ინგლისელი ფორვარდი მოედანზე ნამდვილ ქარიშხალად იქცევა ხოლმე, მაგრამ მოედნის მიღმა ის მშვიდი პერსონაჟია - დინჯი მანერებით. კეინი იმ ბრიტანელს მეზღვაურს ჰგავს, რომელიც სიმშვიდეს შტორმში შესვლის წინაც ინარჩუნებს და საქმიანობას ზედმიწევნითი პროფესიონალიზმით აკურატულად აგრძელებს. ჰარი ყოველთვის გამორჩეული იყო, ამაზე მეტყველებს მისი დისციპლინა და აკადემიური მაღალი მოსწრება ჩინგფორდისა და ლარქსვუდის სკოლებში. ჰარი პატარაობიდან არღვევდა სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც სპორტსმენს დატვირთვა მხოლოდ ფეხის კუნთებში უნდა ჰქონდეს.

ფორვარდის პირველი ახალგაზრდული კლუბი რიჯუეი როვერსი იყო, საიდანაც ის მალევე ლონდონის არსენალის აკადემიას შეუერთდა. ფეხბურთელმა „მეთოფეებთან" საერთო ენა ვერ გამონახა, ძველ კლუბში დაბრუნდა. როვერსი ჰარიმ მეორედ ელტონ ჯონის ჰანგებზე მომღერალი უოტფორდის გამო დატოვა. ოდისეა დიდად წარმატებული ვერ გამოდგა და აზვირთებულ ტალღებთან მებრძოლ ჰარის უიმედობა შეეტყო. სწორედ ამ რთულ დროს გამოჩნდა ფეხბურთელის ცხოვრებაში მთავარი საყრდენი - ტოტენჰემ ჰოტსპური. „ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობა სპურსის გულშემატკივარი იყო და მე გავიზარდე სპურსის გულშემატკივრების კვარტალში, ამიტომ ტოტენჰემი მუდამ ჩემს გულში იყო." - გავა დრო და ჰარი კეინი ამ სიტყვებს იტყვის იმ კლუბის მიმართ, რომელმაც მეზღვაურის გემს საკუთარ პორტში ადგილი მოუძებნა.
2004 წლიდან ბრიტანელი ფორვარდი „მამლების" აკადემიაში იწრთობოდა. დიდ გუნდში პირველი შანსი კი 2010 წელს მიიღო, მაგრამ ჰარის მშობლიურ ტოტენჰემშიც ბევრის დამტკიცება უწევდა. 2011-13 წლებში სპურსმა ფორვარდი ოთხ სხვადასხვა კლუბში გაანათხოვრა. ჰარი დიდხანს მოგზაურობდა, სანამ ლესტერ სიტიში ბოლო იჯარის შემდეგ ისევ ტოტენჰემმა ჰოტსპურს არ დაუბრუნდა - 2014 წლის 7 აპრილს, სპურსის მაისურით კეინმა პრემიერ ლიგაში პირველი გოლი შეაგდო. სანდერლენდის წინააღმდეგ 5:1 მოგებულ შეხვედრაში ბრიტანელმა მოკრძალებული წვლილი დაიდო.
ჰარი მალევე ხდება „დეზების" ლიდერი და ერთი წლის თავზე გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაჰყავს. ამ შეხვედრაში ის ნამდვილად ჰგავდა ჰენრი ჰადსონს, მის მზერაში თავმოყრილი იყო ყველა ინგლისელი მეზღვაურის სიდიადე. კლუბში წარმატებული თამაშის პარალელურად ჰარის ინგლისის ნაკრებში იძახებენ - „სამი ლომი" დიდ ტურნირებზე ვერ ბრწყინავდა და ჰარის გამოჩენამ ბევრს იმედი ჩაუსახა, რომ სამშობლოში ფეხბურთს ეს ბიჭი მაინც დააბრუნებდა.

ჰარი კეინი გახდა სტაბილური 9 ნომრის ეტალონი, რომელიც ერთნაირად კარგად თამაშობს ფეხითა და თავით, სწორად არჩევს პოზიციას, საჭიროების შემთხვევაში თამაშობს 10-იანზეც, ეხმარება მცველებს და ამოაქვს ბურთი. ჰარი 3-ჯერ გახდა პრემიერლიგის ოქროს ბურთის მფლობელი. ჰარიმ სპურსთან ერთად პრემიერ ლიგის ვერცხლი მოიგო და „მამლები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ იქ კლოპის ლივერპულს ძვრა ვერ უყო. ჰარიმ ორჯერ დათმო კარაბაოს თასის ფინალი და ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალის წაგებაც მოასწრო. არადა ჰარის გააქვს, ჰარი ბომბარდირია - ინგლისის ჩემპიონატისა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცებს იგებს, ჰარი ალან შირერის რეკორდს უტევს, მაგრამ მასზე საუბრისას სიტყვა ლუზერს ერთხელ მაინც ყველა იყენებს და მიმებში სიზიფეს ქვასთან ერთად ჩნდება, რომელიც მორიგ ჯერზე დაუგორდა.

2023 წლის ზაფხულში მიუნხენის ბაიერნმა ინგლისელის ტრანსფერი მოითხოვა - ჰარიმ საკუთარ კარიერას და სასწორის პინას შეხედა, რომლის ერთ მხარეს ტოტენჰემში დარჩენა და ალან შირერის პრემიერლიგური რეკორდის მოხსნა იყო, მეორე მხარეს კი ტიტულების სამჭედლო გრანდში გადასვლა - კეინი ყოყმანობს, კეინი ფიქრობს, ის ხომ ფრთხილი და კონსერვატორი ინგლისელი მეზღვაურია, მისი კუმირი ალან შირერი დიდ რეკორდს უფრთხილდება და ეხვეწება - შენ ოღონდ გერმანელებს დათანხმდი და მიუნხენში ჩემი ავტომობილით ჩაგიყვანო. ჰარიმ ბევრი ფიქრის შემდეგ დანიელ ლევის სთხოვა - სპურსი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემს პირველობას ტიტულებიც სჭირდება და გთხოვ წასვლის ნება მომეციო. დანიელმა ნიანგის ცრემლებით ამოხედა - უშენოდ რა გვეშველებაო, არადა ლევის ერთადერთი საზრუნავი მეტი ფულის მიღებაა.

ხარბმა დირექტორმა ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენი ბავარიელებს 95 მილიონ ევროდ გადაულოცა. გერმანელებს ბრიტანელები დიდად არ უყვართ, ბუნდესლიგაშიც ბევრ ინგლისელს ნამდვილად ვერ გაიხსენებთ. „რეკორდმაისტერში" ბოლო გულიანი ინგლისელი ოუენ ჰარგრივსი იყო, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ჰარი მიუნხენში ძია ჰერბერტმა, წუწკმა ულიმ და ბაიერნის ულტრასებმაც სიხარულით მიიღეს, რადგან კეინში დიდსულოვანი მოთამაშე იცნეს. ეს თვისება კი ბაიერნის იდენტობაში კარგად ჯდება. გერმანელებს ბრიტანელებთან ისტორიული და მენტალური ომი აქვთ, მაგრამ ღირსეულ მტერთან ფეხბურთის თამაში ომშიც მოსულა, მშვიდობის დროს კი კეინი ამ საქმისთვის ყველაზე შესაფერისი კაცია.
ჰარი კეინს მიუნხენში გადასვლიდან მესამე დღესვე მიეცა პირველი ტიტულის მოგების შანსი, ბრიტანელი, ალბათ, უკვე წარმოიდგენდა როგორ ფეხბედნიერად იწყებოდა მისი გერმანული კარიერა, მაგრამ კეინი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა. ლაიფციგმა დანი ოლმოს ბრწყინვალე თამაშით მიუნხენის ბაიერნი მშრალზე დატოვა. ჰარის წყევლა, სიზიფეს ქვა, ლუზერი და სხვა არაერთი ხუმრობა ისევ ამოტივტივდა სოციალურ მედიაში. თასის ტკივილს ჰარი როგორმე გადაიტანდა, ამ ყოველივეს რომ ბუნდესლიგაში ლევერკუზენის ისტორიულ სეზონი არ დამატებოდა. კეინი ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გერმანიაში რეკორდები რეკორდებზე მიაწყო, მაგრამ ბაიერნში მისმა პირველმა სეზონმა ტიტულის გარეშე ჩაიარა. ბავარიულმა გიგანტმა არათუ ბუნდესლიგა, არამედ გერმანიის თასიც ვერ მოიგო და 12 წლის განმავლობაში პირველად სეზონი უტიტულოდ დაასრულა. ჰარიმ ინგლისთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ ფინალი წააგო და ქვა ისევ სიზიფესეულად დაუგორდა.

ინგლისელს შრომა არ შეუწყვეტია და ახალი საკლუბო სეზონი დიდებულად დაიწყო, ბაიერნის შემადგენლობაში თავს ერთმანეთზე ლამაზი გოლებით გვაწონებს და რეკორდებს ეთამაშება. შემოდგომაზე ბავარიულ დერბიში აუგსბურგთან ჰეთ-თრიკი შეასრულა. განუმეორებელი იყო ბოლო გოლი, როდესაც ლეონ გორეცკას ჩაწოდებულის შემდეგ ჰარიმ ბუნდესლიგის ლოგო მოხაზა, ბურთი ჩამოიღო თავის თავს - საგოლე გადაცემა საკუთარ თავს გაუკეთა.
ტიტულები?! - ჰარიმ დიდი ხნის წინ დაიმსახურა. მისი ექსპედიცია ჯერჯერობით წარუმატებელია, მაგრამ კეინი ბრძოლას ჯიუტად და დაუღალავად აგრძელებს. არის ამაში რაღაც რობერტ სკოტისეული და სუფთად კეინური - აკადემიური თავზეხელაღებულობა. როგორც ალბერ კამიუ იტყოდა - მწვერვალებისკენ მიმართული ბრძოლა საკმარისია რომ ადამიანის გული სიხარულით აივსოს. სიზიფე ბედნიერი უნდა წარმოვიდგინოთ, ფეხბურთის სიზიფეც ბედნიერია!















