დღევანდელი ჩემი ჩანახატი „არგამიჯნულ“ მამაც ჩეხ და სლოვაკ სპორტსმენებზე იქნება. 1969 წელს ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე ყინულზე გამართულ არაოფიციალურ ომზე. სანამ უშუალოდ ტურნირის პერიპეტიებზე გადავალ, გავიხსენოთ წინარე ფაქტები, რამაც სპორტულ დაპირისპირებას პოლიტიკური ელფერი შესძინა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩარევით ჩეხოსლოვაკია სოციალისტურ რესპუბლიკად გადაიქცა. 1948 წელს მოწყობილმა კომუნისტურმა გადატრიალებამ სოციალისტურ ოჯახში მათ მყარად დამკვიდრებას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. ამ ბანაკის ქვეყნებთან შედარებით ჩეხოსლოვაკია ეკონომიკურად მაინც უფრო თავისუფლად და მდიდრად ითვლებოდა, მაგრამ ცხადია, ისინიც საბჭოთა დიქტატურის ქვეშ იტანჯებოდნენ. ქვეყანას კომუნისტური პარტია მართავდა, რომელიც დირექტივებს მოსკოვიდან იღებდა. 1960-იან წლებამდე არაერთი ჩეხი და სლოვაკი იქნა რეპრესირებული, ისინი,რომლებმაც გაბედეს და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
1968 წელს ალეკსანდერ დუბჩეკი ხდება კომუნისტური პარტიის ლიდერი. სლოვაკმა პოლიტიკოსმა მალევე საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრებულ მართვის სტილს გადაუხვია და განაცხადა, რომ ცენზურის შემცირებას აპირებდა, ამასთან ერთად ძალადობრივი პოლიციური რეჟიმის - „უსაფრთხოების სამსახურის“ გადახალისებას. ის რჩებოდა სოციალისტური იდეების მოტრფიალედ, მაგრამ მისივე თქმით საჭირო იყო „ადამიანური სოციალიზმი“. ცენზურის გაუქმებამ მედიას ხელ-ფეხი გაუხსნა და დაიწყო კორუფციისა და მკვლელობების გამოძიება, მაღალჩინოსანთა და ნომენკლატურაში დასაქმებული პარტიული თანამშრომლების მხილება. „პრაღის გაზაფხული" მეზობელ ქვეყნებსაც მოედო, ვარშავასა და ბუდაპეშტშიც ახალგაზრდები უკვე აქტიურად იკრიბებოდნენ და საპროტესტო აქციებით მხარს უჭერდნენ ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესს.
საბჭოთა ხელისუფლება მეტად შეაშფოთა პრაღაში მიმდინარე მოვლენებმა, რადგან მათი თქმით ეს არამხოლოდ ჩეხოსლოვაკიის არამედ მთლიანად სოციალისტური ბანაკის პრობლემას წარმოადგენდა და თუ განსხვავებული ხასიათის მქონე დუბჩეკის მალე არ განეიტრალდებოდა, პროცესი დომინოს ეფექტს შეიძენდა.
ბრეჟნევის ადმინისტრაციამ საბჭოთა მოქალაქეებს განუცხადა, რომ სოციალიზმი საფრთხეში იყო და მის დასაცავად ყველაფერს გააკეთებდა. იმის შიშით, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დამხობა და ვარშავის პაქტიდან მისი გამოსვლა სხვა ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისაკენ სახელმწიფოებს უბიძგებდა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ინტერნაციონალური დახმარების მოტივით თავისი ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეეყვანა. 1968 წლის 21 აგვისტოს 250 000-მდე ჯარისკაცი, 2000-ზე მეტი ტანკი და ასობით თვითმფრინავი შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში. პრაღაში ნანახმა გამოიწვია საბჭოთა ჯარისკაცებშიც კი გაოგნება, ადგილზე მათ დახვდათ მშვიდობიანი დემონსტრანტები, სტუდენტები, მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლებას ითხოვდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ მოქალაქეები და მოკავშირეები დაარწმუნა, რომ პრაღაში სოციალიზმის დასაცავად უნდა წასულიყვნენ.

შეკრებილმა მოქალაქეებმა ჯარისკაცებისგან რადიოს შენობის დაცვა სცადეს, რადგან სწორედ რადიო - რომლიდანაც სიმართლე ისმოდა - საბჭოთა დიქტატურისთვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენდა. მთავარი შეტაკება სწორედ რადიოს შენობასთან მოხდა, სადაც უთანასწორო ბრძოლაში 15 დემონსტრანტი დაიღუპა. ქვეყანაში მომხდარი ინტერვენციის შედეგად ჯამში 140-მდე ადამიანი გარდაიცვალა, პრესის თავისუფლებასა და სოციალიზმის გაკეთილშობილებას კი ბოლო მოეღო. საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიაში აჯანყებულების ჩახშობით „სიმშვიდე" დაამყარა, მაგრამ მებრძოლი ჩეხი და სლოვაკი ხალხი მაინც აგრძელებდა პროტესტს. 1969 წლის 16 იანვარს, პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე სტუდენტმა იან პალახმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. - პალახი თავისი საქციელის მოტივს მის მიერ დატოვებულ წერილებში ხსნიდა - მან ამ გზით 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრა გააპროტესტა.
საბჭოთა ჯარების პრაღაში შეჭრიდან 7 თვის თავზე, სტოკჰოლმში ყინულის ჰოკეის ოლიმპიადა გაიმართა. თავდაპირველად, ტურნირისთვის პრაღას უნდა ემასპინძლა, მაგრამ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ჩემპიონატი პოლიტიკურად ნეიტრალურ შვედეთში გადაიტანა. ამას ვნებათაღელვა არ გაუნელებია. 21 მარტს ჯგუფურ ეტაპზე ჩეხოსლოვაკიის ნაკრები სსრკ-ს დაუპირისპირდა და ანგარიში ჩეხმა იან სუხიმ გახსნა, სწორედ ამ მომენტში ნაკრების წევრი იაროსლავ ჰოლიკი რუსთა მეკარეს მივარდა და დიქტატორული კომუნისტური წყობა მოუკითხა. ჩეხოსლოვაკები მწყობრად და გუნდურად მოქმედებდნენ, ერთმანეთს აზღვედნენ - თითქოს ომში ყოფილიყვნენ. დაცვაში შეუდარებელი იყო გოლის ავტორი იან სუხი, ხოლო მეკარე ვლადიმირ ძურილამ კარიერის საუკეთესო მატჩი რუსების წინააღმდეგ ჩაატარა, სლოვაკი გოლკიპერი საბჭოელთათვის აუღებელ კედლად იქცა და არაერთი შაიბა მოიგერია. იმ სამართლიანი ბრაზის ფონზე, რაც ჩეხოსლოვაკ სპორტსმენებს გააჩნდათ, გუნდს აკადემიური სიმშვიდით დირიჟორობდა გუნდს კაპიტანი იოზეფ ჰოლონკა.
შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა, რომ ჰოლინკასა და მისი მეგობრებისთვის ეს ჰოკეის მატჩზე მეტი იყო - ისინი ჰოკიჯოხებით ტანკებსა და AK47-ებს ებრძოდნენ. ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. იოზეფ ჩერნის მეორე გოლის შემდეგ მისმა თანამემამულებმა ტრიბუნებზე სკანდირება დაიწყეს: „დღეს ტარასოვი დაინგრა (გულიხმობდნენ საბჭოთა ნაკრების მწვრთნელ ანატოლი ტარასოვს), ხვალ - ბრეჟნევი, ზეგ კი საბჭოთა კავშირი." მატჩი ჩეხოსლოვაკიამ 2-0 მოიგო. ერთ კვირაში გუნდები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს თამაშის წინ ჩეხოსლოვაკებმა ეკიპირებაზე დატანილ გერბზე გამოსახულ წითელ ვარსკვლავს შავი ლენტი დააკრეს. სპორტსმენების განცხადებით ერის სიმბოლო - ჩეხური ლომი გვირგვინს ატარებდა და არა კომუნისტურ ვარსკვლავს.

მეორე თამაშში არანაკლები ვნებათაღელვა ვიხილეთ, როგორც მოთამაშეებს შორის, ასევე ტრიბუნებსა და დარბაზს მიღმა. თამაშის სტარტი ჩეხოსლოვაკების გახლდათ - ჰოლიკის ბრწყინვალე თამაშით 2-0 დაწინაურდნენ. საბჭოელებმა თამაშის შუა წელში მოახერხეს გარდატეხის შეტანა და წინა თამაშში კედლად ქცეულ ძურილას 2 შაიბა გაუტანეს. თამაშის შვედ არბიტრს, ოვე დალბერგს, არაერთხელ მოუწია მოთამაშეების გაფრთხილება, სპორტსმენები ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ ერიდებოდნენ და თამაშის მსვლელობისას ერთმანეთში მუშტებისა და „ტკბილი სიტყვების" გაცვლასაც ასწრებდნენ. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, იან ჰაველი, იხსენებს: „ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო. ჩვენ ისინი გვეზიზღებოდა, ლაჩრებსა და „რუს ძაღლებს" ვეძახდით. ისინი ძალიან უხეშად თამაშობდნენ, განსაკუთრებით მიხაილ ბორისოვი გამოირჩეოდა. თუ ყურადღებით არ იქნებოდი, შეიძლება მას ძალიან დაეზიანებინე."
გადამწყვეტ პერიოდში გუნდი კვლავ ჰოლონკამ მოქოქა, კაპიტნის შეგონებებმა შედეგი გამოიღო და გამარჯვება ისევ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს დარჩა, ამჯერად 4:3 - გადამწყვეტი შაიბა ჰოლიკმა შეაგდო. გოლი კი საკულტოდქცეული ჟესტით აღნიშნა - ჰოკიჯოხი ამოატრიალა, ავტომატის მსგავსად ამოიდო და საბჭოელთა მთელ სათადარიგო სკამი „მიაცხრილა“.
„ის ჩხუბობდა, იღრინებოდა და წუხდა. ჩვენ შორის საბჭოელები ყველაზე მეტად მას სძულდა. შანსი რომ მიგეცა ნამდვილ ავტომატსაც გამოიყენებდა.” - ჰყვებოდა ნაკრების კაპიტანი იოზეფ ჰოლონკა.
„მე არასოდეს მინახავს ასე ერთად შეკრული ადამიანები. გვინდოდა საბჭოელები შუაზე გაგვეგლიჯა, ოკუპაციის გამო შური გვეძია. მაგრამ, მხოლოდ მოგება არ იყო საკმარისი - საფინალო სირენის შემდეგ, მეტოქეებს ხელი არ ჩამოვართვით და პირდაპირ გასახდელში წავედით. მათთვის ზურგის შექცევა საუკეთესო საშუალება იყო ჩეხოსლოვაკიაში ჯარების შეყვანის გამო ჩვენი ზიზღის საჩვენებლად." - ეს იან ჰაველის სიტყვებია.
საბჭოთა კავშირმა ერთ მეტოქესთან ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ ისტორიაში პირველად წააგო. პრაღასა და მთელს ჩეხოსლოვაკიაში პირველივე თამაშში გამარჯვების შედეგ სასწაული ხდებოდა. ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოდიოდა და აღნიშნავდა გამარჯვებას. ზეიმი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა. მოქალაქეები სკანდირებდნენ - ჩვენ მოვიგეთ, რადგან მათ სტოკჰოლმში ტანკები არ ჰყავდათო.

ვენცლასის მოედანზე მომიტინგეებმა საბჭოთა აეროფლოტის ოფისი დაარბიეს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების აგენტებმა წაახალისეს - დამპყრობლის ნაცნობი ხელწერაა. საპასუხოდ, უშიშროების სამსახურმა სატელევიზიო გადაცემის წამყვანი მილენა ვოსტრაკოვა ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიიდან გაათავისუფლა და მედიაში გამოჩენა მას შემდეგ აუკრძალა, რაც მოგებას არა მხოლოდ სპორტული, არამედ მორალური გმარჯვება უწოდა. საპროტესტო გამოსვლები ჩეხოსლოვაკიის სამხედროებმა და პოლიციამ ჩაახშეს, რომლებიც კომუნისტური პარტიის სრული კონტროლის ქვეშ იყვნენ. მოვლენები „პრაღის გაზაფხულის" დარჩენილი ლიდერების განდევნის საბაბად გამოიყენეს. ალეკსანდერ დუბჩეკი იძულებული გახდა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის თანამდებობიდან გადამდგარიყო. მის ნაცვლად „ნორმალიზაციის" მომხრე და საბჭოელთა მიმაერთ ლოიალისტურად განწყობილი გუსტავ ჰუსაკი დაინიშნა.
ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა ბოლო ტურში შვედეთთან მოულოდნელი მარცხის შედეგად ჩემპიონობის შანსი დაკარგა და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენებს მოსახლეობა დახვდა ისე, როგორც გმირებს. „ვერცერთი ტიტული ვერ შეედრება ამ გრძნობას." - განაცხადა ირჯი ჰოლიკმა. მისი ოცნება, სიცოცხლეშივე ეხილა საბჭოთა კავშირის ჯარების ჩეხოსლოვაკიიდან გასვლა, ახდა. ამაში მას და მის თანაგუნდელ თანამებრძოლებს დიდი წვლილი მიუძღვით.

1968 წლის აგვისტოს სასტიკი მოვლენები სპორტსმენების მეხსიერებაში მყარად ჩაიბეჭდა. ამის ნათელი მაგალითია ლეგენდარული ჰოკეისტი იარომი იაგრი, რომელმაც მთელი კარიერის განმავლობაში სიმბოლური 68-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა - „ეს ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ „პრაღის გაზაფხული" მთელი ქვეყნის ტკივილია. მაშინ მე ახლობლები დავკარგე. მსურს მთელ მსოფლიოს გავაგებინო რუსული სისასტიკის შესახებ.”
ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრას არც სხვა სპორტის მოყვარულები ივიწყებენ. საბჭოთა ძალადობრივი რეჟიმის ქმედებიდან 55 წლის თავზე ევროპა ლიგაზე გამართულ შეხვედრაში პრაღის სლავიას და ლუგანსკის ზორიას შორის - პრაღელმა ქომაგებმა პერფორმანსი მიუძღვნეს.
ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრას არც სხვა სპორტის მოყვარულები ივიწყებენ. საბჭოთა ძალადობრივი რეჟიმის ქმედებიდან 55 წლის თავზე ევროპა ლიგაზე გამართულ შეხვედრაში პრაღის სლავიას და ლუგანსკის ზორიას შორის - პრაღელმა ქომაგებმა პერფორმანსი მიუძღვნეს.

„პრაღის გაზაფხული" პოლიტიკური სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ მანიფესტაციად რჩება. ჩეხი და სლოვაკი სპორტსმენების აგრესორი ქვეყნის ნაკრებზე ლეგენდარული გამარჯვებები დღემდე შთააგონებს ადამიანებს და კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის არ დავიწყება და ღირსებისთვის ბოლომდე ბრძოლა.















