2024 წლის 26 ივნისი - საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მოხდა არა რიგით ამხანაგურ შეხვედრაში, არამედ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე, გარემოება კი იყო ასეთი: "ჯვაროსნებს" 1/8 ფინალში გასვლისთვის მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ.
ჩვენმა ნაკრებმა იმარჯვა ანგარიშით 2:0 და პირენეელების დამარცხებაში პირველი ნაბიჯი გადადგა ხვიჩა კვარაცხელიამ, თანაც მეორე წუთზევე. ქართველ ვინგერს ბევრი რამ აკავშირებს "ლუზიტანელთა" ლეგენდარულ ფორვარდთან, კრიშტიანუ რონალდუსთან და მათი დაპირისპირების ისტორია არის კლასიკური შემთხვევა, როცა ბავშვობის გმირი შენი მეტოქე ხდება.
აღნიშნულ მატჩში პარის სენ-ჟერმენის გარემარბმა აიხდინა დიდი ხნის ოცნება, ის ხომ პორტუგალიელ თავდამსხმელთან მაისურის გაცვლის მომენტს ელოდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს მე-7 ნომერი ჯერ მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთან მივიდა და უკვე შემდეგ შეუერთდა გუნდელებს ისტორიული მოგების აღსანიშნად.
"რონალდუს მაისური გამოვართვი. მატჩის წინ, ის ჩემთან მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა."
ქართველი გარემარბის პოზიცია, სათამაშო ნომერი, წარსულში გამოთქმული "სამეფო კლუბში" თამაშის სურვილი - ეს ყველაფერი სწორედ პორტუგალიელი ფორვარდის გავლენა არის. პარიზელთა ვინგერი იყო თბილისის დინამოს აკადემიის იმ ბავშვებს შორისაც, რომლებიც 2012 წელს კრიშტიანუს საქართველოში დახვდნენ.
ალ-ნასრის კაპიტნის ვიზიტიდან 12 წლის შემდეგ, იმ ბავშვებმა ის ევროპის ჩემპიონატზე დაამარცხეს, თანაც პირველი გოლი გაიტანა მოთამაშემ, რომლისთვისაც ლეგენდარული ფორვარდი ინსპირაციის მთავარი წყარო იყო. საინტერესოა ვილი სანიოლის გუნდის მე-7 ნომრის კვეთა პირენეელთა სხვა მოთამაშეებთან.
2024 წლის 26 ივნისს გამართულ მატჩში "ლუზიტანების" შემადგენლობაში თამაშობდა ჟოაო ნევეში, სათადარიგოთა სკამზე კი იჯდნენ ვიტინია ფერეირა, გონსალო რამოში და ნუნუ მენდეში, 24 წლის ვინგერმა ამ კვარტეტთან ერთად პარკ დე პრენსზე მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ისტორიული ტიტული ფრანგული კლუბისთვის.
კვარაცხელიამ 2024 წლის ივნისში დაამარცხა პორტუგალია, 2025 წლის ივნისს კი ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით შეხვდა. ქართველი ვინგერი ძალიან მალე შეეჭიდება ახალ გამოწვევას: ლეო მესის დამარცხებას. როგორც ვიცით, საკლუბო მუნდიალის 1/8 ფინალში ლუის ენრიკეს გუნდი ინტერ მაიამის შეხვდება.
წლების წინ, პარის სენ-ჟერმენში თამაშობდა არგენტინელი შემტევიც და ცნობისთვის, მისი დებიუტი შედგა რეიმსთან მატჩში, ისევე როგორც ხვიჩასი. ცხადია, დღევანდელი პსჟ რადიკალურად განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელიც იყო ფლორიდელთა კაპიტნის დროს და ლეგენდარული ფლეიმეიქერი 29 ივნისს ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდის.















