მოზერველს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ეს არ არის თემურ ქეცბაია. BBC-ის ინფორმაცია ვერ გამოდგა ზუსტი, ბოლოს გაავრცელეს, რომ ქეცბაიასა და ფილიპ კლემეს შორის უნდა გაკეთებულიყო არჩევანი, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მოზერველის მთავარი მწვრთნელი მიხაელ ვიმერი იქნება. თემურმა შოტლანდიურ The Sun-ს მცირე ხნის წინ მისცა ინტერვიუ, ჯერ მოლოდინში ვარ და ვნახოთ რა იქნებაო, იქვე დასძინა, რომ ასეთ დროს მოქალაქეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - „მიმაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით რასაც კვიპროსზე მივაღწიე, (გულისხმობს ანართოსისის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას) ევროპული კლუბის გაწვრთნის შანსი უნდა მიმეღო, მაგრამ კვიპროსის ფეხბურთს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს. პასპორტი ბევრ რამეს წყვეტს, ესპანური, ან პორტუგალიური პასპორტი რომ მქონდეს სულ სხვა საქმე იქნებოდა. ესპანელი რომ ვიყო ძალიან დიდ კლუბს ჩამაბარებდნენ.“

ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა მოზერველის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კირკ მაკმილანმა: „ბოლო სამი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით სწორი კანდიდატის შესარჩევად, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მთელი მსოფლიოდან ასამდე აპლიკაცია მივიღეთ, ნელ-ნელა სია მცირდებოდა, საბოლოოდ კი მიხაელზე შევჩერდით."
თემურ ქეცბაიამ ბოლოს კვიპროსის ნაკრებში იმუშავა, 20 შეხვედრიდან 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 13-ჯერ დამარცხდა. კვიპროსისგან განსხვავებით საბერძნეთში არასდროს ენდობოდნენ, ვერც ოლიმპიაკოსში მიიღო საკმარისი დრო, ვერც აეკში. არადა, სწორედ საბერძნეთია ის ქვეყანა, რომელიც შუამავლად შეიძლება იქცეს ბრიტანეთში გადასასვლელად.
თემურ ქეცბაიას შოტლანდიაში კარგად იცნობენ, 2001 წლის შემოდგომაზე თემურმა ინგლისი დატოვა და შოტლანდიას მიაშურა. ამავე წელს აიაქსიდან რეინჯერსში გადავიდა შოთა არველაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და გია ნემსაძე უკვე თამაშობდნენ დანდიში.
სამი ქართველი დანდიში
2001 წლის 17 ოქტომბერს BBC წერდა - „დანდიმ 33 წლის თემურ ქეცბაია გაიფორმა, რომელიც სეზონის ბოლომდე დარჩება გუნდში. ქეცბაია ვულვზის მენეჯერმა, დეივ ჯონსმა, სექტემბრის ბოლოს დააყენა ტრანსფერზე. ამ დროს დანდიში უკვე ირიცხება ორი ქართველი - გიორგი ნემსაძე და ზურაბ ხიზანიშვილი."
„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ამბიციურ გუნდში გადმოვედი, როგორიც დანდია. ვულვზში ახალი მწვრთნელი მოვიდა, რამაც ჩემთვის ბევრი რამ შეცვალა, შანსს არ მაძლევდა და იძულებული გავხდი კლუბი დამეტოვებინა.“ - თქვა მაშინ ქეცბაიამ.
ძველი ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ინგლისელ მწვრთნელებზე ნაწყენიც იყო, როგორც წესი, ინგლისში უცხოელები უფრო ენდობოდნენ - „ინგლისელ მწვრთნელთან აღარ მომიწევს მუშაობა, აქ იტალიელი მწვრთნელი მხვდება, რომელმაც იცის რა სურს ჩემგან და მეც ვპირდები, რომ რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ.“
„გიორგი და ზურა კარგი მეგობრები არიან და რა თქმა უნდა, ამანაც თავისი როლი ითამაშა არჩევანის გაკეთებაში, დანდიში ორივე გამორჩეული ფეხბურთელია და მათი კარგი თამაში მეც მიბიძგებს, რომ საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო. ვიცი, რომ შოტლანდიაში ორი უდიდესი კლუბია - სელტიკი და რეინჯერსი, თუმცა, დანდის აქვს ამბიცია, რომ ცხრილში მათ მიუახლოვდეს.“ - ამბობდა თემური 2001 წელს.
დანდის შთაგონება - მოზერველის წინააღმდეგ
ქეცბაიას დებიუტი ჰიბერნიანთან გასვლით შეხვედრაში შედგა, დანდიმ 2:1 მოიგო. საშინაო დებიუტი კი იმ კლუბთან გაიმართა, რომელმაც თემურს ვიმერი ამჯობინა. დანდიმ 3:1 მოიგო. BBC-მა ასე დაასათაურა მატჩის მიმოხილვა - „ქეცბაია დანდის შთაგონებად იქცა გამარჯვების გზაზე.“

სტატიაში ვკითხულობთ - „თემურ ქეცბაიამ შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა, ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო დენს პარკზე, სადაც დანდიმ მოზერველი 3:1 დაამარცხა. ივანო ბონეტის ლეგიონერებს მოზერველის ახალმა თავკაცმა, ერიკ ბლექმა ვერაფერი მოუხერხა. ქეცბაიას თავის გამოჩენა გოლამდეც შეეძლო, სმიტის ჩაწოდებულს ვარდნაში დაუხვდა, კარგი დარტყმაც გამოუვიდა, მაგრამ მეკარე მარკ ბრაუნმა ბურთი ჩინებულ ნახტომში მოიგერია. ქეცბაიას შესანიშნავი თამაში დაუფასდა, კაბალეროს პასის მერე დიდმა ქართველმა 30 მეტრი გაირბინა ბურთით და მეორე გოლი შეაგდო. აქ საინტერესოა სტატიაში ნახსენები The Big Georgian, არ ვიცი რას აღნიშნავს, ქეცბაია დიდი გაბარიტების არასდროს ყოფილა, არც სიმაღლით, არც წონით, ასაკს ამ სიტყვით არავინ აღწერს და გამოდის, რომ ქებად დაღვრილა BBC-ის მიმომხილველი. მესამე გოლი თავად კაბალერომ შეაგდო, კომბინაცია ქეცბაიას ქუსლით გაკეთებული პასით დაიწყო, არგენტინელმა კი გამოზომილი დარტყმით წერტილი დასვა. ქეცბაიამ დანდის შემადგენლობაში 22 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ამ ექვსიდან სამი მოზერველის კარში შეაგდო.
ქართველები შოტლანდიაში
2000 წელს დანდიმ ორი ქართველი შეიძინა - გიორგი ნემსაძე და ზურაბ ხიზანიშვილი. ნემსაძის კარიერაში საუკეთესო პერიოდი სწორედ დანდის უკავშირდება, ხიზანიშვილისთვის კი ევროპული კარიერის კარგი დასაწყისი გამოვიდა. მომდევნო სეზონში შოტლანდიაში კიდევ ორი ქართველი გადავიდა, შოთა არველაძე გლაზგო რეინჯერსში და თემურ ქეცბაია დანდიში. დანდიში სამი ქართველი ერთად არასდროს გასულა მოედანზე, რადგან, ქეცბაიას ტრანსფერის დროს ნემსაძე მძიმე ტრავმას მკურნალობდა, თემური გუნდში მხოლოდ ერთი წლით გაჩერდა, ნემსაძეს კი სეზონის ბოლომდე არ უთამაშია.

პირველად ქართველები 2001 წლის 12 იანვარს გადაიკვეთნენ - დანდისა და რეინჯერსს შორის მატჩი 0:0 დასრულდა. ძირითადში სამი ქართველი იყო - ქეცბაია და ხიზანიშვილი დანდიში, არველაძე რეინჯერსში. მეორე მატჩი 2002 წლის 2 თებერვალს გაიმართა აიბროქსზე, რეინჯერსმა 2:1 მოიგო. დანდის შემადგენლობაში მხოლოდ თემურ ქეცბაიამ ითამაშა. რეინჯერსის შემადგენლობაში გამთანაბრებელი გოლი გაიტანა შოთა არველაძემ. 2001/02 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ქეცბაია კვიპროსზე დაბრუნდა.
2002/03 წლების სეზონში 10 აგვისტოს რეინჯერსმა აიბროქსზე 3:0 დაამარცხა დანდი, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ შოთა არველაძე და გიორგი ნემსაძე, შოთამ რეინჯერსის შემადგენლობაში მეორე გოლი გაიტანა. 2 ნოემბერს დანდიმ რეინჯერსს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ნემსაძე, შოთა არველაძეს არ უთამაშია. სეზონის მესამე მატჩში კი მხოლოდ ხიზანიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მთავარი მატჩი ამ გუნდებს შორის თასის ფინალში შედგა, დანდი ფინალში გიორგი ნემსაძის გოლით გავიდა. რეინჯერსი ფავორიტი იყო და მოიგო კიდეც 1:0. სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. სეზონის დასრულების შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილი დანდიდან რეინჯერსში გადავიდა.

2003/04 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში რეინჯერსმა 3:1 დაამარცხა დანდი. შოთამ და ზურამ რეინჯერსის შემადგენლობაში ითამაშეს, ნემსაძემ დანდიში. არველაძემ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. სეზონის მეორე შეხვედრაში მხოლოდ არველაძემ მიიღო მონაწილეობა. რეინჯერსმა 2:0 მოიგო. ზამთრის შესვენებაზე გიორგი ნემსაძემ დანდი დატოვა და თბილისის დინამოში დაბრუნდა.
2004/05 წლების სეზონი ბოლო გამოდგა ქართველებისთვის. სეზონის დასრულების შემდეგ შოთა არველაძე ალკმაარში გადავიდა. ზურაბ ხიზანიშვილი ბლექბერნმა ინათხოვრა, ერთი წლის შემდეგ კი გამოისყიდა.















