საპყრობილე ყველას ათანასწორებს
რობსონ დე სოუზამ სასჯელის მოხდა 2024 წლის მარტში, ტრემემბეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიწყო, სადაც 9-წლიანი პატიმრობის ნაწილს გაატარებს. მხოლოდ 2027 წელს, კარგი ქცევისა და რეკომენდაციების შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა, უფრო მსუბუქი რეჟიმის საპატიმრო დაწესებულებაში გადავიდეს.
ტრემემბეს სატუსაღო სან პაულუდან 150 კილომეტრში მდებარეობს და 430-მდე პატიმარს ითვლის. ზოგიერთ პატიმარს იმის უფლებაც აქვს, დღის პირველი ნახევარში საპატიმრო დატოვონ და სადილობის დროს დაბრუნდნენ, თუმცა ეს შეღავათი რობინიოს არ ეხება. ტრემემბე არ არის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხე ბრაზილიაში. საპატიმროს აქვს სამლოცველო და საფეხბურთო მოედანი, ხოლო მნახველებს პატიმრების მონახულება შაბათ-კვირას შეუძლიათ. ტრემემბეს საპატიმრო, მთელ ბრაზილიაში იმითაა ცნობილი, რომ მასმედიისა და საზოგადოებისთვის ცნობილი დამნაშავეები, გახმაურებული პროცესების მონაწილეები სასჯელს აქ იხდიან. მაგალითად, რობინიოს აქვს შესაძლებლობა, იცნობდეს 81 წლის ექიმ როჟერ აბდელმასიჰს, რომელიც მკურნალობის დაწყებისა და ნდობის მოპოვების შემდეგ საკუთარ პაციენტებს აწამებდა, ან ლინდემბერგ ალვესს, რომელმაც არასრულწლოვანი შეყვარებული, 15 წლის გოგო წამებით მოკლა.

ბრაზილიელმა სამართალდამცავებმა რობინიო სანტოსში, საკუთარ ბინაში დააპატიმრეს. იტალიის სასამართლომ მას ბრალი ჯგუფურ გაუპატიურებაში დასდო. შემთხვევა მილანში 2013 წელს მოხდა, როდესაც რობინიომ თავის ძმა-ბიჭებთან ერთად, მილანის ღამის კლუბში ერთ-ერთ ალბანელი ქალის სიმთვრალით ისარგებლა და მასზე იძალადა. 2017-2020 წლებში იტალიის სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესის შემდეგ რობინიო და ბრაზილიის 5 მოქალაქე დამნაშავეებად სცნეს, რაც მოგვიანებით იტალიის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა. იტალიამ რობინიოს ექსტრადიცია მოითხოვა, რაზეც ბრაზილიური კანონმდებლობიდან გამომდინარე უარი მიიღო, თუმცა ადგილობრივმა სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიაში გამოტანილ სასჯელს ძალა ბრაზილიაშიც ჰქონდა და რობინიო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ბრაზილიის ოდიოზურმა პრეზიდენტმა, ლულა და სილვამაც კი, რომლისთვისაც სასჯელაღსრულების დაწესებულება უცხო არ არის, მხარი დაუჭირა რობინიოს პატიმრობას. ერთის მხრივ, სამართლიანობა მაინც აღდგა, მეორეს მხრივ კი ბრაზილიაში ერთ დროს პელეს მემკვიდრედ მოაზრებული უნიჭიერესი ფეხბურთელი არ დაინდეს. მიზეზი კი ნათელია - დანაშაული დანაშაულია და ინდულგენციების მიღება არავის შეუძლია. ბრაზილიურ საზოგადოებას პრეცედენტული საქმეები სჭირდება. ბრაზილიის სახელწმიფო ნამდვილად არ არის დაცლილი ლათინოამერიკული სიგიჟეებისგან.
როგორ იწყებოდა ყველაფერი
არადა, რობინიომ ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. როგორც ყველა თავმოყვარე ბრაზილიელმა ბავშვმა, მანაც 6 წლის ასაკიდან დაიწყო ფეხბურთის თამაში. სხვათაშორის, მასთან ერთად ფეხბურთს მისი „ტყუპისცალი" მარსელო თამაშობდა, რომელიც მოგვიანებით მადრიდის რეალის ლეგენდა გახდა. რობინიოს დიდ მოედანზე წარმოჩენა იმანაც განაპირობა, რომ პირველ დიდ საფეხბურთო კონტრაქტამდე ის ფუტზალის ვარსკვლავი იყო და მისი სათამაშო სტილის ჩამოყალიბებას, მოედნის პატარა მონაკვეთზე უზადო ფინტებსა თუ აჩქარებებს, ფუტზალის სკოლის დამსახურებად მიიჩნეოდა.

2002 წელს რობინიომ სანტოსთან პირველ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, სადაც ორიოდე წელიწადში მსოფლიო გრანდების ყურადღება მიიპყრო. მისი სათამაშო სტილი მართლაც დიდ იმედებს იძლეოდა. დრიბლინგებმა, ფინტებმა და ბურთით ჟონგლიორობამ ბევრს აფიქრებინა, რომ საქმე ახალ პელესთან და საოცნებო ვარსკვლავთან ჰქონდათ. ამ პერიოდის ბრაზილია ნამდვილად არ განიცდიდა დიდი ფეხბურთელების სიმწირეს. პირიქით, პელეს თაობის შემდეგ ასეთი ნიჭიერება ბრაზილიას ძნელად თუ ახსოვდა - ერთ გუნდში რონალდო, რონალდინიო, ადრიანო და კაკა საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ რა ნაკრები ჰყავდა სელესაოს, თუმცა ამ ვარსკვლავთცვენაში პელეს სადარი ეპიტეთების მიღებას, მართლაც განსკუთრებული უნარები სჭირდებოდა, მაგრამ რობინიო ასეთი იყო, თუმცა მალევე მისმა ნიჭიერებამ არამარტო სპეციალისტთა, არამედ ბრაზილიური ორგანიზებული კრიმინალის ყურადღებაც მიიქცია. 2004 წელს კრიმინალებმა რობინიოს დედა შეიპყრეს, ხოლო მოგვიანებით დედამისის თმებით თრევის ვიდეო გაუგზავნეს. ფეხბურთელი არც დაფიქრებულა, დედის თავისუფლების სანაცვლოდ მოთხოვნილი 75 000 დოლარი გადაიხადა. ინციდენტმა რობინიოს ევროპაში გადასვლა დააჩქარა. მისთვის თვალი დადგმული ჰქონდათ ჩელსის, ბარსელონას, მილანსა და ბაიერნს, მაგრამ 24 მილიონი ევროს გადახდა ყველას რეალმა დაასწრო, რობინიომ კი 10-ნომრიანი მაისური მიიღო. ამ პერიოდში ბარსელონაში თავის გრანდიოზულ კარიერას ლიონელ მესიც იწყებდა. იმ დროს დანამდვილებით ვერავინ იტყოდა ამ ორი ახალგაზრდა ტალანტიდან რომელი უფრო დიდ სიტყვას იტყოდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც კლუბებსა და ფეხბურთელებს პირველი დუელი შედგა შორის და რობინიომ მართლაც გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა. მადრიდის რეალში ვანდერლეი ლუქსემბურგოს მწვრთნელობის პერიოდში რობინიო ინტენსიურად თამაშობდა და რეალის სისტემაში მკვიდრდებოდა, თუმცა ფაბიო კაპელოს მოსვლის შემდეგ, ის არ აღმოჩნდა იტალიელი პროფესორის რჩეულებში.
სანაკრებო გაბრწყინება
რობინიოს სანაკრებო გაბრწყინება მის მადრიდეულ კარიერას დაემთხვა. 2005 წელს კონფედერაციის თასის მოგებისას, ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გაემგზავრა, ითამაშა ბრაზილიის, ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებში, თუმცა მის სანაკრებო ბენეფისად 2007 წელი იქცა, როდესაც ბრაზილიური პრესის მიერ ,,გადამრჩენელად“ შეფასებულმა, ,,სხვა ათ უცნობ ფეხბურთელთან ერთად“ კოპა ამერიკა მოიპოვა და ტურნირის ბომბარდირისა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფინალში, ბრაზილიამ 3-0 მოუგო ისტორიულ მეტოქეს, ასევე ვარსკვლავურ არგენტინას, სადაც თაობათა ცვლის პროცესში, ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავთა მთელი წყება ირიცხებოდა. 2007 წელი რობინიოსთვის ერთგვარ წყალგამყოფად, მწვერვალად იქცა დიდებისკენ მიმავალ და დიდებიდან თავდაღმართ გზებზე. რობინიომ 2009 წელს, ბრაზილიის ჯერ კიდევ ბრწყინვალე, თუმცა გარდამავალ გუნდთან ერთად, კიდევ ერთხელ მოიგო კონფედერაციის თასი, ხოლო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო კაკასთან ერთად, თუმცა 1/4 ფინალში ჰოლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ მუნდიალს დაემშვიდობა.

2011 წლიდან კი რობინიო სულ უფრო ნაკლებად ხდებოდა სელესაოს მწვრთნელთა თვალთახედვის არეში. ლუიშ ფილიპე სკოლარიმ ის რამდენჯერმე იხმო ნაკრებში, თუმცა 2014 წელს, სამუნდიალო განაცხადის მიღმა აღმოჩნდა. 2015 წლიდან დუნგამ კვლავ დააბრუნა ნაკრებში და 2015 წლის კოპა ამერიკის განაცხადში შეიყვანა, სადაც მან გოლების გატანაც მოახერხა, თუმცა ეს ბრაზილია უკვე აჩრდილი იყო იმ დიდებული გუნდისა, რომელიც თაობებს დაამახსოვრდა. რობინიომ ეროვნულ ნაკრებში ჯამში 100 თამაშის ჩატარება მოასწრო, 28 გოლი გაიტანა და ბევრი ტიტულიც მოიგო, თუმცა სრული ეროვნული დიდების მიღწევისთვის, მუნდიალს ვერ შეწვდა. ასე რომ, ერთ დროს ბრაზილიის იმედმა და კოპა ამერიკის მარტოდ მომგებმა, ბრაზილიის ნაკრებში მოღვაწეობა არც თუ წარუმატებლად 2017 წელს დაასრულა.
სანტოსისა და ბრაზილიის უძღები შვილი
სანტოსისა და ბრაზილიის უძღები შვილი
რობინიომ რეალიდან წასვლის შემდეგ კარიერა 2008 წელს მანჩესტერ სიტიში გააგრძელა, თუმცა, როცა კი გაუჭირდებოდა ყოველ ჯერზე სანტოსში - იჯარით ან სხვა ფორმით ბრუნდებოდა. ასე მოხდა სიტიდან და მილანიდან წასვლის შემთხვევაშიც. საფეხბურთო კარიერაც ფორმალურად 2020 წელს ბრაზილიაში, მშობლიურ სანტოსში დაასრულა, თუმცა მანამდე ჰქონდა გაბრწყინების კიდევ ერთი პერიოდი - მილანში. არადა, მილანში გადასული, სულ რაღაც 26 წლის იყო და თითქოს უკვე კარიერას ამთავრებდა. მილანში თამაშისას პერიოდულად რონალდინიოსა თუ რონალდოსდარ ნიჭიერებას აფრქვევდა, მაგრამ ჩვეული არასტაბილურობის გამო, გუნდის ბირთვში ადგილი მაინც ვერ დაიმკვიდრა. რობინიოს თამაშის ყურებისას, განსაკუთრებით, მისი საუკეთესო გამოსვლებისას, ნეიტრალური გულშემატკივარი თავისუფლად იტყოდა, რომ საქმე გვქონდა მესიზე არანაკლებ ნიჭიერ საფეხბურთო არტისტთან, რომელსაც სტაბილურობა არ შეეძლო. ამას მოგვიანებით დაერთო სხვადასხვა, რომელთა გადამკიდეც ერთ დღესაც ციხეში აღმოჩნდა. არადა, ჯერ კიდევ სანტოსში გამოჩენისას, მასზე თვით ფეხბურთის მეფემ თქვა: ,,რობინიოს შეუძლია გააუმჯობესოს ჩემი მიღწევები. ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, რათა სანტოსს კიდევ ერთი პელე მისცა.“

სანტოსში დაბრუნებამდე, საფეხბურთო კარიერის მიმწუხრს, ბევრი ნიჭიერი სამხრეთამერიკელის მსგავსად, რობინიოც თურქეთში შეხვდა. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არასტაბილურობისა და შინაგანი საყრდენის არ ქონის გამო, რობინიო, რომელიც ყოველ წელს ოქროს ბურთის პრეტენდენტებს შორის უნდა ყოფილიყო და კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისთან ერთად ტრიუმვირატი შეექმნა, საშუალო სტატისტიკის მქონე ფეხბურთელთა მარაქაში დაიკავა ადგილი. უფრო მეტიც, ის დიდი სპორტსმენისათვის (და არა მარტო) შეუფერებელ სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩნდა გარეული, რამაც კიდევ ერთახელ, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების თემა დამსახურებულ, თუმცა დამნაშავე სპორტსმენებთან მიმართებაში წინ წამოსწია. რობინიოს საქმემ კიდევ ერთხელ შეახსენა ბრაზილიურ საზოგადოებას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელთა სოციალური პასუხისმგებლობა აღემატება საშუალო სტატისტიკური ადამიანის მოვალეობებს.
ბრაზილიაში დაბრუნებამ, რობინიო ვერ გაათავისუფლა იმ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რომელიც იტალიიდან გადმოჰყვა. დიახ, ბრაზილიაში, ,,ახალ პელედ“ სახელდებულ ფეხბურთელსაც კი ვერ აპატიეს დანაშაული, რომელიც სხვა ქვეყნის სასამართლოში დაუმტკიცდა. მიუხედავად რობინიოს დიდი ავტორიტეტისა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის იგნასიო ლულა და სილვამ, რობინიოს საქმესთან დაკავშირებით 2024 წლის მარტში განაცხადა:
„ყველა, ვინც სექსუალურ ძალადობას ახორციელებს, უნდა დაისაჯოს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სექსუალური ურთიერთობა მყარდება არა ერთი ადამიანის სურვილის, არამედ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ ახალგაზრდა, მდიდარმა და ცნობილმა მამაკაცმა, რომელმაც კოლექტიური სექსუალური ძალადობა სიმთვრალის გამო განახორციელა, უნდა შერცხვეს. სექსუალური ძალადობა უპატიებელი დანაშაულია, საზოგადოებამ ასეთი ადამიანები აუცილებლად უნდა დაგმოს. ისინი უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე და სათანადოდ უნდა დაისაჯონ. რობინიო უკვე გასამართლდა იტალიაში, სასჯელი კი აქ უნდა მოიხადოს."
„ყველა, ვინც სექსუალურ ძალადობას ახორციელებს, უნდა დაისაჯოს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სექსუალური ურთიერთობა მყარდება არა ერთი ადამიანის სურვილის, არამედ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ ახალგაზრდა, მდიდარმა და ცნობილმა მამაკაცმა, რომელმაც კოლექტიური სექსუალური ძალადობა სიმთვრალის გამო განახორციელა, უნდა შერცხვეს. სექსუალური ძალადობა უპატიებელი დანაშაულია, საზოგადოებამ ასეთი ადამიანები აუცილებლად უნდა დაგმოს. ისინი უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე და სათანადოდ უნდა დაისაჯონ. რობინიო უკვე გასამართლდა იტალიაში, სასჯელი კი აქ უნდა მოიხადოს."
ბურთით თუ უბურთოდ მოცეკვავე კაცის ამბავი 2024 წელს დასრულდა და დაიწყო ტრემემბეს პატიმრის 9-წლიანი ისტორია, რომელიც საპატიმრო ვადის მოხდის პარალელურად, ტელევიზორის შემკეთებლისა და ბიბლიოთეკარის პროფესიას ეუფლება...















