იტალიელი ნახევარმცველი "შავ-წითლებში" თამაშობდა 1988-2002 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 400-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. როდესაც ვიხსენებთ იმდროინდელ "ეშმაკებს", პირველ რიგში გვახსენდება გამოცდილი ფრანკო ბარეზისა და ახალგაზრდა პაოლო მალდინის დუეტი, ასევე ნიდერლანდური ტრიო: მარკო ვან ბასტენი, რუდ გულიტი და ფრანკ რაიკაარდი, მაგრამ იმ გუნდის თამაშის რიტმს სწორედ ჩვენი სტატიის გმირი ადგენდა.
სან სიროს ბინადრების ლეგენდარული ნახევარმცველის ლომბარდიულ მიღწევებზე საუბარი შეგვიძლია უსასრულოდ, თუმცა აღნიშნულ სტატიაში შევეხებით მისი კარიერის დასკვნით ეტაპს, რომელმაც "ბლაუგრანასა" და ბერგამოს ატალანტაში ჩაიარა. ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი 4-იანი ფეხბურთის ისტორიაში.

მილანი, რაიკაარდთან დუეტი და პირლოსთვის დატოვებული მემკვიდრეობა
როგორ აღწერდით პირლოს პოზიციას? სიღრმეში განლაგებული გამთამაშებელი, რომლისთვისაც დაცვის ხაზი უფრო ახლოა, ვიდრე შეტევა. აღნიშნულ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები აკონტროლებენ ყველაფერს: თამაშის რიტმს, პასების კონსტრუქციასა და შეტევის მიმდინარეობას. კალჩოში ამ ფუნქციებით დატვირთულ მოთამაშეს რეჯისტას უწოდებენ.
მსგავსი აღწერა პირველ რიგში ასოცირდება ანდრეასთან, თუმცა მის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, იტალიის ნომერ პირველი რეჯისტა სწორედ ალბერტინი იყო. იმდროინდელი მილანის შუახაზში მისი ერთ-ერთი პარტნიორი იყო რაიკაარდი, რომლის გვერდით მან 50-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოასწრო.

იტალიელი ნახევარმცველი ფრანკს გადაეყრება საფეხბურთო კარიერის ბოლოსაც, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით. სიმბოლურია, რომ მისი საქმე როგორც "როსონერიში", ისე ზოგადად კალჩოში გააგრძელა სწორედ ბრეშას აღზრდილმა ფლეიმეიქერმა, რომელმაც დემეტრიოს დატოვებულ მემკვიდრეობას თავისი თანამედროვე ხედვაც დაუმატა.
თაობათა ცვლის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა "შავ-წითლების" იმდროინდელმა მწვრთნელმა და ამ გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა, კარლო ანჩელოტიმ, რომლის თვალწინ ორივე რეჯისტამ გაიარა. კალჩოში მუდმივად ტრიალებს კითხვა, თუ რომელი იყო მათ შორის საუკეთესო? რთული სათქმელია, გემოვნების საკითხია.

მეორე სუნთქვა ატალანტაში და ბოლო მისია ბარსელონაში
მილანთან განშორების მომენტისთვის ალბერტინი იყო 31 წლის და არსებობდა მოსაზრება, რომ თანამედროვე ფეხბურთში ის გულშემატკივრებს ვეღარაფრით გააოცებდა. "როსონერიდან" წასვლის შემდეგ, ლეგენდარულმა იტალიელმა ფლეიმეიქერმა თითო სეზონი მადრიდის ატლეტიკოსა და რომის ლაციოში გაატარა.
დემეტრიო "არწივების" შემადგენლობაში დაეუფლა იტალიის თასს, თუმცა ობიექტურად, დიახ, მის თამაშში დაღმასვლა შეინიშნებოდა. ახლოვდებოდა კარიერის დასასრული, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "შავ-წითლების" ყოფილი ფლეიმეიქერის ბოლო გაელვება ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი იქნებოდა.
თავისი უკანასკნელი, 2004/2005 წლების სეზონი "ეშმაკების" ყოფილმა ოთხიანმა დაიწყო ატალანტაში, რომლის შემადგენლობაში მან იანვრამდე მოასწრო 16 მატჩის ჩატარება, 2 ბურთის გატანა და 1 ასისტის გაფორმება. "მეტრონომოს" ბერგამოში შეიძლება ითქვას, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა, ეს ფაქტი კი არ გამორჩენია მის ძველ მეგობარს, რაიკაარდს.

ნიდერლანდელი მწვრთნელი იმ დროს დაკავებული იყო ბარსელონას ფეხზე წამოდგომით და უნდა ითქვას, რომ დაკისრებულ მოვალეობას ის ძალიან კარგად ართმევდა თავს. ფრანკი "ბლაუგრანას" აწყობდა რონალდინიო გაუჩოს გარშემო, თამაშის რიტმის განსაზღვრა კი დეკუ დე სოუზას, ჩავი ერნანდესსა და ჯერ კიდევ გამოუცდელ ანდრეს ინიესტას ევალებოდათ.
კატალონიელების თამაში იყო იდეალურს მიახლოებული, თუმცა არა ისეთი, როგორსაც მათი მწვრთნელი სან სიროზე იყო მიჩვეული. რამდენიმე ჩაგდებული მატჩის შემდეგ, "შავმა გედმა" გადაწყვიტა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სჭირდებოდათ გამოცდილი მოთამაშე და გასახდელის ლიდერი, რომელიც რთულ დროს არ ჩაიკარგებოდა.
რაიკაარდმა ამ მისიის შესასრულებლად სწორედ ალბერტინის დაუძახა. ტრანსფერი შედგა 2005 წლის იანვრის ბოლოს, ვეტერანი ნახევარმცველი კამპ ნოუზე უფასოდ გადმოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელმა ფლეიმეიქერმა თავისი კარიერის ბოლო კლუბში ჩაატარა სულ რაღაც 6 მატჩი, ნიდერლანდელი ტაქტიკოსისთვის ის საოცრად საჭირო მოთამაშე გამოდგა.

დემეტრიო ფრანკის გუნდში მართლაც ჩნდებოდა იქ, სადაც იმ მომენტში გამოცდილი ფეხბურთელის არსებობა ყველაზე მეტად იყო საჭირო. რიტმის კონტროლი, ტემპის დაგდება, ბურთის განაწილება...მილანის ყოფილმა ფლეიმეიქერმა ბარსაში ახალგაზრდობა გაიხსენა. რაც შეეხება ტიტულებს, ლეგენდარული მე-4 ნომერი "ბლაუგრანას" რიგებში პრიმერას ჩემპიონი გახდა.
"მეტრონომოს" თვალწინ ბრწყინავდნენ რონალდინიო და სამუელ ეტო'ო, იქვე ახლოს თავის პირველ ნაბიჯებს კატალონიელთა მთავარ გუნდში ლიონელ მესიც დგამდა. კატალონიური ვოიაჟის შემდეგ, ალბერტინის ჰქონდა რამდენიმე წინადადება კალჩოდან, მაგრამ მან გადაწყვიტა კარიერის დასრულება, პრიმერას ტრიუმფატორის რანგში.
იტალიელი ნახევარმცველის თამაშის სიდიადე არ იზომება სტატისტიკით, ის უბრალოდ თამაშობდა ფეხბურთს, ლამაზად და უზუსტესად, ციფრებზე ზედმეტი ფიქრის გარეშე. ისევ ვუბრუნდებით პირლოსთან შედარებას, მაგრამ ამის გაკეთება ალბათ არ ღირს. უბრალოდ გვახსოვდეს: სახლს, რომელიც ააშენა ანდრეამ, ფუნდამენტი სწორედ დემეტრიომ ჩაუყარა.


















