საქართველოს ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ახალგაზრდა შემტევმა სამკლაური გურამ კაშიასგან გადაიბარა. სულ გვხვდება 28 მოთამაშე, რომელიც მოგვევლინა "ჯვაროსნების" კაპიტნად, 7 მათ შორის იყო რეგულარული კაპიტანი, 21 კი ვიცე-კაპიტანი. გავიხსენოთ თითოეული მათგანი.
გელა კეტაშვილი - დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი | 1990
საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი მატჩი საქართველომ ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ეს მოხდა 1990 წლის 27 მაისს, მაშინ, როცა "ჯვაროსნები" ფიფას წევრები ჯერ არ იყვნენ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა ითვლება არაოფიციალურად, მაგრამ ისტორიის ნაწილი მაინც არის.
იმ მატჩში ჩვენს ნაკრებს კაპიტნობდა სწორედ კეტაშვილი, ვინც ორი წლით ადრე, სსრკ-ს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადის ტრიუმფატორი გახდა. რაც შეეხება ბალტიისპირელებთან შეხვედრას, ქართველი უკანახაზელისთვის აღნიშნული თამაში "ჯვაროსნებში" პირველი და უკანასკნელი გამოდგა.
მატჩი გაიმართა თბილისში, საქართველოს ნაკრების არაოფიციალურ დებიუტს კი სტადიონზე მისული 55 ათასი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. შეხვედრა დასრულდა ფრედ, 2:2 და რაც შეეხებათ გოლის ავტორებს, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ორივე ბურთი შეაგდო მე-2 ნახევარში, ჯერ გია გურულმა, შემდეგ კი კახაბერ კაჭარავამ.
კახაბერ ცხადაძე - დაკარგული თაობის წინამძღოლი | 1991-1998
ფიფაში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი იყო ცხადაძე, ვინც სამკლაურით 1991 - 1998 წლებში თამაშობდა. კახაბერმა "ჯვაროსნებში" ჩაატარა 25 შეხვედრა, აქედან 23, კაპიტნის რანგში. მისი წინამძღოლობით ეროვნულმა გუნდმა ევრო 1996-ისა და 1998 წლის მუნდიალის შესარჩევებში ითამაშა.
რაც შეეხება ქართველი მცველის კაპიტნობის ყველაზე გამორჩეულ მომენტებს - ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6:0 განადგურებული უელსის ეროვნული გუნდი, შინ 5:0, სტუმრად კი 1:0. ასევე დიდი ანგარიშით მოგება სომხეთთან (7:0), რომელიც 26 წლის მანძილზე ჩვენებისთვის რჩებოდა რეკორდულად, ტაილანდთან 8:0-მდე.
დავით ყიფიანის გუნდმა იმ პერიოდში გაანადგურა პოლონეთის ნაკრებიც (3:0) - თავისი პირველი და ბოლო გოლი მანჩესტერ სიტის ყოფილმა უკანახაზელმა სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში შეაგდო. უკანასკნელი თამაში სამკლაურით საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა მე-3 ნომერმა ჩაატარა რუსეთთან, 1998 წლის მაისში, აღნიშნული დაპირისპირება მორჩა ფრედ, 1:1.
ცხადაძის არყოფნაში "ჯვაროსნებს" სხვადასხვა დროს ასევე კაპიტნობდნენ თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, მურთაზ შელია, გიორგი კიკნაძე, გია ჯიშკარიანი, დავით გვარამაძე და ნიკა ტოგონიძე. 8 მოგება, 3 ფრე და 12 წაგება - ასეთია ქართველი უკანახაზელის მონაგარი ჩვენს ეროვნულ გუნდში იმ შეხვედრებში, რომლებშიც ის სამკლაურით იყო.
აუცილებლად სახსენებელია ის ფაქტიც, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველო ოფიციალურად ჩაერთო საერთაშორისო ტურნირებში, ეროვნულ გუნდს ეკიპირება გერმანიაში თავისი ხარჯებით უყიდა სწორედ კახაბერმა, რომელიც იმ დროს ფრანკფურტის აინტრახტში თამაშობდა.
გიორგი ნემსაძე - ჩრდილში მყოფი ლიდერი | 1998-2004
ცხადაძის წასვლის შემდეგ, კაპიტანი გახდა ნემსაძე, ვინც საქართველოს ნაკრებს 2004 წლამდე უძღვებოდა. ეროვნულ გუნდში მან ჩაატარა 69 შეხვედრა, აქედან 36, უშუალოდ სამკლაურით. გიორგის ლიდერობით "ჯვაროსნებმა" ითამაშეს ევრო 2000-ისა და 2004-ის შესარჩევებზე, ასევე 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციოზე.
ტრაბზონსპორის ყოფილი ნახევარმცველის კაპიტნობით ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა 2003 წლის 4 აპრილს, რუსეთთან შეხვედრაში (1:0). ქართველმა შუახაზელმა მოედანზე გაატარა 90 წუთი და პრინციპულ მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო. "ჯვაროსნების" ყოფილი მე-7 ნომრის კარიერაში ასევე გამოსარჩევია მოგებები უნგრეთსა და სლოვაკეთთან.
ნემსაძის არყოფნაში საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა დროს ასევე კაპიტნობდნენ გიორგი ქინქლაძე, ირაკლი ზოიძე და გიორგი შაშიაშვილი. იმ შეხვედრებში, რომლებშიც გიორგი იყო სამკლაურით, მისი მონაგარი ასეთია: 9 მოგება, 4 ფრე და 23 წაგება. თავისი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, ქართველი შუახაზელი მუდამ იმყოფებოდა თანაგუნდელების ჩრდილში, მაგრამ ამის მიუხედავად, თავდაუზოგავი შრომის სიმბოლოდ რჩებოდა.
კახა კალაძე - კაპიტნობა 21 წლის ასაკში | 2004-2012
ნემსაძის წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა კალაძე, ვისაც წარსულში სამკლაურის ტარების გამოცდილება უკვე ჰქონდა. კახა კაპიტნის რანგში პირველად ვიხილეთ 1999-ში, სლოვენიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში, როდესაც ის სულ რაღაც 21 წლის იყო.
მილანის ყოფილ მცველზე ახალგაზრდა კაპიტანი "ჯვაროსნების" ისტორიაში ყოფილა მხოლოდ კიკნაძე, ვინც 1996 წელს, ლიბანის ნაკრებთან ჩატარებულ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს 20 წლის ასაკში გაუძღვა. ცნობისთვის, აღნიშნული რეკორდი დღემდე ხელშეუხებელია. დავუბრუნდეთ "როსონერის" ყოფილ მე-4 ნომერს, რომელმაც სამკლაური რეგულარულად 2004-დან მოირგო.
ქართველმა მცველმა ჩვენს ნაკრებში ჩაატარა 83 მატჩი, აქედან 52 სწორედ კაპიტნის ამპლუაში. მასთან ერთად ეროვნულმა გუნდმა ითამაშა 2006 და 2010 წლების მუნდიალის შესარჩევებში, ასევე ევრო 2008-ისა და 2012-ის საკვალიფიკაციოებზეც. დიახ, ხორვატიის ეროვნულ გუნდთან ლეგენდად ქცეულ შეხვედრაში სამკლაური სწორედ კალაძეს ეკეთა.
კახას არყოფნაში საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა დროს კაპიტნობდნენ ლევან კობიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და ლაშა ჯაკობია. იმ შეხვედრებში, რომლებშიც "დიავოლოს" ყოფილი უკანახაზელი თამაშობდა სამკლაურით, მისი მონაგარი ასეთია: 10 მოგება, 11 ფრე და 31 წაგება.
ლევან კობიაშვილი - პირველი კაპიტანი-ცენტურიონი | 2006-2010
მართალია, კობიაშვილი არასდროს ყოფილა რეგულარული კაპიტანი, თუმცა საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩიდან 16-ში მას სწორედ სამკლაური ეკეთა. ლევანი ამ მხრივ არაკაპიტან მოთამაშეებს შორის რეკორდსმენია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პირველმა "ჯვაროსნებში" 100-თამაშიან ნიშნულს სწორედ გელზენკირხენის შალკეს ყოფილმა შუახაზელმა მიაღწია.
ჩვენი ნაკრების ათიანის კაპიტნობით გვახსოვს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შთამბეჭდავი დასაწყისი და ანგარიშით 6:0 განადგურებული ფარერთა ეროვნული გუნდი. ასევე გამოსარჩევია მოგება ურუგვაისთან, სწორედ კობის მიერ გატანილი 2 ბურთით.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ნაკრები, შემდეგი იყო ესპანეთი, თუმცა უკვე სხვა კაპიტანთან ერთად. როგორც აღვნიშნეთ, ლევანმა "ჯვაროსნებში" სამკლაურით ჩაატარა 16 შეხვედრა და მისი მონაგარი ასეთია: 4 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება.
ჯაბა კანკავა - მატჩების რეკორდული რაოდენობა კაპიტნის რანგში | 2012-2021
კალაძის, კობიაშვილისა და სხვა ვეტერანების წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს რამდენიმე ამხანაგურ მატჩში კაპიტნობდა ხიზანიშვილი, 2014 წლის მუნდიალის შესარჩევის წინ კი სამკლაური კანკავამ მოირგო. ჯაბა "ჯვაროსნებში" ჩატარებულ 101 შეხვედრიდან 62-ში იყო კაპიტანი, რაც რეკორდული შედეგია.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გარდა, რეიმსის ყოფილი ნახევარმცველის კაპიტნობით ჩვენმა ნაკრებმა ასევე ითამაშა 2018 წლის მუნდიალისა და ევრო 2016-2020-ის შესარჩევები. როგორც გვახსოვს, ქართველი შუახაზელი ვილი სანიოლის გუნდში დაბრუნდა 2024 წლის კონტინენტის პირველობაზე გასასვლელ პლეიოფშიც, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.
2018 წელს უეფამ შემოიტანა ერთა ლიგა - ტურნირი, რომელშიც საქართველომ პირველი ნაბიჯები თავისი ლეგენდარული შვიდიანის კაპიტნობით გადადგა. გვახსოვს "ჯვაროსნების" ტრიუმფალური სვლა D ლიგაში და დასანანი წაგება ჩრდილოეთ მაკედონიასთან...40 წლის შუახაზელმა ეს ყველაფერი ხელზე სამკლაურით გამოიარა.
დავუბრუნდეთ კანკავას კარიერის დადებით მომენტებს - ფრე საფრანგეთთან ჩვენი ნაკრების კაპიტნობის დასაწყისში და უკვე მიწურულს, ქამბექი, რომელიც ევრო 2024-ზე გასვლის მომასწავებელი გამოდგა. ქართველი შუახაზელი "ჯვაროსნებიდან" წავიდა 2021-ში, 3 წლის შემდეგ კი ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან დუელისთვის დაბრუნდა.
მართალია, ჯაბამ მოედანზე გაატარა სულ რაღაც ოთხი წუთი, თუმცა მისმა კლასმა და გამოცდილებამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების განწყობაზე დადებითი გავლენა მოახდინა. თბილისის დინამოს შუახაზელი იყო ჩვენი ეროვნული გუნდის მენტალური ლიდერი, უშუალოდ მოედანზე კი უკვე ახალმა თაობამ გაიბრწყინა.
ბენილუქსელებთან ნახევარფინალში მოედანზე შემოსვლა და გურამ კაშიასგან სამკლაურის მიღება - ეს არის მომენტი, რომელიც გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დარჩა. ისტორიული მოგების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მე-7 ნომერი უშუალოდ ევროზე აღარ იყო ნაკრებთან ერთად, მან გზა ახალგაზრდებს დაუთმო.
ბოლოს კი გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც 40 წლის ნახევარმცველის არყოფნაში სხვადასხვა დროს "ჯვაროსნებს" კაპიტნობდნენ - უკვე ხსენებული კაშია, ასევე გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ოთარ კაკაბაძე. იმ შეხვედრებში, რომლებშიც კანკავა თამაშობდა სამკლაურით, მისი მონაგარი ასეთია: 21 მოგება, 12 ფრე, 28 წაგება.
გურამ კაშია - კაპიტანი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გაუძღვა | 2021-2025
როგორც აღვნიშნეთ, კაშია საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა 2010-იან წლებშიც, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოედანზე კანკავა არ იმყოფებოდა. ჯაბას "ჯვაროსნებიდან" წასვლის შემდეგ კი გურამმა სამკლაური სრულფასოვნად მოირგო. ვეტერანმა უკანახაზელმა ეროვნულ გუნდში ჩაატარა რეკორდული 128 შეხვედრა, აქედან 50, სწორედ სამკლაურით.
ქართველი ცენტრალური მცველის კაპიტნობასთან დაკავშირებული პირველი დიდი მოვლენა უკავშირდება შვედეთის ნაკრების დამარცხებას, შემდეგ კი იყო ჩვენი ეროვნული გუნდის ტრიუმფალური სვლა ერთა ლიგის C დივიზიონში, უკვე ხსენებული პლეიოფი და ევრო 2024-ზე გასვლა.
არნემის ვიტესის ყოფილი ცენტრალური მცველი აღმოჩნდა პირველი ფეხბურთელი, ვისი კაპიტნობითაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მოგება პორტუგალიასთან ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში და 1/8 ფინალური დუელი ესპანეთთან, ეს ყველაფერი "ჯვაროსნებმა" თავიანთი მე-4 ნომრის წინამძღოლობით გამოიარეს.
როგორც გვახსოვს, ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოახერხა ჩეხეთის დამარცხება, თუმცა კონტინენტის პირველობიდან სამ თვეში, რევანში თბილისში იქნა აღებული. როგორც ევრო 2024-ზე, ისე ერთა ლიგის B დივიზიონის შეხვედრაშიც, სამკლაური სწორედ 38 წლის უკანახაზელს ეკეთა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი აღმოჩნდა ბოლო მოვლენა, სადაც გულშემატკივარმა კაშია კაპიტნის ამპლუაში იხილა. მარტში გამართული ამხანაგური შეხვედრების წინ, ქართველმა უკანახაზელმა დაანონსა "ჯვაროსნებიდან" წასვლა, სამკლაური კი ხვიჩა კვარაცხელიას გადასცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში საქართველოს ნაკრებს სწორედ პარის სენ-ჟერმენის ვინგერი გაუძღვა წინ. დავუბრუნდეთ გურამს, რომლის მონაგარი იმ შეხვედრებში, სადაც ის თამაშობდა სამკლაურით, ასეთია: 21 მოგება, 11 ფრე, 18 წაგება.
ხვიჩა კვარაცხელია - ახალი ეპოქის დასაწყისი | 2026-
საქართველოს ნაკრებში ახალი ეპოქა კვარაცხელიას კაპიტნობით დაიწყო. ისრაელსა და ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩებში სამკლაური სწორედ ხვიჩამ მოირგო. სტარტი იყო იდეალური: ვარსკვლავურმა შემტევმა "ლურჯ-თეთრებს" შეუგდო 2 ულამაზესი ბურთი, მაგრამ "ჯვაროსნებმა" აღნიშნული უპირატესობა გაანიავეს.
ცხადია, ეს არ არის მთავარი გამოწვევა, რასაც საფეხბურთო კარიერა უმზადებს ქართველ შემტევს ჩვენი ნაკრების კაპიტნის ამპლუაში. სანიოლის გუნდი სექტემბრიდან ჩაერთვება ერთა ლიგის დაპირისპირებებში, სასწორზე კი B დივიზიონში პოზიციის შენარჩუნება იქნება. უკვე შემდეგ, ევრო 2028-ისა და 2030 წლის მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა, მაგრამ ამის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა.















