
არჩილ არველაძე - უტრეხტი 1:3 ბრედა (01/03/1999)
არჩილს თავისი კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს არაერთი ჰეთ-თრიკი, როგორც ბრედაში, ისე ტრაბზონსპორშიც. ყველაზე გამორჩეული მაინც უტრეხტთან გატანილი 3 ბურთია, რადგან "ყვითლების" მხრიდან მხოლოდ არველაძემ გაიტანა. ვინ იცის, ტრავმები რომ არა, კიდევ რამდენ შოუს შემოგვთავაზებდა ქართველი ფორვარდი.

შოთა არველაძე - აიაქსი 3:4 ფეიენოორდი (13/05/2001)
თავდამსხმელი, რომლისთვისაც ჰეთ-თრიკის შესრულება ჩვეული მოვლენა იყო. ცნობისთვის, შოთას ტრაბზონსპორში თამაშის დროს პენტატრიკიც აქვს შესრულებული. რაც შეეხება ფეიენოორდთან მატჩს, მართალია, აიაქსმა წააგო, მაგრამ არველაძე ფაქტიურად მარტო, ბოლო წუთამდე იბრძოდა თავისი გუნდის გადასარჩენად.

ზურიკო დავითაშვილი - სენტ-ეტიენი 3:1 ოსერი (05/10/2024)
პირველი ქართული ჰეთ-თრიკი ლიგა 1-ში და ზოგადად მეორე ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში. დავითაშვილს აქამდე არ ჰქონდა გატანილი გოლი არც საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში და არც სენტ-ეტიენში, ყველაფერი ერთ საოცნებო მატჩში მოხდა. ზურიკომ თავისი 3 ბურთით ოსერი ჩააქრო და ისტორია დაწერა.

ალექსანდრე იაშვილი - ფრაიბურგი 3:2 ვოლფსბურგი (08/11/2003)
როგორც აღვნიშნეთ, დავითაშვილი არის მეორე ქართველი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში შეასრულა ჰეთ-თრიკი, პირველი კი იაშვილია. ვეტერანმა ფორვარდმა უმძიმეს ბრძოლაში ფრაიბურგს 3 ქულა ფაქტიურად მარტომ მოუტანა. ვოლფსბურგის რიგებში იმ დროს თამაშობდნენ ანდრეს დ'ალესანდრო და დიეგო კლიმოვიჩი, მაგრამ არგენტინული დუეტი ალექსანდრეს წინააღმდეგ უძლური გამოდგა.

ლევან კობიაშვილი - შალკე 3:0 პსვ (23/11/2005)
ყველაზე ცნობილი ქართული ჰეთ-თრიკი ევროპულ ფეხბურთში და ჯერჯერობით ერთადერთი ჩემპიონთა ლიგაზე. ორი ზუსტად შესრულებული პენალტი და ერთი თამაშიდან გატანილი ბურთი, კობიმ პსვ უბრალოდ უშანსოდ დატოვა. ცნობისთვის, შალკეს ერთ-ერთი მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე კახა კალაძის მილანიც იყო.

გიორგი ქვილითაია - რაპიდი 5:1 ვოლფსბერგერი (17/03/2018)
კვიპროსში გენტის გავლით გადასვლამდე, ქვილითაიას ჰქონდა ორი კარგი სეზონი ავსტრიაში, რაპიდში. კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა გიორგიმ ჩაატარა ვოლფსბერგერის წინააღმდეგ, რომელსაც 3 ბურთი გაუტანა. საინტერესოა ის, რომ მან ამ მატჩში ავტოგოლიც მიითვალა. ის 1 გოლი "მგლების" მხრიდან სწორედ ქართველ ფორვარდს ჩაეწერა.

გიორგი მიქაუტაძე - პარიზი 1:4 მეცი (12/11/2022)
თავდამსხმელი, რომელმაც სერენში თამაშის დროს ჰეთ-თრიკების ნამდვილი კოლექცია შეაგროვა. მიქაუტაძემ გოლების გატანას არც მეცში მოუკლო და პარის სენ-ჟერმენის "უმცროს ძმასს", უბრალოდ პარისს 3 ბურთი გაუტანა. ჟორჟისგან ველით ახალ ჰეთ-თრიკებს ამჯერად უკვე ლიონის შემადგენლობაში.

გიორგი პაპუნაშვილი - სარაგოსა 4:1 ალბასეტე (20/05/2018)
პაპუნაშვილმა დატოვა თავისი კვალი როგორც სარაგოსას, ისე ლა ლიგა 2-ის ისტორიაში. კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა მან ჩაატარა ალბასეტეს წინააღმდეგ, რომელსაც 3 ბურთი გაუტანა. გიორგი წლების მანძილზე იბრძოდა იმისთვის, რომ არაგონელები აღზევებულიყვნენ პრიმერა დივიზიონში, მაგრამ სამწუხაროდ, მიზნის მისაღწევად მას ცოტა დააკლდა.

ვაკო ყაზაიშვილი - დორდეხტი 2:6 ვიტესი (27/09/2014)
ყაზაიშვილის ნიდერლანდური კარიერა მართლაც შთამბეჭდავია. ვიტესში თამაშის დროს მან გაუტანა როგორც აიაქსს, ისე პსვ-სა და ფეიენოორდსაც. მოკრძალებულ დორდეხტს კი ვაკომ 1 მატჩში 3 ბურთი გაუტანა. არნემის დატოვების შემდეგ, მან გოლების გატანას არ მოუკლო. ბოლო წლებში ის უკვე აზიაში იტანს.

ბუდუ ზივზივაძე - კარლსრუე 3:2 ნიურნბერგი (03/08/2024)
სეზონის იდეალური დასაწყისი. კარლსრუე საკუთარ კედლებში მარცხდებოდა 0:2-ს, თუმცა შემდეგ, დაიწყო ზივზივაძის შოუ, რომელიც ნიურნბერგის კარში 3 გატანილი ბურთით დასრულდა. ბუდუს ანგარიშზე დღეისათვის უკვე 6 გოლია და მე-2 ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობის ნომერ პირველი კანდიდატი სწორედ ის არის.
ბონუსი: მოთამაშე მწვრთნელის ჰეთ-თრიკი კარიერის ბოლოს

თემურ ქეცბაია - ანორთოსისი 5:0 აელი (12/03/2006)
ანორთოსისის ისტორია ქეცბაიას გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. საფეხბურთო კარიერის ბოლოს ის გოლების გატანას ითავსებდა მწვრთნელობასთან ერთად, თანაც საკმაოდ წარმატებულადაც. თემურმა აელის კარი 3 ბურთით აიღო სულ რაღაც 10 წუთში, 25-35 წუთების შუალედში. ცნობისთვის, ქართველმა ფორვარდმა იმ მატჩში თავისი კარიერის ბოლო გოლები გაიტანა.

















