დაპირისპირების ისტორია
რონული დერბის ფუნდამენტი სამ ფაქტორზე დგას - ტერიტორია, სოციალური სტატუსი და ადგილი ფრანგული ფეხბურთის იერარქიაში. დავიწყოთ პირველით, ტერიტორია: ორივე კლუბი მდებარეობს ერთ რეგიონში, რონა-ალპებში, აქედანაც მომდინარეობს აღნიშნული დაპირისპირების სახელი: "რონული დერბი".
ქალაქებს შორის მანძილი სულ რაღაც 50 კილომეტრია და ცხადია, ორივე გუნდი ცდილობს იმის დამტკიცებას, თუ რომელი მათგანია რეგიონის საუკეთესო წარმომადგენელი.
მე-2 ფაქტორი, სოციალური სტატუსი: უხეშად, რომ ვთქვათ, რონული კლუბების დაპირისპირება არის "მდიდრებისა და "ღარიბების" მეტოქეობა, რომელშიც "ლეს გონსი" წარმოადგენს მაღალი ფენის საზოგადოებას, "ლეს ვერტსი" კი - მუშათა კლასს.
ბოლო ფაქტორი, ადგილი ფრანგული ფეხბურთის იერარქიაში - 1957-1981 წლების შუალედში "წმინდანები" საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს 10-ჯერ დაეუფლნენ. მართალია, იმის შემდეგ, ამ კლუბს ტიტული არ მოუგია, მაგრამ პარის სენ-ჟერმენის დომინაციის დაწყებამდე, გალიის ყველაზე წარმატებული წარმომადგენლები სწორედ სტად ჟოფრუა გიშარის ბინადრები იყვნენ.

"ლომების" ოქროს ეპოქა კი დაიწყო 21-ე საუკუნეში, როდესაც 2002-2008 წლების შუალედში აღნიშნული გუნდი ლიგა 1-ის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა, თანაც ზედიზედ. ეს არის ფრანგული ფეხბურთის რეკორდი, რომელიც დღემდე ხელშეუხებელია. როგორც ვხედავთ, ამ ორი კლუბის საუკეთესო პერიოდი სხვადასხვა ეპოქაში იყო.
რაც შეეხება ურთიერთდაპირისპირებების ისტორიას, 120 შეხვედრა - 46-ჯერ იმარჯვეს სტად დე ლუმიერის ბინადრებმა, 42-ჯერ - სენტ-ეტიენმა, 32 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება - 7:1, "მწვანეების" სასარგებლოდ, 1969 წლის 5 ოქტომბერს. ბოლოს კი ერთი საინტერესო ფაქტი: ევროპულ ფეხბურთში ორივე კლუბს ჰყავს ერთი და იგივე მოსისხლე მტერი: მიუნხენის ბაიერნი.
"ლეს ვერტსის" საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა თასზე 1975-1976 წლების სეზონის ფინალს უკავშირდება, სადაც ეს გუნდი სწორედ "რეკორდმაისტერთან" დამარცხდა. რაც შეეხება ლიონს: 1/2 ფინალი, თანაც ორჯერ, 2009/10 და 2019/20 წლების სეზონში, ორივე შემთხვევაში, ფრანგული კლუბი ბავარიულმა მანქანამ შეაჩერა.

დერბის ვარსკვლავები
ამ ორ გუნდს შორის ბურთების შეფარდება 153:150-ზეა "წმინდანების" სასარგებლოდ. საუკეთესო ბომბარდირები კი 14-14 გოლით, ერვე რეველი და ფლერი დი ნალო არიან. ოლიმპიკის მხრიდან რონულ დერბიში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ჟან ტიგანა, აბედი პელე, ჟუნინიო პერნამბუკანო, კარიმ ბენზემა, უგო ლორისი და სხვები.
სტად ჟოფრუა გიშარიდან კი, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ მიშელ პლატინი, ასევე ლორან ბლანი, ვილი სანიოლი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დიმიტრი პაიე და ბევრი სხვა. არიან ისეთი შემსრულებლებიც, რომლებსაც ორივე კლუბში უთამაშიათ. მათგან ყველაზე ცნობილი სახეები გრეგორი კუპე და ბაფე გომისი არიან.
ორივე ფეხბურთელი სენტ-ეტიენიდან გადავიდა "ლეს გონსში", საპირისპირო მიმართულებით კი, 70-იანების ბოლოს, წავიდა ბერნარ ლაკომბი, რომელიც ლიგა 1-ის იმდროინდელი საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი წლით გაჩერდა. რონული დერბის ყველაზე "უხუცესი" მოთამაშე არის "ლომების" ლეგენდა, სერჟ კიეზა, რომელმაც "მწვანეების" წინააღმდეგ 28 მატჩი ჩაატარა.

ქართველი ლეგიონერები რონულ დერბიში
როგორც აღვნიშნეთ, სეზონის დაწყების წინ, მიქაუტაძე დაბრუნდა მისთვის მშობლიურ დე ლუმიერზე, დავითაშვილი კი "ლეს ვერტსში" გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ჟორჟი ლიონის აღზრდილია, "წმინდანებთან" დაპირისპირება მისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ეს იგრძნობოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველი ფორვარდი მეცში თამაშობდა.
გავიხსენოთ ლიგა 2-ის 2022/2023 წლების სეზონი - ლოთარინგიელების თავდამსხმელი ჟოფრუა გიშარის ბინადრების წინააღმდეგ იფორმებს დუბლს და გატანილ გოლებს აღნიშნავს ზედმეტად ემოციურად, რის გამოც იწყება შეხლა-შემოხლა როგორც ქომაგებს, ისე მოთამაშეებს შორის. აღნიშნული მატჩი რამდენიმე წუთით შეწყვეტილიც კი იყო.
"ბროწეულისფრების" მეცხრე ნომერმა სენტ-ეტიენის გულშემატკივრებს ხელებით აჩვენა რიცხვი 69, რითაც თავის ფესვებს გაუსვა ხაზი. როგორც ვიცით, ის არის სწორედ ოლიმპიკის აღზრდილი, აღნიშნული რიცხვი კი ქალაქ ლიონის კოდია. 24 წლის ფორვარდმა 69-ე ნომრის აღებით მშობლიური ქალაქის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატა.

ერთი სეზონის შემდეგ, მიქაუტაძე "მწვანეებს" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა, ამჯერად ლიგა 1-ის პლეიოფში. მიუხედავად იმისა, რომ მან გაიტანა კვლავ, "ლეს გრენატსისთვის" ეს არ გამოდგა საკმარისი, რის შედეგადაც მისი გუნდი ისევ დაქვეითდა ლიგა 2-ში, ფრანგული ფეხბურთის ელიტაში კი "ლეს ვერტსი" აღზევდა.
ქართველ თავდამსხმელს რევანშის აღების შესაძლებლობა ექნება, თანაც მშობლიური გუნდის სახელით. რაც შეეხება ზურიკოს, "ლეს გონსის" წინააღმდეგ მას არ აქვს ნათამაშები და ყველაფერი ახლა იწყება. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველი რონული დერბი გაიმართება 10 ნოემბერს, მეორე კი 20 აპრილს.
რაც შეეხება სეზონის მიმდინარეობას და იმ ყველაფერს, რაც რონულ დერბიმდე მოხდა - ჟორჟს გამოუვიდა საკმაოდ წარუმატებელი დებიუტი, რასაც მოგვიანებით მშრალი სერია დაემატა. "ლომების" ფორვარდმა პირველ ტურში რენის წინააღმდეგ ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი, რის შემდეგაც გოლის გატანას ის კიდევ 8 მატჩის მანძილზე ვერ ახერხებდა.

გარდატეხა მოხდა ლიგა 1-ის მეცხრე ტურში, ოსერთან - 24 წლის თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. იმის შემდეგ, დე ლუმიერის ბინადრებმა ჩაატარეს კიდევ 2 მატჩი, მაგრამ 69-ე ნომერს აღარ გაუტანია. წინ, რონული დერბია: საუკეთესო მომენტი გოლის შესაგდებად და პიერ საჟის გუნდის ქომაგების გასაბედნიერებლად.
მიქაუტაძისგან განსხვავებით, "წმინდანების" გარემარბს ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. სეზონის დაწყებიდან - დღევანდელ დღემდე, ქართველმა ვინგერმა მოასწრო 10 მატჩის ჩატარება, 5 ბურთის გატანა და 2 ასისტის გაკეთება. ჟორჟის მსგავსად, ოსერი არც მან დაინდო: საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში, 23 წლის შემტევმა "თეთრებს" 3 გოლი გაუტანა.

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელებს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ. ლიგა 2-ის 2022/2023 წლების სეზონში ისინი 2-ჯერ შეხვდნენ: ბორდოსა და სენ-სიმფორიენის ბინადრების დუელის დროს. ერთხელ მოიგო ლიონის აღზრდილმა, ერთხელაც ჟირონდელთა ყოფილმა 30-ე ნომერმა. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ოლიმპიკის თავდამსხმელმა დავითაშვილის იმდროინდელ გუნდთან დუბლი გაიფორმა.
დავუბრუნდეთ რონულ დერბისა და გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას: საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული 10 ტურის შემდეგ, "ლეს გონსი" 15 ქულით მე-8 პოზიციაზეა, გიშარის ბინადრები კი 10 ქულით მე-16 პოზიციაზე არიან.

სანიოლი და შედლი
ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - აღნიშნული დაპირისპირება გამორჩეული არის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისთვისაც, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, სენტ-ეტიენის ყოფილი მოთამაშე და ამ კლუბის აღზრდილია. იგივე ითქმის მის ასისტენტზე, ადელ შედლიზეც, რომლის საფეხბურთო კარიერა ასევე "მწვანეებში" დაიწყო.
ფრანგი და ტუნისელი მწვრთნელები ერთად ჯერ კიდევ "ლეს ვერტსის" აკადემიიდან მოდიან. 1995-1997 წლებში ისინი გვერდიგვერდ თამაშობდნენ "წმინდანთა" მთავარ გუნდშიც, რის შემდეგაც მათი გზები გაიყო. "ჯვაროსნების" დამრიგებელი გადავიდა მონაკოში, მისი ამჟამინდელი ასისტენტი - სოშოში. სიყვარული მშობლიური სტად გიშარის მიმართ მათ გულებში სამუდამოდ დარჩა.

ცხადია, რონული დერბი სანიოლის კომენტარის გარეშე არ ჩაივლიდა -
"ლიონი VS სენტ-ეტიენის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, ჩვენთვის კი განსაკუთრებით, იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის 2 მოთამაშე ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. ჩემი სიმპათიები "მწვანეებისკენაა", მაგრამ წარმატებას ორივე მოთამაშეს ვუსურვებ.
დავითაშვილმა გაიარა სრული ადაპტაცია და თამაშის ხარისხიც მნიშვნელოვნად გამოასწორა. ასევეა მიქაუტაძეც, რომელმაც თავდაჯერებულობა დაიბრუნა - ეს ფაქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ რონული დერბი ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.


















