2021 წელი — სანიოლის ბეწვის ხიდი
აჭარაბეთ არენა სანაკრებო დონეზე 2021 წლის 2 სექტემბერს კოსოვოსთან მატჩით გაიხსნა. ზეიმი არც მატჩის წინ ყოფილა, არც მატჩის შემდეგ. პანდემიის გამო ტრიბუნები ცარიელი იყო. მატჩიც ცუდად წარიმართა და სახლებში შეყუჟული ხალხი აივანზე საზეიმოდ აღარ გამოსულა. საქართველოს ნაკრები 1:0 დამარცხდა. ტრადიციულ ქვეჯგუფში წინა მწვრთნელების მსგავსად, ვერც სანიოლმა გააწყო ვერაფერი, მისი ნაკრები ჯერ კიდევ გარდაქმნის ეტაპზე იყო.

კოსოვომდე საქართველომ ნიდერლანდებთან წააგო ამხანაგური მატჩი, შესაბამისად, ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. მერე იყო ზედიზედ ორი მარცხი გასვლაზე - ბულგარეთთან და ესპანეთთან, რომელსაც ძალიან მძიმე კრიტიკა მოჰყვა, როგორც ჟურნალისტების, ისე ქომაგებისა და ვეტარანი ფეხბურთელების მხრიდანაც. მერე იყო მცირე კონფლიქტი, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წყობიდან გამოვიდა და კრიტიკას უხეშად და ცოტა არ იყოს, არაადეკვატურად უპასუხა.
ეს ზედიზედ ოთხი მარცხი მეხუთე მარცხით დაგვირგვინდა, ოქტომბერში, ასევე აჭარაბეთ არენაზე, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩის წინა დღეს ქალაქში ტრაგედია დატრიალდა, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციების მხრიდან უკვე დაშვებული იყო სტადიონზე ქომაგის დასწრება, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ნაკრებს ისევ ცარიელი ტრიბუნების წინ ეთამაშა. საკამათო გადაწყვეტილება იყო, სტადიონი ყოველთვის საუკეთესო ადგილია ერთიანი სულისკვეთებისთვის, მათ შორის, როცა მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავ. ასე ერთიანი ქველმოქმედება და მხარდასაჭერი აქციების ორგანიზებაც უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ემოციურ ფონზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. ნაკრები კი ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა - 0:2.

შეუძლებელია ამ დროს მწვრთნელის შეცვლის აზრი არ გასჩენოდათ ხელმძღვანელებს, მით უმეტეს, რომ ამას ყველა ერთხმად ითხოვდა, მაგრამ წინა ფედერაციებისგან განსხვავებით, ამჟამინდელმა ფედერაციამ ზეწოლას გაუძლო, მეტი ნდობა გამოიჩინეს სანიოლის მიმართ და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სწორადაც მოიქცნენ.
როგორ გადარჩა სანიოლი — მოგება შვედეთთან
2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა. ეს ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა იყო და საქართველოსაც ბოლო ადგილი ეკავა, მოგების შემთხვევაში კი კოსოვოს ორი ქულით გადაასწრებდა. მხოლოდ სანიოლის საკითხი იყო გაურკვეველი. ვილიმ შვედეთთან მატჩამდე გასვლაზე დაამარცხა კოსოვოს ნაკრები ანგარიშით 2:1, აცდა სამარცხვინო ერთ ქულას და უკანასკნელ ტურში იმის იმედიც დაიტოვა, რომ გამოსვლა ბოლო ადგილზე არ დაესრულებინა.
არ ვიცი, რას ფიქრობდა ლევან კობიაშვილი, ან ფედერაციის სხვა წარმომადგენელი, იქნებ უკვე გადაწყვეტილიც ჰქონდათ რომ ვილის მიმართ ნდობა გამოეცხადებინათ, რადგან წინ ერთა ლიგა იყო, რაც პატარა ნაკრებების მწვრთნელებს სამუშაოდ მეტ დროსა და სივრცეს აძლევს, მაგრამ ვიხსენებ იმ დღეებს და მგონია, რომ შვედეთთან მატჩი იყო გადამწყვეტი. ფედერაციისთვის თუ არა, ქომაგისთვის მაინც, თითქოს რწმენა დაუბრუნდა ყველას, რომ არაფერი დაკარგულა - ამ ჯგუფში თუ არაფერი გამოვიდა, ერთა ლიგა მაინც ჩვენი შანსია. ასე რომ, შვედეთთან ეს გამარჯვება ისტორიულ ხასიათსაც იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სანიოლი ამით გადარჩა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩამოვიდა და იმედგაცრუებული გააბრუნეს უკან. გურამ კაშიას ამერიკაში უკვე ჰქონდა მასთან თამაშის გამოცდილება და ამ შეხვედრაშიც ძალიან მაგრად დაუდგა. იბრა გაღიზიანებული იყო და ყველას ეჩხუბებოდა, მათ შორის, ფანებსაც მიაძახა რაღაც, პასუხი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გასცა - ორი გატანილი გოლით.

ასე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და დაიწყო ქართველი ქომაგის საყვარელი ტურნირი - ერთა ლიგა, სადაც ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა ბარიერი და როგორც იქნა, ვილი სანიოლის მიმართ კრიტიკაც შეწყდა.
ბოლოს 2023-ში
აჭარაბეთ არენაზე ნაკრებმა ბოლოს 2023 წლის მარტში ითამაშა. ჯერ მონღოლეთის ნაკრებს დაუხვდნენ - არც თუ ისე ამხანაგურად, მერე კიდევ ქვეჯგუფი გაიხსნა ნორვეგიასთან მატჩით. მონღოლეთი შეარჩიეს იმისათვის, რომ ნორვეგიას კარგ ხასიათზე დავხვედროდით, ტაილანდისა არ იყოს, მონღოლეთის მატჩის წინაც ბევრი ხუმრობა მოვისმინეთ, მატჩი კი დამაჯერებლად მოიგეს - 6:1. ორი გოლი შეაგდო გიორგი ჩაკვეტაძემ, რომლის დაბრუნებასაც ძალიან დიდ ხანს ველოდით, ეს გოლები გიორგის ძალიან სჭირდებოდა, ნელ-ნელა ფორმა აკრიფა და ძველი „ჩაკვე“ დაგვიბრუნდა. თანაც, ახალი სათამაშო ელემენტებით, უკვე დაცვაშიც სოლიდურად გამოიყურება, რაც, ერთი მხრივ, ინგლისში თამაშის დამსახურებაა, მეორე მხრივ კი, სწორი ინდივიდუალური მუშაობისა. ფიზიკურად მოძლიერებული ჩაკვეტაძე იმის იმედს გვაძლევს რომ, ადრე თუ გვიან, პრემიერ ლიგაში ვიხილავთ.
სამი დღის შემდეგ, 28 მარტს ნორვეგიასთან მატჩი 1:1 დასრულდა. გამოსარჩევია, რა თქმა უნდა, მიქაუტაძის გოლი. კარიერაში უკვე რამდენიმე მსგავსი გოლი მოუგროვდა, ცენტრალურ ზონაში გაკეთებული პასი ჩაჭრა, სწრაფად გაიქცა ერთი-ერთზე და ზუსტად შეასრულა. ბევრი კარგი გოლი აქვს ნაკრებში შეგდებული, მაგრამ ეს გოლი ჩემი ფავორიტია.

ქარიშხალი იყო იმ დღეს, ქუჩაში ხეები მოწყვიტა, მომდევნო დღეს დაიწერა რომ მსხვერპლიც იყო. სტადიონმა კარგად გაუძლო, თავში არავის არაფერი მოხვედრია, ერთადერთი, მშენებლობებიდან მტვერი და სხვადასხვა საგნები გადმოყარა, თამაშის მიმდინარეობისას ფეხბურთელებიც მოედნის გაწმენდით იყვნენ დაკავებულნი. იმედია, ამჯერად მაინც იქნება კარგი საფეხბურთო ამინდი.
ჰოდა ასე, საქართველო უკრაინას უმასპინძლებს. ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა ბათუმში, სანაკრებო დონეზე ჯერჯერობით არ ჩატარებულა.















