
არჩილ არველაძე კიოლნთან ერთად მიუნხენ 1860-ს ანადგურებს
დრო, როცა კიოლნიც და მიუნხენ 1860-იც ბუნდესლიგის რეგულარული წევრები იყვნენ. 2000/2001 წლების სეზონის გამართულ შეხვედრაში არველაძის გუნდმა "ლომები" 4:0 გაანადგურა. არჩილმა პირველი ნახევრის ბოლოს ასისტი გაუკეთა მარტინ კურტს, მეორე ტაიმში კი მან თავადაც გაიტანა. ცნობისთვის, "ლურჯების" შემადგენლობაში იმ დროს ტომას ჰესლერი და მარტინ ბიროფკა თამაშობდნენ.

მიხეილ აშვეთიას ხანმოკლე, თუმცა წარმატებული გაჩერება კარლ ცაისში
2007-2008 წლებში, კარლ ცაისში დამკვიდრების მცდელობა ექვს ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა. საუბარია მიხეილ აშვეთიაზე, გიორგი ლომაიაზე, ილია კანდელაკზე, გიორგი სეთურიძეზე, რევაზ ბარაბაძესა და გიორგი ონიანზე. ყველაზე დასამახსოვრებელი მათ შორის იყო აშვეთია, რომელმაც 10 მატჩში 5 ბურთი გაიტანა. მიხეილის გერმანულ კარიერაში ყველაზე გამოსარჩევი იყო დუბლი მიუნხენის კარში.

გიორგი ჭანტურია ლაიფციგის წინააღმდეგ
ჭანტურია თავისი გუნდის პოვნას მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ცდილობდა. მცირე ხნით ის დუისბურგში გაჩერდა, რომლის შემადგენლობაში მან 24 მატჩში 4 ბურთი გაიტანა. 2015/16 წლების სეზონში გიორგიმ გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა ლაიფციგს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს გუნდი მე-2 ბუნდესლიგაში იყო.

ალექსანდრე იაშვილის ჰეტ-ტრიკი ვოლფსბურგთან
იაშვილს გერმანიაში ჩატარებული აქვს არაერთი გამორჩეული შეხვედრა, თუმცა მის ბენეფისად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2003 წლის 8 ნოემბერს გამართული მატჩი ვოლფსბურგთან, რომელშიც მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა. ალექსანდრემ დუბლი გაიფორმა ორი წუთის შუალედში (31-33), თამაშის ბოლოს კი მან მე-3 ბურთიც გაიტანა.

ლევან კობიაშვილი ოლივერ კანის წინააღმდეგ
კობიაშვილი შედის იმ ფეხბურთელთა რიგებში, რომლებსაც ოლივერ კანისთვის აქვთ გოლი გატანილი, თანაც არაერთი. პირველად ეს მოხდა 2000/2001 წლების სეზონში, როდესაც ლევანი ჯერ კიდევ ფრაიბურგში თამაშობდა. მე-2 ბურთი კი 6 სეზონის შემდეგ, როდესაც ის უკვე გელზენკირხენის შალკეს მოთამაშე იყო.

გიორგი ნემსაძისა და რევაზ არველაძის თავგადასავალი გერმანიის თასზე
გერმანიის თასის 1995/1996 წლების სეზონში მონაწილეობას იღებდა რეგიონალური ლიგის ბინადარი ჰომბურგი, რომლის რიგებში იმ დროს თამაშობდნენ გიორგი ნემსაძე, რევაზ არველაძე და ნიკა ჩხეიძე. "08"-მ წააგო 1/4 ფინალში, კაიზერსლაუტერნთან, იქამდე კი იყო რამდენი დასამახსოვრებელი მოგება. პირველ რიგში, გამოსარჩევია მიუნხენ 1860-ის დამარცხება, ნემსაძის გოლითა და არველაძის ასისტით.

დავით სირაძის ზედიზედ ორი დუბლი
სირაძემ კარიერის საუკეთესო სეზონი 2005/2006 წლებში ჩაატარა, როდესაც ის აუე-ში თამაშობდა. 34 შეხვედრა, 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა - ასეთი იყო დავითის მონაგარი. იმავე სეზონის 26-27 ტურებში მან ზედიზედ 2 დუბლი შეასრულა, როსტოკის ჰანზასთან და გროიტერ ფიურტთან. ასევე, მას ნათამაშები აქვს უნიონ ბერლინში, რომლის შემადგენლობაში 1 ბურთი გაიტანა.

კახაბერ ცხადაძისა და ჯეი-ჯეი ოკოჩას დუეტი
ბევრს არ ახსოვს ის ფაქტი, რომ ცხადაძე 90-იანების დასაწყისში ფრანკფურტის აინტრახტში თამაშობდა. 90 შეხვედრაში მან გაიტანა 3 გოლი, ერთ-ერთი ბურთი კახაბერმა შტუტგარტს შეუგდო. ამის გაკეთება მან შეძლო ოკოჩას დახმარებით, რომელიც იმ დროს "არწივებში" ბრწყინავდა. ანგარიში იყო 0:1 "შვაბების" სასარგებლოდ, როდესაც ჯეი-ჯეის ასისტით გოლი ქართველმა უკანახაზელმა გაიტანა.

ლევან ცქიტიშვილის ქულის გადამრჩენელი პენალტი დორტმუნდთან
ცქიტიშვილი იყო ფრაიბურგში ქართული დიასპორის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ამ გუნდის რიგებში მან 160 შეხვედრა ჩაატარა. გამოსარჩევია 2004 წლის 13 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც ლევანმა "არწივებს" დორტმუნდთან ქულა გადაურჩინა. ანგარიში იყო 1:2, როდესაც იაშვილის 65-ე წუთზე საჯარიმოში წაქცევის შემდეგ, 11-მეტრიანი ქართველმა ჩამშლელმა ზუსტად შეასრულა.

ბუდუ ზივზივაძის ჰეტ-ტრიკი ნიურნბერგთან
მეორე ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში კარლსრუეს მოწინააღმდეგე იყო ნიურნბერგი, ამ უკანასკნელში სამწვრთნელო დებიუტი მიროსლავ კლოზეს ჰქონდა. 31-ე წუთისთვის "წითლები" იგებდნენ 2:0-ს, რაც ლეგენდარული გერმანელი ფორვარდის წარმატებული დებიუტის მომასწავებელი იყო. მისი გეგმები არია ზივზივაძემ, რომელმაც ბავარიელებს ჰეტ-ტრიკი შეუსრულა.

















