საქართველოს ნაკრების ლიდერის სატრანსფერო საგის ფონზე, გავიხსენოთ ფეხბურთელები, რომლებმაც "ლურჯები" დატოვეს დროულად და ისინიც, ვისაც იტალიური კლუბიდან წასვლა დააგვიანდათ.
ფეხბურთელები, რომლებმაც ნაპოლი დროულად დატოვეს

ედინსონ კავანი - აურელიო დე ლაურენტისმა მის სანაცვლოდ მოითხოვა 65 მილიონი ევრო - თანხა, რომელიც მხოლოდ პარის სენ-ჟერმენმა გაიმეტა. ურუგვაელი ფორვარდი გახდა პსჟ-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც გატანილი ბურთების მაჩვენებლით ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც კი გადაასწრო.
ნაპოლის ყოფილ თავდამსხმელზე მეტი პარიზში მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს გატანილი. მან მოიგო ლიგა 1-ის 6 ტიტული და არაერთი ინდივიდუალური ჯილდოც. "ლურჯ-წითლების" ყოფილი მე-9 ნომერი ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, სადაც მისმა გუნდმა მიუნხენის ბაიერნთან წააგო. "პარტენოპეის" დატოვების მომენტისთვის "მატადორი" 26 წლის იყო.

გონსალო იგუაინი - დე ლაურენტისმა მის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო მოითხოვა. აღნიშნული თანხა მხოლოდ ტურინის იუვენტუსმა გადაიხადა, რითაც საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. გაამართლა თუ არა არგენტინელმა ფორვარდმა "ბებერ ქალბატონში", სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, ნაპოლის დატოვების შემდეგ, მან ხელი გამოჰკრა 3 სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

ჟორჟინიო ფრელო - ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც იტალიის ნაკრების ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დიდხანს გაჩერდა. ის მაურიციო სარის გაჰყვა ლონდონის ჩელსიში, ნაპოლის ბიუჯეტი კი 57 მილიონით შეივსო. "სკუადრა აძურას" შუახაზელმა ახალ გუნდში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო მუნდიალი.

კიმ მინ ჯე - მართალია, მიუნხენის ბაიერნში ის არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ნაპოლიში იყო, თუმცა ფაქტია, დე ლაურენტისის ოქროს გალიას მან თავი წარმატებით დააღწია. "პარტენოპეიმ" კორეელი უკანახაზელის სანაცვლოდ 50 მილიონი მიიღო. "რეკორდმაისტერიდან" წასვლის შემთხვევაშიც კი, "ლურჯების" ყოფილი უკანახაზელისთვის დასრულებული არაფერია, ის ჯერ 28 წლის არის.

ეზეკილ ლავეცი - დე ლაურენტისის მიერ კიდევ ერთი ძვირად შეფასებული ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ ფული ისევ და ისევ პარის სენ-ჟერმენმა გაიმეტა. ნაპოლიმ არგენტინელი ვინგერის სანაცვლოდ 30 მილიონი მიიღო, თავად მოთამაშე კი პერიოდულად ხდებოდა ლიგა 1-ის ჩემპიონი და ევროსარბიელზე ტოპ მატჩების მონაწილე.
ფეხბურთელები, რომლებსაც ნაპოლის დატოვება დააგვიანდათ

მარეკ ჰამშიკი - ლეგენდარული კაპიტანი, რომელმაც ნაპოლის, პრაქტიკულად, მთელი თავისი კარიერა შესწირა. ის ამ გუნდში მივიდა 19 წლის ასაკში და 31 წლამდე დარჩა. სლოვაკი გამთამაშებლით არაერთხელ ინტერესდებოდნენ პრემიერ ლიგის გრანდები, განსაკუთრებით კი მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი.
"პარტენოპეის" კაპიტნის სანაცვლოდ ჩამოდიოდნენ 40 მილიონ ევროს, თუმცა დე ლაურენტისი თითქმის ორჯერ უფრო მეტს ითხოვდა. ასაკის მატებასთან ერთად, "ლურჯების" მე-17 ნომრის თამაშის ხარისხი დაეცა, გრანდების ინტერესი გაქრა, რის შედეგადაც მან მიაშურა ჯერ ჩინეთს, შემდეგ კი შვედეთსა და თურქეთს.

ლორენცო ინსინიე - თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი და ტექნიკურად მოთამაშე იტალიელი შემტევების ტრადიციის გამგრძელებელი. "სკუადრა აძურას" ვინგერის სახელს უკავშირებდნენ ბაიერნს, ლივერპულსა და ბარსელონას, მაგრამ დე ლაურენტისის მიერ მოთხოვნილი 75 მილიონი არავინ გადაიხადა. ნაპოლის ლიდერმა კლუბი დატოვა 31 წლის ასაკში და კანადას მიაშურა.

კალიდუ კულიბალი - ნაპოლიში ყოფნის პერიოდში ის ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად, რომელსაც მსურველების რიგი ედგა. მართალია, სენეგალელი უკანახაზელი მაინც გადავიდა ჩელსიში, მაგრამ ის უკვე 30 წლის იყო და როგორც დრომ გვიჩვენა, მისი საუკეთესო პერფომანსები "პარტენოპეიში" დარჩა.

დრის მერტენსი - გარემარბად მოსული ფეხბურთელი, რომელიც დროთა განმავლობაში ცენტრალური თავდამსხმელი გახდა და ნაპოლის მთავარი გოლეადორი. ბელგიელი ფორვარდით ინტერესდებოდნენ მილანის ინტერი და პრემიერ ლიგის გრანდები, მაგრამ 30 მილიონზე მეტი მის სანაცვლოდ არავინ გადაიხადა. დე ლაურენტისმა "პარტენოპეის" ლიდერი შეაყოვნა 35 წლამდე, შემდეგ კი თურქეთში გაუშვა.

ვიქტორ ოსიმენი - რატომ არის ის დაგვიანებულთა რიცხვში? თავად განსაჯეთ - სკუდეტოს მოგების შემდეგ, მას ჰქონდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის სტატუსი და ინტერესი პრემიერ ლიგის გრანდებისგან. თავად ნიგერიელი გოლეადორი ღიად აცხადებდა, რომ მისი კუმირი არის დიდიე დროგბა, რითაც საკუთარ სახელს ჩელსის უკავშირებდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ნაპოლის თავდამსხმელს არ შეუცვლია გუნდი, პირიქით, მას გაუხანგრძლივეს კონტრაქტი და ანაზღაურებაც მოუმატეს. კატასტროფული 2023/24 წლების სეზონის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ "პარტენოპეისა" და ამ გუნდის ყოფილ მე-9 ნომერს შორის ყველაფერი დასრულებული იყო.
26 წლის თავდამსხმელი ახლა განათხოვრების წესით თამაშობს სტამბოლის გალათასარაიში და მისი "ლურჯებში" დაბრუნება აღარ განიხილება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "აძურიმ" ვერ მოასწრო ოსიმენის სარფიანად გასხვისება და მავეს გაკეთებას კლუბი უკვე შემდეგ ზაფხულს ეცდება. სავარაუდო ვარიანტები: მანჩესტერ იუნაიტედი და საუდის არაბეთის კლუბებია.

















