17 ივნისს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩის ფარგლებში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ორი ტურის შემდეგ, ჯგუფის ლიდერები 4-4 ქულით ფრანგები და სწორედ პირენეელები არიან. "ჯვაროსნები" 3 ქულით იკავებენ მე-3 პოზიციას და როგორც ვხედავთ, 1/4 ფინალში გასვლისთვის მათ "ლუზიტანებთან" მოგება სჭირდებათ.
რამაზ სვანაძის გუნდს რუი ჟორჟეს შეგირდებზე გამარჯვების გამოცდილება უკვე აქვს. ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე დაწყებული თავგადასავალი სწორედ პორტუგალიასთან მოგებით გაიხსნა. გავიხსენოთ, რა მოხდა ევრო 2023-ზე: სიკვდილის ჯგუფში მოხვედრილი ტურნირის მასპინძელი საქართველო, ნიდერლანდებთან, პირენეელებთან და ბელგიასთან ერთად.
ბევრმა "ჯვაროსნები" ჩამოწერა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, თუმცა "ლუზიტანებთან" გამარჯვებამ გულშემატკივრების წარმოდგენა თავდაყირა დააყენა. გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გატანილი ბურთებით, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საქმე შეხვედრის პირველ ნახევარშივე დაასრულა.
რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, "მფრინავ ჰოლანდიელებსა" და "წითელ ეშმაკებთან" დაფიქსირებული ორი ფრე ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი გამოდგა. სვანაძის გუნდის წარმატებული სვლა დასრულდა 1/4 ფინალში, ისრაელთან 11-მეტრიანების სერიაში წაგებით.
დავუბრუნდეთ ჟორჟეს გუნდთან გამარჯვებას, რომელიც 17 ივნისს გასამართი მატჩისთვის აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის იმ შემადგენლობიდან ამჟამინდელში შემორჩენილია 7 მოთამაშე: ირაკლი აზაროვი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე, გაბრიელ სიგუა, ოთარ მამაგეიშვილი, ნოდარ ლომინაძე და საბა ხვადაგიანი.
უხეშად რომ ვთქვათ, "ჯვაროსნების" განკარგულებაში პორტუგალიის დამმარცხებელი გუნდის 30 პროცენტი არის. გაგნიძისა და მამაგეიშვილის გარდა, პირენეელებთან ისტორიული დაპირისპირების მონაწილე ზემოაღნიშნული ყველა მოთამაშე იყო. მეტოქის მხრიდან კი ასეთი არის 3: ენრიკე არაუჟო, პაულო ბერნარდო და სამუელ სოარესი.
ჩვენს ნაკრებსა და "ლუზიტანებს" მწვრთნელებიც იგივე ჰყავთ - სვანაძე და ჟორჟე. რაც შეეხებათ იმ მატჩის სხვა მონაწილეებს, სამწუხაროდ, რამაზის განკარგულებაში აღარ არის რუის გუნდის კარში გატანილი პირველი ბურთის ავტორი გაგუა, ასევე იმ შეხვედრაში 2 ასისტით გამორჩეული გიორგი წიტაიშვილი.
პორტუგალიასთან გამარჯვებაში თავისი წვლილი აგრეთვე შეიტანეს ზურიკო დავითაშვილმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა, მოთამაშეებმა, რომლებიც დღეს, საქართველოს მთავარი ეროვნული გუნდის უცვლელი წევრები არიან. ცნობისთვის, "ჯვაროსნების" სათადარიგოთა სკამზე გიორგი მამარდაშვილიც იყო.
დღეს, ჩვენს 21-წლამდელთა ნაკრებს ჰყავს ახალი გმირები - ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც "მამლებსა" და პოლონეთთან მატჩებში დაამტკიცეს, რომ წინააღმდეგობის გაწევა მათ ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ. სვანაძის გუნდს ჯოკერად ეყოლება საზონოვი - უკანახაზელი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს პირენეელთა კარში ბურთის შეგდება.
ქართველ ცენტრალურ მცველს სანაკრებო დონეზე გატანილი აქვს ორი გოლი - პირველი იყო "ლუზიტანებთან", მეორე კი უკვე ამჟამინდელ ტურნირზე, "ლურჯებთან". საქართველოს, საბას სახით, დიდი თამაშებისთვის განკუთვნილი ფეხბურთელი ნამდვილად ჰყავს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო, ტორინოს საკუთრებაში მყოფ უკანახაზელს მთელი გასული სეზონი გაუცდა.
ორი წლის წინანდელ გამართულ მატჩში მონაწილეობას არ იღებდა გიორგი აბუაშვილი, თუმცა პორტუგალიელების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მას აქვს. პორტო B-ში ასპარეზობის დროს, ქართველი ვინგერი გადაეყარა პირენეელთა ამჟამინდელი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშეს, როგორც თანაგუნდელის, ისე მეტოქის რანგში.
მაგალითად, საქართველოს ნაკრების გარემარბის გვერდით "დრაკონებში" თამაშობდა როდრიგო პინეირო, რომელიც დღეს უკვე არის მამაგეიშვილის თანაგუნდელი ფამალიკაოში. "თეთრ-ლურჯების" ყოფილი განაპირა მცველის გარდა, "ლუზიტანებში" ამ კლუბიდან წარმოდგენილია კიდევ 2 მოთამაშე: მატიას დე ამორიმი და გუსტავო სა.
ერთი სიტყვით, "ჯვაროსნების" რამდენიმე ფეხბურთელისთვის ჟორჟეს შეგირდების წინააღმდეგ თამაში სიახლე სულაც არ იქნება. ბოლოსთვის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ორი წლის წინანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ჟოაო ნევეშიც იღებდა. დღეს, ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი და ოქროს ბურთის პოტენციური ნომინანტი.
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ამ ყველაფერს ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მიაღწია. ცხადია, როგორც მაშინ, ისე ახლაც, ამ ორი ვარსკვლავის მონაწილეობა ჩვენი ეროვნული გუნდისა და პორტუგალიის შეხვედრას შესძენდა დამატებით ხიბლს, მაგრამ სამწუხაროდ, პარის სენ-ჟერმენის მოთამაშეები ახლა სხვა ბრძოლაში არიან.
პსჟ მონაწილეობას იღებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა გუნდმა მადრიდის ატლეტიკოს განადგურებით (4:0) პირველი 3 ქულა მოიპოვა. ორივე მოთამაშე ტრადიციულად იყო მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით კი ქართველი ვინგერი, 2 ასისტით თავის ანგარიშზე.
წარმატებები ვუსურვოთ სვანაძის გუნდს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავგადასავალი თავის დროზე დაიწყო სწორედ პირენეელებთან მოგებით, იმავე მეტოქესთან კიდევ ერთი გამარჯვებით კი ეს ზღაპარი უნდა გაგრძელდეს. 17 ივნისი, 20:00 საათი, საქართველო "ლუზიტანებთან" ზედიზედ მეორედ მოგებას ეცდება.















