3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, გუნდური 24-ე ადგილი და ისტორიული შედეგი, - პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
XXXIII ოლიმპიურ თამაშებს Lagazzeta.ge პარიზიდან გიყვებოდათ და ჩვენი აუდიტორია ოპერატიულად იგებდა პარიზული გამარჯვების დეტალებსა და საინტერესო ფაქტებს, ასევე, გიზიარებდით დასამახსოვრებელ კადრებს.
ვიდრე 2024 წელი ოფიციალურად წარსული გახდება, თვალი გადავავლოთ მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველების შედეგებს.
საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ ოლიმპიადაზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში,28 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
კარიერაში მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზა ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ და ამ მაჩვენებლით, ის პირველი ქალი სპორტსმენი გახდა. აქამდე 10 ოლიმპიადაზე მხოლოდ კანადელ ცხენოსანს, იან მილარს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. - 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
31 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა
(-90კგ.) ფინალში იაპონელი მურაო სანშირო დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიადა ორჯერ მოიგო.
ძიუდოისტებმა საქართველოს კიდევ ერთი მედალი მოუტანეს, ილია სულამანიძე (-100 კგ.) ძალიან ახლოს იყო ოქროს მედალთან. 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს ვაზარით უგებდა, თუმცა ბოლო წამებზე გაფრთხილებებით წააგო და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა.
24-წლიანი პაუზის შემდეგ, კრივში ოლიმპიური მედალი ლაშა გურულმა (63.5 კგ) მოუტანა საქართველოს. ქართველი ნახევარფინალში კუბელ ერისლანდი ალვარესს დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ალვარესი კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

10 აგვისტოს პარიზში ქართველების ტრიუმფი შედგა. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ერთ დღეს ორჯერ აჟღერდა. თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაძაბულ ბრძოლაში 10:9 დაამარცხა და ქართველმა მძიმეწონოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა. გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური მედლების კომპლექტი შეავსო, ქართველმა მოჭიდავემ 2016 წელს ბრინჯაო, ტოკიო 2020-ზე – ვერცხლი, 2024 წელს კი პარიზში ოქროს მედალი მოიპოვა.

10 აგვისტოს საქართველოს ჰიმნი ძალოსანთა შეჯიბრზე აჟღერდა. მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ზედიზედ მესამედ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა. ლაშა პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც 3 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშამ ატაცში 210 და 215 კგ. დაძლია, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი დააფიქსირა.

ოლიმპიური თამაშები პარიზში 11 აგვისტოს დასრულდა, სადაც საქართველომ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა თავისუფალ ჭიდაობაში. გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან წააგო და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
პარიზის ოლიმპიური თამაშები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, როგორც გუნდური ჩათვლით, ასევე მედლების სინჯის გათვალისწინებით. აქამდე საქართველოს დელეგაციას ერთ ოლიმპიადაზე 3 ოქროს მედალი მხოლოდ 2008 წელს ჰქონდა მოპოვებული, პეკინის ოლიმპიადაზე ქართველებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს, პარიზში კი მედლების სინჯი გაუმჯობესდა.
2028 წელს, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, აშშ, ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს, ქართველი ოლიმპიელების მთავარი მიზანი კი პარიზში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება იქნება.



















