ინტერი-ბარსელონა: ტაქტიკური ანალიზი
როგორც ავტორს, ხანდახან მგონია, რომ ასეთი თამაშების შემდგომ ერთად მოუყარო თავი იმ გაბნეულ სიგიჟეს, რაც ხდებოდა ინტერი-ბარსელონას წყვილში, თანაც ორივე თამაშში. ერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ ამ თამაშში პირველ რიგში, გაიმარჯვა იმან, რაც გულშემატკივარს ასე ძალიან უყვარს, ანუ ფეხბურთმა. ამ წყვილში რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო უდიდესი დაძაბულობა, რადგან ერთიხ მხრივ, ბარსელონას სახით გვყავდა ძალიან ახალგაზრდა, მოტივირებული, ენერგიული და მოგებაზე დაგეშილი საოცარი მომავლის მქონე გუნდი, მეორეს მხრივ, ინტერი, თავისი ვეტერანული შემადგენლობით, კოლოსალური გამოცდილებითა და მეთოდურად პროგრესირებადი გუნდით, რომელიც საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი გახლვათ, ამისთვის კი უდიდესი ქება ეკუთვნის ბეპე მაროტას, რომელმაც უბრალოდ მეორე იტალიური გრანდი გამოაღვიძა ღრმა წყვდიადიდან და ალბათ, მთლიანად იტალიური საკლუბო ფეხბურთის რელევანტურობის შენარჩუნებისთვის, მას შეიძლება ძეგლიც კი ეკუთვნოდეს. ჯერ იყო იუვენტუსი და მის მიერ ნათამაშები ორი ფინალი, ახლა კი ინტერს ვადევნებთ თვალს, ზუსტად ამავე კონცეფციისას. რეალურად ეს ორი უკიდურესობა იბრძოდა ამ დაპირისპირებაში, მაგრამ რაც აქ ვიხილეთ, უბრალოდ წარმოუდგენელი სანახაობა გახლდათ ტაქტიკურად, მენტალურად და ასევე კონტროვერსიების კუთხითაც. ამ სტატიაში, სწორედ ტაქტიკურ ფაქტორებზე ვისაუბრებთ.
მატჩი I: ლამინ იამალის ფაქტორი და ინტერის სახიფათო სტანდარტები
როგორც უკვე აღვნიშნე, ამ თამაშში ბევრმა რამემ ითამაშა თავისი როლი, ერთ-ერთი რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ის, არის რომ ბარსელონას არ ექნებოდა საპასუხო თამაშის წინ საშინაო კედლების უპირატესობა. რაც საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ თურმე ძალიან ბევრს ნიშნავს. ბარსელონას მიზანი უნდა ყოფილიყო ის, რომ ამ თამაშში რაც შეიძლება დიდი სხვაობით დაემარცხებინა ინტერი, რათა საპასუხო თამაშში ჩასულიყო უპირატესობით. მეორეს მხრივ, ინტერს აუცილებლად უნდა ეცადა, ან დიდი სხვაობით არ წაეგო მონტჟუიკზე. ბარსელონა კი ნამდვილად არის ის გუნდი, რომელიც გაძლევს შანსებს გოლები გაიტანო მათ კარში.
ბარსელონა – ჰანსი ფლიკის ტაქტიკა და განლაგება
ჰანსი ფლიკი სტაბილურად იყენებს 4-2-3-1 განლაგებას და ჩვეული მიდგომა ჩემპიონთა ლიგის ამ შეხვედრაშიც არ შეცვალა. მეკარის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ტრავმის შემდეგ დაბრუნებასთან ახლოსაა, ფლიკმა არჩევანი ვოიცეხ შჩესნიზე შეაჩერა. დაცვაში ოთხკაციანი ხაზი დაკომპლექტდა შემდეგნაირად: ინიგო მარტინესი მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ხოლო პაუ კუბარსი – მარჯვენა ცენტრში. ჟიულ კუნდე მარჯვენა მცველად გამოჩნდა, ხოლო მარცხენა ფლანგზე – ჟერარ მარტინი. ნახევარდაცვაში კვლავაც ფლიკის ნდობით სარგებლობდა საყრდენების დუო: გუნდის კაპიტანი ფრენკი დე იონგი და ესპანელი ვარსკვლავი პედრი. ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა დანი ოლმო, რომელმაც შეტევითი ნახევარმცველის როლი იკისრა. შეტევაში, მარცხენა ფლანგზე იდგა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი რაფინია, მარჯვენა მხარეს კი – ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი. ერთადერთი ნომინალური თავდამსხმელი ამ შეხვედრაში ფერან ტორესი იყო.
ინტერი – სიმონე ინძაგის ტაქტიკა და განლაგება
სიმონე ინძაგი ტრადიციულად უპირატესობას ანიჭებს 3-5-2 განლაგებას და ამჯერადაც არ გადაუხვევია თავის ფილოსოფიას. მეკარის პოზიციაზე კვლავ იდგა იან ზომერი. დაცვის ცენტრალურ სამეულში მარცხნივ თამაშობდა ალესანდრო ბასტონი, ცენტრში – ფრანჩესკო აჩერბი, ხოლო მარჯვნივ, ბენჟამენ პავარის არყოფნაში, იანი ბისეკი. ფლანგებზე კვლავ დამყარებული იყო ფედერიკო დიმარკოსა და დენზელ დუმფრისის შემტევ მოქმედებაზე – შესაბამისად მარცხენა და მარჯვენა ვინგბექებად. ნახევარდაცვაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა ჰაკან ჩალჰანოღლუ, ხოლო მის წინ ცენტრალურ ნახევარმცველებად – ჰენრიხ მხითარიანი და ნიკოლო ბარელა. ინტერის შეტევის გულია მათი ორხაზიანი თავდასხმა: კაპიტანი ლაუტარო მარტინესი და მარკუს ტურამი წინა ხაზის წყვილად გამოდიოდნენ.
ბარსელონას პოზიციური თამაშის ტაქტიკა
შეხვედრა ინტერი მილანისთვის იდეალურად დაიწყო — პირველი გოლი სულ რაღაც 38 წამში გავიდა. დენზელ დუმფრისის ჩაწოდება მარკუს ტურამმა არაჩვეულებრივი ქუსლური დარტყმით დააგვირგვინა და იტალიელებმა ანგარიში გახსნეს. მოლოდინი ისედაც იყო, რომ სიმონე ინძაგის გუნდი ბარსელონას ბურთის ფლობას დათმობდა, თუმცა ადრეულმა გოლმა ეს სცენარი კიდევ უფრო სწრაფად რეალობად აქცია. ამის შემდეგ ინტერი ძალიან ღრმად ჩავიდა დაცვაში და დაბალ ბლოკში ჩაჯდა. ახლა უკვე ჰანსი ფლიკისა და მისი მოთამაშეების მიზანი იყო ამ მყარ დაცვითი სტრუქტურის გარღვევა — პოზიციური თამაშისა და ზუსტი პასების კომბინაციებით. ბარსელონას კლუბური თვითმყოფადობა მთლიანად ბურთის ფლობასა და კონტროლზეა დაფუძნებული. იოჰან კრუიფისა და პეპ გვარდიოლას მემკვიდრეობით, ბარსას დღევანდელ გუნდსაც სწორედ ბურთთან ურთიერთობის უმაღლეს დონეზე წაღება მოეთხოვება — როგორც გულშემატკივრებისგან, ასევე კლუბის ხელმძღვანელობისგან.
ფლიკის ტაქტიკური გადაწყობა: ბარსელონას პოზიციური მორგება ინტერის ბლოკზე
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ბარსელონამ ტრადიციულად 4-2-3-1 განლაგებით დაიწყო, თამაშის მიმდინარეობისას ჰანსი ფლიკმა გუნდი კლასიკურ ბარსელონას 4-3-3 სისტემაში გადააწყო. შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო ხშირად გადადიოდა ბურთთან ახლო მხარეს — ნახევარფლანგებში ან პირდაპირ ფლანგზე, რითაც ბარსელონა ამ ზონაში რიცხობრივი უპირატესობის შექმნას ცდილობდა. ინტერი ინძაგის ხელმძღვანელობით ცენტრის დაცვასა და გადატვირთული ზონის შეკუმშვაზე აკეთებდა აქცენტს. ამიტომ, ოლმო ხშირად ტოვებდა იმ სივრცეს, სადაც მეტოქე მოთამაშეები ყველაზე მჭიდროდ იყვნენ განლაგებულნი — რაც მას მეტ თავისუფლებას აძლევდა. ფლიკის კიდევ ერთი ჭკვიანური მიდგომა იყო ფართობის შენარჩუნება შეტევის ხაზში. როგორც იკვეთება თამაშიდან, ლამინ იამალი და რაფინია მუდმივად ფლანგების ხაზებთან რჩებოდნენ, რაც ინტერის დაცვის გაწელვას იწვევდა. ეს დისციპლინირებული განლაგება ფერან ტორესსაც აძლევდა მეტ თავისუფლებას — ან ჩაწოლილიყო ზურგს უკან სივრცეში, ან ჩამოსულიყო ხაზებს შორის ბურთის მისაღებად, რაც მის ერთ-ერთ მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს.
ფლიკის მეორე ტაქტიკური ნაბიჯი: ცენტრალური "რომბული სქემა" + ფლანგების გაცვლა გახლდათ ბარსელონა არასდროს აპირებდა ცენტრის სრულად დათმობას, მიუხედავად იმისა, რომ ინტერის ბლოკი ყველაზე მჭიდროდ სწორედ ცენტრში იკვრებოდა. ფლიკმა ცენტრალური ზონის მნიშვნელობა აღიარა და აქტიურად გამოიყენა. ცენტრალური დანამატი შექმნა: ფლიკმა განალაგა თავისი ნახევარმცველები და ფერან ტორესი ისე, რომ ცენტრში “რომბი” ჩამოყალიბდა — ოთხკუთხედი, რომელიც უზრუნველყოფდა მუდმივ ბმებსა და კომბინაციების თავისუფლებას. ეს რომბი მოიცავდა: დე იონგს – როგორც ღრმა გამთამაშებელს; პედრის – როგორც ბოქს-თუ-ბოქს მორბენალს; ოლმო – ნახევარფლანგებში გადანაცვლებულ შემქმნელს; ტორესს – ცენტრალურ თავდამსხმელად, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა სივრცის დასაფარად. ეს სტრუქტურა პრესის წინააღმდეგ ბურთის შენარჩუნებისა და ღრმა კომბინაციების წარმოების საშუალებას იძლეოდა, რაც ინტერის ზონურ ბლოკში გარღვევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. ფლანგების გენიალური გამოყენება მიუხედავად ცენტრზე აქცენტისა, ფლიკმა ასევე არ დაივიწყა თავისი სეზონის ყველაზე დინამიური მოთამაშეები — რაფინია და ლამინ იამალი კვლავ რელევანტურზე მეტნი იყვნენ ამ თამაშში. მექანიზმი მარტივი იყო: განაპირა მცველები (კუნდე და მარტინი) წაიწეოდნენ წინ; ვინგერები (იამალი და რაფინია) ჩამოდიოდნენ ოდნავ უკან ბურთის მისაღებად; შედეგად იქმნებოდა პოზიციური გაცვლა (interchange), რომელიც ქმნიდა თავისუფალ სივრცეს. იამალმა ამ გზით ორჯერ მოატყუა ინტერის მარჯვენა ფლანგი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა პირველ ტაიმში. ეს სწრაფი გადაადგილება გარღვევების მთავარი წყარო იყო.
ბარსას წყალობა და წყევლა: მაღალი დაცვის ხაზი
მას შემდეგ, რაც ჰანსი ფლიკმა 2024 წლის ზაფხულში ბარსელონა ჩაიბარა, ერთ-ერთი ყველაზე მყვირალა და სადავო ტაქტიკური ელემენტი გახდა სუპერ მაღალი დაცვის ხაზი. ეს გახდა კლუბის ახალი იდენტობის ქვაკუთხედი — აგრესიული, პრესინგზე დაფუძნებული და სივრცის მაქსიმალურად კონდენსირებაზე ორიენტირებული სტილი. ასეთი ტიპის დაცვითი ფორმაცია ძალიან მოწყვლადია ისეთი კონტრ-შეტევებისადმი, როგორიც ინტერს გააჩნია, ძალიან მომაკვდინებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა თავის მაღალ დაცვის ხაზზე მთელი სეზონია დიდ იმედს ამყარებს და მასზე დაფუძნებულ პრესინგს იყენებს, ინტერმა მაინც შეძლო გარკვეული მომენტებში ამ ხაზის გარღვევა. სიმონე ინძაგის გუნდმა, თავისი სტილიდან გამომდინარე, კარგად გამოიყენა ბარსელონას ეს აგრესიული ტაქტიკა და მის წინააღმდეგ სწრაფი კონტრშეტევებით უპასუხა. ინტერის თავდამსხმელები, ლაუტარო მარტინესი და მარკუს თურამი, ბევრს მოძრაობდნენ, ერთმანეთს ხშირად უცვლიდნენ პოზიციებს, რაც ბარსელონას მცველებს აშკარად აბნევდა. ზოგჯერ ლაუტარო უკან ჩამოდიოდა, რათა ბურთი მიეღო და სივრცე შეექმნა — ამ სივრცეში კი თურამი სწრაფად ჩნდებოდა. ინტერის ნახევარმცველებიც — ბარელა და მხითარიანი — ხშირად იწყებდნენ ჩარბენებს ბარსელონას საყრდენ ზურგში, ცდილობდნენ ჩუმად და მოულოდნელად მიეღოთ ბურთი ზუსტად იმ ზონაში, რომელიც ბარსას დაცვასა და ნახევარდაცვას შორის რჩებოდა. ამას ემატებოდა ფლანგების აქტიურობა — დუმფრისი და დი მარკო არ ჩერდებოდნენ და სივრცეების ათვისებას ცდილობდნენ, როდესაც ბარსელონას დაცვა ცენტრში იკვრებოდა. ერთ მომენტში, ჰაკან ჩალჰანოღლუმ შესანიშნავი გრძელი პასი გააკეთა იმ ზურგში, საიდანაც ბარსელონა ცდილობდა წინა ხაზზე წინ წასვლას. ამ მომენტში კარგად გამოჩნდა, რომ მიუხედავად მაღალი ხაზისა და პრესინგის წარმატებულად მუშაობისა ზოგადად, ინტერი მაინც პოულობდა მექანიზმებს სივრცის მოსაძებნად. ბარსელონამ, თავის მხრივ, რეაგირებაც სცადა. ფლიკმა გუნდის ცენტრალური ნახევარმცველები ოდნავ უკან გადაწია ბურთის დაკარგვის შემდეგ, რათა ცენტრალური ზონა უფრო საიმედოდ დაეზღვია. ამას დაემატა ვინგერების – რაფინიასა და ლამინ იამალის – ფლანგების დაცვაში ჩართვა, რათა ინტერის სწრაფი ფლანგური იერიშები შეეფერხებინა. მიუხედავად ამ მცდელობებისა, ინტერი მაინც რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს მივიდა ბარსელონას კარისკენ — რაც ცხადყოფს, რომ მაღალი ხაზის ტაქტიკა, თუნდაც კარგად შესრულებული, ყოველთვის შეიცავს რისკს, განსაკუთრებით ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, როგორიც ინტერია.
ინტერის ტაქტიკა ბარსელონას მაღალი ხაზის წინააღმდეგ
ბარსელონამ სეზონის განმავლობაში ხშირად წარმატებით გამოიყენა თავისი მაღალი დაცვის ხაზი და ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის ხაფანგი, მაგრამ ეს ტაქტიკა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. სიმონე ინძაგის ჰქონდა მკაფიო გეგმა, თუ როგორ შეეტია ამ ტაქტიკურ მოწყობილობას კონტრშეტევებზე, და ინტერმა შეძლო რამდენიმე ეპიზოდში ბარსელონას მაღალი ხაზი წარმატებით დაძლია. პირველ რიგში, ინტერის ფეხბურთელები მუდმივად მზად იყვნენ, რათა ბარსელონას მცველები მაღლა ამოეყვანათ და ხელოვნური თამაშგარე შეექმნათ. განსაკუთრებით შეტევის ცენტრში, ტურამი და მარტინესი ხშირად აკეთებდნენ მოძრაობებს ბარსელონას უკანახაზში, რაც აიძულებდა მცველებს ხაფანგზე ეფიქრათ და შეტევითი ხაზიდან პოზიციები დაერეგულირებინათ.
ამ ჩაწოდების მომენტში, ბისეკს დიდი სივრცე აქვს, ინტერის ფორვარდები თამაშგარეში არიან, მაგრამ ბარსელონა ამ შემთხვევაში, ჩაწოდებებზე გახდა საკმაოდ მოწყვლადი, გამომდინარე იქიდან, რომ ლაუტარო და ტურამი ძალიან ჭკვიანურად გადაადგილდებოდნენ.
ინტერის გამაოგნებელი სტანდარტების რუტინა
ინტერი ამ თამაშში რასაც იყენებდა უბრალოდ გენიალურად, ეს იყო სტანდარტული სიტუაციები, მით უფრო იმის გათვალისწინებითაც, რომ მათი გუნდის საშუალო სიმაღლეა საკმაოდ მაღალი და ბარსელონას მცველებზე, ლამის 10 სანტიმეტრით მაღალი წარმომადგენლობით იყო ბარსელონას საჯარიმოში.
ინტერის უდიდესი პლუსი ამ შემთხვევაში იყო მეორე ტემპით შერბენა, ტურამი აქ პრაქტიკულად მცველს თავისთან იბამს და დუმფრისი მეორე ტემპით შერბის საჯარიმოში. მეორე მხრივ, აჩერბი ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ასე შეიქმნა ინტერის მესამე გოლი.
სტილური კონტრასტი ორ გუნდს შორის
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად სხვადასხვა ტიპის გუნდია, ეს ყოველივე კარგად ჩანს პასების მანძილსა და უშუალოდ ბილდაფის სტრუქტურაზე.
აქ კარგად ჩანს, ინტერი რამდენად სიგანეზე უტევდა, რეალურად მაქსიმალური ფოკუსი კეთდებოდა ფლანგის ლატერალებზე, ამ თამაშში ინტერმა პრაქტიკულად შეტევა არ განახორციელა ცენტრიდან. საპირწონედ არის ბარსელონა, რომელიც ბურთს მაქსიმალურად მჭირდოდ ათამაშებდა ლამინ იამალის მიმართულებით.
ასევე დიდი კონტრასტია უშუალოდ ბილდაფში. ბარსელონას ბილდაფი მთლიანად გადიოდა ფრენკი დე იონგის მხრიდან თამაშის სიღრმიდან კონტროლსა და ლამინ იამალის ბოლო მესამედში კრეატივზე.
ალესანდრო ბასტონის ცრუ რეჯისტობა ინტერის თამაშებში მუდამ რელევანტური გახლდათ, ძალიან სახასიათოა დენზელ დუმფრისის როლი, რომელიც პრაქტიკულად ფლანგის 9 ნომერს თამაშობდა ამ თამაშში, შედეგიც ჰქონდა ამ ყოველივეს, 2 გოლი გაიტანა.
საპირწონედ ბარსელონას ბილდაფში მთელი გუნდი ჩართული გახლდათ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფრენკი დე იონგისა და ლამინ იამალის კავშირი. თუმცაღა, პირველმა თამაშმა უკვე დაბადა კითხვები ლამინ იამალზე ამ გუნდის დამოკიდებულების შესახებ, ამაზე უფრო ვრცლად მეორე თამაშის განხილვისას
თამაშის საბოლოო სცენარი
აშკარაა ერთი რამ, რომ ამ თამაშში, იმაზე გაცილებით მეტი გოლი გავიდა, ვიდრე მოსალოდნელი გახლდათ, ბარსელონამ გამოავლინა მენტალური სიძლიერე, მაგრამ ინტერის სტანდარტებს ვერაფერი მოუხერხა, შედეგი ლოგიკური იყო, მაგრამ შედეგიანობა არა.
თამაში II: სან სირო, ისევ ქამბექები და კონტროვერსია
2010 წლის ნახევარფინალური დაპირისპირება თუ გახსოვთ, მაშინ ბარსელონას გარდა იმისა, რომ ვულკანის გამო ავტობუსით მოუწია მგზავრობა, ამასთანავე უშუალოდ თამაშში ბევრი საკამათო გადაწყვეტილება ვიხილეთ მსაჯის მხრიდან, მაგალითად ინტერის თამაშგარიდან გატანილი გოლი, რომელმაც ორ მატჩში სურათი შეცვალა საკმაოდ, როგორც აღმოჩნდა. ასევე, 2022 წლის ჯგუფური ეტაპის თამაში, სადაც ინტერის კარში პენალტი არ დაინიშნა, გამონაკლისი არც ეს თამაში გახლდათ ამ კუთხით. თუმცა კონტროვერსიებამდე, ამ თამაშში ტაქტიკური პატერნებია საინტერესო, თითქმის იდენტური თამაში, თუმცა ამჯერად ბარსას ვერშესრულებული ქამბექი.
ეს მატჩი შეიძლება ითქვას იმეორებდა იმ პატერნს, რომელიც არსებობდა პირველ თამაშში. თუმცაღა, ინტერმაც და ბარსელონამაც, გარკვეული კორექტირებები შეიტანეს საკუთარ სქემებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზედმიწევნით იმეორებდნენ პირველი თამაშის საერთო სურათს.
ოდნავ შეცვლილი ინძაგის პრესინგის სტრუქტურა
ინძაგიმ ამ თამაშში რაც შეცვალა საკმაოდ, ეს იყო დიმარკოს როლი, რომელიც პრაქტიკულად მხითარიანთან ერთად აპრესინგებდა მოედნის ცენტრს, რაც საშუალებას აძლევდა ბარელას პრესინგისას თამამად აეწია წინ, საიდანაც ბარსელონა ბურთს ათამაშებდა. ჩალხანოღლუს და ბარელას ფლანგზე გადანაცვლებით ინძაგიმ სცადა რიცხობრივი უმრავსელობა შეექმნა უშუალოდ ფლანგზე.
ინძაგიმ შეცვლები აქ კარგად გამოიცნო, გამომდინარე, იქიდან, რომ ტარემის შემოყვანითაც, მეორე საჰაერო დუელებში მიიღო კვლავ უპირატესობა და ამასთანავე, ფრატეზიმ ზუსტად ის შემტევი პენეტრაციული საშუალება მისცა გუნდს, რომელიც ასე ძალიან აკლდა ბოლოსკენ, რაც მთავარია, ინტერს დაღლაც ეტყობოდა, ბარსელონას რეალურად მართლა სულ ცოტა დააკლდა ფინალამდე, მხოლოდ და მხოლოდ 2 წუთი. ინტერმა დამატებით დროში შეძლო სწორედ უკვე ამ ტაქტიკური ხრიკების ბოლომდე უტილიზაცია, გამომდინარე მათი მორალური უპირატესობისა და სან სიროს მუხტისა.
ბარსას ამ თამაშში მეტად უჭირდა ბილდაგში, თუმცაღა ინტერს ფიზიკურად ენერგია არ ყოფნიდა ასე მთელი თამაში ეთამაშა, შესაბამისად, ინტერი ორი გოლის შემდგომ, კვლავ მეტად უკან ჩაჯდა.
ერიკ გარსიას უნიკალური გამოყენება ფლიკისგან
ბარსელონა ამ თამაშში უკვე ორბურთიან ჩამორჩენაში როდესაც იმყოფებოდა, ჰანზი ფლიკმა ინტერის ღრმა დაცვის მინუსი გამოიყენა. ეს დიდი ნაკლია შორეული ძელების დაცვის საკითხი, გარსიას და ოლმოს გოლების ეპიზოდებში, ინტერის დაცვა ჩავარდა, შესაბამისად, გარსიას მარჯვენა ფორვარდად გადაქცევა, ნამდვილად კარგი ტაქტიკური ხრიკი იყო ჰანზი ფლიკის მხრიდან.
ბარსელონური კარუსელი
ბარსელონა ამ თამაშში დაბრუნდა იმის გამო, რომ ინტერმა რეალურად არც თუ ისე კარგი ფიზმომზადება გამოავლინა, გუნდი ძირითად დროში, რეალურად დაიღალა, ამიტომ აჩერბის გოლმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ამ კუთხით. სუფთა ტაქტიკური კუთხით, ბარსამ ძალიან კარგად გამოიყენა ინტერის მოედნის დაფარვის პრობლემები. განსაკუთრებით პასიურობა ნახევარსივრცეებში.
რა ფაქტორმა გამოავლინა გამარჯვებული წყვილში?
ამ ნახევარფინალს მე პირადად დავარქმევდი ტრანზიციების დუელს, სადაც ინტერმა გაიმარჯვა, ბარსელონას მაღალი დაცვის ხაზი ოდნავ უკეთესად გამოიყენა, ვიდრე ბარსელონამ ინტერის შორეული ძელის დაცვის პრობლემები. შესაბამისად, ინტერმა ეს წყვილი მაინც დამსახურებულად მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას კატასტროფულად არ გაუმართლა ამ თამაშში.
ძალიან კარგა ჩანს აქ განსხვავება ტრანზიციებს შორის:
ინტერი სწრაფ ბურთის ატანაზე ორიენტირდა, როგორც წინა თამაშში, საპირწონედ ბარსელონამ კი მორიგ ერთხელ გაჭედა საკუთარი თავი მაინც მეტ-ნაკლებად ლამინ იამალზე დამოკიდებულებაში.
საბოლოო დასკვნა
ეს იყო დიდებული ტაქტიკური დუელი, რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოებშიც კი შეიტანო, იმდენად სამაგალითო გახლდათ. ფეხბურთი სწორედ ასეთი თამაშების გამო გვიყვარს. ამიტომაც, მადლობა გიჟურ ინტერსა და ჯერ კიდევ ძალიან ნორჩ ბარსელონას, რომელსაც ნამდვილად წინ აქვს მომავალი, რომელიც ნათელია.
Forza Inter! Visca Barca!















