კამათში კიდევ მთავარი სიტყვა იყო: „შენ ხომ წინაზე იყავი?“ - ეს, თურმე, დანაშაული ყოფილა და თუ ერთხელ იყავი ფინალზე მერე მორჩა, დამთავრდა, აღარ გიწევდა, რიგში კიდევ მთელი თბილისი იდგა, თან სულ ისეთი ბიჭები ბევრი რიგი რომ უნახავთ და მაინცდამაინც არ უყვარდათ ამ რიგის დაცვა, იმიტომ რომ მათ დროს საერთოდ არ იყო რიგის კულტურა.
ჰოდა, შეხვდა ეს ბილეთი ერთ ახლობელ ადამიანს, რომელზეც ვერ ვიტყვი რომ ფეხბურთით სუნთქავს, სულ სხვა აზარტი ჰქონდა ცხოვრებაში, მწვანე მინდორი და თეთრი ბუცები მისი არ იყო, თუმცა, თავისებურად უყვარდა ფეხბურთიც და როგორღაც არჩევდა ერთმანეთისგან კალაძესა და ტრაორეს. არ ვიცი როდის გადაწყვიტა, იქნებ აეროპორტში, ან იქნებ თბილისურ რიგშიც ამ განზრახვით ჩადგა...უკვე იცოდა, რომ ფინალს არ დაესწრებოდა, ბევრისთვის საოცნებო ბილეთი "დაითრია" და კაი ფულის შოვნას აპირებდა. ეს ის დრო იყო მისნაირებს რომ ჩამოუარეს და სულ უმუშევრად დატოვეს, მისნაირები კი არა, ბევრი წესიერი კაციც საშიმშილოდ გაიმეტეს და ამას ვინღა მიაკარებდა საქმეს.
თავს ვერ დავდებ, საერთოდ არ მახსოვს რამდენად გაყიდა, ერთი ის მახსოვს, რომ თანხის ხსენებაზე თვალები გაგვიფართოვდა, მაგრამ ერთი წვეთი პატივისცემა დავკარგეთ ამ კაცისა იმიტომ, რომ ჩვენ ბურთზე ფეხი დაგვირტყამს და ბილეთებს არ ვყიდით, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისას, არ ვყიდით იმიტომ, რომ რაღაცებს მართლა ვერ იყიდი ვერც ფულით და ვერც მასტერქარდით.
ამ ფულით კაფე გახსნა ქუჩის კუთხეში და სულ სხვა რაღაც დაარქვა, მაგრამ ჩვენ მაინც „ლივერპულს“ ვეძახდით. პატარა და გემრიელი ადგილი იყო. მერე კიდევ იმ კაცზე დამაფიქრა, რომელმაც ეს გვიანი ბილეთი ძალიან დიდ თანხად შეიძინა. ვიღაც შეშლილი ლივერპულელი, რომელსაც გადაეწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა სტადიონზე უნდა შესულიყო, მისი გუნდი ფინალში გავიდა და ეგებ მეხუთე თასსაც მისწვდენოდა, თანაც ამ კაცმა სხვა კაცებზე მაგრად იცის, რომ გუნდის მიტოვება არ შეიძლება, ლივერპული არასდროს იქნება მარტო.
ასე გადაეყარნენ ერთმანეთს ქართველი და ინგლისელი, ორივე წინასწარი განზრახვით ჩასული, აბსოლუტურად განსხვავებული მოტივებით და იმდენად დიდი იყო შემართება, რომ მარტივად დალაგდნენ. მერე ყვებოდა, როგორც კი გავცვალ-გამოვცვალეთ და ხელი ჩამოვართვით სტადიონმა მაგრად იხუვლა, მილანმა გახსნა, პაოლო მალდინიმ კაი ფორვარდივით შეაგდო და ეს კაციც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სტადიონისკენო. მე კი ამ დროს თბილისში ვიჯექი ტელევიზორთან და ვიფიქრე რომ მორჩა, მილანს თავი ქუდში აქვს, ისედაც ფავორიტი იყო, ახლა კიდევ მალდინიმ შეაგდო, ამ მითოსურმა ფიგურამ, ცოცხალმა ლეგენდამ, როგორ გინდა ასეთი დასაწყისი ცუდად დამთავრდეს? თურმე სად ბანაობ...

მას მერე სულ იმ ლივერპულელ კაცზე მეფიქრება, მისი გუნდი უკვე აგებდა, როცა სტადიონზე შეყო თავი, სტამბულის სტადიონებზე შესვლა კიდევ მარტივი არ არის, ცალკე ნერვები მიაქვს და ცალკე გონება. შევიდა, ამღერდა სხვებთან ერთად და მილანიც აგრძელებდა ლივერპულის დარბევას. სულო და გულო, რაც გაგიხარდეს, ყველანაირი გემოვნების გოლი შეაგდეს, საერთოდ, გადახედავ იმ შემადგენლობას და პატარა ბზარსაც ვერ უპოვი, ერთი კითხვაც კი არ გაგიჩნდება, ჩვენი ქართველი კაცი რატომ დასვეს სკამზეო, გადახედავ შემადგენლობას და ერთი აუგი არ დაგცდება. ეგრე დალაგდა, ამ დაცვის ხაზის ოთხეულიდან ორს ყველაზე ხშირად ასახელებენ ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში, დარჩენილი ორის მსგავსი კი, ძალიან იშვიათად უნახავს სერია A-ს. აბა, რაზე უნდა შეედავო?! თითი დაადეთ ნებისმიერ ფეხბურთელს და ვარსკვლავი იქნება.
კრესპომ მეორე და მესამეც შეაგდო, არც შევჩენკოს თამაშგარედან გატანილი უნდა დაგვავიწყდეს. თამაშგარე იყო, მაგრამ არ მავიწყდება იმიტომ, რომ ლივერპული შეშინებული ჩანდა ამ დროს, მიხვდნენ რომ მათი დღე არ იყო, ერთს ყველაფერი გამოსდის, მეორეს - არაფერი, ხდება ხოლმე ასე...
ჰოდა, ნეტავ, ის კაცი რას ფიქრობდა, რომელმაც ძალიან დიდი თანხა "გაისროლა" და კაცმა არ იცის, ეს ფული საიდან მოიტანა - იქნებ ვალი აიღო, ან იქნებ სახლიც გაყიდა, ან რაიმე დააგირავა, ახლა კიდევ მისი გუნდი სამით ნულს აგებდა, მის მიერ ნაქებ კაპიტანს რიკარდო კაკა სასტიკად ექცეოდა მთელი ტაიმის განმავლობაში. უღირდა?! ნანობდა?! რა ხდებოდა ნეტავ მის თავში?!
დაიწყო მეორე ტაიმი და კაკა ისევ გაიქცა, ვერ გააჩერეს, წააქციეს საჯარიმოს მისადგომებთან და შევჩენკომ თქვა "მე დავარტყამო", ეს კიდევ ძალიან სახიფათოა, მასზე კარგი შემსრულებლები ჰყავდა მილანს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პირლოს ვგულისხმობ, მაგრამ შევჩენკო რომ ამბობდა მიმიშვითო მერე როგორც წესი, გოლიც გადიოდა. გაიხსენეთ აბა, ლაციოსთან, ფიორენტინასთან... აქაც ეს მოლოდინი მქონდა, კარში მოარტყა და დუდეკმა იხსნა ლივერპული სირცხვილისგან. მერე კიდევ რაღაც მოხდა, ყველაფერი რომ ახსნას ექვემდებარებოდეს, ფეხბურთი ასე არ გვეყვარებოდა. ჰოდა, ეს ჩვენი მარიფათიანი კაცი, რომელიც სტამბულს ყოველთვის კონსტანტინეპოლად მოიხსენიებდა, გვეუბნებოდა რომ "ფეხბურთი, ცხოვრებისა არ იყოს, უფრო ნარდს ჰგავს, ვიდრე ჭადრაკს, ხანდახან მხოლოდ იღბალი წყვეტს ყველაფერსო". ზოგმა იღბალი, ზოგმა ტაქტიკა ახსენა, ზოგმა ერთი კაცის - შემართება, ზოგიც კონსპირაციაში გაიჭრა, მე კიდევ ბევრი არ მიფიქრია იმიტომ, რომ ასეთ რაღაცებს ახსნა არ აქვს და რასაც ახსნა არ აქვს, იმაზე ფიქრი არ ვარგა, თავის ტკივილი იცის, წამლები კიდევ მაშინაც ძვირი ღირდა... მატჩის მერე დიეგო მარადონამ თქვა, ამ მილანს 70 წლის ბრაზილიაც ვერ მოუგებდაო. ესე იგი, დიეგოც ჩემს აზრზე იყო, იმ ექვს თუ შვიდ წუთში ლოგიკა გაქრა და რაღაც სხვა ძალამ წარმართა თამაში.

ჯერ ერთი გავიდა - Hello, Hello.. Here we go... მერე შმიცერის მეორე, და თითქოს მაინც რთულად გავიდა მესამეც. მომეჩვენა, რომ ჯერარდს დარტყმა შეეძლო, მაგრამ წაიქცა, პენალტი არჩია, იმ ერთ წამში გადაწყვიტა და აბა მასზე უკეთ ვინ იცის დარტყმა ღირდა თუ წაქცევა?! ჩაბის ნერვიული გამოხედვა, დიდას სეივი, დამატება და - 3:3. თითქოს გარდაუვალი იყო, ასე მოიქსოვა ეს ბედისწერა მოირებისგან.
ყველას გექნებათ ნანახი თავში ხელწაშენილი ლივერპულელი კაცი, მის ირგვლივ ყველა ზეიმობს, ხალხი ერთ ამბავშია, წივიან, კივიან, მღერიან, ერთმანეთს ეხუტებიან, ეს კაცი კიდევ შუბლში ხელწაშენილი დგას ტრიბუნაზე და თვალებში ეტყობა, რომ მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაუარა. იქნებ, თავისივე ბავშვობა ნახა, როგორ გახდა ლივერპულის ფანი, როგორ წავიდა პირველად ენფილდზე, როგორ გადადო ყველაფერი სტამბულში ჩასასვლელად, მიუხედავად იმისა რომ ბილეთი ვერ იშოვა, მაინც სჯეროდა, რომ ერთი მაინც იქნებოდა გასაყიდი და როგორც იქნა, ვიღაც ქართველისგან შეიძინა საოცნებო მატჩის საოცნებო ბილეთი.
დიახ, ჩვენ მარიფათიან ახლობელს თუ დავუჯერებთ (დიდად არ დაეჯერება), ზუსტად ეგ შუბლში ხელწაშენილი კაცი იყო ის, ვინც ჩვენი ქუჩის კუთხეში კაფე „ლივერპულის“ გახსნა დაასპონსორა.
ავტორი: ფეოლა















