
ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგი | რენი-პსჟ 1:3 (23/09/2018)
თავდამსხმელი, რომელიც მაღალი კონკურენციის გამო, პარის სენ-ჟერმენში ვერ დამკვიდრდა. ამის მიუხედავად, ჩუპო-მოტინგს დასამახსოვრებელი დებიუტი გამოუვიდა. რენთან მატჩი ერიკმა დაიწყო სათადარიგოთა სკამზე, თამაშში კი ჩაერთო 78-ე წუთზე და მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად 5 წუთში მან მეტოქის კარი აიღო.

ანხელ დი მარია | მონაკო-პსჟ 0:3 (30/08/2015)
პარის სენ-ჟერმენის თანამედროვე ისტორია დი მარიას გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. 300-მდე ჩატარებული შეხვედრა და უამრავი ტიტული, ყველაფერი კი დაიწყო მონაკოსთან მატჩში შესრულებული ასისტით. შეცვლაზე შემოსვლიდან 18 წუთში ანხელმა თანამემამულე ლავეცის მეტოქის კარში გოლი გაატანინა.

იულიან დრაქსლერი | რენი-პსჟ 0:1 (14/01/2017)
გასული დეკადის დასაწყისში დრაქსლერი ითვლებოდა გერმანული ფეხბურთის მთავარ ტალანტად და პარის სენ-ჟერმენმა მის ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ომი გამოიარა. ყველაფერი იწყებოდა ძალიან კარგად: საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში იულიანმა პსჟ-ს თავისი გატანილი ბურთით მოაგებინა.

აშრაფ ჰაკიმი | ტრუა-პსჟ 1:2 (07/08/2021)
ჰაკიმის სადებიუტო შეხვედრაში პარის სენ-ჟერმენმა ტრუასგან გოლი გაუშვა უკვე მეცხრე წუთზე, თუმცა სტუმრები დაქამბექებას მალევე შეუდგნენ. ფრანგული გრანდის მხრიდან პირველი ბურთი სწორედ აშრაფმა შეაგდო. ცნობისთვის, მე-2 გოლი გაიტანა მილანის ინტერის კიდევ ერთმა ყოფილმა მოთამაშემ, მაურო იკარდიმ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი | პსჟ-ლორიენი 2:2 (11/08/2012)
იბრაჰიმოვიჩის პირველ შეხვედრაში მოდუნებული პარის სენ-ჟერმენი 65-ე წუთამდე ანგარიშით 0:2 მარცხდებოდა. მასპინძლებს გადამრჩენელად მოევლინა ვინ, თუ არა ზლატანი. 2 ბურთი 24 წუთში და უდავოდ, საუკეთესო სადებიუტო მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-ს მაისურით. ლეგენდარული ფორვარდი იძახდა, რომ ის გახდებოდა პარიზის მეფე, ასე მოხდა.

ხვიჩა კვარაცხელია | პსჟ-რეიმსი 1:1 (25/01/2025)
სიის ყველაზე ახალი წარმომადგენელი. მართალია, პარის სენ-ჟერმენმა იმ შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, თუმცა პერსონალურად კვარაცხელიას ნამდვილად გამორჩეული დებიუტი გამოუვიდა. სწორედ ახალწვეულმა ვინგერმა გაატანინა ოსმან დემბელეს ის ერთადერთი ბურთი პსჟ-ს მხრიდან.

ლეონარდო არაუჟო | სტრასბურგი-პსჟ 0:1 (10/08/1996)
პარის სენ-ჟერმენის მივიწყებული ლეგენდა, რომელმაც ლიგა 1-ში პირველივე შეხვედრაში გაიბრწყინა. ფრანგული ფეხბურთის მომავალმა დომინანტმა სწორედ ლეონარდოს ერთადერთი გატანილი ბურთით მოიგო. მან მოედანზე გაატარა 73 წუთი, პარკ დე პრენსზე დამსწრე პუბლიკამ კი ახალწვეული არაუჟო აპლოდისმენტებით გააცილეს.

კილიან მბაპე | მეცი-პსჟ 1:5 (08/09/2017)
ყველაფერი, რაც უკავშირდება პარის სენ-ჟერმენს, მბაპეს გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც გატანილი ბურთების ანგარიში პირველივე მატჩში გახსნა. 59-ე წუთამდე ტაბლოზე იყო 1:1, მაგრამ შემდეგ, მეცის დარბევას საფუძველი სწორედ კილიანმა ჩაუყარა. ფრანგი ფორვარდის გოლის შემდეგ, პსჟ-მ კიდევ 3 გაიტანა.

ნეიმარ ჟუნიორი | გინგამი-პსჟ 0:3 (13/08/2017)
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დებიუტი არა მხოლოდ პარის სენ-ჟერმენის, არამედ ზოგადად ლიგა 1-ის ისტორიაში. ნეიმარმა თავდაპირველად საგოლე გადაცემა გაუკეთა ედი კავანის, მოგვიანებით კი მან თავადაც გაიტანა. ცნობისთვის, ჟუნიორს ასისტით ვალი სწორედ ნაპოლის ყოფილმა ფორვარდმა დაუბრუნა.

რაი დე ოლივეირა | პსჟ-მონპელიე 1:0 (11/09/1993)
პარის სენ-ჟერმენის კიდევ ერთი მივიწყებული ლეგენდა, რომელმაც კლუბში 220-მდე შეხვედრა ჩაატარა. ყველაფერი კი დაიწყო 1993 წლის სექტემბერში, მონპელიეს კარში გამარჯვების მომტანი ბურთით. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ 7 ტურში რაის საერთოდ არ უთამაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, პსჟ-ში ის მალე ადაპტირდა.

















