The Famous Five
1988/89 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალი რეალსა და მილანს შორის, ფაქტობრივად ფინალი იყო, რადგან მეორე წყვილში ერთმანეთს გალათასარაი და ბუქარესტის სტიაუა ხვდებოდნენ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არც ერთს და არც მეორეს, შანსი არ ექნებოდა ფინალში არც რეალთან, არც მილანთან. ასე რომ, ყველაფერი ამ ნახევარფინალში უნდა გადაწყვეტილიყო. მცირე უპირატესობად თვლიან ორმატჩიან დაპირისპირებაში განმეორებით შეხვედრას რომ სახლში ატარებ, როგორც ჩანს, მართლაც ასეა, ბოლო სიტყვის დასაწერად თუ ემზადები, ჯობია ის კალამი მოიგდო ხელში რომლით წერასაც ხარ მიჩვეული.
ბერნაბეუზე პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. ტაიმის მიწურულს ანგარიში უგო სანჩესმა გასხნა, ვარდნაში, ლამაზი გოლი გაიტანა. რაღაცით ჰგავდა ეს კაცი გერდ მიულერს, მეტოქის საჯარიმო სახლი ეგონა, ალღო ღმერთებისგან ჰქონდა ნაჩუქარი და ჩასაფრებაც კარგი იცოდა, გაჭირდება ფორვარდის პოვნა, რომელსაც მასზე უკეთ შეეძლო ერთი შეხებით გატანა. უგოს მეტი არც სჭირდებოდა, ერთი წამის კაცი იყო. 74-ე წუთზე ანგარიში მარკო ვან ბასტენმა გაათანაბრა. ჩემპიონთა ლიგაზე თავით გატანილი ბევრი კარგი გოლი გვინახავს, მაგრამ პირველ რიგში, ეს გოლი მახსენდება ხოლმე, ამაზე უკეთესი მართლაც რთული გასახსენებელია. ეს ერთგვარი პასუხი იყო იოჰან კრუიფისთვის, მარკოს მასწავლებლისა და უფროსი მეგობრისთვის. იოჰანი ეუბნებოდა თავით თამაშის დროს მთავარი პოზიციის შერჩევაა და არა სიმაღლეო, ამის დასტურად უგო სანჩესი მოჰყავდა, რომლის სიმაღლეც 1.74 სანტიმეტრი იყო, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა თავით, ჰოდა, სწორედ სანჩესის გუნდის წინააღმდეგ ვან ბასტენმა ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო, ჩემთვის კი ნამდვილად საუკეთესო. დარტყმის მომენტში მუხლის სიმაღლემდეა დახრილი, მთელი ტანით უკან გადახრილი, ერთდროულად ასეთი სირთულისა და სილამაზის გოლი არასდროს მინახავს.
ბერნაბეუზე პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. ტაიმის მიწურულს ანგარიში უგო სანჩესმა გასხნა, ვარდნაში, ლამაზი გოლი გაიტანა. რაღაცით ჰგავდა ეს კაცი გერდ მიულერს, მეტოქის საჯარიმო სახლი ეგონა, ალღო ღმერთებისგან ჰქონდა ნაჩუქარი და ჩასაფრებაც კარგი იცოდა, გაჭირდება ფორვარდის პოვნა, რომელსაც მასზე უკეთ შეეძლო ერთი შეხებით გატანა. უგოს მეტი არც სჭირდებოდა, ერთი წამის კაცი იყო. 74-ე წუთზე ანგარიში მარკო ვან ბასტენმა გაათანაბრა. ჩემპიონთა ლიგაზე თავით გატანილი ბევრი კარგი გოლი გვინახავს, მაგრამ პირველ რიგში, ეს გოლი მახსენდება ხოლმე, ამაზე უკეთესი მართლაც რთული გასახსენებელია. ეს ერთგვარი პასუხი იყო იოჰან კრუიფისთვის, მარკოს მასწავლებლისა და უფროსი მეგობრისთვის. იოჰანი ეუბნებოდა თავით თამაშის დროს მთავარი პოზიციის შერჩევაა და არა სიმაღლეო, ამის დასტურად უგო სანჩესი მოჰყავდა, რომლის სიმაღლეც 1.74 სანტიმეტრი იყო, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა თავით, ჰოდა, სწორედ სანჩესის გუნდის წინააღმდეგ ვან ბასტენმა ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო, ჩემთვის კი ნამდვილად საუკეთესო. დარტყმის მომენტში მუხლის სიმაღლემდეა დახრილი, მთელი ტანით უკან გადახრილი, ერთდროულად ასეთი სირთულისა და სილამაზის გოლი არასდროს მინახავს.
ასე მორჩა - 1:1. სან სიროზეც ასეთ სცენარს ელოდნენ, მაგრამ...
„განმეორებითი მატჩი სან სიროზე ისტორიული გამოდგა, მთელი ძალა და კლასი ჩავაქსოვეთ ამ გამარჯვებაში, ხუთი უპასუხო გოლი გავიტანეთ, დიდებული გრძნობა იყო ასეთი ძლიერი გუნდის წევრობა. რეალი ბოლომდე წნეხში გვყავდა, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ. საკის სისტემამ მუშაობა დაიწყო, ორი წლის თავზე ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ სისტემაზე მეტად ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა იყო განმსაზღვრელი“, - იხსენებს ავტობიოგრაფიულ წიგნში მარკო ვან ბასტენი.
ანგარიში მადრიდის რეალის ამჟამინდელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გახსნა, და არა მგონია კარიერაში ამაზე უკეთესი გოლი გაეტანოს. ორი კაცი ჩამოიცილა და შორი მანძილიდან ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო. ანგარიში ორამდე ფრანკ რაიკაარდმა გაზარდა, მაურო ტასოტის ჩაწოდების შემდეგ თავით ზუსტად დაარტყა. მესამე გოლიც მალე გავიდა, რობერტო დონადონის ჩაწოდების შემდეგ ამჯერად რუდ ხულიტმა (გნებავთ გულიტმა) შეაგდო თავით. აბა, ამ ნიდერლანდელების ჯობნა მეორე სართულზე, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მეოთხე გოლი მარკო ვან ბასტენის იყო, რაიკაარდის პასი ხულიტზე, მერე მარკო და მარცხენა ფეხით აუღებელი - 4:0. წერტილი კი დონადონიმ დასვა, ეგეც ლამაზი გოლი იყო, ამ შეხვედრაში სხვაგვარად არ გამოვიდოდა, მოულოდნელად ახლო კუთხეში დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან - 5:0.

ხუთმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. ხუთივე მწვრთნელი გახდა. ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, ზოგიც ლეგენდარული. მაინც, რას გვეუბნება ეს ამბავი? პირველ რიგში, საკის გავლენაზე ამბობს ბევრ რამეს, მისგან ცოდნის მიღებას ძალიან დიდი ფასი ჰქონდა. თუმცა, ადამიანში თუ თავიდანვე არ არის სამწვრთნელო ხედვა, ვისთანაც გინდა იმასთან ამუშავე, მაინც ვერაფერს გახდება. მარკოსგან ელოდნენ დიდ მწვრთნელობას, მასზე საკის გავლენაც ისეთივე იყო, როგორც იოჰან კრუიფისა, მოაზროვნე ფეხბურთელი იყო, ალბათ, ყველაზე მოაზროვნე ცენტრფორვარდი, რომელსაც ოდესმე უთამაშია, მაგრამ დიდი მწვრთნელი მაინც ვერ გახდა. არადა, დიდებულ ფეხბურთს თამაშობდა მისი ნიდერლანდები 2008 წელს, ბრწყინვალედ დაიწყეს და საზიზღრად დაამთავრეს. როგორც მოსალოდნელი იყო მილანმა ფინალში სტიაუა გაანადგურა - 4:0. მადრიდის რეალს კი მომდევნო წელსაც აჯობეს პლეიოფში.
მილანური როქი
ერთ საინტერესო ამბავსაც უნდა გავუსვათ ხაზი, 1989 წლის 1/2 ფინალი მადრიდის რეალისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან წარმატების შემთხვევაში ფინალს კამპ ნოუზე ითამაშებდა, ბარსელონაში რეალის გაჩემპიონება კი რა მოვლენაა თავად განსაჯეთ, მაგრამ, ბარსას მხსნელად მილანი მოევლინა, რომელმაც მადრიდელები ფინალამდე არ მიუშვა. ხომ არ გეცნობათ ეს ამბავი? იგივე შანსი ბარსელონასაც ჰქონდა 2009/10 წლების სეზონში, როცა ფინალი ბერნაბეუზე ტარდებოდა, ფავორიტიც ბარსა იქნებოდა და მადრიდში გაჩემპიონება გუარდიოლას ბარსელონას გვირგვინით დაამშვენებდა, მაგრამ მოურინიუს ინტერმა შეაჩერა. ასე მოხდა, ბარსას მილანმა გაუწია ანგარიში, რეალს - ინტერმა.
ანჩელოტი VS. დელ ბოსკე
მეორე გადაკვეთა, რომლის გახსენებაც მინდა 2002/03 წლების სეზონია. ჩვენი დროის უდიდესი მწვრთნელები შეხვდნენ ერთმანეთს. მილანში ანჩელოტის ეპოქა იწყებოდა, მადრიდში კი გალაქტიკო ბოლო წუთებს ითვლიდა, რადგან ჩემთვის გალაქტიკო სწორედ მაშინ დამთავრდა, როცა დელ ბოსკე გაუშვეს, მერე უბრალოდ ინერციით იარა რეალმა, არც არაფერი მოუგიათ, სანამ თავად პერესი არ წავიდა. ბოსკეს დროს კი მათი ყურება დიდი სიამოვნება იყო, ბოსკე იყო კაცი, რომლის ხელშიც რაული და რონალდო შეთამაშდნენ. რონალდოს ძალიან კარგი სადებიუტო სეზონი ჰქონდა, რაულიც აღარასდროს ყოფილა ასეთი გამტანი, როგორიც ბოსკეს ხელში იყო. ვისენტემ იცოდა გუტის, კამბიასოსა და მაკელელეს ფასი, სხვებს კი არ ესმოდათ, სწორედ ამ სეზონის მერე გაუშვებენ „ულვაშას" და კიდევ კარგი რომ მანამდე არ მოხდა ეს ამბავი, თორემ ასეთ დიდებულ შეხვედრას ხომ ვეღარ ვიხილავდით.
ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ორი ჯგუფური ეტაპის თამაშს გულისხმობდა, მილანმა პირველი ჯგუფური ეტაპი ძალიან რთულ მეტოქეებთან ერთი ამოსუნთქვით გაიარა, ფილიპო ინძაგიმ ისე აკრიფა ყველას აფიქრებინა ლიგის რეკორდზე გაიწევსო - ლანსთან გახსნით შეხვედრაში დუბლი შეასრულა, კალაძისა და კოშტას პასებით, დეპორტივოსთან გასვლაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და სულ მცირე დააკლდა მისი ძმის, სიმონესა და ვან ბასტენის რეკორდის გამეორებამდე, ესე იგი, პოკერის შესრულებამდე. ცარიელ კარში ხარიხას გაარტყა. ბაიერნს ორ შეხვედრაში სამი გოლი შეუგდო, ესე იგი, საწყის ოთხ შეხვედრაში უკვე რვა გოლი ჰქონდა შეგდებული. ბოლო ორ მატჩში ანჩელოტიმ დაასვენა, თანაც, ტრავმირებული შევჩენკოც დაბრუნდა. ინძაგიმ ვერც რეკორდი მოხსნა და ნელ-ნელა ნისტელროიმაც გადაუსწრო. იტალიელმა ისე იარა ფინალამდე რომ მხოლოდ ორი გოლი წაამატა ამ მონაგარს.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე მილანი მადრიდთან გადაიკვეთა. პირველი მატჩი სან სიროზე შედგა, ინძაგი სკამზე დარჩა, მილანმა რივალდო - შევჩენკოს დუეტით შეუტია. რეალს კი რონალდო აკლდა. მსგავსი ხარისხის შეხვედრა ძალიან იშვიათად თუ მექნება ნანახი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რუი კოშტას პასით შევჩენკომ შეაგდო. კახი კალაძემ ლუიშ ფიგუ დაკეტა, მაშინ არ ვიცოდით, რომ ეს მისი კარიერის საუკეთესო შეხვედრა იქნებოდა. ეგ კი არა, გატუზოს პასის მერე გატანაც შეეძლო, მაგრამ კასილასმა აჯობა. დიდი ზეიმი იყო მილანში, ქომაგი მიხვდა, რომ ამ გუნდს ჩემპიონობა შეეძლო, თუ რეალს ამარცხებ, ესე იგი, ჩემპიონობისთვის მზად ხარ.
„ასეთი მილანი არც მინახავს, ხალხი ტრიბუნებზე არ დაშლილა, ქალაქში ზეიმია, მილანის ქომაგი უკვე დარწმუნებულია, რომ ლიგასა და სკუდეტოს მოვიგებთ.“ - თქვა მატჩის შემდეგ კახი კალაძემ, გაზეთ სარბიელთან ინტერვიუში..
ანჩელოტიმ შოუ მოგვპარა
განმეორებითი მატჩი ნეიტრალურ ქომაგებს ანჩელოტიმ წაგვართვა, პირველ რიგში კი მილანის ქომაგებს, „როსონერი" უკვე გასული იყო ჯგუფიდან და აღარ დააყენა ძირითადი შემადგენლობა. გატუზო, ინძაგი და კალაძე განაცხადს მიღმა დატოვა, კარში აბიატი ჩააყენა, დიდა სკამზე გადასვა. ალესანდრო ნესტა, ანდრეა პირლო და რუი კოშტა მხოლოდ მეორე ტაიმში შემოიყვანა. ამან, რა თქმა უნდა, თამაში მოკლა, მადრიდის რეალმა მილანს გადაუარა. აბა, რას გახდებოდნენ სამუელე დალა ბონა და კრისტიან ბროკი ზიდანის პირისპირ?!
თუმცა, იყო ერთი კარგი ჟესტი ანჩელოტისგან, ტრავმამოშუშებული ფერნანდო რედონდო დააყენა ძირითადში, კიდევ ერთხელ რომ მოესმინა ბერნაბეუს ტაში, მილანში ტრავმების გამო ფაქტობრივად არ უთამაშია, სრულ იმედგაცრუებად იქცა, ისევ ბერნაბეუ თუ მიიღებდა სიყვარულით.
დახატა მადრიდმა. შედგა თეთრი ბალეტი. ულამაზესი გოლები შეაგდო რაულმა, ერთი რონალდოსთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მეორე კი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე - მაგარი ფინტი, მაგარი დარტყმა. თითქოს ფეხბურთელების იმპროვიზაციაა, მაგრამ დელ ბოსკეს შემდგომ პერიოდში ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაიკარგა. ყველამ ცალ-ცალკე დაიწყო თამაში, ვარსკვლავების ენაზე საუბარი ვეღარავინ შეძლო. რობერტო კარლოსმა სისხლი გაუშრო მთელ მარჯვენა ფლანგს. რივალდომ კი პრესტიჟის გოლი გაქვითა და ბარსელონაშიც ატყდა დიდი ყიჟინა - აგერ, ჩვენმა ჯილამ, რომელიც ვან გაალმა გააგდო, მადრიდელებს მაინც გაუტანა გოლიო.

საბოლოოდ, კარგი სეზონი გამოდგა, უსახური იტალიური ფინალით. გახდა მილანი ჩემპიონი. მადრიდის რეალმა კი იუვენტუსთან წააგო ნახევარფინალი. ბოსკე დაითხოვეს. რონალდოს სკამზე დასმა არ აპატიეს. მცირე ტრავმა ჰქონდა და განმეორებით შეხვედრაში სასტარტოში არ დააყენა, მერე გამოიყვანა და ეგრევე თერთმეტმეტრიანი აიკიდა - თუ ასე თამაში შეეძლო, თავიდანვე უნდა დაეყენებინაო - დაწერეს მომდევნო დღეს პრესაში. გადამწყვეტი კი ფიგუს გაცუდებული პენალტი აღმოჩნდა, ბუფონმა აჯობა, არ დაიბნა ლუიშის პაუზებით. აქ დამთავრდა გალაქტიკო, თორემ, დელ ბოსკემ მუნდიალი მოიგო და მადრიდის კი არა, მთელი ესპანეთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი















