ქართველი ლეგიონერები ტოპ 5 ლიგაში
2024 წლის ბოლოსთვის ევროპის ტოპ 5 ლიგაში გვყავს 6 ლეგიონერი, დავიწყოთ სერია ა-ს წარმომადგენლებით. ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლის შარშანდელ კოშმარულ სეზონში ქართველი ვინგერი მაინც არ დაიკარგა და 2023/24 11 ბურთით დაასრულა. ზაფხულში "პარტენოპეიში" მოხდა კარდინალური ცვლილებები, რაც პირველ რიგში ანტონიო კონტეს დანიშნვას უკავშირდება.
2024 წლის ბოლოსთვის "სამხრეთელების" გარემარბს 18 შეხვედრაში გატანილი აქვს ხუთი გოლი, მისი გუნდი კი ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტია. 17 ტურის შემდეგ, "აძური" 38 ქულით მე-2 პოზიციაზე არის. აღსანიშნავია ისიც, რომ 23 წლის ვინგერის თავისი ამჟამინდელი გუნდიდან წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაახანგრძლივებს თუ არა სტადიო დიეგო არმანდო მარადონას ბინადრების 77-ე ნომერი კონტრაქტს. კიდევ ერთი ლეგიონერი კალჩოში: საბა გოგლიჩიძე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა არის. გასული ზაფხულის ბოლოს ემპოლის ძირითადში აღმოჩენის შემდეგ, ქართველ უკანახაზელს პოზიცია არ დაუთმია.
"აძურის" ცენტრალური მცველის ანგარიშზე არის 14 შეხვედრა და მის სახელს ტოპ გუნდებსაც უკავშირებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ ივლისს ტოსკანელთა მე-2 ნომრის სატრანსფერო ფასი იყო 300 000, დღეს კი ის 8-მილიონიანი მოთამაშეა. როგორც ვიცით, "ლურჯების" განკარგულებაშია საბა საზონოვიც, მაგრამ სამწუხაროდ, ახალგაზრდა უკანახაზელმა სეზონის დაწყების წინ, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
გადავინაცვლოთ ლა ლიგაში, სადაც თავის ბოლო სეზონს ვალენსიას შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი ატარებს. გასული სეზონის მეორე ნახევარში ქართველი გოლკიპერი სამორას ჯილდოსთვისაც კი იბრძოდა. იმის შემდეგ, მან გაიბრწყინა ევრო 2024-ზე, მოიპოვა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კარის დარაჯის სტატუსი, ბოლოს კი "ღამურების" კიპერი ლივერპულში გადავიდა.

რაც შეეხება 24 წლის მეკარის ამჟამინდელ მდგომარეობას, ის ტრავმირებულია და მოედანზე დაბრუნება 2025 წლის დასაწყისისთვის არის დაანონსებული. "ლოს ჩესი" 2024 წელს 12 ქულით ასრულებს გასავარდნ ზონაში, ახალი წლიდან კი გუნდს ეყოლება ახალი თავკაცი: კარლოს კორბერანი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "მურსელაგოსის" 25-ე ნომერი თავისი გუნდის გადარჩენას.
ბოლოს კი ჩემპიონატი, სადაც იმართება მთავარი დაპირისპირება ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით, რონის დერბი - გიორგი მიქაუტაძე ზურიკო დავითაშვილის წინააღმდეგ. მეცში გატარებული სეზონის საოცარი მე-2 ნახევრის შემდეგ, ქართველი ფორვარდი დაბრუნდა მშობლიურ ლიონში, სადაც წელს 21 მატჩში 7 გატანილი ბურთით ასრულებს.
რაც შეეხება სენტ-ეტიენის გარემარბს, 17 შეხვედრა, 5 გოლი და არაერთი ინდივიდუალური ჯილდო ოქტომბრის თვეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგა 1-ში არის გუნდი, რომელსაც ქართველმა შემტევებმა საერთო ჯამში გაუტანეს 5 ბურთი: ოსერი. ორივე ფეხბურთელის წარმატებული სერია სწორედ ამ გუნდის კარის აღებით დაიწყო.

ქართველი ლეგიონერები სხვა ჩემპიონატებში
ტოპ 5 ლიგების ქვედა დივიზიონებში ბრწყინავს სამი ქართველი ლეგიონერი, დავიწყოთ ჩემპიონშიპით, სადაც თანამედროვე უოტფორდი გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. მიმოვიხილოთ რამდენიმე სტატისტიკური მაგალითი: ახალგაზრდა გამთამაშებელი არის ერთადერთი მოთამაშე ინგლისის ქვედა ლიგაში 40 წარმატებული დრიბლინგით.
ამის გარდა, ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 40 საკვანძო პასიც გააკეთა. გადავინაცვლოთ ლა ლიგა 2-ში, სადაც ლევანტეს შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილი ბრწყინავს. ახალგაზრდა უკანახაზელი უკვე არაერთხელ მომხდარა ტურის სიმბოლურ გუნდში და ამის გარდა, მან უკვე 4 ბურთის გატანა და 3 ასისტის გაკეთება მოასწრო.

მეორე ბუნდესლიგა - ბუდუ ზივზივაძე და მისი გოლების საოცარი სერია. სეზონის ჰეთ-თრიკით დაწყების შემდეგ, მან უკვე 12 გოლის გატანა მოასწრო. ქართველი ფორვარდი გერმანიის ქვედა ლიგის საუკეთესო გოლეადორია და ამის გარდა, საკმაოდ აქტუალურია მისი სხვა გუნდში გადასვლის საკითხიც.
გავაგრძელოთ ბომბარდირების თემა, გიორგი გულიაშვილი - 12 გოლი ბოსნიის ჩემპიონატში, სარაიევოს შემადგენლობაში. ახალგაზრდა თავდამსხმელმა თავისი კარგი თამაშით გასულ შემოდგომაზე საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოძახებაც დაიმსახურა. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ "წითლების" ფორვარდი უკვე დაუკავშირეს არაერთ გუნდს, მათ შორის ბოლონიასაც.

ქართველი ლეგიონერები, რომლებიც 2024 წელს ჩემპიონები გახდნენ
2024 წელს ჩემპიონობა 15-მა ლეგიონერმა იზეიმა. დავიწყოთ საქართველოს ნაკრების ვეტერანებით, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ბრატისლავის სლოვანთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ. ოთარ კიტეიშვილი შტურმ გრაცში გახდა ავსტრიის ჩემპიონატის ტრიუმფატორი და ამ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეც.
გადავინაცვლოთ კვიპროსში, სადაც გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი აპოელის შემადგენლობაში ასევე ჩემპიონები გახდნენ. უკრაინაში კი ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის დუეტი იყო, დონეცკის შახტარის რიგებში. ლატვია: ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე, რიგასში. აღსანიშნავია ისიც, რომ ლატვიური გუნდი ევროპა ლიგაზეც თამაშობს.

შემდეგი დუეტი - გიორგი ზარია და ლუკა გადრანი, ქაირათის შემადგენლობაში ყაზახეთის ჩემპიონები. ასევე უნდა ვახსენოთ ლუკა გუგეშაშვილი, რომელმაც ყარაბაღთან ერთად მოიგო აზერბაიჯანის ჩემპიონობა, ითამაშა ევროპა ლიგის პლეიოფში, შემდეგ კი პანსერაიკოსში გადავიდა. ჩემპიონი გახდა ჯაბა ჯიღაურიც უზბეკეთში, ნასაფის რიგებში.
ბოლოს კი ჩემპიონები აზიაში - გიორგი გველესიანი, პერსეპოლისის შემადგენლობაში ირანის ჩემპიონი და გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის ლიგის ტრიუმფატორი, ულსან ჰიუნდაის რიგებში. ასეთი იყო 2024 წელი ქართველი ლეგიონერებისთვის.


















