან მატჩის კადრები NTV Football-მა შემოინახა, მაგრამ ბათუმში გამართული მატჩი არასდროს მინახავს და კაცმა არ იცის ვინმეს აქვს თუ არა მასალა შემონახული.
არ უთამაშია რივალდოს. სხვადასხვა წყაროები წინააღმდეგობრივ ინფორმაციას ავრცელებენ, ერთნი წერენ რომ სათადარიგოთა შორის იყო, მეორე წყარო კი ირწმუნება, რომ რივალდო აგვისტოში შეუერთდა პალმეირასს. მოკლედ, ბათუმში რივალდოს არ უთამაშია. რობერტო კარლოსმა კი ითამაშა და მომდევნო წელს მილანის ინტერსაც მიაშურა. ქართულ პრესაში პალმეირასის მწვრთნელად მითითებულია ვალმირ კრუზი, მაგრამ ასეთი მთავარი მწვრთნელი პალმეირასს არასდროს ჰყოლია, ეს ის პერიოდია, როცა ვანდერლეი ლუქშემბურგოს (მომავალში ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის მწვრთნელს) ვალდირ ესპინოსა შეცვლის. შესაძლოა, ჯერ ეს ცვლილება გაოფიციალურებული არ ყოფილა და ფიზიკური მომზადეების მწვრთნელი გაუძღვა გუნდს, რადგან ვალმირ კრუზი სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული. საინტერესოა მატჩამდე ალექსანდრე ჩივაძის ინტერვიუც:
კითხვა - რა იცით პალმეირასის შესახებ?
პასუხი - არაფერი.
პასუხი - არაფერი.
მატჩი პალმეირასის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ევაირმა გაიტანა. საქართველოს ნაკრები კი პირველ ტაიმში უკეთესი იყო და ყველაზე კარგი შანსიც ამ დროს ჰქონდა, მე-15 წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც რევაზ არველაძემ ვერ გამოიყენა, მას მეკარე ფერნანდესმა აჯობა. მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძის თამაში გამოარჩია - ტექნიკურია და მოედნის კარგი ხედვა აქვსო.
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი (გოჩა ტყებუჩავა 46'), რევაზ არველაძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (თემურ ტუღუში 46'), კახი კაჭარავა, გელა ინალიშვილი, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
პალმეირასი: ფერნანდესი, კლაუდიუ, ანტონიო კარლოსი, კლებერი, სეზარ სამპაიუ, რობერტო კარლოსი, სილვა მურილიუ, ამარალი, ევაირი, ედინსონი, ჟოან კარლუში
მწვრთნელი: ვალმირ კრუზი
გაფრთხილება: კახი ცხადაძე, ანტონიო კარლოსი, სეზარ სამპაიუ
მსაჯები: მალხაზ კობიაშვილი (დუშეთი); თამაზ ლაცაბიძე (სურამი), თემურ მაჭარაძე (ხონი)
სარბიელში საინტერესო ინფორმაციაც იკითხება, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა და მათ შორის, ეროვნული გუნდიც - „აღსანიშნავია კახი ცხადაძის ქველმოქმედება. მან საკუთარი ხარჯებით შეიძინა და ნაკრებს გადასცა სათამაშო ფორმის ორი კომპლექტი.”
დიდი კამათი - ბათუმი თუ თბილისი?
დიდი კამათი - ბათუმი თუ თბილისი?
საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ბათუმში 1997 წელს გამართა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ. საქართველო პირველად ჩაერთო მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე. მოლდოვასთან მატჩი კი ძალიან პრინციპულ ხასიათს ატარებდა, რადგან წინა ციკლში (ევრო 1996) საქართველომ მოლდოვასთან ორივე მატჩი წააგო. არადა, საკვალიფიკაციო ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და შესაძლოა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობაც ჰყავდა.

რევანშის დრო იყო და მატჩი ბათუმში ჩაინიშნა. ამის გამო ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად გააკრიტიკეს - პარლამენტიდან და სპორტის დეპარტამენტიდან. ეს იდეა არც ნაკრებში მოიწონეს, ბათუმში თამაში არც მთავარ მწვრთნელ დავით ყიფიანს და არც ნაკრების ლიდერს - შოთა არველაძეს მოეწონა. თბილისში თამაში ერჩივნათ, მიზეზი ბევრი იყო, მოედნის უხარისხო საფარით დაწყებული, სტადიონითა და მაყურებლის რაოდენობით დამთავრებული. მაგრამ ახალკაცმა სხვაგვარად გადაწყვიტა და სიკვდილის წინ ერთი დღით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში გულახდილადაც ისაუბრა: „გადაწყვეტილება მივიღე მოლდოვასთან მატჩის ბათუმში ჩატარებისა. „ზემოდან“ დამირეკეს და მითხრეს პოლიტიკური შეცდომა დაუშვიო. არ დავასახელებ იმ კაცის გვარს, ახალგაზრდაა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ხუთი საათის განმავლობაში აჭარლები საქართველოს ყვიროდნენ, მარტო ამისთვის ხელისუფლებას მადლობა უნდა ეთქვა რომ ბათუმში მატჩის ჩატარებით ხელი შევუწყვეთ სტაბილიზაციას, სიყვარულს, წინ აღვუდექით ყოველგვარ სეპარატისტულ გამოხტომებს, თანაც, ჩვენ არ შეგვიძლია არ დავაფასოთ ის დიდი ღვაწლი, რაც აჭარის ხელისუფლებამ ფეხბურთის განვითარებაში ჩადო. ჩემი საქმე არაა აჭარის პოლიტიკური ლიდერის საქმიანობის შეფასება, მაგრამ ფეხბურთის განვითარებაში მის ღვაწლს ვაფასებ, გეუბნებით - что в этом он король!“

საქართველოს ნაკრებმა შეკრება ქუთაისსა და წყალტუბოში გაიარა. შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრა. მაშინდელ მოვლენებს შეგვიძლია ვახო ბზიკაძის მიმოხილვაში გავეცნოთ:
„მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მასპინძლობის პატივი პირველს ბათუმს ერგო. ეს თბილისელ ქომაგთათვისაა დამატებითი პრობლემა, თორემ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის დიდი საჩუქარია. ამაში გუშინ ქუთაისში ჩასულიც დავრწმუნდი, რადგან საქართველოს ნაკრების ვარჯიშს, „გივი კილაძის“ სტადიონზე რომ გაიმართა, იმდენი მაყურებელი დაესწრო, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს რომ არ ესწრება ბარე ორ ქალაქში. ნაკრებმა ნავარჯიშევს თამაშიც გაუმართა მოსულთ, მაგრამ, ბუნებრივია, ბილეთები არ გაყიდულა და მაყურებელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო. ისე, თვალმა რომ არ მომატყუოს, მინიმუმს ვიტყვი: ვარჯიშს 1500-2000 კაცი დაესწრო.
ორკარა ახალი დაწყებული იყო, არჩილ არველაძემ შორიდან მოჭრილი დარტყმით ულამაზესი გოლი რომ გაუტანა ზოიძეს. სანამ არჩილი მეორედაც გაიტანდა, ძოძუაშვილმა გოგიჩაიშვილთან მოუხეშე კალაძე დასაჯა და ქინქლაძემ პენალტით გაქვითა, მაგრამ მის გუნდს ამან „ვერ უშველა“ და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა“.
ერთ-ერთმა ქუთაისელმა ქომაგმა ისე იხუმრა მიკვირს არველაძეებს რომ არ დაამახსოვრდათ და რომელიმე იუმორისტულ გადაცემაში არ მოყვნენ ამ ამბავს - „ვინაა ეს, გადაჭიმული დოლივით რომ აქვს თავიო.” – გადახოტრილ ქეცბაიაზე უკითხავს ქუთაისელ ქომაგს. მერე კი იყო ბათუმის მატჩი და ჩვენების გამარჯვება - 2:0. მატჩის სტენოგრამაში ვკითხულობთ:
„მრავალსვლიანი კომბინაციის ბოლო ასეთი გახლდათ - ქინქლაძემ ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გაჭრილ კობიაშვილს გააყოლა ბურთი, ამან კი კარის გასწვრივ შემოაგდო, რომელიც წაქცეულმა შოთამ ხარიხის ქვეშ შეაგდო” - 1:0.
„შოთამ ცენტრში ქინქლაძეს მიაწოდა, ამან საჯარიმოში ჯამარაულს შეუყოლა ბურთი, გოჩა მოცელეს და პენალტი აუღელვებლად გაიტანა ქინქლაძემ” – 2:0.
მიმომხილველი ვახო ბზიკაძე აღნიშნავს, რომ ეს შოთა არველაძის საუკეთესო მატჩი იყო ნაკრებში. შოთას დამატებითი მოტივაციაც ჰქონდა, ამ შეხვედრას აიაქსის მთავარი მწვრთნელი, მორტენ ოლსენი ესწრებოდა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩამოყალიბდა არველაძის თაობაზე და მალე კონტრაქტიც გაფორმდა. შოთამ აიაქსში ისეთი სადებიუტო სეზონი ჩაატარა, მხოლოდ კავარცხელიამ გადაფარა თავისი ნეაპოლური დებიუტით.

დავით ყიფიანის გუნდმა 5-1-3-1 ტაქტიკით ითამაშა, თითქმის იდენტური სქემით, რასაც ვილი სანიოლი იყენებს, ასე რომ, ფეხბურთელების სათითაოდ შესადარებლად კარგი მაგალითია, და მერე თავად განსაჯეთ რომელი შემადგენლობა ჯობია:
მეკარე - ზოიძე / მამარდაშვილი
ცენტრალური მცველი - კაპიტანი კაშია / კაპიტანი ცხადაძე
მარჯვენა ცენტრალური მცველი - ჩიხრაძე / გველესიანი
მარცხენა ცენტრალური მცველი - ლობჟანიძე / დვალი
მარჯვენა ვინგბექი - კაკაბაძე / გოგიჩაიშვილი
მარცხენა ვინგბექი - ლოჩოშვილი / კობიაშვილი
საყრდენი ნახევარმცველი - ნემსაძე / ქოჩორაშვილი
მარცხენა შემტევი - ქეცბაია / კვარაცხელია
მარჯვენა შემტევი - ქინქლაძე / ჩაკვეტაძე
ცენტრალური ნახევარმცველი - ჯამარაული / კიტეიშვილი
თავდამსხმელი - შოთა არველაძე / მიქაუტაძე
ინდივიდუალურად ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ 1997 წლის შემადგენლობა დღევანდელს ჩამოუვარდება, შეიძლება აღემატება კიდეც, მაგრამ გუნდს უდიდესი ნაბიჯი აქვს წინ გადადგმული. გაიზარდა ეროვნული გუნდი, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანა, საჭირო გამოცდილებაც მოვიდა, უკვე დიდი ტურნირიც ნათამაშებია, ერთა ლიგამაც ეტაპობრივი ზრდის საშუალება მისცა პატარა ნაკრებებს და როგორც იქნა, დისციპლინაც მაღალ დონეზეა.















