
შოთა არველაძე - ტომაშ გალაშეკი
არველაძე და გალაშეკი ერთმანეთს შეხვდნენ ხუთჯერ - სამჯერ იმარჯვა ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, ორჯერ კი ჩეხი საყრდენი ნახევარმცველის. შოთამ 2-ჯერ მოიგო მაშინ, როდესაც ის თამაშობდა ამსტერდამის აიაქსში, ტომაში კი ტილბურგის ვილემ II-ში. მოგვიანებით, ნიდერლანდურ გრანდში გადავიდა თავად ჩეხეთის ეროვნული გუნდის კაპიტანი, საქართველოს ნაკრების ფორვარდი კი უკვე ალკმაარში თამაშობდა.
2005 წლის 18 სექტემბერს აზ 67-მა "ებრაელები" დაამარცხა ანგარიშით 4:2 და არველაძემ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მოედანზე იყო გალაშეკიც, მაგრამ "თეთრ-წითლების" მხრიდან საუკეთესო იყო უესლი სნეიდერი, რომელმაც შოთას მსგავსად ასევე 2 ბურთი გაიტანა.

მალხაზ ასათიანი - კარელ პობორსკი
პობორსკი კარიერის ბოლოს დაბრუნდა სამშობლოში, სადაც პრაღის სპარტას მაისური მოირგო. 2002 წლის ზაფხულში მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე ხვდებოდა ქუთაისის ტორპედოს, სადაც კარიერას იმ დროს ასათიანი იწყებდა. "წითლებმა" 2 მატჩის ჯამში მოიგეს 5:1 და ბრძოლა გააგრძელეს. რაც შეეხება მალხაზს, მოგვიანებით ის მალევე მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა.

ალექსანდრე იაშვილი - იან კოლერი
იაშვილმა და კოლერმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ექვსი შეხვედრა და მათ შორის არის ფრე - ორჯერ იმარჯვა ქართველმა თავდამსხმელმა, ორჯერ ჩეხმა ფორვარდმა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა. ალექსანდრეს იანთან მოგებული აქვს როგორც ფრაიბურგის, ისე კარლსრუეს მოთამაშის რანგშიც.

კახა კალაძე - პაველ ნედვედი
ნედვედისა და კალაძის დაპირისპირება დაიწყო ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც ერთი თამაშობდა რომის ლაციოში, მეორე კი კიევის დინამოში. შემდეგ, კახა გადმოვიდა კალჩოში, სადაც მილანის მაისურით პაველის წინააღმდეგ 8 მატჩი ჩაატარა. მათ ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, მაგრამ ჩეხმა შუახაზელმა ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო, აღნიშნული თამაში გამოტოვა.

ზურაბ ხიზანიშვილი - მილან ბაროში
ფეხბურთელები, რომლებიც ერთმანეთს შეხვდნენ პრემიერ ლიგასა და თურქეთის სუპერლიგაში. 2007 წელს, ბაროშმა ბირმინგემის ასტონ ვილას რიგებში მოუგო ბლექბერნს, რომელშიც იმ დროს ხიზანიშვილი თამაშობდა. 6 წლის შემდეგ კი უკვე თურქეთში მათი მატჩი ფრედ დასრულდა. ზურაბი კაპიტნობდა ქაისერისპორს, მილანი კი ანტალიასპორში თამაშობდა.

გიორგი ქინქლაძე - პატრიკ ბერგერი
ქინქლაძე და ბერგერი არ შეხვედრილან ერთმანეთს 90-იანების პრემიერ ლიგაში, მათი დაპირისპირება მოხდა 21-ე საუკუნეში, როდესაც მანჩესტერ სიტის ლეგენდა აიაქსიდან დერბი ქაუნთიში გადავიდა. პატრიკმა ლივერპულის შემადგენლობაში გიორგის გუნდს 3/3 მატჩი მოუგო. მათი დუელი ალბათ იქნებოდა უფრო საინტერესო ქართველ გამთამაშებელს "ვერძებზე" ძლიერ კლუბში რომ ეთამაშა.

ლევან კობიაშვილი - ტომაშ როსიცკი
რურული დერბი - დორტმუნდის ბორუსია-გელზენკირხენის შალკე, ერთ მხარეს როსიცკი, მეორე მხარეს კი კობიაშვილი. აღნიშნულმა ნახევარმცველებმა ერთმანეთის პირისპირ ჩაატარეს 8 მატჩი, 3-ჯერ მოიგო ლევანმა, 3-ჯერ ტომაშმა, 2 თამაში კი ფრედ დასრულდა. "ლურჯებში" გადასვლამდე, ყოფილი ქართველი შუახაზელი ფრაიბურგის მაისურითაც უპირისპირდებოდა ჩეხ გამთამაშებელს.

ხვიჩა კვარაცხელია - ალექს კრალი
ყაზანის რუბინში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელია კრალთან დამარცხდა ორ შეხვედრაში, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, ქართველმა გარემარბმა აიღო რევანში, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე. ხვიჩა იმ დროს უკვე თამაშობდა ნაპოლიში, ალექსი კი უნიონ ბერლინში. იტალიურმა კლუბმა ბრძოლა გააგრძელა პლეი-ოფში, დედაქალაქელები კი ჯგუფში ჩარჩნენ.

მიხეილ მესხი - იოსეფ მასოპუსტი
მესხმა 1962 წლის ოქროს ბურთის მფლობელთან იმარჯვა ორჯერ - ერთხელ ამხანაგურ შეხვედრაში, მეორედ კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. ცნობისთვის, პირველ მატჩში მიხეილმა გოლიც გაიტანა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩეხოსლოვაკეთის ბარიერის გადალახვის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ეროვნულმა გუნდმა ევრო 1962 მოიგო.

რამაზ შენგელია - ანტონინ პანენკა
შენგელია და პანენკა ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ორივეჯერ სანაკრებო დონეზე. გამოსარჩევია 1979 წლის 5 მაისს გამართული შეხვედრა, რომელშიც საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკეთს 3:1 მოუგო. რამაზმა გაიტანა ვიტალი დარასელიას საგოლე გადაცემით, ასევე გოლი ვახტანგ ქორიძემაც გაიტანა.

















