El Pupas - ასე ეძახიან ათლეტებს. რატომ და როგორ ეგ წარსულის ამბებია და მივყვეთ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, უფრო ქაოსურად, ვიდრე ქრონოლოგიურად, კორტასარის მსგავსად ვითამაშოთ კლასობანა. მადრიდს ასე უხდება და რაც თავში მოვა გავიხსენოთ ყველაფერი, რაც არ გამახსენდება, მკითხველს გაუელვებს გონებაში და იქნებ კომენტარიც დატოვოს - აი ეს, სახსენებელი იყო და არ გითქვამსო.
მითები და ლეგენდები
დერბის ისტორია 1903 წლიდან იღებს სათავეს, როცა ატლეტიკო დააარსეს. ერთი წლით ადრე რეალი დაიბადა, მას მერე კიდევ სულ იკვეთება მადრიდის გზები. მაგალითად, რეალ მადრიდის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, სანტიაგო ბერნაბეუს ატლეტიკოშიც უთამაშია, სულ რაღაც რამდენიმე თვით, 1920/21 წლების სეზონში მოხდა ეს ამბავი და თანაგუნდელმა მოღალატეც წამოაძახა, მაგრამ ბერნაბეუ მომდევნო სეზონში ისევ რეალს დაუბრუნდა, იმ ენაჭარტალა თანაგუნდელს ყბა მოუნგრია და კლუბის ისტორიაში უდიდეს ფიგურად შევიდა.

დიდ პრეზიდენტებზე კიდევ მეზობლების დიდი კაციც უნდა გავიხსენოთ, ხესუს ხილზე მეტად გამორჩეული პრეზიდენტი ატლეტიკოს არასდროს ჰყოლია. იქნებ ვინმე ქართველს მისთვის ამბავიც მიეტანა, რომ მისი გვარი ძალიან „ტკბილად“ ჟღერს ქართულად, თუმცა, ხესუსი ყოველთვის ტკბილი კაცი არ ყოფილა. 1994 წელს, კოპა დელ რეიზე გასამართი დერბის წინ გასახდელში შევარდა, ფეხბურთელებს დაემუქრა, თუ არ მოიგებთ ხელფასს აღარ გადაგიხდითო. მუქარა აასრულა, ატლეტიკოს ფეხბურთელები იმ თვეში ხელფასის გარეშე დატოვა. ხომ არ გგონიათ რომ ვინმემ იჩივლა?! - არა. სულ სხვა დრო იყო მაშინ. ფეხბურთელები ასე დაცულნი არ ყოფილან და არც ამდენს წუწუნებდნენ, მიიღეს როგორც თამაშის ნაწილი.

ლეგენდარულ ხალხზე კიდევ ელენიო ერერა მახსენდება, ატლეტიკოს ორჯერ მოაგებინა ლა ლიგა და მაინც ენა არ გაუჩერებია, მეზობლებს ამუნათებდა სულ თორმეტი კაცით თამაშობენო, მეთორმეტეში მსაჯს გულისხმობდა, რა თქმა უნდა. დიეგო სიმეონე, „უიღბლო“ მადრიდის მთავარი სიამაყე, ყველაზე მეტად სწორედ ერერას ჰგავს, მართალია ის ინოვატორი იყო, სიმეონე კი პირველ რიგში, კარგი მოტივატორია, სიახლის კაცი ნაკლებად ეთქმის, მაგრამ მენტალური სიმყარით ნამდვილად არ ჩამორჩება ელენიოს, და ვინ იცის, შესაძლოა, აღემატებოდეს კიდეც. მისი ატლეტიკო შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, კლუბის არსებობის განმავლობაში.
ელ ჩოლოს გვერდით აღარ არის მისი ასისტენტი და ძმაკაცი, არანაკლებ შეშლილი, ხერმან ბურგოსი, ეს კაცი პირველად მაშინ ვნახე, როცა ლუიშ ფიგუს დარტყმული პენალტი ცხვირით მოიგერია და მერე სულ სისხლიანმა განაგრძო თამაში. ის მატჩი ფრედ დასრულდა, ფიგუმ დუბლი შეასრულა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მისი გაცუდებული პენალტის გამო რეალმა ქულები დაკარგა. ბურგოსმა კი დაღვრილი სისხლისა და შელახული ცხვირის ფასად იხსნა ატლეტიკო. მერე სიმეონეს ასისტენტი გახდა და როცა მოურინიომ იმის გაკეთება დააპირა, რაც ერთხელ უკვე აკადრა ტიტო ვილანოვას (თვალში თითი ტიკა) ბურგოსმა ხელი ჩაავლო და წმინდა არგენტინულად ჩასძახა - აქედან დამეკარე თორემ თავს მოგაგლიჯავო. ჟოზეს მისამართი შეეშალა.

ბურგოსი იდგა კარში, როცა „ფენომენომ“ მეთოთხმეტე წამზე შეაგდო გოლი, მადრიდული დერბის ყველაზე სწრაფი გოლი. გალაქტიკოს იშვიათად მისდიოდა თამაში, დელ ბოსკეს მერე გუნდურობა დაკარგეს და ვეღარც დაიბრუნეს, მხოლოდ ინდივიდები ბრწყინავდნენ, თუმცა, ეს გოლი და ეს მატჩი გამონაკლისია, ამ დროს კიდევ არაფერი სჯობდა გალაქტიკოს ყურებას. ამ დროს ელ ჩოლო ატლეტიკოში თამაშობდა და რონალდომ მასაც მოხდენილად ჩაუარა, არ შეიმჩნია, გააქრო მოედნიდან, მადრიდულ დერბიში სიძულვილის ადგილი თითქმის არ რჩება, მაგრამ ბრაზილიელი რომ არგენტინელს გადაეყრება მოედანზე, იქ არის და მერე როგორ.
რონალდო „ფენომენოს“ მსგავსად კრიშტიანუსაც „უყვარდა“ ატლეტიკო, ყველაზე გამორჩეული მატჩი გასვლაზე ჰქონდა, ულამაზესი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მატჩის წინ დიეგო მარადონამ ისაუბრა რონალდუზე, ისაუბრა ისე როგორც სჩვეოდა, ქედმაღლურად, ცოტა დასცინა კიდეც, მარადონასთვის ხომ ძალიან უცხო იყო რონალდუს სათამაშო სტილი, ფეხბურთის აღქმა აბსოლუტურად განსხვავებულია, ცოტა შამპუნზეც გაჰკრა კბილი და რონალდუს სხვა რაღა უნდა მოტივაციისთვის?! გავიდა მოედანზე და ქვა-ქვაზე არ დატოვა.

არადა, შორეულ წარსულში იყო დრო, როცა ატლეტიკო რეალზე ძლიერ გუნდად ითვლებოდა, თუმცა, ის, რაც გონებამ და ციფრულმა მეხსიერებამ შემოინახა, იქ უკვე რეალია ქალაქის მთავარი გუნდი. პირველად ევროთასებზე 1958/59 წლის ნახევარფინალში შეხვდნენ, ორი მატჩის ჯამში 2:2 დასრულდა, მერე კიდევ „დისაიდერი“ ითამაშეს სარაგოსაში, იმ დროში ხომ პენალტებს არ ურტყამდნენ?! - დი სტეფანოსა და პუშკაშის გოლებით რეალმა მოიგო და ფინალში გავიდა. ერთი წლის მერე კოპას ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და იქ უკვე ატლეტიკო გამოდგა უკეთესი, ეს პირველი საფინალო დერბი იყო.
ორი პოეტის ამბავი
რამონ გროსო გახსოვთ?! - რეალის ლეგენდა, ლა ლიგა იმდენჯერ მოიგო ცხოვრება მოჰბეზრდა, მერე ატლეტიკოში გაანათხოვრეს, სადაც გუნდი გავარდნისგან იხსნა. მადრიდული ამბავია. სიძულვილი არასდროს ყოფილა, არ გამოდის ეგ ამბავი, რა თქმა უნდა, დაძაბულობა თან ახლავს დერბის, დაცინვა და წამოძახებებიც, მაგრამ ეს არ არის რივერი-ბოკა, ან სელტიკი-რეინჯერსი. ეს მადრიდია, სადაც ფეხბურთი სოციო-პოლიტიკურ თემებზე მაღლა დგება.
კიდევ ერთი ლეგენდა უგო სანჩესი ხუთი წლის განმავლობაში ზედიზედ ხდებოდა ლა ლიგის ბომბარდირი. ეგეთი მაგარი ბიჭი იყო. ამ ხუთიდან პირველი ატლეტიკოს ფორმით შეძლო. მერე კი რეალს მიაშურა და ერთი სტვენა არ ყოფილა. ყველას უყვარდა უგო, ან ჰუგო. ერთი სეზონი უნიკალური გამოდგა, როცა ბომბარდირი ისე გახდა ყველა ბურთი ერთი შეხებით შეაგდო. გიჟდებოდა უგოზე იოჰან კრუიფი, მაგრამ არასდროს მისცემია მასთან მუშაობის საშუალება, უგოს ქალაქი მადრიდი იყო და არა ბარსელონა.

აუცილებლად გასახსენებელია 1982/83 წლების სეზონი, ორი მეკარისა და ერთი ოჯახის დერბი. ატლეტიკოს კარს სანტიაგო პერეირა იცავდა, რეალის კარს კი აგუსტინი, სანტიაგოს დისშვილი. თუმცა, ყველაზე ხშირად ამ კლუბებზე საუბრისას მაინც რაულს იხსენებენ, რეალის სიმბოლოს, რომელიც ატლეტიკოში იწყებდა კარიერას. ატლეტიკოს ქომაგი იყო და ისეთი საყვარელი ფეხბურთელი გახდებოდა, როგორც ფერნანდო ტორესი, მაგრამ გაუშვეს რეალში და მერე რა და როგორ იყო ყველას კარგად ახსოვს. მისი პირველი დერბი 1997 წელს შედგა, რეალმა გასვლაზე 4:1 მოიგო, რაულმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ესეც უძღები შვილის დაბრუნება.
და როცა ყველაზე ხშირად გახსენებულ მატჩებზე მიდგება საქმე, 1992 წლის ფინალიც უნდა გავიხსენოთ, როცა ლუის არაგონესმა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი, ფრიად პოეტური და გენიალური სიტყვები წარმოთქვა. შეკრიბა თავისი ჯეელები, ხელში კოკა-კოლას მსხვილი ბოთლი დაიჭირა და მიმართა ფეხბურთელებს როგორც გენერალმა ერთგულ ჯარისკაცებს - ერთი არ მოგიგიათ, ამ ბოთლს იქ წავიღებ სადაც მზის სხივები არასდროს აღწევსო (დიახ, ქვედა ტანი იგულისხმა), და როცა საქმე ტაქტიკაზე მიდგა, დაფას შეხედა და მშვიდად დააყოლა - „ხედავთ ამას? დაივიწყეთ, ამას აზრი არ აქვს.“ მერე კი განაგრძო ისევ ესპანური ვნებით. მოგეხსენებათ ეს თავისუფალი ენაა, იმაზე მეტად ვიდრე ინგლისური, ან ანგლო-ამერიკული და გაცილებით ხშირად ისმის ბილწი სიტყვა, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და არც უხერხულობას იწვევს, მით უმეტეს, გასახდელში, მატჩის წინ, მადრიდული დერბის წინ, - „ისინი წლებია გვხმარობენ და ახლა ჩვენი დროა, დავიღალე მათთან წაგებით, ამის დედა ვატირე, გარეთ 50 000 ქომაგი გელოდებათ, რომლებიც მზად არიან თქვენს გამო მოკვდნენ, ახლა გადით მოედანზე და გადაკუზეთ ბალერონები.“ - უცნაური გზაა ფეხბურთელების მოტივირებისთვის, მაგრამ ამან იმუშავა. ათლეტებმა მოიგეს და გახარებულმა ფეხბურთელებმა ყველაფერი დაფქვეს ჟურნალისტებთან, რა ითქვა მატჩის წინ და რა ითქვა შესვენებაზე. მომდევნო დღეს პრესა არაგონესის პოეზიაზე წერდა, დიდი პოეტის დაბადებაზე! - „ლათინურ სამყაროს ორი დიდი პოეტი ჰყავს, პაბლო ნერუდა და ლუის არაგონესი.“ თავისი მზიური პოეზიით.

იმდენი ამბავი დარჩა გასახსენებლად აბა ყველას აქ როგორ მოვუყრით თავს, მაგრამ ვიხსნებთ საუკეთესოს და ყველაზე დრამატული პერიოდი, (თუ ბოლო დროინდელს არ ჩავთვლით, რომელზეც LaGazzetta Georgia-ს სხვა ავტორები მოგითხრობენ), ალბათ მაინც 70-იანი წლებია, როცა მადრიდს მიჰქონდა ლა ლიგა, იმ ერთ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, როცა მესიასავით გამოჩნდა მფრინავი იოჰანი და მადრიდს საწმისი მოჰპარა. თუმცა, ერთი იყო. მეტი არ ყოფილა. 70-იანები დედაქალაქის საკუთრებაა. რეალმა ექვსჯერ მოიგო ლა ლიგა, ატლეტიკომ სამჯერ, თითქოს მომწიფდა მადრიდის ბნელი მხარე მთავარი ევროპული ტიტულისთვის, გავიდა ატლეტიკო ჩემპიონთა თასის ფინალში და, ო, ღმერთო, რა ახლოს იყო მოგებასთან, ისე ახლოს, როგორც დიეგო სიმეონეს ათლეტები, მაგრამ შვარცენბეკის გიჟურმა შორეულმა გასროლამ ყველაფერი წყალში ჩაყარა, ბაიერნმა 120-ე წუთზე გაათანაბრა! განმეორებით შეხვედრაში გერმანელებმა 4:0 მოიგეს. იმ ბოლო წუთის გოლმა ატლეტიკო მენტალურად გაანადგურა. ხომ არ გახსენებთ რამეს?! - ატლეტიკოს ქომაგებს ჯერ კიდევ მაშინ გაუსკდათ გული, ასე რომ, სერხიო რამოსის გოლზე ასაკოვანი ფანები უკვე გავარჯიშებულები იყვნენ, მომდევნო თაობას კიდევ ამშვიდებდნენ - ეს გავლილი გვაქვს, ვიცით.
სწორედ ამის მერე შეარქვეს - El Pupas, ესე იგი, „უიღბლონი“.
სწორედ ამის მერე შეარქვეს - El Pupas, ესე იგი, „უიღბლონი“.
ის, რასაც ვერ ახსნი
სწორედ ამ ქალაქს ერგო პატივი ევროპულ ფინალში ორი კლუბი ჰყოლოდა, სხვა მსგავსი მანამდე არ მომხდარა, მილანური დერბის შანსი კი იყო 2002 წელს, ოღონდ, უეფას თასზე, საბოლოოდ, ერთმაც წააგო და მეორემაც, და ეგეთი შანსები რამდენიმე ყოფილა სხვადასხვა ქალაქებისთვის, მაგრამ მხოლოდ მადრიდი გაცოცხლდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
უიღბლობაზე კიდევ მხოლოდ წაგებული ფინალები არა, ლა ლიგიდან გავარდნაც ახსენდებათ. ხესუს ხილის ატლეტიკო საუკუნის დასაწყისში ლა ლიგიდან გავარდა, პირველად ისტორიაში. ერთი წელი ჰადესში ჩავიდნენ ოდისევსივით, ნახეს იქ განგმირული გმირები და მერე დაბრუნდნენ. ასეც იხსენებდა ეს ყველაფრით ჭარბი კაცი - „ერთი წელი ჯოჯოხეთში“. ერთი ცნობილი მინიატურული ფილმიც შემორჩა იმ დროიდან, ბავშვი ეკითხება მამას - რატომ ვართ ატლეტიკოს ქომაგები? - მამა მანქანის საჭესთან ზის, აშკარად არ მიდის წარმატებისკენ, სარკეში თავის შვილს შეხედავს, მერე ისევ გზას გახედავს, რომელიც კაცმა არ იცის სად მიდის და შვილს არაფერს ეტყვის, რადგან თავადაც არ იცის რატომ, ან, იცის, მაგრამ ეს ცოდნა სიტყვით ვერ გადმოიცემა. „იმიტომ, რომ გამარჯვებულები ვართ“, - აი, ამას ვერასდროს მოისმენთ მათგან, ტიტულებს იშვიათად იგებენ, ლეგენდები მათ მარცხზე იქმნება და არა გამარჯვებებზე. ერთხელ, ტიაგოს უთქვამს ატლეტიკო რობინ ჰუდივით არის, მაშინ არის ბედნიერი, როცა მდიდრებს, (ესე იგი, რეალს) ართმევსო.

ხო, ეგრე დალაგდა, ათლეტები მუშათა კლასის წარმომადგენლები არიან, რეალი მეფეების კლუბია. აბა შეხედეთ სანტიაგო ბერნაბეუს, საფეხბურთო კათედრალს, წამოჭიმულა დე ლა კასტელანაზე, აქეთ-იქით ბანკებსა და მდიდრულ ბიზნესცენტრებში. ახლა მეტროპოლიტანოც მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ვისენტე კალდერონი ასე ნამდვილად არ ყოფილა, გზა ტაძრამდე კი მიდიოდა, მაგრამ მაინც მელანქოლიურს ეძახდნენ. ვაჰ, არ იქნებოდა ამ გზის გავლა მარტივი და ალბათ ამიტომაც მოუწიათ ჰადესში შევლა, მაგრამ ეგ უკვე წარსულია, ახლა სიმეონეს ატლეტიკო არსებობს თავისი მეტროპოლიტანოთი, სადაც სასწაულებიც ხდება, ხანდახან.
რა ისმის ამ მელანქოლიურ გზაზე, და რა ისმის საფეხბურთო კათედრალში? - ბერნაბეუს პლასიდო დომინგო აფორმებს მუსიკალურად, დიდებული მოსასმენია, სტადიონი გადათეთრებულია, ეს სამოთხის ჰანგებია, ერთხელ მაინც ვისაც შეუვლია მოკლავს უკან დაბრუნების სურვილი. მეტროპოლიტანოზე კი ერთი ფოლკლორისტი კაცის სიმღერა ისმის, ხუაკინ საბინა ჰქვია ამ კაცს და იმას მღერის, რასაც ზემოთ ნახსენები მესაჭე ფიქრობდა - „გრძნობა, რომელსაც ვერ ახსნი“.
ატლეტიკო სიმეონეს მოსვლის შემდეგ პრაგმატული გუნდი გახდა, მითებსაც თითქოს დაუსვა წერტილი, გამარჯვებულის მენტალიტეტი შეიძინა, მაგრამ ფინალები მაინც წააგო რეალთან, თანაც ისე წააგო, რომ ისევ El Pupas დაჩხავლეს თავზე. ეს კიდევ აგიჟებს ამ არგენტინელ კაცს, რადგან სიმეონეს მიაჩნია, რომ კაცის შრომა და გარჯა იღბალზე მაღლა დგას და თუ მაქსიმუმს გაიღებს აუცილებლად მოიგებს. ესე იგი, მიიჩნია, რომ რაღაც დააკლო ჩემპიონთა ლიგაზე, ყოველ ჯერზე, რაღაც დააკლო. ჰოდა, ვნახოთ ახლა, იქნებ დადგეს იღბალზე მაღლა.
კვარა და ჩემპიონთა ლიგა, ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები სომხეთთან - სტუმრად ტატო ბაციკაძე ⚽️
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი 🩷 🎙















