La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
22-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 21 მარტს 17:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 22-ე ტურის წინ?
ლიონი VS. მონაკო | 22 მარტი, 18:00 საათი
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონი გასულ წლებთან შედარებით საოცრად დაძაბულია. 26-ე ტურის თავზე ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძვის, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის კი 5 გუნდი.
ამ ტურში ცენტრალური დაპირისპირება უდავოდ ლიონში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი მონაკოს უმასპინძლებს. პაულო ფონსეკას გუნდს 47 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო სებასტიან პოკონიოლის გუნდს 43 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.
გუნდები ამ შეხვედრას განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან - ლიონი ლიგა 1-ში უკვე 4 მატჩია, რაც ვერ იგებს, ხოლო რაც შეეხება მონაკოს, მათი მოგებათა სერია უკვე 6 მატჩს ითვლის.
პირველ წრეში გამართული მატჩი საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, სადაც გამარჯვება ლიონს დარჩა, 1-3.
ლიონი კვირას გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება - პაულო ფონსეკას განკარგულებაში ნუამა, კლაივერტი, მორეირა, შულცი და მეიტლანდ-ნაილსი არ იქნებიან. რაც შეეხება მონაკოს დანაკლისს, სამატჩო განაცხადში მინამინო, პოგბა, სალისუ, დაიერი, ვანდერსონი და დიატა ვერ მოხვდებიან.
ლიონის სავარაუდო შემადგენლობა: გრეიფი, ჰატებური, ტესმანი, ნიახატე, ტალიაფიკო, მორტონი, მანგალა, კარაბეცი, ტოლისო, ვინისიუსი, ენდრიკი;
მონაკოს სავარაუდო შემადგენლობა: ჰრადეცკი, კერერი, ზაქარია, ფასი, ტეზე, კამარა, ბამბა, ადინგრა, აკლიუშე, გლოვინი, ბალოგუნი;
გუნდები ისტორიაში სულ 129-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც მონაკომ 56 მატჩი მოიგო, ხოლო ლიონმა 48. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა კი 25 ითვლის.
ამ მატჩის წინ პროგნოზის გაკეთება გაგვიჭირდება, რადგან ვთვლით, რომ შანსები 50/50-ზეა. ვფიქრობთ, მაყურებელი საოცრად დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრას იხილავს, სადაც დიდი ალბათობით გოლის გატანას ორივე გუნდი შეძლებს.
რეალ მადრიდი VS. ატლეტიკო მადრიდი | 22 მარტი, 23:55 საათი
ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდული დერბი გველოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს. სანტიაგო ბერნაბეუზე ალვარო არბელოას გუნდი ჩოლო სიმეონეს შეგირდებს უმასპინძლებს - სამეფო კლუბის მიზანი მხოლოდ ერთია, გამარჯვება და ბარსელონასთან როგორც მინიმუმ 4-ქულიანი სხვაობის შენარჩუნება.
რაც შეეხება ატლეტიკო მადრიდს, სიმეონეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური თითქმის განაღდებული აქვს და ამ მატჩში მხოლოდ ერთ მიზანი აქვს - თანაქალაქელის დამარცხება და საჩემპიონო ინტრიგის გაქრობა.
პირველი წრის მატჩში დიდი სენსაცია დაფიქსირდა, რადგან ჩოლო სიმეონეს გუნდმა მეტოქე 5-2 გაანადგურა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაიწყო ჩაბი ალონსოსთვის პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა სამეფო კლუბი დატოვა.
ახლა კი კვირას გასამართ შეხვედრას დავუბრუნდეთ და გუნდების საკადრო პრობლემებზე ვისაუბროთ. რეალ მადრიდის დანაკლისი ასე გამოიყურება: მილიტაო, როდრიგო, სებალიოსი, კარერასი, მენდი. რაც შეეხება კურტუასა და ბელინგემს, მათი საკითხი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.
ახლა კი ატლეტიკო მადრიდის ბანაკზე ვისაუბროთ - ჩოლო სიმეონეს განკარგულებაში მხოლოდ მენდოზა არ იქნება.
რეალ მადრიდის სავარაუდო შემაგდენლობა: ლუნინი/კურტუა, არნოლდი, რუდიგერი, ჰაუსენი, გარსია, ვალვერდე, პიტარჩი, ჩუამენი, გიულერი, დიასი, ვინისიუსი;
ატლეტიკო მადრიდის სავარაუდო შემადგენლობა: ობლაკი, მოლინა, ლე ნორმანი, ჰანცკო, რუჯერი, სიმეონე, ლორენტე, კარდოზო, ლუკმენი, გრიზმანი, ალვარესი;
მადრიდული დერბი ისტორიაში სულ 242-ჯერ გაიმართა, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 124 რეალ მადრიდმა მოიგო, ხოლო ატლეტიკომ მეტოქეს 60-ჯერ აჯობა. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 58 ითვლის.
როდესაც მადრიდული დერბი იმართება, ფავორიტის დასახელება ყოველთვის რთულია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ვფიქრობთ ფავორიტი ალვარო არბელოას გუნდია და შანსებს 60/40-ზე გადავანაწილებთ.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















