რეალ მადრიდი €831 მილიონი, მანჩესტერ სიტი €826 მილიონი, პსჟ €802 მილიონი, ბარსელონა €800 მილიონი, მანჩესტერ იუნაიტედი €746 მილიონი, ბაიერნი €744 მილიონი... ეს არის კლუბების წინა სეზონის შემოსავალი და დიახ, ეს რეალური ციფრებია.
ყველა მათგანმა პანდემიის დროს გამოწვეული ფინანსური კრიზისი, უკან მოიტოვა და ახალ რეკორდებზე გავიდნენ. 2022-23 სეზონი ზემოთ ჩამოთვლილი კლუბებისთვის ძალიან მომგებიანი იყო. მაგრამ მაინც ისმის კითხვა, რომელი მათგანი მიაღწევს მილიარდამდე პირველი?
შემოსავლები 2022-23 სეზონში:
*Diritti TV - სატელევიზიო უფლებები;
*Stadio - სტადიონი;
*Commerciale/Altro - კომერციული და სხვა;

კოვიდ პანდემიის გამო, კლუბებმა ბევრი გეგმის განხორციელებაზე უარი თქვეს, თუმცა მათ ეს კრიზისი უკან მოიტოვეს. მას შემდეგ, რაც საფეხბურთო ინდუსტრია სრულად დაბრუნდა, ოთხმა კლუბმა უკვე მიაღწია მინიმუმ €800-მილიონიან შემოსავალს.
რეალ მადრიდი და ახალი ბერნაბეუ:
რამდენიმე კლუბი სხვებზე ბევრად წინ არინ, მაგალითად რეალ მადრიდი. კლუბმა ბერნაბეუს განახლებაში €1.1 მილიარდზე მეტი დახარჯა, თუმცა სწორედ ამ განახლების შემდეგ ელოდებიან დიდ ფინანსურ მოგებას. ახალი მონაცემებით, ბერნაბეუ კლუბს უკვე €317 მილიონს მოუტანს, როცა წინა მონაცემებით ეს თანხა მხოლოდ €140 მილიონს შეადგენდა. მაგრამ ეს თანხაც ზრდადია, რადგან როდესაც ბერნაბეუ საბოლოოდ დასრულდება, კლუბი წლიურად მინიმუმ €400 მილიონს გამოიმუშავებს. ამ სტადიონზე 2024 -25 სეზონისთვის უამრავი ღონისძიება არის დაგეგმილი: კონცერტები, ამერიკული ფეხბურთის მატჩები. ამავდროულად, კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას Sixth Street/Legends-თან სტადიონის კომერციული საქმიანობის ნაწილის მართვაზე, რომელიც ჯამში €360-მილიონიანი პროექტია. თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს, მადრიდის რეალის შემოსავალი €831 მილიონი იყო, ახალი ბერნაბეუ მათ მილიარდამდე ასვლაში დაეხმარება. ამასთანავე, ჩვენ ველოდებით კილიან მბაპესაც, რომელიც Los Blancos-ის ფინანსურ ბრუნვას კიდევ უფრო გაზრდის.

ბარსელონა:
რეალ მადრიდთან ყველაზე ახლოს ბარსელონაა. როგორც "სამეფო კლუბი", ისე "ბლაუგრანაც" სტადიონის განახლების პროცესშია. პირველადი მონაცემებით, ახალი კამპ ნოუ 2026 წელს გაიხსნება, თუმცა ბარსელონას სტადიონზე დაბრუნება 2024 წლის ბოლოს უკვე შეეძლება. 2026 წელს ყველა სამუშაო დასრულდება და გულშემატკივრები განახლებულ არენას იხილავენ. როგორც კი სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულდება, კლუბი ახალი არენისგან მინიმუმ €250 მილიონს გამოიმუშავებს: სპონსორები, მუზეუმი, ბილეთები, რესტორნები და ა.შ. ახალ არენას ყველაფერი ექნება, შესაბამისად, ბარსელონაც დიდ მოგებაზე გავა. კლუბმა, ლაპორტას ხელმძღვანელობით, ყველა ფინანსური ბერკეტი აამოქმედა გადაჭარბებული დავალიანების მოსაგვარებლად. მათ მოუწიათ ბევრ კომპრომისზე წასვლა, მათ შორის სატელევიზიო უფლებების დათმობა, შესაბამისად, მომდევნო სეზონში ბარსას ბიუჯეტში ამ კუთხით შედარებით ნაკლები შემოსავალი იქნება.

მანჩესტერ სიტი და პსჟ:
ორი დიდი კლუბი, რომელსაც ზურგს "ნავთობი" უმაგრებს. რეალისგან და ბარსასგან სრულიად განსხვავებული პროექტები. თავიანთი სპონსორების დახმარებით კლუბებმა დიდი მოგება ნახეს, მეტიც, შემოსავლის ნახევარზე მეტი კატარის სპორტული ინვესტიციებიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მოდის. მანჩესტერ სიტი სტადიონიდან დიდ მოგებას ვერ ნახულობს, პსჟ-ს კი ამ მხრივ კარგად აქვს საქმე. თუმცა ორივე კლუბს უფრო დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითისთვის, ივლისში მანჩესტერის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამტკიცა £300 მილიონიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს Etihad Stadium-ის გაფართოების გეგმას. კლუბის მიზანია, სტადიონს დაემატოს 7 900 ადგილი და ჯამში 60 000-ზე მეტი ტევადობის არენა მივიღოთ. ასევე იგეგმება სასტუმროს და სხვადასხვა სავაჭრო და გასართობი ცენტრის აშენება. სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება პარიზულ კლუბს, აქ სიტუაცია ცოტა რთულადაა. კლუბის პრეზიდენტსა და ქალაქის მერს შორის დაძაბული სიტუაციაა. ამის გამომწვევი მიზეზი კი ისაა, რომ მერიამ კლუბს ალ ხელაიფის სტადიონის შეძენაზე უარი განუცხადა. პსჟ-სთვის არენის განახლება შეუძლებელი იქნება, თუ The Parc des Princes მათ მფლობელობაში არ გადავა. თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, პსჟ ალტერნატიულ გეგმაზე გადავა, რაც ახალი სტადიონის აშენებას ითვალისწინებს.
მანჩესტერ იუნაიტედი - სერ ჯიმ რეტკლიფის ფაქტორი:
პრემიერ ლიგამ სულ ახლახან დაადასტურა მანჩესტერ იუნაიტედის 25%-იანი წილის სერ ჯიმ რეტკლიფისთვის გადაცემა, რომელიც $300 მილიონის გამოყოფას უკვე გეგმავს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ოლდ ტრაფორდის სტადიონი, რომელიც €150 მილიონს გამოიმუშავებს, გარკვეული პერიოდია რეკონსტრუქციას საჭიროებს, მაგრამ გეგმა კიდევ უფრო ამბიციურია: კლუბი ახალი 90 000 ადგილიანი სტადიონის აშენებას აპირებს. ახალი არენა და ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად თამაში, გუნდს მილიარდიან შემოსავალს ძალიან მარტივად მოუტანს. ნებისმიერ შემთხვევაში, სტადიონი არის მთავარი ბერკეტი ტოპ კლუბების ფინანსების ბრუნვის გაზრდისთვის.

მომდევნო სეზონი:
ამასობაში, განახლებული ჩემპიონთა ლიგა კარს მოგვადგა, რომელიც მომდევნო სეზონიდან 36-გუნდიანი გახდება, რაც 25%-ით გაზრდილ საპრიზო ფონდს ნიშნავს. ეს ტოპ კლუბებისთვის მინიმალურ შემოსავალს €60 მილიონამდე გაზრდის. ამის შემდეგ, 2025 წლიდან ახალი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელიც მონაწილე კლუბებს გარანტირებულ €50 მილიონს მოუტანს.
Marco Iaria © RCS MEDIAGROUP















