16 ნოემბერს გამთენიისას ნეთფლიქსზე კომბატ სპორტის მოყვარულები გრანდიოზული სანახაობის მომსწრენი გახდებიან. დიდ რინგს მაიკ ტაისონი დაუბრუნდება და მისი მოწინააღმდეგე თანამედროვე კრივის ერთ-ერთ სახედ ჩამოყალიბებული ჯეიკ პოლი იქნება. ჯეიკმა სახელი YouTube-ზე გაითქვა, რინგზე ხმაური კი დიდი სახელის მქონე ასაკით დიდ მებრძოლებთან დაპირისპირებით გამოიწვია. მისი პერსონის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საქმეში 58 წლის მაიკ ტაისონი ჩაერთო. მაიკი 58 წლის ასაკშიც მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ ის იმ მკვლელისგან ძალიან შორსაა, რომელიც ოდესღაც იყო. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ივენთი მხოლოდ შოუა და ეს ლოგიკურიცაა, რადგან, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, სურეალისტური სცენარი ვითარდება - 58 წლის ყოფილი მებრძოლი უპირისპირდება ახალგაზრდა, 27 წლის ათლეტს, რომელსაც უკვე საკმაო გამოცდილება აქვს და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი და დიდია, მაგრამ ზოგადად, ამ ბრძოლის გარშემო უამრავი საინტერესო რამ ხდება, რაზეც ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.

კვრივი კვდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა კრივი, როგორც სპორტის კვდომის ერთ-ერთი ფაზაა. თანამედროვე ეპოქაში ეპატაჟსა და სენსაციაზე აგებული ივენთი ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე ორი ელიტარული მოკრივის ჯახი. არსებითად - კრივს აღარ აინტერესებს ვინ არის საუკეთესო, ამ სტატუსზე მეტად, ახლა გაყიდვადობა ფასობს. მაგრამ, მიუხედავად პოლი VS. ტაისონის აბსურდულობისა, ამ მოვლენის ერთგვაროვნად შეფასება მაინც არ ღირს. რამდენიმე მიზეზის გამო კრივისთვის ეს ბრძოლა, შესაძლოა, საეტაპო აღმოჩნდეს და ინდუსტრიაში გარდატეხაც მოახდინოს.
Netflix-ის გამოჩენა ინდუსტრიაში
2023 წლის ბოლოს დიდი ეპოქა დასრულდა. 37-წლიანი მუშაობის შემდეგ Showtime-მა კრივის ინდუსტრია დატოვა. Showtime იყო ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, რომლის დახმარებითაც კრივის უდიდესი ივენთები ეწყობოდა. ბიზნესიდან ასეთი მასშტაბის მოთამაშის გასვლა ცალსახად ნეგატიური მოვლენაა, თუმცა შექმნილმა ვაკუუმმა ბაზრისკენ უამრავი თვალი შემოატრიალა. სწორედ ამ დიდ გადალაგებას მოჰყვა თურქი ალალშიხის Riyadh Season-ის ფენომენის გააქტიურება. ხვალ კი კრივში პირველ ნაბიჯებს მსოფლიოს უმსხვილესი სტრიმინგ-პლატფორმა — Netflix-იც გადადგამს. ამ მოვლენით კრივი, შესაძლოა, ტოტალური რევოლუციის ზღვარზეც იდგეს.

Netflix-ს 280 მილიონზე მეტი აქტიური გამომწერი ჰყავს. წარმოიდგინეთ, ხვალინდელი ბრძოლა სწორედ ამ რაოდენობის მაყურებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თანაც პლატფორმა ივენთისთვის დამატებით გადასახადს არ ითხოვს. სტანდარტული პაკეტი პოლი VS. ტაისონსაც შეიცავს. ფაქტია, ეს ბრძოლა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ბევრ ისეთ ადამიანს მოიზიდავს, რომელსაც კრივი დიდად არ აინტერესებს, PPV სისტემისა და დიდი გადასახადის არ არსებობა მათ უფრო მარტივად იზიდავს. ამგვარი მოდელი ორივე ინდუსტრიას შეიძლება აწყობდეს — კრივი, რომელსაც მაყურებლამდე მისვლა დროის სვლასთან ერთად სულ უფრო უჭირდა, წვდომა უჩნდება ძალიან ბევრ პოტენციურ მომხმარებელთან, Netflix კი ახალ ბაზარზე დამკვიდრებით მაყურებელთა ახალ სეგმენტს იძენს. თუ ამ ფორმულამ იმუშავა, დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა იწყება.
ტეილორი VS. სერანო 2 - უდიდესი რემატჩი ქალთა კრივის ისტორიაში
ტეილორი VS. სერანო 2 - უდიდესი რემატჩი ქალთა კრივის ისტორიაში
Netflix-მა სადებიუტო ივენთის ჩატარებისას კრივის ნამდვილ გულშემატკივრებსა და დამფასებლებზეც იზრუნა. ჯეიკისა და მაიკის ბრძოლამდე ერთმანეთს ქალთა კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირების მონაწილეები — ქეითი ტეილორი და ამანდა სერანო, ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ტეილორისა და სერანოს პირველი ჯახი ძალიან ახლო გამოდგა და რემატჩი მათ შორის აუცილებელი იყო. ტეილორი ირლანდიელი ჩემპიონია, რომელიც მისი ქამრების დაცვას შეეცდება, მის ანგარიშზე 23 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხია. ეს ერთადერთი მარცხი მან შანტელ კამერონთა განიცადა, მაგრამ უმალ რემატჩი დაიმსახურა და გამარჯვების მოპოვება შეძლო, ამით მან არამხოლოდ შური იძია პირველი მარცხისთვის, არამედ Super Lightweight-ის ქამრებიც მოიპოვა.

მეორე მხარეს კი პუერტორიკოელი ამანდა სერანოა, რომლის რეკორდიც 47-2-1 გახლავთ. უკანასკნელი მარცხი ამანდამ 2022 წელს სწორედ ტეილორთან განიცადა და მას შემდგომ 5 გამარჯვების მოპოვება და ქამრების მოგებაც მოახერხა. ირლანდიელი ამ ბრძოლაში მცირე ფავორიტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იგი უკვე 38 წლისაა. სერანო მასზე 2 წლით ახალგაზრდაა. ანთროპომეტრია ლეგენდარულ მოკრივეებს ფაქტობრივად თანაბარი აქვთ. მოლოდინი ისეთივეა, როგორიც პირველი ბრძოლის წინ. პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ნამდვილი კრივის მასტერკლასს რომ ვიხილავთ, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.
და მაინც... მოიგებს მაიკ ტაისონი?
როდესაც ამ ბრძოლას რედაქციაში განვიხილავდით, ყველა ერთ აზრზე შევჯერდით. სპორტული თვალსაზრისით ეს ბრძოლა კრივის შეურაცხყოფაა, თუმცა არის მეორე ნათელი მხარე, რომელიც მე ძალიან მახარებს. გასაგები მიზეზების გამო, კრივის მოყვარულებს ჯეიკ პოლი დიდად არ ესიმპათიურებათ, მაგრამ მას ძალიან ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს და საბოლოოდ, მარტივ მათემატიკამდე მივდივართ (ბევრი გულშემატკივარი+ბევრი ჰეითერი=ბევრი მაყურებელი), ბევრი მაყურებელი კი ბევრ გაყიდულ ბილეთსა და ბევრ ფულს უტოლდება.
და მაინც... მოიგებს მაიკ ტაისონი?
როდესაც ამ ბრძოლას რედაქციაში განვიხილავდით, ყველა ერთ აზრზე შევჯერდით. სპორტული თვალსაზრისით ეს ბრძოლა კრივის შეურაცხყოფაა, თუმცა არის მეორე ნათელი მხარე, რომელიც მე ძალიან მახარებს. გასაგები მიზეზების გამო, კრივის მოყვარულებს ჯეიკ პოლი დიდად არ ესიმპათიურებათ, მაგრამ მას ძალიან ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს და საბოლოოდ, მარტივ მათემატიკამდე მივდივართ (ბევრი გულშემატკივარი+ბევრი ჰეითერი=ბევრი მაყურებელი), ბევრი მაყურებელი კი ბევრ გაყიდულ ბილეთსა და ბევრ ფულს უტოლდება.

კი, ხანდახან გამაღიზიანებელია ის, რომ იუთუბერი ჩვენს საყვარელ მებრძოლებს, ანდერსონ სილვას, ნეით დიასს, ტაირონ ვუდლის „სცემს.“ მაგრამ ამას მეორე ნათელი მხრიდან უნდა შევხედოთ. ჯეიკ პოლმა ჩვენს საყვარელ ასაკოვან მებრძოლებს, რომლებმაც ისტორია შექმნეს, მაგრამ ფინანსურად არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან, - კარიერის მიწურულს მსუყე ჩეკი გამოუწერა, რაც მათ „სიბერეს უზრუნველყოფს". აქტიური კარიერის განმავლობაში კოლოსალური თანხის გამომუშავების მიუხედავად, მაიკ ტაისონი კარიერის დასრულების შემდეგ არაერთხელ გაკოტრდა. ბოლო წლებში მისი მატერიალური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა 58 წლის მაიკ ტაისონის, ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ინსპირაციის, კიდევ ერთი წარმატებული ფინანსური ოპერაცია მაინც მახარებს.
ამ ბრძოლისთვის ექსპერტული თვალით შეხედვა უცნაურ ემოციას იწვევს, თუმცა მაინც ვცადოთ.
პრევიუს გასაკეთებლად პრინციპულად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯეიკ პოლი სწორად უნდა შევაფასოთ. მისი მხოლოდ იუთუბერად მოხსენიება უბრალოდ არაპროფესიონალიზმია. ჯეიკი უკვე წლებია მომზადებას უმაღლესი დონის მწვრთნელებისა და გუნდის ზედამხედველობის ქვეშ პუერტო რიკოში გადის. პოლი ლეგტიმური პროფესიონალი სპორტსმენია. თან, კრივამდეც იგი მოჭიდავე იყო, მას საბრძოლო სპორტში ბევრად უფრო დიდი დრო აქვს გატარებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ბევრს ჰგონია.

მაიკ ტაისონზე, როგორც იკონურ ფიგურაზე, საუბარი უბრალოდ ზედმეტი მგონია. Iron Mike, რომელსაც მისი კარიერის პიკში ვიცნობდით, დიდი ხანია აღარ არსებობს. მგონია, რომ მისი ტანში შეტევებისა და "Peek-a-Boo" სტილის ანალიზი არარელევანტურია. ტაისონის ვარჯიშის ვიდეობის ნახვის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაიკი ბრძოლას ისევ მსგავსად წარმართავს, თუმცა რამდენად შეძლებს 58 წლის ასაკში პოლისთვის ხარისხიანი პრესინგის შეთავაზებას, არ ვიცი. ამის წარმოდგენა ძალიან მიჭირს.
ჯეიკის წვდომი 193 სანტიმეტრია, რაც 13 სანტიმეტრით გრძელია ტაისონის წვდომზე, ეს პოლს დისტანციიდან ბრძოლაში გამოადგება. ჯეიკი ამ ბრძოლაში ფავორიტია. იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლა რვა 2-წუთიანი რაუნდისგან შედგება, ჩემი გულახდილი პროგნოზი ფრე იქნება. გულის სიღრმეში მჯერა, რომ ტაისონი პოლს ვერ გათიშავს და პოლი არც ეგეთი ცუდი პერსონაა, როგორ როლსაც ირგებს. ვფიქრობ, მებრძოლები ჯენტლმენურ ყაიმზე შეთანხმდებიან, თუმცა რეალურად რა მოხდება, ამას ხვალ დილით გავიგებთ.















