წარმოგიდგენთ პარის სენ-ჟერმენის ვარსკვლავების სადებიუტო გოლებს. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის განვლილ ტურში თავისი პირველი ბურთი ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამაც შეაგდო. ახალგაზრდა ვინგერმა მონაკოს კარი აიღო.
პარის სენ-ჟერმენი აღნიშნულ შეხვედრაში მოკრძალებულ აიაჩოსთან 86-ე წუთამდე მარცხდებოდა და ფრანგულ გუნდს ქულის გადამრჩენელად სწორედ კავანი მოევლინა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პსჟ-ს იმ დროს ახალწვეულმა ფორვარდმა კორსიკელთა კარი ეფექტური დარტყმით აიღო. ცნობისთვის, "თეთრ-წითელთა" გოლკიპერი გილერმო ოჩოა იყო.
ანხელ დი მარია | პსჟ 2:0 მალმიო (15/09/2015)
დი მარიამ პარის სენ-ჟერმენში გოლების ანგარიში გახსნა არა ლიგა 1-ში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე. ფრანგული გუნდის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ჯგუფურ ეტაპზე იყო მალმიო, რომელსაც ანხელმა მატჩის მე-4 წუთზე შეუგდო. ის თამაში პსჟ-მ მოიგო 2:0 და მის გარდა, გოლი კავანიმაც გაიტანა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი | პსჟ 2:2 ლორიენი (11/08/2012)
იბრაჰიმოვიჩმა პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა სადებიუტო შეხვედრაშივე, თანაც მან დუბლი გაიფორმა. მისი გუნდი 65-ე წუთამდე სენსაციურად აგებდა 0:2-ს, მაგრამ შემდეგ, ზლატანმა თავისი ჯადოქრობა ჩართო. მან ჯერ თამაშიდან შეამცირა სხვაობა, ბოლო წუთებზე კი 11-მეტრიანიც გაიტანა.
La passe, les dribbles, la finition, la célébration, tout est parfait pour le premier but de Kvaratskhelia au PSG ❤️💙
— lélé ❤️💙 (@Julien_27LS) February 8, 2025
pic.twitter.com/hXGgayYGb4
ხვიჩა კვარაცხელია | პსჟ 4:1 მონაკო (07/02/2025)
მომენტი, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა. კვარაცხელია რეიმსთან თავის სადებიუტო შეხვედრაში შემოიფარგლა საგოლე გადაცემით, პირველი ბურთი კი მან რამდენიმე მატჩის შემდეგ შეაგდო. ოსტატური შესრულება და თამაშს გამოთიშული მონაკოს უკანახაზელი: ხვიჩას თავგადასავალი პარის სენ-ჟერმენში დაიწყო!
კილიან მბაპე | მეცი 1:5 პსჟ (08/09/2017)
იბრაჰიმოვიჩის მსგავსად, მბაპემაც სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა თავისი პირველი გოლი პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში. მისმა გუნდმა მეცი სტუმრად გაანადგურა 5:1, კილიანმა კი პსჟ-ს რიგით მე-2 ბურთი გაიტანა. რამდენიმე წლის შემდეგ, ფრანგულ კლუბს ის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის სტატუსით დატოვებს.
ლიონელ მესი | პსჟ 2:0 მანჩესტერ სიტი (28/09/2021)
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სადებიუტო გოლი ფეხბურთის ისტორიაში. მესიმ ეს გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე, თანაც მან სიტის წინააღმდეგ. ლეოს შედევრი დასახელდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გატანილ გოლად.
ნეიმარ ჟუნიორი | გინგამი 0:3 პსჟ (13/08/2017)
ერთ-ერთი საუკეთესო დებიუტი პარის სენ-ჟერმენის ისტორიაში. ნეიმარმა თავის პირველ შეხვედრაში არა მხოლოდ თავად გაიტანა, არამედ კავანისაც შეაგდებინა. პსჟ-ს მსხვერპლი აღმოჩნდა მოკრძალებული გინგამი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარმა დომინანტმა სტუმრად ანგარიშით 3:0 გაანადგურა.
ჯეი-ჯეი ოკოჩა | ბორდო 3:1 პსჟ (08/08/1998)
მართალია, პარის სენ-ჟერმენი აღნიშნულ შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა ოკოჩას შედევრმა ყველაფერი გადაფარა. მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად ორ წუთში, ჯეი-ჯეიმ მოედნის ცენტრში თავბრუ დაახვია ბორდოს მოთამაშეებს, შემდეგ კი ულრიჰ რამეს კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო.
რონალდინიო გაუჩო | პსჟ 2:2 ლიონი (14/10/2001)
პარის სენ-ჟერმენის 2000-იანი წლების ისტორია ასეთია - იქ, სადაც არის ოკოჩა, აუცილებლად რონალდინიოც უნდა იყოს. მართალია, ფეხბურთის მთავარი ჯადოქრის სადებიუტო ბურთი სილამაზით იყო მოკრძალებული (გაუჩომ 11-მეტრიანი გაიტანა), მაგრამ მნიშვნელოვანი, პსჟ-მ ქულის გადარჩენა შეძლო. ცნობისთვის, პირველი გოლი ლიონს ისევ და ისევ ჯეი-ჯეიმ შეუგდო.
ჯორჯ ვეა | სტრასბურგი 0:4 პსჟ (22/08/1992)
სია დავასრულოთ ლეგენდარულად - პირველი არაევროპელი ფეხბურთელით, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ნანატრი პრიზის მიღებამდე რამდენიმე წლით ადრე, ვეამ გაიბრწყინა პარის სენ-ჟერმენში და თავის სადებიუტო ბურთს, მიაყოლა კიდევ ერთი გოლი და ასისტიც. სტრასბურგი პერსონალურად სწორედ ჯორჯმა გაანადგურა.

















